არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძვირფასო მკითხველო!

ძვირფასო მკითხველო!

ძვირფასო მკითხველო!

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ამ ნომრიდან მოყოლებული „საგუშაგო კოშკი“ გარკვეულწილად შეიცვლება. ვიდრე ამ ცვლილებებს გაგაცნობთ, გვინდა აღვნიშნოთ, რა დარჩება უცვლელი.

უცვლელი რჩება ჟურნალის სახელწოდება „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“. მაშასადამე, „საგუშაგო კოშკი“ კვლავაც განადიდებს იეჰოვას, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობით ანუგეშებს მკითხველს. ამ ნომრის მე-5—9 გვერდებზე განხილულია, რა არის სამეფო და როდის მოვა ის. გარდა ამისა, „საგუშაგო კოშკი“ კვლავაც შეუწყობს ხელს იმას, რომ მკითხველს იესო ქრისტეს რწმენა განუმტკიცოს, მხარი დაუჭიროს ბიბლიურ ჭეშმარიტებას და ბიბლიური წინასწარმეტყველებების ფონზე ახსნას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობა, როგორც ამას მრავალი ათწლეულის განმავლობაში აკეთებდა.

რა შეიცვლება? უპირველესად აღვნიშნოთ, რა საინტერესო ცვლილება იქნება ყოველი თვის პირველ გამოცემაში *.

ყოველთვიურად ჟურნალებში რამდენიმე ისეთი სტატია იქნება განხილული, რომლებიც დააფიქრებს მკითხველს. რუბრიკა „იცოდით თუ არა?“ მოგვაწვდის საინტერესო ინფორმაციას, რომლის დახმარებითაც უკეთ დავინახავთ გარკვეული ბიბლიური მონაკვეთების მნიშვნელობას. რუბრიკა „დაუახლოვდით ღმერთს“ აგვიხსნის, თუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ ბიბლიის კონკრეტული მონაკვეთიდან იეჰოვას შესახებ. „მკითხველები გვეკითხებიან“ პასუხს გაგვცემს იმ ბიბლიურ კითხვებზე, რომლებსაც ადამიანები ხშირად სვამენ. მაგალითად, მრავალს აინტერესებს: „ადამიანთა გულებშია ღვთის სამეფო?“ ამ კითხვაზე პასუხს მე-13 გვერდზე იპოვით.

რამდენიმე რუბრიკა ოჯახებისთვის არის განკუთვნილი. რუბრიკა „რჩევები ოჯახებისთვის“ წელიწადში ოთხჯერ დაიბეჭდება. მათში განიხილება ოჯახური პრობლემები და ნაჩვენები იქნება, ბიბლიური პრინციპების გამოყენებით როგორ შეიძლება ამ პრობლემების დაძლევა. „ასწავლეთ შვილებს“ მშობლებმა შვილებთან ერთად უნდა წაიკითხონ. ეს რუბრიკა ყოველ მეორე ჟურნალში გამოიცემა. შუალედებში დაიბეჭდება რუბრიკა „პატარა მკითხველებისთვის“, რომელიც უკეთ გააცნობს ბავშვებს ბიბლიურ სიუჟეტებს.

რამდენიმე რუბრიკა წელიწადში ოთხჯერ დაიბეჭდება. „მიჰბაძეთ მათ რწმენას“ აღგვძრავს, მივყვეთ ბიბლიური პერსონაჟების მაგალითს. მაგალითად, ამ ნომრის 18—21-ე გვერდებზე შეგვიძლია წავიკითხოთ სტატია წინასწარმეტყველ ელიას შესახებ და ვისწავლოთ, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მის რწმენას. ამ გამოცემაში იქნება რუბრიკა, რომელიც გაგვაცნობს შემთხვევებს მისიონერებისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მომსახურე ქრისტიანების ცხოვრებიდან. „რას ვსწავლობთ იესოსგან“ მარტივი ენით გაგვაცნობს ძირითად ბიბლიურ სწავლებებს.

დარწმუნებული ვართ, რომ „საგუშაგო კოშკი“ კვლავაც საინტერესო იქნება იმ მკითხველისთვის, რომელიც პატივს სცემს ბიბლიას და სურს, გაიგოს, რას გვასწავლის ეს წიგნი სინამდვილეში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჟურნალი ბიბლიური ჭეშმარიტების წყურვილს დაგიკმაყოფილებთ.

გამომცემლები

[სქოლიო]

^ აბზ. 4 დღეიდან „საგუშაგო კოშკი“ ორ ნომრად გამოიცემა — პირველი რიცხვით დათარიღებული ნომრები ფართო მკითხველისთვის იქნება გათვალისწინებული, 15 რიცხვით დათარიღებული კი იეჰოვას მოწმეებისთვის სასწავლო გამოცემა იქნება; ისინი მას კრების შეხვედრებზე განიხილავენ, სადაც ყველას შეუძლია დასწრება.