ღვთის სამეფო ჩვენს გულშია?
მკითხველები გვეკითხებიან
ღვთის სამეფო ჩვენს გულშია?
დღეს მრავალს სჯერა, რომ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია. მაგალითად, „კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ღვთის სამეფო . . . ჩვენს გულებში მმართველობს“. სამღვდელოება, ჩვეულებრივ, ამას ასწავლის. ასწავლის სინამდვილეში ბიბლია იმას, რომ ღვთის სამეფო ადამიანთა გულებშია?
ზოგის აზრით, პირველად თავად იესომ თქვა, რომ ღვთის სამეფო ადამიანთა გულებშია: „აი . . . ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (ლუკა 17:21). ზოგი თარგმანი ამ სიტყვებს ასე თარგმნის: „თქვენს შიგნით არის ღმერთის სასუფეველი“ ან „თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“. სწორად არის აქ იესოს სიტყვები ნათარგმნი? იესომ მართლა ის იგულისხმა, რომ ღვთის სამეფო ადამიანთა გულებშია?
პირველ რიგში, განვიხილოთ, რა არის ადამიანის გული. ბიბლია, როდესაც გულს გადატანითი მნიშვნელობით მოიხსენიებს, მიუთითებს შინაგან პიროვნებაზე, ადამიანის ფიქრების, აზრებისა და გრძნობების წყაროზე. აზრი იმის შესახებ, რომ ისეთი აღმატებული რამ, როგორიცაა ღვთის სამეფო, ადამიანთა გულებშია — მაგალითად, რომ ის ცვლის და აკეთილშობილებს ადამიანს — სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ რამდენად საფუძვლიანია ეს შეხედულება?
ბიბლია გვეუბნება: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია“ (იერემია 17:9). თავად იესომ თქვა: „შიგნიდან ანუ ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვები: სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა, სხვისი რამის სურვილი, ბოროტი საქმეები“ (მარკოზი 7:20—22). დაფიქრდით, შესაძლებელია, თუ არა დღევანდელი სავალალო მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად ადამიანის ცოდვილი გულის ზრახვების შედეგი იყოს? როგორ შეიძლება ღვთის სრულყოფილი სამეფოს სამყოფელი ასეთი ბოროტების წყარო იყოს? ფაქტობრივად, ადამიანთა გულიდან ისევე ვერ გამოვა ღვთის სამეფო, როგორც ნარი ვერ მოისხამს ლეღვს (მათე 7:16).
მეორე, ვნახოთ, ვის უთხრა იესომ ლუკას 17:21-ში ჩაწერილი სიტყვები. წინა მუხლში ნათქვამია: „ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვაო ღვთის სამეფო“ და მანაც უპასუხა (ლუკა 17:20). ფარისევლები იესოს მტრები იყვნენ. იესომ თქვა, რომ ეს თვალთმაქცი ადამიანები ღვთის სამეფოში ვერ შევიდოდნენ (მათე 23:13). თუ ფარისევლები ღვთის სამეფოში ვერ შევიდოდნენ, შეიძლებოდა მათ გულებში ყოფილიყო ღვთის სამეფო? შეუძლებელია! მაშ, რას გულისხმობდა იესო?
იესოს ზემოთ მოყვანილი სიტყვების თარგმნისას ბიბლიის მრავალი გულმოდგინე მთარგმნელი ისეთივე სიტყვებს იყენებს, როგორიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანშია“ გამოყენებული. ზოგ თარგმანში ნათქვამია, რომ ღვთის სამეფო არის „თქვენ შორის“. როგორ შეიძლებოდა ღვთის სამეფო იმ ხალხს (ფარისევლების ჩათვლით) შორის ყოფილიყო? იესო იყო ის, ვინც ღმერთმა თავისი სამეფოს მეფედ დანიშნა. როგორც ცხებული მეფე, იესო იმ ხალხს შორის იმყოფებოდა. ის ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიდა ხალხს და ახდენდა სასწაულებს, რითაც ცხადყო, თუ რას გააკეთებდა ღვთის სამეფო მომავალში. ასე რომ, ღვთის სამეფო ნამდვილად მათ შორის იყო.
აშკარაა, ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული, რომ ღვთის სამეფო ადამიანთა გულებშია. პირიქით, ეს არის რეალური ხელისუფლება, რომელიც, წინასწარმეტყველებების თანახმად, დიდ ცვლილებებს მოახდენს დედამიწაზე (ესაია 9:6, 7; დანიელი 2:44).