არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მივბაძოთ მას, ვინც მარადიულობა აღგვითქვა!

მივბაძოთ მას, ვინც მარადიულობა აღგვითქვა!

„მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფეს. 5:1)

1. რომელი უნარი დაგვეხმარება ღვთის თვისებების არეკვლაში?

იეჰოვამ დაგვაჯილდოვა უნარით, რომ საკუთარი თავი სხვების ადგილზე დავაყენოთ. ამ უნარის წყალობით ჩვენ შეგვიძლია ნაწილობრივ მაინც წარმოვიდგინოთ თავი იმ ვითარებაში, რომელშიც არასდროს ვყოფილვართ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:1, 2). აქედან გამომდინარე, იბადება კითხვები: როგორ შეგვიძლია ამ ღვთისგან ბოძებული უნარის ბრძნულად გამოყენება? და, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს უნარი საზიანო არ აღმოჩნდეს ჩვენთვის?

2. როგორ მოქმედებს იეჰოვაზე ჩვენი ტკივილი?

2 ძალიან გვიხარია, რომ ღმერთი ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს ზეცაში უკვდავებას დაჰპირდა, ხოლო იესოს ერთგულ „სხვა ცხვარს“ — დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს (იოან. 10:16; 17:3; 1 კორ. 15:53). რა თქმა უნდა, არც ზეცაში უკვდავი სიცოცხლე და არც დედამიწაზე მარადიული ცხოვრება არ იქნება ტანჯვა-წამებით სავსე. იეჰოვას ესმის ჩვენი ტკივილი; მისთვის არც ებრაელების ტანჯვა ყოფილა უცხო მაშინ, როცა ისინი ეგვიპტელთა მონობის უღელქვეშ გმინავდნენ. ნამდვილად, „მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო“ (ეს. 63:9). საუკუნეების შემდეგაც, როცა იუდეველები ტაძრის აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას მტრების მხრიდან წინააღმდეგობას შეხვდნენ და შეშინდნენ, მათ ღმერთმა გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა: „თქვენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია“ (ზაქ. 2:8). როგორც დედას აქვს თავისი ყრმისადმი სათუთი გრძნობები, ასევე იეჰოვაც სიყვარულით ზრუნავს თავის ხალხზე მათსავე საკეთილდღეოდ (ეს. 49:15). ამ გაგებით, იეჰოვას შეუძლია სხვების მდგომარეობაში შესვლა; საბედნიეროდ, მან ამ უნარით ჩვენც დაგვაჯილდოვა (ფსალმ. 103:13, 14).

იესო ღვთის სიყვარულს ირეკლავდა

3. საიდან ჩანს, რომ იესო თანამგრძნობი იყო?

3 იესოს სხვების ტკივილი მაშინაც კი მიჰქონდა გულთან ახლოს, როცა მსგავსი რამ თავად არასოდეს გამოეცადა. მაგალითად, მის დროს მცხოვრებ უბრალო ადამიანებს ეშინოდათ რელიგიური წინამძღოლების, რომლებიც მათ ატყუებდნენ და ცხოვრებას ადამიანთა დადგენილი ადათ-წესებით უმძიმებდნენ (მათ. 23:4; მარ. 7:1—5; იოან. 7:13). იესოს ფარისევლების არ ეშინოდა, ის არც მათი ნათქვამით მოტყუებულა, თუმცა მიუხედავად ამისა, მას შეეძლო ეგრძნო ხალხის გულისტკივილი. ამიტომაც იყო, „ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათ. 9:36). მამის მსგავსად, იესოც მოსიყვარულე და თანამგრძნობი იყო (ფსალმ. 103:8).

4. როგორ მოქმედებდა იესოზე ტანჯული ხალხის დანახვა?

4 როდესაც იესო ხალხის ტანჯვას ხედავდა, სურვილი უჩნდებოდა, რომ მათ მიმართ სიყვარული გამოევლინა. ამრიგად, იგი სრულყოფილად ირეკლავდა მამის სიყვარულს. მაგალითად, ერთხელ ხანგრძლივი მსახურების შემდეგ მან და მისმა მოციქულებმა გადაწყვიტეს, რომ განმარტოებულიყვნენ და ცოტა დაესვენათ. თუმცა, როდესაც იესომ დაინახა, რომ მას უამრავი ხალხი ელოდა, გული დაეწვა და დასვენების ნაცვლად, თავისი დრო მათთვის ბევრი რამის სწავლებას დაუთმო (მარ. 6:30, 31, 34).

მიჰბაძეთ იეჰოვას სიყვარულის გამოვლენაში

5, 6. როგორ უნდა მოვექცეთ მოყვასს, თუ გვსურს, რომ ღმერთს სიყვარულის გამოვლენაში მივბაძოთ? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ სურათი 24-ე გვერდზე)

5 თუ კარგად მოვეპყრობით მოყვასს, ჩვენ შევძლებთ, მივბაძოთ ღმერთს სიყვარულის გამოვლენაში. მოვიყვანოთ მაგალითი: ახალგაზრდა ქრისტიანი, რომელსაც პირობითად ალანს დავარქმევთ, ფიქრობს მოხუც ძმაზე, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს და კითხვა უჭირს; მისთვის არც კარდაკარ მსახურებაა ადვილი. ალანს ახსენდება იესოს სიტყვები: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკ. 6:31). ამის შემდეგ ალანი საკუთარ თავს ეკითხება: „მე როგორ მინდა, რომ სხვები მომექცნენ?“. ის ამ კითხვაზე ალალად პასუხობს: „კარგი იქნებოდა, თუ ბურთს მეთამაშებოდნენ“. მაგრამ საინტერესოა, რამდენად შეძლებს ეს ხანდაზმული ძმა ალანთან ბურთის თამაშს. იესოს სიტყვების გათვალისწინებით, ალანი საკუთარ თავს ამას უნდა შეჰკითხვოდა: „მე რომ ამ მოხუცი ძმის ადგილას ვიყო, მოყვასის მხრიდან როგორ მოქცევას ვისურვებდი?“.

6 მართალია, ალანი ხანდაზმული არ არის, მაგრამ მას ღვთისგან ბოძებული უნარით შეუძლია წარმოიდგინოს თავი ამ მოხუცებული ძმის ადგილას. ის ასე იქცევა: ჯერ აკვირდება ასაკოვან ძმას, შემდეგ მასთან საუბარს იწყებს და როდესაც ძმა გულს უშლის, ყურადღებით უსმენს. ახლა ალანი უფრო უკეთესად ხვდება, რას ნიშნავს ხანდაზმულობა და ის, თუ რაოდენ რთულია ბიბლიის კითხვა თუ კარდაკარ სიარული. როდესაც ალანი ხანდაზმული ძმის საწუხარს სწვდება, ხედავს, თუ რაში სჭირდება მას ხელის შეშველება და მისი დახმარების სურვილიც უჩნდება. ჩვენც შეგვიძლია ალანის მსგავსად მოვიქცეთ. იეჰოვას სიყვარულის გამოვლენაში რომ მივბაძოთ, საკუთარი თავი სხვის ადგილას უნდა დავაყენოთ (1 კორ. 12:26).

მიჰბაძეთ იეჰოვას და გამოავლინეთ სიყვარული (იხილეთ მე-7 აბზაცი)

7. რა დაგვეხმარება, რომ თანავუგრძნოთ სხვებს?

7 უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველთვის ადვილი არ არის, ვიგრძნოთ ის ტკივილი, რასაც სხვები გრძნობენ. ბევრი ცხოვრებაში ისეთ სირთულეებს ხვდება, რის შესახებაც ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს. ზოგი ტრავმით, ამა თუ იმ დაავადებით ან ასაკობრივი პრობლემებით გამოწვეულ ფიზიკურ უძლურებას ებრძვის. ზოგს ემოციურ უძლურებასთან უწევს ჭიდილი; ეს შეიძლება იყოს: დეპრესია, პანიკური შეტევები ან ფიზიკური ძალადობის შედეგად გამოწვეული პოსტტრავმული სტრესი. ზოგი რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობს; ზოგიც მარტოხელა მშობელია. დღეს პრობლემები ყველას აქვს, თუმცა ამ პრობლემების უმეტესობა ჩვენთვის უცნობია. საინტერესოა, ამ შემთხვევაში როგორ შევძლებთ, მივბაძოთ ღმერთს სიყვარულის გამოვლენაში. უპირველესად, მას, ვისაც პრობლემა აქვს, ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ და შევეცადოთ, ნაწილობრივ მაინც წარმოვიდგინოთ თავი მათ ადგილზე. ეს აღგვძრავს, მივბაძოთ იეჰოვას სიყვარულის გამოვლენაში და საჭირო დახმარება აღმოვუჩინოთ მოყვასს. მართალია, ყველას სხვადასხვა სახის დახმარება ესაჭიროება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ადამიანები სულიერადაც გავამხნეოთ და რაიმე სახის პრაქტიკული დახმარებაც აღმოვუჩინოთ (წაიკითხეთ რომაელების 12:15; 1 პეტრეს 3:8).

მიჰბაძეთ იეჰოვას სიკეთის გამოვლენაში

8. რა ეხმარებოდა იესოს სიკეთის გამოვლენაში?

8 ღვთის ძემ თქვა: „უზენაესი . . . უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია“ (ლუკ. 6:35). იესო ნამდვილად ჰბაძავდა მამას სიკეთის გამოვლენაში. რა ეხმარებოდა მას ამაში? იგი წინასწარ ფიქრობდა, თუ როგორ იმოქმედებდა მისი სიტყვები და საქმეები ადამიანთა გრძნობებზე; სწორედ ეს ეხმარებოდა მას, რომ კეთილად მოპყრობოდა ხალხს. მაგალითად, ერთხელ იესოს მიუახლოვდა ქალი, რომელსაც ცოდვილის სახელი ჰქონდა; ის ტიროდა და იესოს ფეხებს ცრემლებით უსველებდა; იესომ დაინახა, რომ ეს ქალი გულწრფელად ინანიებდა და მიხვდა, როგორ ატკენდა გულს, თუ მის მიმართ სიკეთეს არ გამოავლენდა. ამიტომაც მან ეს ქალი შეაქო და ცოდვები აპატია. იესო იმ ფარისეველსაც კი კეთილად მოექცა, რომელმაც მისი საქციელი განსაჯა (ლუკ. 7:36—48).

9. რა დაგვეხმარება, რომ მივბაძოთ იეჰოვას სიკეთის გამოვლენაში? მოიყვანეთ მაგალითი.

9 ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს სიკეთის გამოვლენაში? მოციქულმა პავლემ დაწერა: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს“ (2 ტიმ. 2:24). თავაზიანი ადამიანები წინასწარ საზღვრავენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ უხერხულ სიტუაციებში ისე, რომ სხვებს გული არ ატკინონ. მოდი, დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია სიკეთის გამოვლენა ამ სიტუაციებში: როგორ მოიქცევით, თუ სამსახურში თქვენი უფროსი თავის საქმეს კარგად არ ასრულებს? ან რას ეტყვით კრებაზე მოსულ ძმას, რომელიც თვეებია, შეხვედრებს აცდენს? ანდა, გამოიჩენთ ტაქტიანობას, როცა კარდაკარ მსახურებისას მობინადრე გეუბნებათ, „ახლა არ მცალია“? ანდა კიდევ, თავაზიანად უპასუხებთ მეუღლეს, თუ ის გეტყვით, „გაგეფრთხილებინე მაინც, რომ შაბათი დაგეგმილი გქონდა!“? თუ საკუთარ თავს სხვების ადგილზე დავაყენებთ და ყველანაირად შევეცდებით, რომ ვიფიქროთ, როგორ იმოქმედებს ჩვენი სიტყვები მათზე, შევძლებთ იმის განსაზღვრას, რა ვთქვათ და როგორ მოვიქცეთ; ამგვარად კი იეჰოვას მივბაძავთ სიკეთის გამოვლენაში (წაიკითხეთ იგავების 15:28).

მიჰბაძეთ ღმერთს სიბრძნის გამოვლენაში

10, 11. რა დაგვეხმარება, რომ მივბაძოთ იეჰოვას სიბრძნის გამოვლენაში? მოიყვანეთ მაგალითი.

10 წარმოსახვის უნარი, რომლითაც იმ ვითარებას წარმოვიდგენთ, რომელშიც არასოდეს გვიცხოვრია, იმაშიც გვეხმარება, რომ სიბრძნის გამოვლენაში მივბაძოთ იეჰოვას და წინასწარ დავინახოთ ჩვენი საქციელის შესაძლო შედეგი. როგორც ვიცით, სიბრძნე იეჰოვას ერთ-ერთი მთავარი თვისებაა; ამიტომ, როდესაც ის რაიმეს გაკეთებას აპირებს, მას შეუძლია წვრილმანებში განჭვრიტოს თავისი ქმედების შედეგები. მართალია, ჩვენ ასეთი განჭვრეტის უნარი არა გვაქვს, მაგრამ კარგი იქნება, ვიფიქროთ იმ შედეგებზე, რაც შესაძლოა ჩვენ მიერ შესასრულებელ საქმეს მოჰყვეს. სამწუხაროდ, ისრაელებმა წინასწარ ვერ განსაზღვრეს, რა შეიძლება მოჰყოლოდა ღვთისადმი დაუმორჩილებლობას. ყველა სიკეთის მიუხედავად, რაც ღმერთმა ისრაელისთვის მოიმოქმედა, მოსემ იცოდა, რომ ისინი მაინც ეურჩებოდნენ ღმერთს. მან მთელი კრებულის გასაგონად წარმოთქვა სიმღერის სიტყვები, რომელშიც ასეთმა ფრაზებმაც გაიჟღერა: „ჭკუადაკარგული ერია, შეუგნებლები არიან. ნეტავ ბრძენნი ყოფილიყვნენ! მაშინ დაუფიქრდებოდნენ ამას, მაშინ ეცოდინებოდათ თავიანთი ბოლო“ (კან. 31:29, 30; 32:28, 29).

11 სიბრძნის გამოვლენაში იეჰოვას რომ მივბაძოთ, უნდა ვიფიქროთ და ის შედეგიც წარმოვისახოთ, რაც შესაძლოა ჩვენს საქციელს მოჰყვეს. მაგალითად, ტრფობის პერიოდში შეყვარებულებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რაოდენ ძლიერია სქესობრივი ლტოლვა. მოდი, ნურასოდეს გააკეთებთ ისეთ რამეს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იეჰოვასთან თქვენს ძვირფას ურთიერთობას! დაე, თქვენი საქციელი სრულ თანხმობაში იყოს ამ ღვთივსულიერ სიტყვებთან: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავ. 22:3).

თავიდან მოიცილეთ საზიანო ფიქრები

12. როგორ შეიძლება ფიქრი საზიანო აღმოჩნდეს ჩვენთვის?

12 წინდახედული ადამიანი აცნობიერებს, რომ ფიქრი შეიძლება ცეცხლს ჰგავდეს. თუ ცეცხლი იქ ანთია, სადაც უნდა ენთოს, ის ჩვენსავე საჭიროებას ემსახურება და მასზე შეიძლება სადილიც მომზადდეს. მაგრამ სხვა შემთხვევაში, გაუკონტროლებელი ცეცხლი დამღუპველია — ის ბუგავს სახლს და სიცოცხლეს უსწრაფებს მასში მყოფთ. მსგავსადვე, ფიქრი სასარგებლოა, როცა ის იეჰოვას მიბაძვაში გვეხმარება. თუმცა ფიქრი შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს, თუ მისი მეშვეობით გონებაში უზნეო სურვილებს ვივითარებთ. მაგალითად, თუ ფიქრებში ხშირად ცუდ საქმეებს ჩავდივართ, ამან შეიძლება ცოდვის ჩადენამდე მიგვიყვანოს. ნამდვილად, თუ უხამს ფანტაზიებს გასაქანს მივცემთ, ეს სულიერად დაგვღუპავს! (წაიკითხეთ იაკობის 1:14, 15).

13. სავარაუდოდ, როგორი ცხოვრება წარმოიდგინა ევამ გონებაში?

13 ახლა, განვიხილოთ, თუ როგორ განივითარა პირველმა ქალმა, ევამ, სურვილი, რომ ეჭამა აკრძალული ნაყოფი „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ (დაბ. 2:16, 17). გველმა ქალს უთხრა: „არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“. ევამ „დაინახა . . . რომ იმ ხეს საჭმელად კარგი და თვალისთვის მიმზიდველი ნაყოფი ჰქონდა“. რა მოხდა შემდეგ? მან „მოწყვიტა მისი ნაყოფი და შეჭამა. მოგვიანებით კი ქმარსაც მისცა, როცა ერთად იყვნენ, და მანაც შეჭამა“ (დაბ. 3:1—6). როგორც ჩანს, ევა სატანის წინადადებამ მოხიბლა. ნაცვლად იმისა, რომ სხვას ეკარნახა მისთვის, რა იყო კარგი და რა — ცუდი, მას გაუჩნდა სურვილი, თავად გაერჩია ავ-კარგი. ასეთი ფიქრები ევასთვის დამღუპველი აღმოჩნდა! ამგვარად, მისი ქმრის, ადამის, შეცოდების შედეგად „შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი“ (რომ. 5:12).

14. როგორ გვეხმარება ბიბლია, რომ გვერდი ავუაროთ უზნეობას?

14 მართალია, ევას მიერ ედემის ბაღში ჩადენილ ცოდვას სიძვასთან საერთო არაფერი ჰქონია, მაგრამ ვინაიდან ევა ცოდვამდე ფიქრმა მიიყვანა, იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა, რომ გონებაში უხამსი სცენები არ წარმოესახათ; მან თქვა: „მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათ. 5:28). გარდა ამისა, პავლე მოციქულმაც გაგვაფრთხილა: „ნუ შეადგენთ გეგმებს, როგორ დაიკმაყოფილოთ ხორცის სურვილები“ (რომ. 13:14).

15. როგორი განძი უნდა მოვაგროვოთ და რატომ?

15 გამდიდრებაზე ფიქრი კიდევ ერთი საშიშროებაა, რადგან ამ დროს ადამიანი ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მდიდარს თავისი სიმდიდრე „გალავნად წარმოუდგენია“ (იგავ. 18:11). ერთხელ იესომ თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა ერთ მამაკაცზე იმის აღსაწერად, თუ რა სავალალო ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი (ლუკ. 12:16—21). იეჰოვა ძალიან ხარობს, როცა ჩვენ მის მოსაწონ საქმეებს ვაკეთებთ (იგავ. 27:11). რა ბედნიერნი ვართ, როცა ღვთის კეთილგანწყობა გვაქვს იმის გამო, რომ განძს ზეცაში ვაგროვებთ (მათ. 6:20). იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა ხომ მართლაც შეუფასებელი საუნჯეა?!

ნუ იწუხებთ

16. რა შეგვიმსუბუქებს საწუხარს?

16 წარმოიდგინეთ, რამდენი საწუხარი გვექნებოდა, დედამიწაზე განძის შეგროვებაზე რომ გვეზრუნა (მათ. 6:19). იესომ თვალსაჩინო მაგალითის მეშვეობით დაგვანახვა, რომ სამეფოს სიტყვას აშთობს „ქვეყნიერების საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა“ (მათ. 13:18, 19, 22). ზოგს, იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა შემოსავალი, მაინც გამუდმებით შესაძლო უბედურებებზე ეფიქრება. ერთი რამ ფაქტია, თუ ფიქრებს არ გავაკონტროლებთ, ეს როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ზიანს მოგვიტანს. მოდი, მივენდოთ იეჰოვას და გვახსოვდეს ბიბლიაში ჩაწერილი ბრძნული აზრი: „წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს, კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს“ (იგავ. 12:25). გულს სიხარულით გვივსებს მათი გამამხნევებელი თბილი სიტყვები, ვისაც კარგად ესმის ჩვენი. ასე რომ, თუ მივენდობით იმ ადამიანებს, რომლებიც ღვთის თვალსაზრისს ირეკლავენ, მაგალითად, მშობლებს, მეუღლესა თუ სანდო მეგობარს, ისინი საწუხარს შეგვიმსუბუქებენ.

17. როგორ გვიმსუბუქებს იეჰოვა საწუხარს?

17 ჩვენს საწუხარს იეჰოვაზე უკეთ ვერავინ გაიგებს. პავლე მოციქულმა თანაქრისტიანებს მისწერა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 4:6, 7). კარგი იქნება, თუ ვიფიქრებთ მათზე, რომლებიც სულიერი ზიანისგან გვიცავენ; ესენი არიან: თანამორწმუნეები, უხუცესები, ერთგული და გონიერი მონა, ანგელოზები, იესო და თავად იეჰოვა ღმერთი.

18. რაში შეიძლება დაგვეხმაროს ფიქრი?

18 როგორც ამ სტატიიდან დავინახეთ, ფიქრი გვეხმარება იმაში, რომ ავირეკლოთ იეჰოვას თვისებები, კერძოდ, სიყვარული (1 ტიმ. 1:11; 1 იოან. 4:8). ჩვენ ბედნიერნი ვიქნებით, თუ გამოვავლენთ ნამდვილ სიყვარულს, ვიფიქრებთ ჩვენი საქციელის შედეგებზე და თავიდან ავიცილებთ ზედმეტ საწუხარს, რომელიც სიხარულს გვართმევს. მოდი, საუკეთესოდ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული წარმოსახვის უნარი, რათა ჰორიზონტზე ვხედავდეთ ჩვენს დიდებულ მომავალს; მივბაძოთ იეჰოვას სიყვარულის, სიკეთისა და სიბრძნის გამოვლენაში და ვიყოთ მასავით ბედნიერნი (რომ. 12:12).