ქრისტიანი უხუცესები გვეხმარებიან, რომ სიხარული გვქონდეს
„გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ“ (2 კორ. 1:24).
1. რა იყო პავლეს სიხარულის მიზეზი კორინთელ ქრისტიანებთან დაკავშირებით?
იდგა ახ. წ. 55 წელი. მოციქული პავლე იყო საპორტო ქალაქ ტროაში, მაგრამ ის კორინთელ ქრისტიანებზე ფიქრობდა. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მან გაიგო, რომ ძმებს ერთმანეთში უთანხმოებები ჰქონდათ, რის გამოც ის ძალიან დამწუხრდა. მამობრივი სიყვარულით აღძრულმა პავლემ კორინთელებს გამოსასწორებლად წერილი მისწერა (1 კორ. 1:11; 4:15). მან აგრეთვე მათთან თავისი თანამსახური ტიტე გაგზავნა და შეუთანხმდა, რომ ტროაში შეხვედროდა, რათა გაეგო მათი ამბები. პავლე ტიტეს ტროაში ელოდა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ის იქ არ ჩავიდა. რის გაკეთება შეეძლო პავლეს? მან გაცურა მაკედონიაში და მისდა საბედნიეროდ, ტიტე იქ ნახა. ტიტემ უთხრა პავლეს, რომ მის წერილს კორინთელები კარგად გამოეხმაურნენ და ერთი სული ჰქონდათ, ენახათ ის. ამ ამბავმა მოციქული უფრო მეტად გაახარა (2 კორ. 2:12, 13; 7:5—9).
2. ა) რა მისწერა პავლემ კორინთელებს რწმენისა და სიხარულის შესახებ? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?
2 ამის შემდეგ პავლემ მალევე მისწერა კორინთელებს მეორე წერილი. ის წერდა: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ, არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ, ვინაიდან თქვენივე რწმენით დგახართ“ (2 კორ. 1:24). რას გულისხმობდა პავლე? რა გავლენა უნდა მოახდინოს ამ სიტყვებმა ქრისტიან უხუცესებზე დღეს?
ჩვენი რწმენა და სიხარული
3. ა) რა იგულისხმა პავლემ, როცა თქვა, „თქვენივე რწმენით დგახართ“? ბ) როგორ მიჰყვებიან დღეს უხუცესები პავლეს მაგალითს?
3 პავლემ მოიხსენია ჩვენი თაყვანისმცემლობის ორი მხარე — რწმენა და სიხარული. რწმენის შესახებ მან დაწერა: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ . . . ვინაიდან თქვენივე რწმენით დგახართ“. ამ სიტყვებში პავლემ ის იგულისხმა, რომ ძმები კორინთში მტკიცედ იდგნენ არა მის ან სხვების გამო, არამედ ღვთისადმი თავიანთი რწმენის გამო. პავლემ დაინახა, რომ საჭირო არ იყო ძმების რწმენის გაკონტროლება და არც ამის სურვილი ჰქონია. ის დარწმუნებული იყო, რომ კორინთელები ერთგული ქრისტიანები იყვნენ, რომელთაც სურდათ იმის კეთება, რაც სწორი იყო (2 კორ. 2:3). დღეს უხუცესები ჰბაძავენ პავლეს და ეჭვი არ ეპარებათ, რომ ძმები ღმერთს რწმენითა და სწორი მოტივებით ემსახურებიან (2 თეს. 3:4). ისინი მკაცრ წესებს კი არ უდგენენ კრებებს, არამედ ეყრდნობიან წმინდა წერილებსა და იეჰოვას ორგანიზაციის მითითებებს. გარდა ამისა, უხუცესები არ ბატონობენ ძმების რწმენაზე (1 პეტ. 5:2, 3).
4. ა) რას გულისხმობდა პავლე, როცა წერდა: „გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ“? ბ) როგორ ჰბაძავენ უხუცესები პავლეს?
4 პავლემ აგრეთვე დაწერა: „გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ“. აქ გამოყენებულ სიტყვაში „გეხმარებით“ პავლე გულისხმობდა როგორც საკუთარ თავს, ისე თავის თანამსახურებს. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? იმავე წერილში პავლე კორინთელებს სწერდა ორი თანამსახურის შესახებ: „იესო . . . ჩვენ, მე, სილვანუსმა და ტიმოთემ გიქადაგეთ“ (2 კორ. 1:19). უფრო მეტიც, როცა პავლე წერილებში იყენებდა სიტყვა „თანამსახურებს“, ყოველთვის გულისხმობდა თავის თანამშრომლებს, მაგალითად: აპოლონს, აკვილას, პრისკას, ტიმოთეს, ტიტესა და სხვებს (რომ. 16:3, 21; 1 კორ. 3:6—9; 2 კორ. 8:23). სიტყვებით „გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ“, პავლემ დაარწმუნა კორინთელები, რომ მას და მის თანამშრომლებს სურდათ, კრების წევრებს სიხარული ჰქონოდათ. დღეს ქრისტიან უხუცესებსაც მსგავსი მიზანი აქვთ. მათ უნდათ, დაეხმარონ ძმებს, რათა სიხარულით ემსახურონ იეჰოვას (ფსალმ. 100:2; ფილ. 1:25).
5. რომელ კითხვაზე პასუხებს განვიხილავთ და რაზე უნდა დავფიქრდეთ?
5 ახლახან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ გულმოდგინე და-ძმებს ასეთი შეკითხვა დაუსვეს: „უხუცესების რა სიტყვებმა და როგორმა საქმეებმა მოგანიჭეს სიხარული?“. როცა ამ და-ძმების პასუხებს განვიხილავთ, შეადარე მათი კომენტარები იმას, თუ როგორ უპასუხებდი შენ ამ შეკითხვას. უფრო მეტიც, მოდი, დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია კრებაში ხელი შევუწყოთ სიხარულს. *
„მომიკითხეთ საყვარელი და პერსისი“
6, 7. ა) რაში შეუძლიათ უხუცესებს მიჰბაძონ იესოს, პავლესა და ღვთის სხვა მსახურებს? ბ) რატომ უხარიათ და-ძმებს, როცა გვახსოვს მათი სახელები?
6 ჩვენი და-ძმების უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ძალიან უხარიათ, როცა უხუცესები პირად ინტერესს ავლენენ მათდამი. უხუცესებმა უნდა მიჰბაძონ დავითს, ელიჰუს და იესოს (წაიკითხეთ 2 სამუელის 9:6; იობის 33:1; ლუკას 19:5 ). თითოეული ღვთის მსახური გულწრფელ ინტერესს ავლენდა სხვების მიმართ და სახელებით მიმართავდა მათ. პავლეც მნიშვნელოვნად მიიჩნევდა თანაქრისტიანების სახელების დამახსოვრებას და მათი სახელებით მოხსენიებას. მან თავისი ერთ-ერთი წერილი დაამთავრა მოკითხვებით, სადაც სახელით მოიხსენია 25-ზე მეტი და-ძმა, მათ შორის პერსისი, ქრისტიანი და, რომლის შესახებაც პავლემ დაწერა: „მომიკითხეთ საყვარელი და პერსისი“ (რომ. 16:3—15).
7 ზოგ უხუცესს უჭირს სახელების დამახსოვრება. მაგრამ როცა ისინი ამას ძალისხმევას ახმარენ, ამით თანამორწმუნეებს თითქოსდა ეუბნებიან: „შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ“ (გამ. 33:17). უხუცესები განსაკუთრებით გაახარებენ და-ძმებს, თუ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისა და სხვა შეხვედრების დროს მათ სახელებით მიმართავენ (შეადარეთ იოანეს 10:3).
„მან ბევრი რამ გააკეთა უფალში“
8. რა იყო ის მნიშვნელოვანი, რაშიც პავლე ჰბაძავდა იეჰოვასა და იესოს?
8 პავლე სხვების მიმართ ინტერესს იმითაც ავლენდა, რომ გულწრფელად აქებდა მათ, რაც და-ძმების სიხარულის კიდევ ერთი მიზეზია. იმავე წერილში, სადაც პავლე ამბობს, „გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ“, მან დაწერა: „ბევრს ვამაყობ თქვენით“ (2 კორ. 7:4). ეს სიტყვები კორინთელი ქრისტიანების გულებს გაათბობდა. პავლე მსგავს გრძნობებს გამოხატავდა სხვა კრებების წევრების მიმართაც (რომ. 1:8; ფილ. 1:3—5; 1 თეს. 1:8). რომაელებისადმი მიწერილ წერილში პერსისის მოხსენიების შემდეგ პავლემ დასძინა: „მან ბევრი რამ გააკეთა უფალში“ (რომ. 16:12). რა გამამხნევებელი იქნებოდა ეს სიტყვები ამ ერთგული დისთვის! როცა სხვებს აქებდა, პავლე ჰბაძავდა იეჰოვასა და იესოს (წაიკითხეთ მარკოზის 1:9—11; იოანეს 1:47; გამოცხ. 2:2, 13, 19).
9. როგორ უწყობენ და-ძმები კრებაში სიხარულს ხელს, როცა ერთმანეთს აქებენ?
9 დღეს უხუცესებმაც იციან, რომ მნიშვნელოვანია და-ძმების შექება (იგავ. 3:27; 15:23). შექებით უხუცესი თანაქრისტიანს აჩვენებს, რომ მას შეუმჩნეველი არ რჩება მისი საქმეები და ზრუნავს მასზე. და-ძმებს სჭირდებათ, უხუცესებისგან მოისმინონ გამამხნევებელი სიტყვები. ერთი 50 წელს გადაცილებული და ამბობს: „სამსახურში იშვიათად მაქებენ. იქ ძალიან ცივი და მეტოქეობის სულით გაჟღენთილი ატმოსფეროა. ასე რომ, როცა უხუცესი მაქებს, ეს ძალიან მამხნევებს და ძალებს მმატებს. ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ ზეციერ მამას“. ერთ ძმასაც, რომელიც მარტო ზრდის ორ შვილს, იგივე გრძნობები აქვს. უხუცესმა ის ახლახან გულწრფელად შეაქო. როგორ იმოქმედა ამან მასზე? ეს ძმა გვიზიარებს: „უხუცესის სიტყვებმა მართლაც გამამხნევა“. ნამდვილად, გულწრფელი შექებით უხუცესები თანამორწმუნეებს ხალისს მატებენ და სიხარულს ანიჭებენ. ეს კი და-ძმებს ძალას შემატებს, განაგრძონ მარადიული ცხოვრების გზაზე სიარული და არ „დაიქანცონ“ (ეს. 40:31).
„დამწყემსეთ ღვთის კრება“
10, 11. ა) როგორ შეუძლიათ უხუცესებს მიჰბაძონ ნეემიას? ბ) როგორ შეუძლია უხუცესს უწილადოს „სულიერი ძღვენი“ და-ძმებს სამწყემსო მონახულებების დროს?
10 რა არის ის განსაკუთრებული საშუალება, რითაც უხუცესები ავლენენ პირად ინტერესს და-ძმებისადმი და კრებაში ხელს უწყობენ სიხარულს? ისინი ინიციატივას ავლენენ და მიდიან მათთან, ვისაც გამხნევება სჭირდება (წაიკითხეთ საქმეების 20:28). ამით უხუცესები ჰბაძავენ ძველ დროში მცხოვრებ სულიერ მწყემსებს. ყურადღება მიაქციეთ, მაგალითად, როგორ მოიქცა ზედამხედველი ნეემია, როცა დაინახა, რომ ზოგიერთი იუდეველი სულიერად მოსუსტდა. ბიბლიაში წერია, რომ ის მაშინვე „წამოდგა“ და გაამხნევა ისინი (ნეემ. 4:14). დღეს უხუცესებსაც სურთ, რომ მსგავსადვე მოიქცნენ. ისინი „დგებიან“ ანუ ინიციატივას იჩენენ, რათა თანაქრისტიანები რწმენაში განამტკიცონ. უხუცესები და-ძმებს გასამხნევებლად სახლებში აკითხავენ, თუ ეს შესაძლებელია. ასეთი სამწყემსო მონახულებების დროს მათ სურთ, და-ძმებს „სულიერი ძღვენი“ უწილადონ (რომ. 1:11). რა დაეხმარებათ უხუცესებს ამის გაკეთებაში?
11 სამწყემსო მონახულებამდე უხუცესმა დრო უნდა გამოყოს და იფიქროს თითოეულ და-ძმაზე: რა პრობლემა აქვს ქრისტიანს? რა აზრები გაამხნევებს მას? რომელი მუხლი ან ბიბლიური პერსონაჟის შემთხვევა იქნებოდა მისთვის შესაფერისი? წინასწარ ამაზე ფიქრი დაეხმარება უხუცესს, რომ მისი საუბარი იყოს აზრიანი და არა ფორმალური. სამწყემსო მონახულების დროს და-ძმებს შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლად ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და გამოხატონ გრძნობები; უხუცესები კი ყურადღებით მოუსმენენ მათ (იაკ. 1:19). ერთმა დამ თქვა: „ძალიან მანუგეშებელია, როცა უხუცესი გულისყურით გისმენს“ (ლუკ. 8:18).
12. ვის სჭირდება კრებაში გამხნევება და რატომ?
12 ვის მოუტანს სარგებლობას სამწყემსო მონახულებები? პავლე მოუწოდებდა ქრისტიან უხუცესებს: „ყურადღება მიაქციეთ . . . მთელ სამწყსოს“. მართლაც, კრების ყველა წევრს სჭირდება გამხნევება, მათ შორის მაუწყებლებს და პიონერებს, რომლებიც წლებია, ერთგულად მსახურობენ. რატომ სჭირდებათ მათ სულიერი მწყემსების მხარდაჭერა? იმიტომ, რომ ხანდახან სულიერად ძლიერი და-ძმებიც იტანჯებიან ბოროტი ქვეყნიერებისგან ზეწოლის გამო. იმის გასაგებად, თუ რატომ სჭირდება დროდადრო ღვთის ერთგულ მსახურსაც თანაქრისტიანის დახმარება, განვიხილოთ ერთი შემთხვევა მეფე დავითის ცხოვრებიდან.
„მიეშველა მას . . . აბიშაი“
13. ა) რა მდგომარეობაში იყო დავითი, როცა იშბი-ბენობმა მისი მოკვლა დააპირა? ბ) როგორ გადაარჩინა აბიშაიმ დავითი?
13 ახალგაზრდა დავითი მეფედ ცხებიდან მალევე შეებრძოლა ერთ რეფაიმთა შთამომავალს, სახელად გოლიათს. დავითმა მამაცურად დაამარცხა და მოკლა ის (1 სამ. 17:4, 48—51; 1 მატ. 20:5, 8). წლების შემდეგ ფილისტიმელებთან ბრძოლის დროს დავითი შეებრძოლა სხვა რეფაიმელს, იშბი-ბენობს (2 სამ. 21:16). ამჯერად ბუმბერაზმა კინაღამ მოკლა დავითი. ამის მიზეზი ის იყო, რომ მან ძალა დაკარგა და არა გაბედულება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაიღალა დავითი“. როგორც კი იშბი-ბენობმა ეს შეამჩნია, „დავითის მოკვლა განიზრახა“. მაგრამ სანამ ის დავითს მოკლავდა, „მიეშველა მას ცერუიას ვაჟი აბიშაი, დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა“ (2 სამ. 21:15—17). მართლაც, რა ბეწვზე მიუსწრო აბიშაიმ მეფეს! რა მადლიერი იქნებოდა დავითი აბიშაის, რომელმაც ეს შეამჩნია და მაშინვე მივიდა მის დასახმარებლად, როცა მეფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. რის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან?
14. ა) როგორ შეგვიძლია დავამარცხოთ „გოლიათისმაგვარი“ პრობლემები? ბ) როგორ შეუძლიათ უხუცესებს სხვებს დაეხმარონ ძალების აღდგენაში და სიხარულის დაბრუნებაში? მოიყვანეთ მაგალითი.
14 მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ასრულებენ თავიანთ მსახურებას, მიუხედავად იმ დაბრკოლებებისა, რომლებსაც სატანისა და მისი მომხრეებისგან ხვდებიან. ზოგი ქრისტიანი აწყდება ძალიან დიდ პრობლემებს, მაგრამ თუ იეჰოვას სრულად მიენდობიან, ისინი შეებრძოლებიან ასეთ „გოლიათებს“ და დაამარცხებენ მათ. თუმცა ქვეყნიერებასთან გამუდმებით ბრძოლა ხანდახან ძალას გვაცლის და გულს გვიტეხს. ასეთ მდგომარეობაში ძალიან ადვილია, გვშთანთქას პრობლემებმა, რომლებსაც სხვა შემთხვევაში წარმატებით გავუმკლავდებოდით. ასეთ დროს უხუცესების მიერ აღმოჩენილი დროული მხარდაჭერა დაეხმარება მათ ძალების აღდგენაში და სიხარულის დაბრუნებაში. 60 წელს გადაცილებული ერთი პიონერი და ამბობს: „არც ისე დიდი ხნის წინ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი და მსახურებაში ვიღლებოდი. უხუცესმა ეს შეამჩნია და მოვიდა ჩემთან. მან ძალიან გამამხნევა და ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები მომცა. მისი რჩევები ძალიან გამომადგა. რა კარგია, რომ უხუცესმა შეამჩნია ჩემი მდგომარეობა და დამეხმარა“. მართლაც, მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ არიან აბიშაის მსგავსი უხუცესები, რომლებიც ყურადღებით არიან და მზად არიან დასახმარებლად.
„გცოდნოდათ, როგორ მიყვარხართ“
15, 16. ა) რატომ უყვარდათ გულწრფელად პავლე თანაქრისტიანებს? ბ) რატომ გვიყვარს ჩვენი კრების მზრუნველი უხუცესები?
15 მწყემსობა შრომატევადი საქმეა. ხანდახან უხუცესები ღამეებს ათევენ, რომ ილოცონ ღვთის სამწყსოზე ან სულიერი მხარდაჭერა აღმოუჩინონ თანაქრისტიანებს (2 კორ. 11:27, 28). პავლეს მსგავსად, უხუცესებიც სიხარულითა და მთელი მონდომებით აკეთებენ თავიანთ საქმეს. პავლემ კორინთელებს მისწერა: „მე უდიდესი სიამოვნებით გავიღებ ყველაფერს და მთლიანად დავიხარჯები თქვენი სულებისთვის“ (2 კორ. 12:15). მას უყვარდა თავისი ძმები და მთლიანად იხარჯებოდა მათ განსამტკიცებლად (წაიკითხეთ 2 კორინთელების 2:4; ფილ. 2:17; 1 თეს. 2:8). არ არის გასაკვირი, თუ რატომ უყვარდათ გულწრფელად ძმებს პავლე (საქ. 20:31—38).
16 ჩვენც, როგორც ღვთის მსახურებს, გვიყვარს ჩვენი მზრუნველი უხუცესები და იეჰოვას მადლობას ვუხდით ლოცვებში მათ გამო. ისინი სიხარულს გვანიჭებენ, როდესაც ჩვენდამი პირად ინტერესს ავლენენ. სამწყემსო მონახულებები ძალიან გვამხნევებს. უფრო მეტიც, მადლიერები ვართ, რომ უხუცესები ყოველთვის მზად არიან ჩვენ დასახმარებლად, როცა ქვეყნიერების ზეწოლის გამო გულგატეხილი ვართ. მართლაც, ასეთი ყურადღებიანი უხუცესები გვეხმარებიან, რომ სიხარული გვქონდეს.
^ აბზ. 5 იმავე და-ძმებს აგრეთვე ჰკითხეს: „ყველაზე მეტად რას აფასებთ უხუცესში?“. უმეტესობამ თქვა, რომ უხუცესებში ყველაზე მეტად ის მოსწონდათ, რომ მათთან თავისუფლად გრძნობდნენ თავს. ამაზე ვისაუბრებთ ამ ჟურნალის ერთ-ერთ მომდევნო ნომერში.