მიაღწიეთ ნამდვილ წარმატებას ცხოვრებაში
„წარგემართება გზა და . . . იმოქმედებ ბრძნულად“ (იეს. 1:8).
1, 2. ა) რას ნიშნავს ბევრისთვის წარმატება? ბ) როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, თქვენ რას მიიჩნევთ წარმატებად?
რას ნიშნავს, იყო წარმატებული? ამ კითხვაზე ყველა განსხვავებულ პასუხს იძლევა. ბევრისთვის წარმატება მატერიალური კეთილდღეობა, კარიერა ან განათლებაა. სხვები წარმატებად ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან თანამშრომლებთან კარგ ურთიერთობას მიიჩნევენ. მათთვის, ვინც ღმერთს ემსახურება, წარმატება შეიძლება დაკავშირებული იყოს კრებაში მიღებულ პასუხისმგებლობებთან ან მსახურებაში მიღწეულ შედეგებთან.
2 თქვენ რა მიგაჩნიათ წარმატებად? ამის გასარკვევად შეგიძლიათ ჩამოწეროთ რამდენიმე ადამიანის სახელი, ვისაც თქვენ წარმატებულად თვლით ანუ ვისაც ყველაზე მეტად აფასებთ და პატივს სცემთ. რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი? აქვთ მათ სიმდიდრე? არიან ისინი გამოჩენილები? თქვენი პასუხებიდან გამოჩნდება, რას აფასებთ ყველაზე მეტად და ეს გავლენას მოახდენს თქვენს არჩევანსა და მიზნებზე (ლუკ. 6:45).
3. ა) რა უნდა გაეკეთებინა იესო ნავეს ძეს, რომ წარმატებული ყოფილიყო? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაზე იეჰოვას თვალსაზრისის გაგებაა, რადგან ჩვენი სიცოცხლე მის კეთილგანწყობილებაზეა დამოკიდებული. როდესაც ღმერთმა იესო ნავეს ძეს რთული დავალება მისცა, ისრაელები აღთქმულ მიწაზე შეეყვანა, იეჰოვამ მას უთხრა, რომ მოსეს კანონი ეკითხა „დღედაღამ“ და გულდასმით შეესრულებინა ყველაფერი, რაც მასში იყო ჩაწერილი. ღმერთმა ის დაარწმუნა: „მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად“ (იეს. 1:7, 8). იესო ნავეს ძე მართლაც იყო წარმატებული. რის თქმა შეიძლება ჩვენზე? როგორ განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა წარმატებაზე ისეთივე თვალსაზრისი, როგორიც იეჰოვას? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ ბიბლიაში მოხსენიებული ორი მამაკაცის მაგალითი.
იყო სოლომონი წარმატებული?
4. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ სოლომონი იყო წარმატებული?
4 სოლომონი მრავალმხრივ იყო უაღრესად წარმატებული. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? იმიტომ, რომ წლების მანძილზე მას ეშინოდა იეჰოვასი და ემორჩილებოდა მას, რის გამოც ღმერთმა ის დიდად აკურთხა. როცა იეჰოვამ უთხრა სოლომონს, ეთხოვა მისთვის, რაც სურდა, მეფემ ღმერთს სიბრძნე სთხოვა, ხალხისთვის რომ ეხელმძღვანელა. ამ ლოცვის პასუხად ღმერთმა მას სიბრძნეც მისცა და სიმდიდრეც (წაიკითხეთ 1 მეფეების 3:10—14 ). სოლომონის „სიბრძნე მთელი აღმოსავლეთისა და ეგვიპტის სიბრძნეს აღემატებოდა“. მან სახელი გაითქვა „მეზობელ ერებში“ (1 მეფ. 4:30, 31). რაც შეეხება სოლომონის სიმდიდრეს, მხოლოდ ოქრო ყოველწლიურად დაახლოებით 25 ტონა შემოსდიოდა (2 მატ. 9:13). ის იყო ბრწყინვალე დიპლომატი, არაჩვეულებრივი მშენებელი და კარგად ერკვეოდა ვაჭრობაში. მართლაც, სოლომონი წარმატებული იყო, სანამ ღვთისადმი ერთგულებას ავლენდა (2 მატ. 9:22—24).
5. რა დაასკვნა სოლომონმა მათ შესახებ, ვინც წარმატებულია ღვთის თვალში?
5 წიგნ „ეკლესიასტედან“, რომელიც სოლომონმა დაწერა, ჩანს მისი თვალსაზრისი, რომ წარმატება და სიხარული მხოლოდ მდიდარი და გამოჩენილი ადამიანების ხვედრი არ იყო. ის წერდა: „დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე; ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლ. 3:12, 13). სოლომონს გააზრებული ჰქონდა, რომ ყოველივე ამას ის იღებდა, ვინც იეჰოვას მოწონებას იმსახურებდა და ვისაც მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მან მართებულად აღნიშნა: „ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკლ. 12:13).
6. როგორ გვეხმარება სოლომონის მაგალითი იმის გაგებაში, თუ რა არის ნამდვილი წარმატება?
6 წლების მანძილზე სოლომონს ღვთის ეშინოდა და ემორჩილებოდა მას. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „უყვარდა სოლომონს იეჰოვა და მამამისის, დავითის წესებით დადიოდა“ (1 მეფ. 3:3). განა ეს ნამდვილ წარმატებად არ მიგაჩნიათ? ღვთის ხელმძღვანელობით მან ააშენა დიდებული ტაძარი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის და დაწერა ბიბლიის სამი წიგნი. თუმცა ჩვენ ვერ ვაკეთებთ დღეს მსგავს საქმეებს, მაგრამ სოლომონის მაგალითი, როცა ის იეჰოვას ერთგული იყო, დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, რა არის ნამდვილი წარმატება და როგორ მივაღწიოთ მას. ღვთის შთაგონებით სოლომონმა დაწერა, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ადამიანები წარმატებად მიიჩნევენ — სიმდიდრე, სიბრძნე, სახელი და ძალაუფლება — ამაოა. ეს ყველაფერი მართლაც ფუჭია და „ქარის დევნა“. როგორც ვიცით, ფულის მოყვარული ფულით ვერ ძღება და მათ, ვისაც დიდი ქონება აქვთ, მისი დაკარგვის ეშინიათ. უფრო მეტიც, ერთ დღესაც მათი სიმდიდრე სხვას დარჩება (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 2:8—11, 17; 5:10—12).
7, 8. როგორ გახდა სოლომონი ორგული და რა მოყვა ამას შედეგად?
7 როგორც ვიცით, საბოლოოდ სოლომონმა უორგულა ღმერთს. ღვთის სიტყვაში წერია: „სოლომონის სიბერეში მისი გული სხვა ღმერთებისკენ მიდრიკეს მისმა ცოლებმა. მამამისი დავითისგან განსხვავებით იგი მთელი გულით არ იყო იეჰოვასთან, თავის ღმერთთან . . . ბოროტებას სჩადიოდა სოლომონი იეჰოვას თვალში“ (1 მეფ. 11:4—6).
8 იეჰოვას არ მოეწონა სოლომონის საქციელი და უთხრა მას: „რადგან . . . არ შეასრულე ჩემი შეთანხმება და წესები, რაც დაგიწესე, გამოგგლეჯ სამეფოს და შენს მსახურს მივცემ“ (1 მეფ. 11:11). რა სამწუხაროა! მიუხედავად იმისა, რომ სოლომონი მრავალმხრივ წარმატებული იყო, დროთა განმავლობაში მან იეჰოვას მოლოდინი არ გაამართლა. ღვთისადმი ერთგულება ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და სოლომონმა სწორედ აქ დაუშვა შეცდომა. თითოეულს შეუძლია საკუთარ თავს ჰკითხოს: დამეხმარება სოლომონის ცხოვრებაზე დაფიქრება ნამდვილი წარმატების მიღწევაში?
ნამდვილი წარმატება ცხოვრებაში
9. რატომ არ მიიჩნევდნენ პავლეს წარმატებულ ადამიანად მისი თანამედროვეები?
9 მოციქული პავლეს ცხოვრება ძალიან განსხვავდებოდა მეფე სოლომონის ცხოვრებისგან. პავლეს არ ჰქონია სპილოს ძვლის ტახტი და მეფეებთან ერთად არ ჭამდა. პირიქით, მისთვის უცხო არ იყო შიმშილი და წყურვილი, სიცივე და სიშიშვლე (2 კორ. 11:24—27). მას მერე, რაც იესო მესიად აღიარა, პავლეს აღარ სცემდნენ პატივს იუდეველთა რელიგიაში. უფრო მეტიც, რელიგიურმა წინამძღოლებმა შეიძულეს ის. პავლე დააპატიმრეს, გაშოლტეს, ჯოხებით სცემეს და ჩაქოლეს. მისი თქმით, სხვა ქრისტიანების მსგავსად, მასაც ლანძღავდნენ, დევნიდნენ და სახელს უტეხდნენ. მოციქული წერდა: „ქვეყნიერების ნაგავი და ყველანაირი ნარჩენი ვართ დღემდე“ (1 კორ. 4:11—13).
10. რატომ შეიძლებოდა ისეთი შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოს პავლემ ხელიდან გაუშვა წარმატება?
10 ახალგაზრდა სავლეს, რომელსაც მოგვიანებით მოციქული პავლე ეწოდა, ერთი შეხედვით, წარმატებული მომავალი ელოდა. ის დაიბადა ცნობილ ოჯახში, სწავლობდა იმ დროის სახელგანთქმულ მასწავლებელთან, გამალიელთან. პავლე იხსენებდა: „ჩემს ტომში ბევრ ჩემს თანატოლზე მეტად მივიწევდი წინ იუდეველობაში“ (გალ. 1:14). ის თავისუფლად ფლობდა ებრაულ და ბერძნულ ენებს; იყო რომის მოქალაქე, რაც მას ისეთ პრივილეგიებსა და უფლებებს აძლევდა, რომლებიც სხვებისთვის სანატრელი იყო. მას მიზნად ქვეყნიური წარმატების მიღწევა რომ დაესახა, შეეძლო გამხდარიყო უფრო მდიდარი და პატივდებული ადამიანი. ამის ნაცვლად, მან ისეთი ცხოვრება არჩია, როგორიც სხვებს და შესაძლოა, ზოგიერთ ნათესავსაც, დიდ უგუნურებად მიაჩნდათ. რატომ?
11. რას აფასებდა პავლე, რა იყო მისი მიზანი და რატომ?
11 პავლეს უყვარდა იეჰოვა და სიმდიდრესა და ადამიანებისგან აღიარებას ღვთის მოწონება ამჯობინა. როცა ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღო, მან დააფასა ის, რაც ქვეყნიერებისთვის არაფერს წარმოადგენს — გამოსასყიდი, ქრისტიანული მსახურება და ზეცაში ცხოვრების იმედი. პავლეს ესმოდა, რომ ისიც იყო ჩაბმული საკამათო საკითხში. სატანა ამტკიცებდა, რომ მას შეეძლო ადამიანები იეჰოვას მსახურებისგან ჩამოეშორებინა (იობ. 1:9—11; 2:3—5). რა განსაცდელსაც არ უნდა შეხვედროდა, პავლეს გადაწყვეტილი ჰქონდა, ყოველთვის ღვთის ერთგული ყოფილიყო და არასდროს შეეწყვიტა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. სწორედ ეს მიზანი რჩებათ მხედველობიდან მათ, ვისაც ქვეყნიერებაში წარმატების მიღწევა სურთ.
12. რატომ გადაწყვიტე, ღმერთზე დაგემყარებინა იმედი?
12 თქვენც ისეთივე მიზანი გაქვთ, როგორიც პავლეს ჰქონდა? თუმცა ერთგულების შენარჩუნება ყოველთვის ადვილი არ არის, ვიცით, რომ ამგვარად მივიღებთ იეჰოვას მოწონებასა და კურთხევას და სწორედ ეს მოგვიტანს ნამდვილ წარმატებას (იგავ. 10:22). ასეთ ცხოვრებას ახლაც მოაქვს სარგებლობა და მომავალშიც უდავოდ მივიღებთ კურთხევებს (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30). აქედან გამომდინარე, ყველანაირი მიზეზი გვაქვს, რომ იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არ დავამყაროთ, არამედ ღმერთზე, „რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს“. ჩვენ უნდა მოვაგროვოთ „განძი, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგი საძირკველი მომავლისთვის“, რათა მტკიცედ ჩავეჭიდოთ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:17—19). დიახ, შეგვიძლია სრულიად ვიყოთ დარწმუნებული, ასი წელიც რომ გავიდეს, ათასიც და მეტიც, წარსულის გახსენებისას ვიტყვით: „მე სწორედ ის გზა ავირჩიე, რამაც ნამდვილი წარმატება მომიტანა“.
სად არის თქვენი განძი?
13. რა რჩევა მოგვცა იესომ განძის შენახვასთან დაკავშირებით?
13 განძთან დაკავშირებით იესომ თქვა: „ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ქურდები ტეხენ და იპარავენ. მოაგროვეთ განძი ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და არც ქურდები ტეხენ და იპარავენ, რადგან, სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც“ (მათ. 6:19—21).
14. რატომ არის არაგონივრული განძის დედამიწაზე მოგროვება?
14 დედამიწაზე მოგროვილ განძში მხოლოდ ფული არ იგულისხმება. ამაში შეიძლება შედიოდეს ყველაფერი ის, რაზეც სოლომონი წერდა და რაც ადამიანების თვალში წარმატების მაჩვენებელია, მაგალითად: პრესტიჟი, დიდება ან ძალაუფლება. იესომაც მსგავსი აზრი გამოთქვა, როგორიც სოლომონმა წიგნ „ეკლესიასტეში“, რომ ქვეყნიური განძი მარადიული არ არის. ალბათ, თქვენც შეგიმჩნევიათ, რომ ასეთი „განძი“ კვამლივით ქრება და მისგან კვალიც კი არ რჩება. პროფესორი დეილი ბრუნერი ასეთ სიმდიდრეზე წერს: „ყველამ იცის, რომ დიდება წარმავალია. ის, ვინც გუშინ გმირად შერაცხეს, დღეს აღარავის ახსოვს. ვინც, გუშინ მილიონებს ატრიალებდა, დღეს ჯიბეგამოფხეკილი დადის . . . [იესოს] უყვარს ადამიანთა მოდგმა. ამიტომ აფრთხილებს მათ, რომ თავიდან აირიდონ გარდაუვალი იმედგაცრუება, რაც წარმავალ დიდებას მოჰყვება. დიდება არ არის მარადიული. იესოს არ სურს, რომ [მისი] მოწაფეები სასოწარკვეთილებამ მოიცვას. ვინც წარმატების მწვერვალს აღწევს, ქვეყნიერება დიდხანს არ ტოვებს იქ“. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა ეთანხმება ამ მოსაზრებას, რამდენი ითვალისწინებს იესოს ზემოხსენებულ რჩევას თავის ცხოვრებაში? თქვენ თუ ითვალისწინებთ?
15. როგორი წარმატებისკენ უნდა ვისწრაფოთ?
15 ზოგიერთი რელიგური წინამძღოლი ქადაგებს, რომ წარმატებისკენ სწრაფვა არასწორია და ნებისმიერი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდება. მაგრამ იესო ასე არ თვლიდა. პირიქით, ის მოწაფეებს მოუწოდებდა, რომ ძალისხმევა ნამდვილი წარმატების მისაღწევად მოეხმარათ ანუ განძი მოეგროვებინათ ზეცაში. ჩვენი უმთავრესი მიზანი ის უნდა იყოს, რომ იეჰოვას თვალში ვიყოთ წარმატებული. მართლაც, იესოს სიტყვები გვახსენებს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა გზას ავირჩევთ ცხოვრებაში. ერთი რამ უდავოა — რაც გულში გვაქვს ანუ რაც ჩვენთვის ძვირფასია, იმისკენ ვისწრაფვით.
16. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?
16 თუ მთელი გულით გვინდა, იეჰოვას ვასიამოვნოთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც გვჭირდება. თუმცა მან შეიძლება დროებით დაუშვას, რომ გვშიოდეს ან გვწყუროდეს, როგორც ეს მოციქულ პავლეს შემთხვევაში იყო (1 კორ. 4:11). მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ვენდოთ იესოს ბრძნულ რჩევას: «ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს“» (მათ. 6:31—33).
იყავით წარმატებული ღვთის თვალში
17, 18. ა) რაზე არ არის დამოკიდებული ნამდვილი წარმატება? ბ) რაზეა დამოკიდებული ნამდვილი წარმატება?
17 მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ნამდვილი წარმატება არ არის დამოკიდებული ქვეყნიერებაში ჩვენს მიღწევებსა და მდგომარეობაზე. ნამდვილი წარმატება არც კრებაში მიღებული ამა თუ იმ პასუხისმგებლობით განისაზღვრება. ასეთი კურთხევა ღვთისადმი მორჩილებასა და ერთგულებას მოჰყვება, რაც ნამდვილი წარმატების საწინდარია. ღმერთი ამბობს: „მმართველებისგან ერთგულება მოითხოვება“ (1 კორ. 4:2). ჩვენ გვმართებს მოთმინება, რომ დავრჩეთ ერთგულები. იესომ თქვა: „ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათ. 10:22). განა არ ეთანხმებით, რომ გადარჩენა წარმატების უდავო მაჩვენებელია?
18 ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, ღვთისადმი ერთგულება არ არის დამოკიდებული დიდებაზე, განათლებაზე, ფინანსურ მდგომარეობასა თუ სოციალურ სტატუსზე; ერთგულება არც ინტელექტზე, ნიჭსა თუ უნარზეა დამოკიდებული. რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ ღვთისადმი ერთგულება. პირველ საუკუნეში მცხოვრებ ღვთის მსახურებს შორის იყვნენ როგორც მდიდრები, ისე ღარიბები. პავლემ მდიდრებს მართლაც ყურადსაღები რჩევა მისცა, რომ ეკეთებინათ სიკეთე, გამდიდრებულიყვნენ კარგი საქმეებით და ყოფილიყვნენ გულუხვები და გამზიარებლები. მდიდრებსაც და ღარიბებსაც შეეძლოთ მტკიცედ ჩაჭიდებოდნენ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:17—19). ეს დღესაც ასეა. ყოველ ჩვენგანს აქვს ერთნაირი შესაძლებლობა და ყოველი ჩვენგანი ვალდებულია, შევინარჩუნოთ ერთგულება და გავმდიდრდეთ „კარგი საქმეებით“. თუ ასე ვიქცევით, წარმატებული ვიქნებით ჩვენი შემოქმედის თვალში და გვექნება სიხარული, რადგან ვასიამოვნეთ ღმერთს (იგავ. 27:11).
19. რა გაქვთ გადაწყვეტილი წარმატებასთან დაკავშირებით?
19 შეიძლება სრულად ვერ გააკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა, მაგრამ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ მდგომარეობისადმი თქვენი დამოკიდებულება. რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, ეცადეთ, დარჩეთ ერთგული. ეს მართლაც ღირს ძალისხმევად. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა უხვად გაკურთხებთ ახლაც და მთელი მარადიულობის განმავლობაშიც. არასდროს დაგავიწყდეთ, თუ რა უთხრა იესომ ცხებულ ქრისტიანებს: „სიკვდილამდე ერთგული დარჩი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხ. 2:10). სწორედ ეს არის ნამდვილი წარმატება!