გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.
როგორ შეგვიძლია ჩავაქროთ გაუკონტროლებელი საუბრის ცეცხლი?
უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი გული. ნაცვლად იმისა, რომ ცუდი ვიფიქროთ ძმაზე, კარგია თუ დავფიქრდებით, რატომ ვართ მისადმი კრიტიკულად განწყობილი. იმიტომ ხომ არ ვაკრიტიკებთ მას, რომ სხვების თვალში ჩვენ გამოვჩნდეთ უკეთესი? გარდა ამისა, სხვების კრიტიკა დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს (8/15, გვერდი 21).
როგორ იცავდა ღვთის კანონი ქალთა უფლებებს?
ისრაელში ქალები საკმაოდ დიდი თავისუფლებით სარგებლობდნენ და ჰქონდათ განათლების მიღების უფლება. ქალებს ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობოდნენ და მათი უფლებები დაცული იყო (9/1, გვერდები 5—7).
რა მოვლენები უნდა მოხდეს იეჰოვას დღის დადგომამდე?
ილაპარაკებენ „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“. ერები თავს დაესხმიან და გაანადგურებენ „დიდ ბაბილონს“. თავს დაესხმიან ღვთის ხალხს. მოხდება არმაგედონი, რომლის შემდეგაც სატანა და მისი დემონები უფსკრულში იქნებიან ჩაყრილი (9/15, გვერდი 4).
რით არის კარგი აღსასრულის მოსვლის დღისა და საათის არცოდნა?
იმის არცოდნა, თუ როდის დადგება აღსასრული, ავლენს ჩვენი გულის მოტივებს; საშუალებას გვაძლევს, გული გავუხაროთ იეჰოვას; აღგვძრავს, გამოვავლინოთ თავგანწირვის სული; გვეხმარება, სრულად მივენდოთ იეჰოვასა და მის სიტყვას. უფრო მეტიც, განსაცდელების წყალობით ვიხვეწებით (9/15, გვერდები 24, 25).
როგორ გამოვიყენოთ დაბადების 3:19 მასთან საუბრისას, ვისაც ჯოჯოხეთის სწამს?
ამ მუხლში წერია, რომ სიკვდილის შემთხვევაში ადამი ცეცხლოვან ჯოჯოხეთში კი არ მოხვდებოდა, არამედ დაუბრუნდებოდა მიწის მტვერს (10/1, გვერდი 13).
ვინ არის წარმოდგენილი გამოცხადების 1:16, 20-ში მოხსენიებული „შვიდი ვარსკვლავით“, რომლებიც იესოს მარჯვენა ხელში უჭირავს?
ისინი წარმოადგენენ ცხებულ ზედამხედველებს კრებებში და, მთლიანობაში, ყველა ზედამხედველს (10/15, გვერდი 14).
როგორ უნდა მოიქცეს ოჯახი, როცა ვალები აქვს?
ცოლ-ქმარმა ვალების შესახებ გულახდილად და მშვიდად უნდა ისაუბროს. მათ დაეხმარებათ ოჯახის ბიუჯეტის შედგენა. შეუძლიათ იპოვონ შემოსავლის დამატებითი წყარო ან შეამცირონ ხარჯები. მათ უნდა დაადგინონ, რა თანმიმდევრობით გადაიხდიან ვალებს. შესაძლოა, თავდაპირველად პროცენტიანი ვალებისგან გათავისუფლდნენ. მათ რეალურად უნდა შეაფასონ სიტუაცია და უნდა ახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში უმთავრესი ფული არ არის (1 ტიმ. 6:8) (11/1, გვერდები 19—21).
ესაიას 50:4, 5-ის თანახმად, როგორ გამოავლინა იესომ თავმდაბლობა?
ამ მუხლებიდან ვიგებთ, რომ ის ვისაც „სწავლულთა ენა“ მიეცა, „სხვა მხარეს არ შებრუნებულა“. იესო თავმდაბლობას ავლენდა და მთელი ყურადღებით უსმენდა, როცა იეჰოვა ასწავლიდა. მას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ესწავლა ჭეშმარიტი ღვთისგან. იესო კარგად ხედავდა, თუ როგორ თავმდაბლურად მოქმედებდა იეჰოვა, როდესაც წყალობას ავლენდა ცოდვილი ადამიანების მიმართ (11/15, გვერდი 11).
როგორ ადასტურებს ესტონეთში გამოშვებული სამახსოვრო საფოსტო მარკა იეჰოვას მოწმეთა ერთგულებას?
2007 წელს ესტონეთის ეროვნულმა ფოსტამ გამოუშვა საფოსტო მარკა, რომელიც სტალინის მიერ ესტონელების რეპრესიებზე ამახვილებდა ყურადღებას. მარკაზე აღნიშნული ციფრი 382 იმაზე მიუთითებს, რომ 1951 წელს სწორედ ამდენი იეჰოვას მოწმე და მათი შვილები შორეულ რუსეთში, შრომა-გასწორების ბანაკებში გადაასახლეს (12/1, გვერდები 27, 28).