ძეს სურს, გაამჟღავნოს მამის შესახებ
ძეს სურს, გაამჟღავნოს მამის შესახებ
„არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გაუმჟღავნოს“ (ლუკ. 10:22).
როგორ უპასუხებთ?
რატომ შეეძლო იესოს საუკეთესოდ გაემჟღავნებინა, თუ ვინ არის მამა?
როგორ აცნობდა იესო მამას სხვებს?
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იესოს და სხვებს ღმერთი გააცნოთ?
1, 2. რა საკითხში ვერ გარკვეულა მრავალი და რატომ?
ვინ არის ღმერთი? ეს ბევრისთვის გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანთა უმეტესობას სამების სწამს, მრავალს არ ესმის ეს სწავლება. ერთმა მწერალმა და სასულიერო პირმა თქვა: „ამ სწავლებას ადამიანი თავისი შეზღუდული გონებით ვერ ჩასწვდება. ეს სცდება ჩვეულებრივი მსჯელობისა თუ ადამიანური ლოგიკის ფარგლებს“. ევოლუციის თეორიის მიმდევრები კი საერთოდ უარყოფენ ღვთის არსებობას. ისინი საოცარი ქმნილებების არსებობას ბრმა შემთხვევითობას მიაწერენ. ჩარლზ დარვინს არ უარყვია ღვთის არსებობა, თუმცა აღნიშნა: „არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სრულად ამას ადამიანის ინტელექტი ვერ ჩასწვდება“.
2 სხვადასხვა შეხედულების მიუხედავად, ბევრს სურს ღვთის შესახებ მეტის გაგება. მაგრამ, როდესაც თავიანთ კითხვებზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ ღებულობენ, ისინი აღარ ინტერესდებიან ღმერთით. მართლაც, სატანამ „დაუბრმავა გონება“ ურწმუნოებს (2 კორ. 4:4). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის ან დაბნეულობაშია, თუ ვინ არის სინამდვილეში ღმერთი, სამყაროს შემოქმედი (ეს. 45:18).
3. ა) ვინ გაგვიმჟღავნა ჩვენ შემოქმედის შესახებ? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?
3 რატომ არის მნიშვნელოვანი, ადამიანებმა ჭეშმარიტება ისწავლონ ღვთის შესახებ? იმიტომ რომ, გადარჩება მხოლოდ ის, „ვინც იეჰოვას სახელს უხმობს“ (რომ. 10:13). ღვთის სახელის მოხმობაში იეჰოვას უკეთ გაცნობა იგულისხმება. იესო ქრისტემ მოწაფეებს გაუმჟღავნა მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება თავისი მამის შესახებ (წაიკითხეთ ლუკას 10:22). რატომ შეეძლო იესოს ამის გაკეთება ყველაზე საუკეთესოდ? როგორ გააკეთა ეს მან? როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და სხვებს ღმერთი გავაცნოთ? მოდი, განვიხილოთ ეს საკითხები.
იესო ქრისტეზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებდა
4, 5. რატომ შეეძლო იესოს საუკეთესოდ გაემჟღავნებინა, თუ ვინ არის მამა?
4 იესოზე უკეთ ღმერთს ვერავინ გააცნობდა სხვებს. რატომ? იმიტომ რომ, სხვა ყველა ცოცხალი ქმნილების შექმნამდე იესო, როგორც სულიერი ქმნილება, ზეცაში ცხოვრობდა. ის იყო „ღვთის მხოლოდშობილი ძე“ (იოან. 1:14; 3:18). სანამ სხვა ქმნილებები გაჩნდებოდა, მამა მთელ თავის ყურადღებასა და სითბოს ძის მიმართ ავლენდა. მამას და ძეს მილიარდობით წლის განმავლობაში ჰქონდათ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი (იოან. 5:20; 14:31). წარმოიდგინეთ, რამდენი რამ იცოდა იესომ თავისი მამის შესახებ! (წაიკითხეთ კოლოსელების 1:15—17 ).
5 იეჰოვამ იესო თავის წარმომადგენლად, „ღვთის სიტყვად“, დანიშნა (გამოცხ. 19:13). ამიტომ შეეძლო იესოს საუკეთესოდ გაემჟღავნებინა სხვებისთვის, თუ ვინ არის მამა. სახარების დამწერმა იოანემ მართებულად მოიხსენია იესო, როგორც „სიტყვა“ და „მამის მკერდთან მყოფი“ (იოან. 1:1, 18). იოანეს ეს გამოთქმა შეგვახსენებს იმ დროისთვის ჭამის დროს მიღებულ ჩვეულებას. სტუმრები იმდენად ახლოს ისხდნენ ერთმანეთთან, რომ თავისუფლად შეეძლოთ ურთიერთობა. მსგავსადვე, „მამის მკერდთან მყოფ“ ძესაც ჰქონდა ახლო ურთიერთობა ღმერთთან.
6, 7. როგორ ვითარდებოდა ურთიერთობა მამასა და ძეს შორის?
6 მამასა და ძეს შორის ურთიერთობა დროთა განმავლობაში ვითარდებოდა. ღმერთს „ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდა“ თავისი ძე (წაიკითხეთ იგავების 8:22, 23, 30, 31). ვინაიდან იესო მამასთან ერთად შრომობდა და ჰბაძავდა მას, მათ შორის ურთიერთობა უფრო და უფრო მტკიცდებოდა. სხვა გონიერი ქმნილებების შექმნისას, იესო ხედავდა, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა თითოეულ მათგანს და ამის გამო ღვთისადმი სიყვარული და პატივისცემა უფრო უღრმავდებოდა.
7 მაშინაც კი, როცა სატანამ გაილაშქრა იეჰოვას სამართლიანობისა და უზენაესობის წინააღმდეგ, ძეს შეეძლო დაკვირვებოდა, როგორ ავლენდა მამა სიყვარულს, სამართლიანობას, სიბრძნესა და ძალას რთული სიტუაციების დროს. ამგვარად იესომ ისწავლა, როგორ გამკლავებოდა სირთულეებს, რომლებსაც მოგვიანებით დედამიწაზე მსახურებისას შეხვდებოდა (იოან. 5:19).
8. როგორ გვეხმარება სახარებებში ჩაწერილი ინფორმაცია, მეტი გავიგოთ ღვთის თვისებების შესახებ?
8 იესოს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. ამიტომ მას შეეძლო უფრო მეტი მოეყოლა მამის შესახებ, ვიდრე ნებისმიერ სხვას. ღვთის გაცნობის საუკეთესო საშუალება მისი მხოლოდშობილი ძის სწავლებებსა და საქმეებზე დაკვირვებაა. მაგალითად, თუკი სიტყვა „სიყვარულის“ განმარტებას მხოლოდ ლექსიკონში ვნახავდით, სრულად ვერ ჩავწვდებოდით მის მნიშვნელობას. მაგრამ, თუ სახარებების კითხვისას დავფიქრდებით იესოს მსახურებაზე და იმაზე, როგორ ზრუნავდა ის სხვებზე, უკეთ გავიგებთ გამოთქმის მნიშვნელობას — „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8, 16). იმავეს თქმა შეიძლება ღვთის სხვა თვისებებზეც, რომლებიც იესომ გაუმჟღავნა თავის მოწაფეებს დედამიწაზე ყოფნისას.
როგორ გააცნო იესომ თავისი მამა სხვებს
9. ა) რა ორი ძირითადი სახით გააცნო იესომ სხვებს მამა? ბ) მოიყვანე მაგალითი, თუ როგორ გააკეთა ეს იესომ თავისი სწავლებით.
9 როგორ გააცნო იესომ ღმერთი მოწაფეებსა და მათ, ვინც მომავალში მისი მიმდევარი გახდებოდა? ორი ძირითადი სახით — სწავლებებით და საქმეებით. ჯერ მის სწავლებებს შევეხოთ. ის, რასაც იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს, ირეკლავდა ღვთის ფიქრებს, გრძნობებსა და დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხისადმი. ერთხელ იესომ მამა შეადარა მზრუნველ მწყემსს, რომელიც დაკარგული ცხვრის საძებნად მიდის და როცა პოულობს, „მას უფრო მეტად შეხარის, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებსაც გზა არ აბნევიათ“. რის თქმა უნდოდა იესოს ამ მაგალითით? მან ახსნა: „ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის დაღუპვა“ (მათ. 18:12—14). რას სწავლობთ იეჰოვას შესახებ ამ მაგალითიდან? თუკი ხანდახან უღირსობის ან მარტოობის გრძნობა გეუფლებათ, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს ზეციერ მამას ახსოვხართ და ის თქვენზე ზრუნავს. მის თვალში თქვენ ერთ-ერთი „მცირეთაგანი“ ხართ.
10. როგორ გააცნო იესომ ღმერთი სხვებს საქმეებით?
10 მეორე, რითაც იესომ თავის მოწაფეებს მამა გააცნო, საქმეები იყო. მოციქულ ფილიპეს თხოვნაზე „გვიჩვენე მამა“, იესოს შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:8, 9). ვნახოთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ ავლენდა იესო მამის თვისებებს. როდესაც კეთროვანმა იესოს განკურნება სთხოვა, ის შეეხო ამ მამაკაცს, „რომელსაც მთელ სხეულზე კეთრი მოსდებოდა“ და უთხრა: „მსურს, განიწმინდე“. განკურნებული მამაკაცი, უეჭველად, დაინახავდა იეჰოვას ხელს იესოს მოქმედებაში (ლუკ. 5:12, 13). როდესაც ლაზარე მოკვდა, იესომ „სულით ამოიოხრა და აფორიაქდა“; ის „აცრემლდა“ კიდეც. ამაში მოწაფეები ღვთის თანაგრძნობას დაინახავდნენ. იესომ იცოდა, რომ ლაზარეს აღადგენდა, ის მაინც გრძნობდა იმ ტკივილს, რომელსაც ლაზარეს ოჯახის წევრები და მეგობრები განიცდიდნენ (იოან. 11:32—35, 40—43). ალბათ, თქვენც არაერთხელ წაგიკითხავთ ბიბლიაში იესოს საქმეების შესახებ, რომლებშიც იეჰოვას გულმოწყალება ჩანს.
11. ა) რა გახდა ცხადი მამის შესახებ, როდესაც იესომ ტაძარი გაწმინდა? ბ) რა მხრივ არის ეს შემთხვევა ჩვენთვის გამამხნევებელი?
11 რას სწავლობთ იმ შემთხვევიდან, როდესაც იესომ ტაძარი გაწმინდა? წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: იესო თოკებისგან შოლტს აკეთებს და ცხვრისა და საქონლის გამყიდველებს ტაძრიდან ყრის. ის ფულის გადამცვლელებს ფულს უბნევს და მაგიდებს უყირავებს (იოან. 2:13—17). ასეთმა გაბედულმა მოქმედებამ იესოს მოწაფეებს გაახსენა დავით მეფის სიტყვები: „შენი სახლის მოშურნეობამ შემჭამა“ (ფსალმ. 69:9). ასეთი მტკიცე დამოკიდებულებით იესომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დაცვის ძლიერი სურვილი გამოავლინა. ხედავთ ამ შემთხვევაში ღვთის პიროვნებას? ეს შეგვახსენებს, რომ ღმერთი არა მხოლოდ უსაზღვრო ძალას ფლობს დედამიწიდან ბოროტების მოსასპობად, არამედ ამის ძლიერი სურვილიც აქვს. იესოს ასეთი მწვავე რეაქცია გვიჩვენებს, თუ რას გრძნობს მამა, როდესაც დედამიწაზე გაბატონებულ ბოროტებას უყურებს. რამდენად გამამხნევებელია ეს ჩვენთვის, როდესაც უსამართლობას ვაწყდებით!
12, 13. რას ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ იქიდან, თუ როგორ ეპყრობოდა იესო თავის მოწაფეებს?
12 განვიხილოთ, როგორ ეპყრობოდა იესო თავის მოწაფეებს. ისინი გამუდმებით კამათობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უფრო დიდი (მარ. 9:33—35; 10:43; ლუკ. 9:46). მამასთან ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად იესომ იცოდა, როგორ უყურებდა იეჰოვა ამპარტავნებს (2 სამ. 22:28; ფსალმ. 138:6). გარდა ამისა, იესოს თავად ჰქონდა ნანახი, როგორ გამოავლინა სატანა ეშმაკმა ასეთი მიდრეკილება. ეს ეგოისტი არსება მხოლოდ საკუთარ განდიდებასა და მდგომარეობაზე ფიქრობდა. ცხადია, იესოს დაანაღვლიანებდა იმის დანახვა, რომ არაერთი რჩევის მიუხედავად, მოწაფეების ამბიციებს საზღვარი არ ჰქონდა. ასეთი მიდრეკილება მათ შორის მაშინაც შეიმჩნეოდა, როცა ისინი მოციქულები გახდნენ. განდიდების სურვილი მათ იესოს დედამიწაზე ცხოვრების ბოლო დღემდე ჰქონდათ (ლუკ. 22:24—27). მიუხედავად ამისა, ის რბილად ცდილობდა მათი აზროვნების გამოსწორებას. იესო იმედს არ კარგავდა, რომ დროთა განმავლობაში მოციქულები განივითარებდნენ ისეთივე თავმდაბლურ აზროვნებას, როგორიც მას ჰქონდა (ფილ. 2:5—8).
13 იესო ცდილობდა თავისი მოწაფეების არასწორი აზროვნების მოთმინებით გამოსწორებას. რას იგებთ ღვთის შესახებ აქედან? ხედავთ იესოს საქმეებსა და სიტყვებში მის მამას, რომელიც ხელს არ კრავს თავის ხალხს არაერთხელ ჩადენილი შეცდომების მიუხედავად? ღვთის თვისებების ცოდნა აღგვძრავს, ლოცვით მივმართოთ მას და პატიება ვთხოვოთ ჩვენი შეცდომების გამო.
ძეს სურდა მამის სხვებისთვის გაცნობა
14. როგორ ცხადყო იესომ, რომ სურდა მამის სხვებისთვის გაცნობა?
14 ბევრი დიქტატორი ცდილობს, გააკონტროლოს და ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს ადამიანები. მათგან განსხვავებით, იესოს არაფერი დაუმალავს მამის შესახებ და ყველაფერს უყვებოდა ხალხს (წაიკითხეთ მათეს 11:27). ამასთანავე, იესომ თავის მოწაფეებს მისცა გონება, რათა „შეეცნოთ ის, ვინც ჭეშმარიტია“, ანუ იეჰოვა ღმერთი (1 იოან. 5:20). რას ნიშნავს ეს? იესომ თავის მიმდევრებს გაუხსნა გონება; ასე რომ, მათ შეეძლოთ გაეგოთ სწავლებები მამის შესახებ. მას მამა არ წარმოუჩენია რაღაც საიდუმლოებით მოცული, მაგალითად, ისეთი გაუგებარი სწავლებით, როგორიცაა სამება.
15. რატომ არ თქვა იესომ მამის შესახებ ყველაფერი, რაც იცოდა?
15 გაუმჟღავნა იესომ მოწაფეებს ყველაფერი, რაც იცოდა მამის შესახებ? არა. ის გონივრულად მოქმედებდა, როდესაც ყველაფერს არ უმხელდა მათ (წაიკითხეთ იოანეს 16:12). რატომ? იმიტომ, რომ იმ დროისთვის მოწაფეები „ვერ ჩასწვდებოდნენ“ ამას. თუმცა იესომ ახსნა, რომ მისი წასვლის შემდეგ ბევრად მეტს გაიგებდნენ „დამხმარის“, წმინდა სულის, მეშვეობით. ის მათ წაუძღვებოდა „ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ (იოან. 16:7, 13). გონიერი მშობლები ბავშვებს არ აწვდიან ისეთ ინფორმაციას, რომელსაც ვერ გაიგებენ, სანამ არ გაიზრდებიან. მსგავსადვე, იესოც ელოდა, სანამ მისი მოწაფეები უფრო მოწიფულები და უნარიანები გახდებოდნენ, რათა ჩასწვდომოდნენ ღვთის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას. იესო ითვალისწინებდა მათ შეზღუდულ შესაძლებლობებს.
მიჰბაძეთ იესოს და დაეხმარეთ სხვებს იეჰოვას გაცნობაში
16, 17. ჩვენ რატომ შეგვიძლია ღმერთი გავაცნოთ სხვებს?
16 როცა ვინმეს კარგად ეცნობი და მოგწონს მისი თვისებები, აღძრული ხარ, სხვებს მის შესახებ მოუყვე. დედამიწაზე ყოფნისას იესო ყველას აცნობდა მამას (იოან. 17:25, 26). შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და ვესაუბროთ სხვებს იეჰოვას შესახებ?
17 როგორც უკვე განვიხილეთ, იესოზე უკეთ მამას არავინ იცნობდა. ის მზადყოფნით უზიარებდა ამ ინფორმაციას სხვებს და თავის მიმდევრებს გონებაც კი მისცა, რათა უკეთ ჩასწვდომოდნენ ღვთის პიროვნების გარკვეულ მხარეებს. დღეს ცოტამ თუ იცის, ვინ არის ღმერთი. ჩვენ კი იესოს დახმარებით ვიცნობთ ჩვენს ზეციერ მამას. განა მადლიერები არ ვართ, რომ იესოს სწავლებებისა და საქმეების წყალობით გავიცანით ღმერთი? ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ ამით (იერ. 9:24; 1 კორ. 1:31). თუ ვცდილობთ, დავუახლოვდეთ იეჰოვას, ისიც დაგვიახლოვდება (იაკ. 4:8). ასე რომ, შეგვიძლია ღვთის შესახებ ცოდნა სხვებს გავუზიაროთ. როგორ?
18, 19. როგორ შეგვიძლია სხვებს ღმერთი გავაცნოთ?
18 ჩვენ იესოს უნდა მივბაძოთ და სხვებს ღმერთი გავაცნოთ სიტყვითა თუ საქმით. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მათ, ვისაც მსახურებაში ვხვდებით, არ იციან, ვინ არის ღმერთი. ღვთის შესახებ მათი შეხედულება დამახინჯებულია ცრუ სწავლებებით. ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ ადამიანებს ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის სახელზე, მის განზრახვებსა და თვისებებზე. გარდა ამისა, შეგვიძლია თანამორწმუნეებთან ვიმსჯელოთ ბიბლიის გარკვეულ მონაკვეთებზე, საიდანაც ვიგებთ ღვთის პიროვნების ისეთ მხარეებს, რომლებიც უწინ არ ვიცოდით. ყოველივე ეს ჩვენთვისაც გამამხნევებელი იქნება.
19 რა მოჰყვება შედეგად, თუ ვცდილობთ იესოს მიბაძვას და ჩვენი საქმეებით ვამცნობთ სხვებს ღმერთს? როდესაც ხედავენ, როგორ ვამტკიცებთ საქმეებით ქრისტესადმი სიყვარულს, მათაც უჩნდებათ როგორც იესოსთან, ისე მამასთან დაახლოების სურვილი (ეფეს. 5:1, 2). მოციქულმა პავლემ მოგვიწოდა: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორ. 11:1). მართლაც დიდი პატივია, ჩვენი საქმეებით დავეხმაროთ ადამიანებს იეჰოვას გაცნობაში! ასე რომ, კვლავაც მივბაძოთ იესოს და გავაცნოთ ღმერთი სხვებს.
[სასწავლო კითხვები]