არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გიცნობთ იეჰოვა?

გიცნობთ იეჰოვა?

გიცნობთ იეჰოვა?

„იეჰოვა იცნობს თავისას“ (2 ტიმ. 2:19).

1, 2. ა) რით იყო იესო დაინტერესებული? ბ) რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ?

ერთხელ ერთი ფარისეველი მივიდა იესოსთან და ჰკითხა: „რომელია უდიდესი მცნება კანონში?“ იესომ უპასუხა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათ. 22:35—37). იესოს ძალიან უყვარდა თავისი ზეციერი მამა და მართლაც ამ სიტყვების თანახმად ცხოვრობდა. თავისი ცხოვრებით იესომ ცხადყო, რომ ისიც აინტერესებდა, თუ რას ფიქრობდა იეჰოვა მასზე. ამიტომ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შეეძლო ეთქვა, რომ ღმერთი იცნობა მას, როგორც მისი მცნებების ერთგულ დამცველს. ასე რომ, იესო დარჩა იეჰოვას სიყვარულში (იოან. 15:10).

2 დღეს ბევრი ამბობს, რომ უყვარს ღმერთი. ეჭვგარეშეა, ჩვენც საკუთარ თავს მათ რიცხვს მივაკუთვნებთ. მაგრამ მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: მიცნობს მე ღმერთი? როგორია ღვთის თვალსაზრისი ჩემ შესახებ? მთვლის იეჰოვა „თავისად“? (2 ტიმ. 2:19). მართლაც დიდი პატივია, ვიფიქროთ სამყაროს უზენაეს მმართველთან ასე ახლო ურთიერთობაზე.

3. რატომ ეპარება ზოგს ეჭვი იმაში, თვლის თუ არა იეჰოვა მას თავისად და რა დაეხმარება მათ ამ ეჭვების გაფანტვაში?

3 მაგრამ ზოგისთვის, ვისაც ძალიან უყვარს იეჰოვა, რთული აღმოჩნდა იმის დაჯერება, რომ იეჰოვა მათ დადებითად უყურებს. ზოგი თავს უღირსად გრძნობს და ამიტომ ეჭვი ეპარება იმაში, რომ ღმერთი მას თავისად თვლის. მაგრამ კარგია, რომ ღმერთი ჩვენ სხვაგვარად გვიყურებს (1 სამ. 16:7). მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს უთხრა: „ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთი იცნობს“ (1 კორ. 8:3). იეჰოვასადმი სიყვარული მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რომ ის გიცნობდეთ. დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: რატომ კითხულობთ ამ ჟურნალს? რატომ ცდილობთ, ემსახუროთ იეჰოვას მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით? თუ ღმერთს თავი მიუძღვენით და მოინათლეთ, რატომ გააკეთეთ ეს? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა, რომელიც გულებს იკვლევს, სასურველ ადამიანებს თავისკენ იზიდავს (წაიკითხეთ ანგიას 2:7; იოანეს 6:44 ). აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ — იეჰოვას იმიტომ ემსახურებით, რომ მან მიგიზიდათ. თუ ერთგულებას შეინარჩუნებენ, იეჰოვა არასოდეს მიატოვებს მათ, ვინც თავად მიიზიდა. ღვთის თვალში თავისი მსახურები ძვირფასები არიან და ძალიან უყვარს ისინი (ფსალმ. 94:14).

4. ყოველთვის რატომ უნდა ვიფიქროთ ღმერთთან ჩვენს ძვირფას ურთიერთობაზე?

4 რადგან იეჰოვამ მიგვიზიდა, იმაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რომ დავრჩეთ მის სიყვარულში (წაიკითხეთ იუდას 20, 21 ). გახსოვდეთ, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, შესაძლებელია გზას ავცდეთ ან ღმერთს ჩამოვშორდეთ (ებრ. 2:1; 3:12, 13). მაგალითად, 2 ტიმოთეს 2:19-ში მოცემული სიტყვების ჩაწერამდე მოციქულმა პავლემ მოიხსენია ჰიმენეოსი და ფილეტე. ეს ორი მამაკაცი, როგორც ჩანს, ერთ დროს იეჰოვას მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ მოგვიანებით ჭეშმარიტებას განუდგნენ (2 ტიმ. 2:16—18). აგრეთვე გაიხსენეთ გალატიის კრებების ზოგი წევრი. მათაც ერთ დროს ღმერთი იცნობდა, მაგრამ ისინი არ დარჩნენ სულიერ სინათლეში (გალ. 4:9). მოდი, ყოველთვის დავაფასოთ ღმერთთან ჩვენი ძვირფასი ურთიერთობა.

5. ა) რა თვისებებს აფასებს ღმერთი? ბ) რომელ მაგალითებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

5 ზოგ თვისებას იეჰოვა განსაკუთრებით აფასებს (ფსალმ. 15:1—5; 1 პეტ. 3:4). მაგალითად, რწმენითა და თავმდაბლობით გამოირჩევიან ისინი, ვისაც ღმერთი იცნობს. განვიხილოთ ორი მამაკაცის მაგალითი, რათა დავინახოთ, როგორ გახდნენ ამ თვისებების გამო ისინი იეჰოვასთვის ძვირფასნი. აგრეთვე განვიხილოთ იმ მამაკაცის მაგალითი, რომელსაც ეგონა, რომ იეჰოვა იცნობდა, მაგრამ სიამაყემ სძლია და იეჰოვამაც უარყო ის. ამ მაგალითებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.

ყველა მორწმუნის მამა

6. ა) როგორ გამოავლინა აბრაამმა იეჰოვას დაპირებებისადმი რწმენა? ბ) როგორ იცნობდა იეჰოვა აბრაამს?

6 აბრაამი „ერწმუნა . . . იეჰოვას“, ამიტომ „ყველა . . . მორწმუნის მამა“ ეწოდა (დაბ. 15:6; რომ. 4:11). მან რწმენით დატოვა სახლი, მეგობრები, ქონება და შორეულ ქვეყანაში გადასახლდა (დაბ. 12:1—4; ებრ. 11:8—10). აბრაამს მრავალი წლის შემდეგაც მტკიცე რწმენა ჰქონდა. ეს მაშინ გამოჩნდა, როცა ღვთის ბრძანებას დაემორჩილა და მზად იყო საკუთარი შვილი ისაკი შეეწირა (ებრ. 11:17—19). აბრაამს სწამდა ღვთის დანაპირების, ამიტომ ღმერთი მას განსაკუთრებით უყურებდა; ის ნამდვილად იცნობდა აბრაამს (წაიკითხეთ დაბადების 18:19 ). იეჰოვამ იცოდა არა მარტო ის, რომ აბრაამი არსებობდა, არამედ უყვარდა და მეგობრად მიიჩნევდა მას (იაკ. 2:22, 23).

7. რის თქმა შეიძლება იეჰოვას დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედა ამან აბრაამზე?

7 აღსანიშნავია, რომ აღთქმული ქვეყანა აბრაამს თავის სიცოცხლეში არ მიუღია. მას არც თავისი შთამომავლების „ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით“ გამრავლება უნახავს (დაბ. 22:17, 18). მიუხედავად იმისა, რომ ამ დაპირებების შესრულებას აბრაამი ვერ მოესწრო, მან იეჰოვასადმი მტკიცე რწმენა შეინარჩუნა. ამ ერთგულმა კაცმა იცოდა, რომ იეჰოვა თავის სიტყვას აუცილებლად შეასრულებდა. დიახ, აბრაამი რწმენის თანახმად ცხოვრობდა (წაიკითხეთ ებრაელების 11:13). გვიცნობს იეჰოვა ჩვენც ისეთ ადამიანად, რომელსაც აბრაამის მსგავსი რწმენა აქვს?

იეჰოვას ლოდინი რწმენაზე მიუთითებს

8. რომელი მართებული სურვილების შესრულება სწადია ზოგს?

8 შეიძლება გვაქვს ისეთი სურვილები, რომელთა შესრულებაც ძალიან გვინდა. ბუნებრივი და მართებულია, გვსურდეს ოჯახის შექმნა, შვილების ყოლა და კარგი ჯანმრთელობა. მაგრამ ბევრისთვის ამ სურვილებიდან ზოგიერთი სურვილად რჩება. თუ ეს ჩვენ შემთხვევაშიც ასეა, ჩვენი დამოკიდებულებიდან გამოჩნდება, რამდენად ძლიერი რწმენა გვაქვს.

9, 10. ა) როგორ ცდილობს ზოგი საკუთარი სურვილების შესრულებას? ბ) თქვენ რას ფიქრობთ ღვთის დაპირებების შესრულებაზე?

9 არაგონივრული იქნებოდა, თუ ქრისტიანი ეცდებოდა ამ სურვილების დასაკმაყოფილებლად ღვთიური სიბრძნის საპირისპიროდ მოქმედებას. ეს მას სულიერ ზიანს მოუტანდა. მაგალითად, ზოგი მკურნალობის ისეთი მეთოდს ირჩევს, რომელიც ღვთის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ზოგს სამუშაოს გამო ოჯახისა და კრების შეხვედრებისთვის დრო არ რჩება. ზოგმა კი რომანტიკული ურთიერთობები დაიწყო არა იეჰოვას მოწმესთან. თუ ქრისტიანი ასე იქცევა, ნამდვილად სურს, იეჰოვა იცნობდეს მას? რას იგრძნობდა იეჰოვა, თუ აბრაამი მისი დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით მოუთმენლობას გამოავლენდა? რა მოხდებოდა, თუ აბრაამი ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას დალოდებოდა, თვითნებურად მოიქცეოდა — სადმე დამკვიდრდებოდა და საკუთარი სახელის განთქმას ეცდებოდა? (შეადარეთ დაბადების 11:4) ექნებოდა მას იეჰოვას თვალში კვლავაც კარგი სახელი?

10 რა სურვილის შესრულება გწადიათ პირადად თქვენ? არის თქვენი რწმენა იმდენად ძლიერი, რომ დაელოდოთ იეჰოვას, რომელიც ყველა მართებული სურვილის დაკმაყოფილებას გვპირდება? (ფსალმ. 145:16). აბრაამის შემთხვევის მსგავსად, ღვთის ზოგიერთი დანაპირები შეიძლება ისე სწრაფად არ შესრულდეს, როგორც ამას ჩვენ ვისურვებდით. და მაინც, იეჰოვა აფასებს, როდესაც ისეთივე რწმენას ვივითარებთ, როგორიც აბრაამს ჰქონდა, და შესაბამისად ვმოქმედებთ. ამგვარად მოქმედება ჩვენვე მოგვიტანს სარგებლობას (ებრ. 11:6).

სხვაობა თავმდაბლობასა და სიამაყეს შორის

11. რა პასუხისმგებლობები ეკისრა კორახს და, როგორც ჩანს, ღვთის მიმართ მის რა დამოკიდებულებაზე მეტყველებდა ეს?

11 მოსეს და კორახს სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ იეჰოვას ღონისძიებებისა და მისი გადაწყვეტილებების მიმართ. მათი ქმედებები განსაზღვრავდა იმას, როგორ უყურებდა იეჰოვა მათ. კორახი კეჰათელი ლევიანი იყო. მას დიდი პატივი ხვდა წილად და მრავალი პასუხისმგებლობა ეკისრა. ის, ალბათ, შეესწრო იმას, როგორ იხსნა ღმერთმა თავისი ერი წითელ ზღვასთან; კორახი, როგორც ჩანს, მონაწილეობდა სინას მთასთან ურჩი ისრაელებისთვის იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებაში და გარკვეულ როლს ასრულებდა შეთანხმების კიდობნის გადატანაში (გამ. 32:26—29; რიცხ. 3:30, 31). აშკარაა, რომ ის წლების განმავლობაში იეჰოვას ერთგულად ემსახურებოდა და ისრაელთა ბანაკში მრავალი დიდ პატივს სცემდა მას.

12. როგორც 28-ე გვერდზეა ნაჩვენები, როგორ იმოქმედა კორახის სიამაყემ ღმერთთან მის ურთიერთობაზე?

12 მიუხედავად ამისა, როდესაც აღთქმული ქვეყნისკენ მიდიოდნენ, კორახს მოეჩვენა, რომ ისრაელ ერში ღვთის ხელმძღვანელობა არასწორად ტარდებოდა. მას 250 თავკაცი მიემხრო და ცვლილებების მოხდენა სცადეს. კორახსა და მის თანამოაზრეებს ეგონათ, რომ იეჰოვას მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მოჯანყეებმა მოსესა და აარონს უთხრეს: „კმარა! მთელი კრებული წმინდაა და იეჰოვაა მათ შორის“ (რიცხ. 16:1—3). მათ საქციელში მეტისმეტი თავდაჯერებულობა და სიამაყე ჩანდა. მოსემ ამ მოჯანყეებს უთხრა: „გააცხადებს იეჰოვა, თუ ვინ ეკუთვნის მას“ (წაიკითხეთ რიცხვების 16:5 ). მომდევნო დღის ბოლოს კორახი და ყველა მისი თანამოაზრე ცოცხალი აღარ იყო (რიცხ. 16:31—35).

13, 14. როგორ გამოავლინა მოსემ თავმდაბლობა?

13 ამის საპირისპიროდ, მოსე „უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“ (რიცხ. 12:3). მან თვინიერება და თავმდაბლობა იმით გამოავლინა, რომ იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვებოდა (გამ. 7:6; 40:16). ბიბლიაში ვერსად ვერ ვნახავთ მინიშნებას იმაზე, რომ მოსე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა იეჰოვას ქმედებებს ან აღიზიანებდა ღვთის მითითებების შესრულება. მაგალითად, იეჰოვამ მოსეს კარავთან დაკავშირებით დაწვრილებით აუხსნა ყველაფერი. მან ისიც კი უთხრა, რა ფერის ძაფი უნდა გამოეყენებინათ და რამდენი მარყუჟი გაეკეთებინათ კარვის ქსოვილებისთვის (გამ. 26:1—6). თუ ღვთის ორგანიზაციაში თქვენი ზედამხედველი გაძლევთ მითითებებს, რომლებიც მეტისმეტად დეტალური გეჩვენებათ, შეიძლება ზოგჯერ გაღიზიანდეთ კიდეც. მაგრამ იეჰოვა, სრულყოფილი ზედამხედველი, მრავალ დავალებას აკისრებს თავის მსახურებს და ენდობა მათ. როდესაც ის დაწვრილებით უხსნის, რა უნდა გააკეთონ მათ, ღმერთს ამისთვის საფუძვლიანი მიზეზი აქვს. ყურადღება მიაქციეთ, მოსე არ გაღიზიანებულა იეჰოვაზე იმის გამო, რომ დაწვრილებითი მითითებები მიიღო მისგან. მას არ უფიქრია, რომ ღმერთი მეტისმეტს ითხოვდა მისგან ან ზღუდავდა მის შემოქმედებით უნარსა თუ თავისუფლებას. პირიქით, მოსემ იზრუნა, „ყველაფერი ისე გაეკეთებინათ“, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები (გამ. 39:32). ეს მართლაც თავმდაბლობის გამოვლენა იყო. მოსეს ესმოდა, რომ ეს იეჰოვას საქმე იყო და მას ღმერთი ამ სამუშაოს შესასრულებლად იყენებდა.

14 მოსეს თავმდაბლობა მაშინაც გამოჩნდა, როდესაც არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთხელ, ისრაელი ერი წყალზე ჩიოდა. მაშინ მოსემ თავშეკავება ვერ გამოავლინა და ღმერთს პატივი არ მიაგო. შედეგად, იეჰოვამ თქვა, რომ მოსე ვერ შეიყვანდა ხალხს აღთქმულ მიწაზე (რიცხ. 20:2—12). ის და მისი ძმა აარონი წლების განმავლობაში იტანდნენ ისრაელების დრტვინვას. ახლა კი ერთი შეცდომის გამო, ვერ მიიღებდა იმას, რასაც ასე დიდხანს ელოდა! რა რეაქცია ჰქონდა მოსეს? რასაკვირველია, დამწუხრდა, მაგრამ მან თავმდაბლად მიიღო იეჰოვას გადაწყვეტილება. მოსემ იცოდა, რომ იეჰოვა მართალი ღმერთია და მისგან შორსაა უსამართლობა (კან. 3:25—27; 32:4). როცა მოსეზე ფიქრობთ, ნუთუ ეჭვი გეპარებათ, რომ იეჰოვა იცნობდა მას? (წაიკითხეთ გამოსვლის 33:12, 13).

იეჰოვასადმი მორჩილებისთვის თავმდაბლობაა საჭირო

15. რას გვასწავლის კორახის სიამაყეზე დაფიქრება?

15 ის, თუ როგორ ვრეაგირებთ მსოფლიო ქრისტიანულ კრებაში მომხდარ ცვლილებებსა და ხელმძღვანელი ძმების გადაწყვეტილებებზე, გავლენას ახდენს იმაზე, როგორ გვიყურებს იეჰოვა. კორახი და მისი თანამოაზრეები მეტისმეტმა თავდაჯერებულობამ, სიამაყემ და რწმენის უქონლობამ ღმერთს ჩამოაშორა. კორახის აზრით, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს ხანდაზმული მოსე იღებდა, მაგრამ სინამდვილეში ისრაელ ერს იეჰოვა ხელმძღვანელობდა. კორახმა ვერ დაინახა ეს და, შედეგად, არ გამოავლინა ერთგულება მათ მიმართ, ვისაც ღმერთი იყენებდა. რამდენად გონივრული იქნებოდა, რომ კორახი დალოდებოდა იეჰოვას. ღმერთი დაეხმარებოდა მას იმის გაგებაში, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი ასე ან, თუ საჭირო იყო, ცვლილებებს თავად მოახდენდა. საბოლოოდ, კორახის სიამაყემ ხაზი გადაუსვა წლების განმავლობაში მის ერთგულ მსახურებას.

16. როგორ იმოქმედებს მოსეს თავმდაბლობის მაგალითის მიბაძვა იმაზე, რომ იეჰოვამ თავისად გვცნოს?

16 ეს ბიბლიური შემთხვევა დღეს კარგი გაფრთხილებაა კრების უხუცესებისა და სხვა წევრებისთვის. თავმდაბლობაა საჭირო, რომ დაველოდოთ იეჰოვას და მივყვეთ მის მიერ დანიშნული ძმების ხელმძღვანელობას. ვავლენთ ჩვენც ისეთივე თავმდაბლობასა და რბილ ხასიათს, როგორსაც მოსე ავლენდა? პატივს ვცემთ მათ, ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და ვემორჩილებით მათ მითითებებს? შეგვიძლია გავაკონტროლოთ პირადი გრძნობები, როდესაც რაღაც არ მოგვწონს? თუ დიახ, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ იეჰოვა გვიცნობს. იეჰოვასთვის ძვირფასნი ვიქნებით, თუ თავმდაბლობასა და მორჩილებას ვავლენთ.

იეჰოვა იცნობს თავისას

17, 18. რა დაგვეხმარება იმაში, რომ იეჰოვა კვლავაც გვიცნობდეს და თავისად მიგვიჩნევდეს?

17 კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით მათ მაგალითებზე, ვინც იეჰოვამ მიიზიდა და, ვისაც ის იცნობს. აბრაამი და მოსე არასრულყოფილები იყვნენ და შეცდომებს უშვებდნენ ისევე, როგორც ჩვენ. მათ იეჰოვა იცნობდა და თავისად მიიჩნევდა. მაგრამ კორახის მაგალითი გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია იეჰოვას ჩამოვშორდეთ და მისი მოწონება დავკარგოთ. კარგი იქნებოდა თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თავისთვის გვეკითხა: „მე როგორ მიყურებს იეჰოვა? რის სწავლა შემიძლია ამ ბიბლიური მაგალითებიდან?“

18 მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თავისად მიიჩნევს ყველა ერთგულ მსახურს, რომლებიც თავისთან მიიზიდა. განაგრძეთ რწმენის, თავმდაბლობისა და ისეთი თვისებების განვითარება, რომლებიც იეჰოვას თვალში უფრო ძვირფასს გაგხდით. ნამდვილად უდიდესი პატივია, გვიცნობდეს იეჰოვა. ამას კმაყოფილების გრძნობა მოაქვს დღეს და დიდებული კურთხევები — მომავალში (ფსალმ. 37:18).

გახსოვთ?

• რას ნიშნავს, გვიცნობდეს იეჰოვა?

• როგორ შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამის რწმენას?

• რის სწავლა შეგვიძლია კორახისა და მოსეს მაგალითებიდან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 26 გვერდზე]

აბრაამის მსგავსად, გვჯერა, რომ იეჰოვა ყველა თავის დაპირებას შეასრულებს?

[სურათი 28 გვერდზე]

კორახი თავმდაბლად არ მიჰყვა მითითებას

[სურათი 29 გვერდზე]

გიცნობთ იეჰოვა ისეთ ადამიანად, რომელიც თავმდაბლად მიჰყვება მითითებებს?