არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არის იეჰოვა თქვენი წილი?

არის იეჰოვა თქვენი წილი?

არის იეჰოვა თქვენი წილი?

„უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათ. 6:33).

1, 2. ა) ვინ იგულისხმება გალატელების 6:16-ში მოხსენიებულ „ღვთის ისრაელში“? ბ) ვინ იგულისხმება მათეს 19:28-ში მოხსენიებულ „ისრაელის თორმეტ ტომში“?

ვინ გასენდებათ, როდესაც ბიბლიაში სიტყვა „ისრაელს“ ხვდებით? ისაკის ვაჟი იაკობი ხომ არა, რომელსაც ისრაელი დაერქვა? თუ მისი შთამომავლები, ძველი ისრაელი? ან იქნებ სულიერი ისრაელი, ანუ „ღვთის ისრაელი“, 144 000 წმინდა სულით ცხებული, რომლებიც ზეცაში მეფეები და მღვდლები იქნებიან? (გალ. 6:16; გამოცხ. 7:4; 21:12). ბიბლია ისრაელს სხვა მხრივაც მოიხსენიებს, როდესაც მათეს 19:28-ში ისრაელის 12 ტომზე საუბრობს.

2 იესომ თქვა: „ხელახლა შექმნისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, თორმეტ ტახტზე დასხდებით და ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებთ“. ამ მუხლში მოხსენიებულ „ისრაელის თორმეტ ტომში“ იგულისხმება ისინი, ვისაც იესოს ცხებული მოწაფეები გაასამართლებენ და, ვისაც სამოთხეში დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ. 144 000 ცხებული მათი მღვდლები იქნებიან.

3, 4. რა შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ ერთგული ცხებულები?

3 ძველ დროს მცხოვრები მღვდლებისა და ლევიანების მსგავსად, დღეს ცხებული ქრისტიანები ღვთის მსახურებას ძალიან აფასებენ (რიცხ. 18:20). ცხებულები არ მოელიან, რომ დედამიწაზე მათ გარკვეული ტერიტორია მიეცემათ საკუთრებად. ისინი იესო ქრისტესთან ერთად ზეცაში მღვდლებად მსახურებასა და მეფობას ელიან. ცხებულები განაგრძობენ ღვთის მსახურებას ზეცაში, როგორც გამოცხადების 4:10, 11-შია აღნიშნული (ეზეკ. 44:28).

4 დედამიწაზე ცხებულები თავიანთი ცხოვრებით ცხადყოფენ, რომ იეჰოვაა მათი წილი. მათთვის უმთავრესი ღვთისთვის მსახურებაა. ისინი რწმენას ავლენენ ქრისტეს გამოსასყიდისადმი და მიჰყვებიან მას, რითაც მტკიცდებიან თავიანთ „მოწოდებასა და რჩეულობაში“ (2 პეტ. 1:10). ცხებულებს განსხვავებული მდგომარეობა და შესაძლებლობები აქვთ. მაგრამ ამის გამო თავს არ იმართლებენ და ცოტას არ მსახურობენ. პირიქით, ისინი პირველ ადგილზე აყენებენ ღვთის მსახურებას და აკეთებენ ყველაფერს, რის ძალაც შესწევთ. ისინი შესანიშნავ მაგალითს აძლევენ ყველას, ვისაც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი აქვთ.

5. როგორ შეიძლება იეჰოვა იყოს ყველა ქრისტიანის წილი და რატომ არის ეს რთული?

5 ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, უნდა უარვყოთ საკუთარი თავი, ავიღოთ წამების ბოძი და გავყვეთ ქრისტეს (მათ. 16:24). მილიონები, რომლებიც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებას იმედოვნებენ, სწორედ ასე სცემენ ღმერთს თაყვანს და მიჰყვებიან ქრისტეს. ისინი მცირედს არ სჯერდებიან მაშინ, როცა მეტის გაკეთება შეუძლიათ. მრავალმა გაიმარტივა ცხოვრება და პიონერად მსახურება დაიწყო. ზოგი წლის განმავლობაში რამდენიმე თვე პიონერად მსახურობს. სხვები კი, თუმცა პიონერად ვერ მსახურობენ, მსახურებაში ძალისხმევას არ იშურებენ. ასეთები ჰგვანან ერთგულ მარიამს, რომელმაც იესოს სურნელოვანი ზეთი სცხო. იესომ მარიამის შესახებ თქვა: „მან ხომ კარგი საქმე გამიკეთა . . . მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“ (მარ. 14:6—8). ადვილი არ არის, გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რადგან სატანის ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ. მაგრამ საჭიროა ძალ-ღონე არ დავიშუროთ და იეჰოვაზე ვიყოთ მინდობილი. განვიხილოთ, რა ოთხი სახით შეგვიძლია ამის გაკეთება.

უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო

6. ა) როგორ ცხადყოფენ ისინი, ვინც ღმერთს არ ემსახურებიან, რომ მათ წილი მხოლოდ ამ ცხოვრებაში აქვთ? ბ) რატომ არის უკეთესი, გვქონდეს ისეთივე შეხედულება, როგორიც დავითს ჰქონდა?

6 იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, უპირველესად ეძებათ სამეფო და ღვთის სიმართლე. ისინი, ვინც ღმერთს არ ემსახურებიან, საკუთარ ინტერესებს აყენებენ პირველ ადგილზე, როგორც „ქვეყნიერების ხალხი, ვისაც წილი აქვს ამ ცხოვრებაში“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 17:1, 13—15 ). ეს ადამიანები არად აგდებენ თავიანთ შემოქმედს და საკუთარ თავს კომფორტული ცხოვრების მოწყობას, შვილების აღზრდასა და მათთვის მემკვიდრეობის დატოვებას უძღვნიან. მათ წილი მხოლოდ ამ ცხოვრებაში აქვთ. მათგან განსხვავებით, დავითს უნდოდა, იეჰოვას თვალში „კარგი სახელი“ ჰქონოდა. მოგვიანებით კი მისი ვაჟი სოლომონი ყველას ურჩევდა, რომ ამისკენ ესწრაფათ (ეკლ. 7:1). ასაფის მსგავსად, დავითიც იეჰოვასთან მეგობრობას უფრო მნიშვნელოვნად თვლიდა, ვიდრე საკუთარი ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას. ის სიამოვნებით დადიოდა ღმერთთან ერთად. დღესაც, მრავალი ქრისტიანი სამსახურზე მაღლა ღვთის მსახურებას აყენებს.

7. როგორ აკურთხა ღმერთმა ერთი ძმა იმის გამო, რომ სამეფო პირველ ადგილზე დააყენა?

7 განვიხილოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები უხუცესისა და სამი შვილის მამის, ჟან-კლოდის, შემთხვევა. იქ სამუშაოს შოვნა არც ისე ადვილია, და ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამსახური არ დაკარგოს. ერთხელ, საწარმოს უფროსმა ჟან-კლოდს უთხრა, რომ ამიერიდან ის იმუშავებდა საღამოს შვიდის ნახევრიდან, მთელი ღამის განმავლობაში, კვირაში შვიდივე დღე. ჟან-კლოდმა უფროსს აუხსნა, რომ მატერიალური უზრუნველყოფის გარდა, მას ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზეც უნდა ეზრუნა. აგრეთვე უთხრა, რომ მას კრებაშიც გარკვეული პასუხისმგებლობები ჰქონდა. რა პასუხი გასცა უფროსმა? „თუ გაგიმართლა, და სამუშაო გაქვს, სხვა ყველაფერი უნდა დაივიწყო. მათ შორის ცოლი, შვილები თუ პრობლემები. ცხოვრება სამსახურს უნდა მიუძღვნა და სხვას არაფერს სამსახურის გარდა. ასე რომ, აირჩიე — ან შენი რელიგია, ან სამსახური“. პირადად თქვენ როგორ მოიქცეოდით? ჟან-კლოდს ესმოდა, სამსახური რომც დაეკარგა ღმერთი არ მიატოვებდა მას. ღვთის მსახურებაში მას კვლავაც ბევრი ექნებოდა გასაკეთებელი, ხოლო მისი ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვაში იეჰოვა დაეხმარებოდა. ამგვარად, ჟან-კლოდი შუა კვირაში კრების შეხვედრაზე წავიდა. კრების შემდეგ ის სამსახურში წასასვლელად გაემზადა, თუმცა არ იცოდა დატოვებდნენ თუ არა იქ. სწორედ ამ დროს დაურეკეს მას და შეატყობინეს, რომ ის კი არა, თურმე მისი უფროსი დაუთხოვიათ.

8, 9. როგორ მივბაძოთ მღვდლებსა და ლევიანებს, რომლებიც იეჰოვას თავიანთ წილად მიიჩნევდნენ?

8 ზოგი, ვინც სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა, შეიძლება ფიქრობდა: „როგორ ვიზრუნო ოჯახზე?“ (1 ტიმ. 5:8). იმისდა მიუხედავად, შეხვედრიხართ თუ არა მსგავს პრობლემას, ალბათ, საკუთარი გამოცდილებიდან იცით, რომ თუ იეჰოვა თქვენი წილი იქნება და მის მსახურებას უძვირფასეს განძად მიიჩნევთ, იმედი არასდროს გაგიცრუვდებათ. როდესაც თავის მოწაფეებს ურჩია, „უპირველესად სამეფო ეძებათ“, იესომ ისინი დაარწმუნა, რომ „სხვა დანარჩენი“ — საჭმელი, სასმელი და ჩასაცმელი — შეემატებოდათ (მათ. 6:33).

9 კვლავ გავიხსენოთ ლევიანები. მათ არ მიუღიათ სამკვიდრო აღთქმულ მიწაზე. ვინაიდან ისინი წმინდა მსახურებას პირველ ადგილზე აყენებდნენ, მატერიალური უზრუნველყოფის საკითხში უნდა მინდობოდნენ იეჰოვას, რომელმაც მათ უთხრა: „მე ვარ თქვენი წილი“ (რიცხ. 18:20). ჩვენ არ ვმსახურობთ პირდაპირი გაგებით ტაძარში მღვდლებად და ლევიანებად, მაგრამ შეგვიძლია მივბაძოთ მათ სულისკვეთებას და დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენზე. რაც უფრო ვუახლოვდებით ქვეყნიერების აღსასრულს, მით უფრო უნდა მივენდოთ ღმერთს (გამოცხ. 13:17).

ეძებეთ ღვთის სიმართლე

10, 11. როგორ მიენდო ზოგი იეჰოვას, როცა საქმე სამუშაოს ეხებოდა? მოიყვანეთ მაგალითი.

10 იესომ თავის მოწაფეებს აგრეთვე მოუწოდა, უპირველესად ეძებათ ღვთის სიმართლე (მათ. 6:33). ეს იმას ნიშნავს, რომ სწორისა და არასწორის შესახებ ადამიანურ შეხედულებებზე მაღლა იეჰოვას ნორმები დავაყენოთ (წაიკითხეთ ესაიას 55:8, 9 ). ქრისტიანად გახდომამდე ბევრი თამბაქოს მოყვანითა და ვაჭრობით იყო დაკავებული. ზოგი ასწავლიდა სამხედრო საქმეს ან აწარმოებდა და ყიდდა საომარ იარაღს. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ უმეტესობამ სამუშაო შეიცვალა და ნათელი გახადა, რომ მზად იყო მოსანათლად (ეს. 2:4; 2 კორ. 7:1; გალ. 5:14).

11 განვიხილოთ ენდრიუს შემთხვევა. როდესაც მან და მისმა მეუღლემ იეჰოვას შესახებ გაიგეს, გადაწყვიტეს მისთვის ემსახურათ. ენდრიუს ძალიან მოსწონდა თავისი სამსახური, მაგრამ თავი დაანება მას. რატომ? იმიტომ, რომ მისი სამუშაო სამხედრო სამსახურთან იყო დაკავშირებული, ენდრიუს კი ღვთის სიმართლის პირველ ადგილზე დაყენება სურდა. სამსახურიდან წამოსვლისას ენდრიუს ჰყავდა ორი შვილი, არ ჰქონდა არანაირი შემოსავალი და დანაზოგი მხოლოდ რამდენიმე თვეს ეყოფოდათ. ადამიანური თვალსაზრისით, ის ყოველგვარი „სამკვიდროს“ გარეშე დარჩა. ის ღმერთზე იყო მინდობილი და ეძებდა სხვა სამუშაოს. მას და მის ოჯახს, როდესაც წარსულს იხსენებენ, დარწმუნებით შეუძლიათ თქვან, რომ იეჰოვას ხელი მოკლე არ არის (ეს. 59:1). ენდრიუმ და მისმა მეუღლემ ცხოვრება გაიმარტივეს და სრული დროით მსახურება დაიწყეს. ენდრიუმ თქვა: „მართალია, იყო დრო, როცა ფინანსურად გვიჭირდა, გვქონდა ბინის, ჯანმრთელობისა და ასაკთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის მხარში გვედგა . . . დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას მსახურება ყველაზე საპატიო და შეუდარებელი საქმეა“ * (ეკლ. 12:13).

12. რა თვისებაა საჭირო, რომ ღვთის ნორმები პირველ ადგილზე დავაყენოთ? მოიყვანეთ ადგილობრივი მაგალითი.

12 იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“ (მათ. 17:20). მზად ხართ იეჰოვას ნორმები პირველ ადგილზე დააყენოთ, მაშინაც კი, თუ ეს პრობლემებს შეგიქმნით? თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, დაელაპარაკეთ კრების წევრებს. მათ მიერ მოყოლილი შემთხვევები რწმენას განგიმტკიცებთ.

დააფასეთ ყველაფერი, რითაც იეჰოვა უზრუნველგყოფთ

13. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, როდესაც იეჰოვას მსახურებისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ?

13 თუ იეჰოვას მსახურებას ძალიან აფასებთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ისევე იზრუნებს თქვენს ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე, როგორც ლევიანებზე ზრუნავდა. იფიქრეთ დავითის მაგალითზე. გამოქვაბულში ყოფნის დროსაც კი ის იეჰოვაზე იყო დაიმედებული. ჩვენც შეგვიძლია მივენდოთ იეჰოვას მაშინაც კი, როცა მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ვხედავთ. გაიხსენეთ, როდესაც ასაფი „ღვთის დიდებულ საწმინდარში“ მივიდა, უკეთ ჩასწვდა, რა იყო მისი პრობლემის მიზეზი (ფსალმ. 73:17). მსგავსადვე, ჩვენც უნდა მივმართოთ სულიერი კვების ღვთიურ წყაროს. ამგვარად, ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად, დავაფასებთ ღვთის მსახურების პატივს და იეჰოვა იქნება ჩვენი წილი.

14, 15. როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როცა ბიბლიურ სწავლებებს მეტი ნათელი ეფინება და რატომ?

14 როგორ რეაგირებთ, როდესაც იეჰოვა, სულიერი განათლების წყარო, მეტ ნათელს ჰფენს ბიბლიაში მოცემულ „ღვთის სიღრმეებს“ (1 კორ. 2:10—13). ამ მხრივ ჩვენთვის შესანიშნავი მაგალითია მოციქულ პეტრეს რეაქცია იესოს სიტყვებზე: „თუ კაცის ძის ხორცს არ ჭამთ და მის სისხლს არ სვამთ, სიცოცხლე არა გაქვთ თქვენში“. ბევრმა მოწაფემ ეს სიტყვები პირდაპირი გაგებით მიიღო და თქვა: „ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა? . . . [და] ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდნენ“. მათგან განსხვავებით, პეტრემ იესოს უთხრა: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოან. 6:53, 60, 66, 68).

15 პეტრეს ბოლომდე არ ესმოდა, რას გულისხმობდა იესო თავისი ხორცის ჭამასა და სისხლის დალევაში. მაგრამ სულიერი სინათლის მიღებას მოციქული ღვთისგან ელოდა. როცა ამა თუ იმ სულიერ საკითხს მეტი ნათელი ეფინება, ცდილობთ ჩაწვდეთ იმ ბიბლიურ მიზეზებს, რის გამოც ეს ცვლილება მოხდა? (იგავ. 4:18). პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ბერეელებმა „უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს“ (საქ. 17:11). თუ მათ მაგალითს მიჰბაძავთ, მეტად დააფასებთ ღვთის მსახურებას და იმას, რომ იეჰოვაა თქვენი წილი.

დაქორწინდით მხოლოდ უფალში

16. როგორ იქნება იეჰოვა დაუქორწინებელი ქრისტიანის წილი, როდესაც საქმე 1 კორინთელების 7:39-ს ეხება?

16 კიდევ ერთი მხარე, რაშიც ქრისტიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს ღვთის განზრახვები, არის ბიბლიური რჩევის გათვალისწინება, დაქორწინდეს მხოლოდ უფალში (1 კორ. 7:39). ბევრმა ამ რჩევის უგულებელყოფას დაუქორწინებლად დარჩენა არჩია. ასეთ და-ძმებს იეჰოვა ძალიან აფასებს. რას აკეთებდა დავითი, როდესაც თავს მარტოდ და უმწეოდ გრძნობდა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ღვთის] წინაშე ვღვრიდი ჩემს საწუხარს, მას ვუყვებოდი ჩემს გასაჭირს, როცა სული დამიუძლურდა“ (ფსალმ. 142:1—3). შესაძლოა, წინასწარმეტყველი იერემიაც მსგავსად გრძნობდა თავს. ის ათეულობით წლის განმავლობაში დაუქორწინებელი იყო და ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. იერემიას, როგორც დაუქორწინებელი მსახურის, მაგალითი კარგად არის განხილული წიგნის „ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით“ მე-8 თავში.

17. როგორ უმკლავდება ერთი დაუქორწინებელი და მარტოობის გრძნობას?

17 შეერთებული შტატებში მცხოვრებმა ერთმა დამ თქვა: „არასდროს მქონია გადაწყვეტილი დაუქორწინებლად დარჩენა. შესაფერისი ძმა თუ ვნახე, ოჯახის შექმნაზე უარს არ ვიტყვი. დედაჩემი, რომელიც ჩემს რწმენას არ იზიარებს, სულ იმას მიჩიჩინებდა, რომ პირველივე შემხვედრს გავყოლოდი ცოლად. მე კი ვეკითხებოდი, მზად იყო თუ არა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო, თუ უბედური ოჯახური ცხოვრება მექნებოდა. დროთა განმავლობაში მან დაინახა, რომ მქონდა სტაბილური სამუშაო, უზრუნველვყოფდი საკუთარ თავს და ვიყავი ბედნიერი. ახლა უკვე აღარ მთხოვს, რომ გავთხოვდე“. ეს და დროდადრო თავს მარტოდ გრძნობს. მაგრამ ის დასძენს: „ვცდილობ, იმედი იეჰოვაზე დავამყარო. მას არასდროს მივუტოვებივარ“. რა დაეხმარა მას, რომ იეჰოვაზე ყოფილიყო მინდობილი? ის ამბობს: „ლოცვა მეხმარება, რომ იეჰოვა ჩემთვის რეალური იყოს და რომ თავი მარტოდ არ ვიგრძნო. როგორ შეიძლება თავი უღირსად ან უბედურად ვიგრძნო, მაშინ როცა სამყაროს უზენაესი მისმენს?!“ ეს და დარწმუნებულია, რომ გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას. ის ამბობს: „ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო სხვებისთვის, და სამაგიეროს არავისგან ველი. როცა ვფიქრობ, რით დავეხმარო სხვებს, გული სიხარულით მევსება“ (საქ. 20:35). იეჰოვა მართლაც არის ამ დის წილი და ის ბედნიერია, რომ ღმერთს ემსახურება.

18. როგორ შეიძლება იეჰოვა იყოს თქვენი წილი?

18 მდგომარეობის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ღვთის ბედნიერ ხალხს შორის და ასეთი სახით ღმერთი თქვენი წილი იქნება (2 კორ. 6:16, 17). იეჰოვა ისევე იქნება თქვენი წილი, როგორც წარსულში მცხოვრები სხვა ერთგული მსახურების (წაიკითხეს კანონის 32:9, 10). როგორც ისრაელი გამოარჩია იეჰოვამ სხვა ერებს შორის და გახადა თავისი წილი, ასევე შეიძლება გამოგარჩიოთ თქვენც და სიყვარულით იზრუნოს თქვენზე (ფსალმ. 17:8).

[სქოლიო]

როგორ უპასუხებთ?

როგორ შეიძლება იეჰოვა იყოს თქვენი წილი . . .

• თუ უპირველესად ეძებთ ღვთის სამეფოსა და მის სიმართლეს?

• თუ ავლენთ სულიერი საზრდოსადმი მადლიერებას?

• თუ ემორჩილებით ღვთის მითითებას, დაქორწინდეთ მხოლოდ უფალში?

[სასწავლო კითხვები]

[ჩანართი 13 გვერდზე]

იეჰოვა ჩვენი წილი იქნება, თუ მის მსახურებას პირველ ადგილზე ვაყენებთ

[სურათი 15 გვერდზე]

იერემიას მაგალითი გამამხნევებელია