არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გრაგნილებიც წამომიღე, განსაკუთრებით პერგამენტები“

„გრაგნილებიც წამომიღე, განსაკუთრებით პერგამენტები“

„გრაგნილებიც წამომიღე, განსაკუთრებით პერგამენტები“

ამ სიტყვებით მოციქულმა პავლემ ტიმოთეს, რომელიც მასთან ერთად მისიონერად მსახურობდა, სთხოვა, მისთვის ხელნაწერები მიეტანა. რა გრაგნილებს და პერგამენტებს ითხოვდა პავლე? რატომ ითხოვდა მათ? და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?

ახ. წ. პირველი საუკუნის 50-იანი წლებისთვის, როდესაც პავლემ ეს სიტყვები დაწერა, ებრაული წერილების 39 წიგნი დაყოფილი იყო 22 ან 24 წიგნად, რომელთა უმეტესობა ცალკეულ გრაგნილებზე იყო დაწერილი. პროფესორმა ალან მილარდმა აღნიშნა, რომ ეს გრაგნილები მაშინ ძვირი იყო, მაგრამ „შეძლებულებს შეეძლოთ მისი ყიდვა“. ზოგს, სულ მცირე, ერთ გრაგნილზე მაინც მიუწვდებოდა ხელი. მაგალითად, ეთიოპ საჭურისს თან ჰქონდა გრაგნილი და „ხმამაღლა კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს“. ის „კანდაკეს, ეთიოპთა დედოფლის დიდებული და მთელ მის საგანძურზე პასუხისმგებელი“ იყო. საჭურისი საკმაოდ მდიდარი უნდა ყოფილიყო, რომ წერილების გარკვეული ნაწილი ჰქონოდა (საქ. 8:27, 28).

პავლემ ტიმოთეს სთხოვა: „წამოსვლისას ჩემი მოსასხამი გამოაყოლე, კარპოსთან დავტოვე ტროაში. გრაგნილებიც წამომიღე, განსაკუთრებით პერგამენტები“ (2 ტიმ. 4:13). მისი სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პავლეს წიგნების გარკვეული რაოდენობა ჰქონდა. მის ბიბლიოთეკაში ღვთის სიტყვას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. ამ მუხლში აღნიშნულ სიტყვა „პერგამენტთან“ დაკავშირებით ბიბლეისტმა ტომას რობერტსონმა თქვა: „როგორც ჩანს, ესენი იყო ძველი აღთქმის წიგნთა ასლები; პერგამენტი პაპირუსზე უფრო ძვირი [და გამძლე] იყო“. ახალგაზრდობიდან პავლემ განათლება „გამალიელის ფეხებთან“ მიიღო. გამალიელმა მას ასწავლა მოსეს კანონი, რომელსაც ყველა აფასებდა. ამიტომ გასაგებია, რომ პავლეს ექნებოდა ღვთის სიტყვის გრაგნილების პირადი ასლები (საქ. 5:34; 22:3).

როგორ იყენებდნენ ქრისტიანები გრაგნილებს

უმრავლესობას მაინც არ ჰქონდა წმინდა წერილების გრაგნილები. მაშ, როგორ შეძლებდნენ მაშინ მცხოვრები ქრისტიანები ღვთის სიტყვის გამოყენებას? ამის გაგებაში გვეხმარება პავლეს მიერ ტიმოთესთვის ადრე მიწერილი წერილი. მან მისწერა: „ჩემ მოსვლამდე მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს“ (1 ტიმ. 4:13). ხალხისთვის კითხვა ქრისტიანული კრების შეხვედრების განუყოფელი ნაწილი იყო, რასაც ღვთის ხალხი მოსეს დროიდან აკეთებდა (საქ. 13:15; 15:21; 2 კორ. 3:15).

როგორც უხუცესს, ტიმოთეს ხმამაღლა უნდა ეკითხა ხალხისთვის. ეს სასარგებლო იქნებოდა მათთვის, ვისაც არ ჰქონდა წერილების საკუთარი ასლები. ცხადია, როცა ღვთის სიტყვას კითხულობდნენ ყველა ყურადღებით იყო, რათა არც ერთი სიტყვა არ გამოჰპაროდათ; აგრეთვე მშობლებს სახლში შვილებთან უნდა განეხილათ შეხვედრებზე წაკითხული.

ესაიას წიგნის მკვდარი ზღვის ცნობილი ხელნაწერები სიგრძით თითქმის 7,3 მეტრი იყო. თითოეულ გრაგნილს ჰქონდა თავბოლოწამსხვილებული ჯოხი, ხოლო პერგამენტი დამცავი ნივთიერებით იყო დაფარული. ყოველივე ამის გამო გრაგნილი მძიმე იყო. ალბათ, ქრისტიანთა უმრავლესობა ქადაგების დროს ბევრ გრაგნილს თან ვერ წაიღებდა. პავლეც კი, რომელსაც წერილების გრაგნილთა გარკვეული რაოდენობა ჰქონდა, ალბათ, მისიონერული მოგზაურობებისას ყველა გრაგნილს თან ვერ ატარებდა. როგორც ჩანს, რამდენიმე გრაგნილი მას ტროაში თავის მეგობარ კარპოსთან ჰქონდა დატოვებული.

რის სწავლა შეგვიძლია პავლეს მაგალითიდან?

სანამ ტიმოთეს გრაგნილებს სთხოვდა, პავლემ, რომელიც მეორედ იჯდა რომის ციხეში, დაწერა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე . . . ამიერიდან სიმართლის გვირგვინი მენახება“ (2  ტიმ. 4:7, 8). სავარაუდოდ, მან ეს სიტყვები ახ. წ. 65 წელს, ანუ იმ დროს დაწერა, როცა ნერონი ქრისტიანებს დევნიდა. ამ დროს პატიმრებს ციხეებში სასტიკად ეპყრობოდნენ. ის ხედავდა, რომ მისი სიკვდილით დასჯა გარდაუვალი იყო (2 ტიმ. 1:16; 4:6). გასაგებია, რომ პავლეს მთელი გულით სურდა, თან ჰქონოდა გრაგნილები. მოციქული დარწმუნებული იყო, რომ ღირსეულ ბრძოლაში იბრძოლა. მიუხედავად ამისა, მას უნდოდა ღვთის სიტყვის შესწავლით კვლავაც განემტკიცებინა საკუთარი თავი.

ტიმოთე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ეფესოში იყო, როცა პავლეს წერილი მიიღო (1 ტიმ. 1:3). ტროას გავლით ეფესოდან რომამდე მანძილი დაახლოებით 1 600 კილომეტრი იყო. იმავე წერილში პავლემ ტიმოთეს სთხოვა: „ყველანაირად ეცადე, ზამთრის დადგომამდე ჩამოხვიდე“ (2 ტიმ. 4:21). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, იპოვა თუ არა ტიმოთემ რომში გასამგზავრებლად გემი, რათა იქ დაზამთრებამდე ჩასულიყო.

რის სწავლა შეგვიძლია პავლეს თხოვნიდან, „გრაგნილებიც წამომიღე, განსაკუთრებით პერგამენტები“? მან ღვთის სიტყვისადმი სიყვარული თავისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდშიც კი შეინარჩუნა. სწორედ ეს არის იმ საიდუმლოს გასაღები, თუ რატომ ინარჩუნებდა პავლე ყოველთვის სულიერ სიფხიზლეს და სხვებსაც ამხნევებდა.

დღეს ჩვენ ნამდვილად კურთხეულნი ვართ, რადგან სრული ბიბლიის პირადი ეგზემპლარი გვაქვს! ზოგ ჩვენგანს ბიბლიის რამდენიმე ეგზემპლარიც და გამოცემაც კი აქვს. პავლეს მსგავსად, საჭიროა ჩვენც განვივითაროთ იმის დიდი სურვილი, რომ უფრო ღრმად ჩავწვდეთ ბიბლიას. პავლეს მიერ ღვთივშთაგონებით დაწერილი 14 წერილიდან ტიმოთესთვის მიწერილი მეორე წერილი უკანასკნელი იყო. მისი თხოვნა ამ წერილის ბოლოსკენაა მოცემული. ასე რომ, ტიმოთესთვის პავლეს თხოვნა „გრაგნილებიც წამომიღე, განსაკუთრებით პერგამენტები“, ბიბლიაში ჩაწერილი მისი უკანასკნელი სურვილია.

პავლეს მსგავსად, არის თქვენი უდიდესი სურვილიც, იბრძოლოთ ღირსეულ ბრძოლაში და რწმენა შეინარჩუნოთ? გსურთ, დარჩეთ იეჰოვას მსახურებაში აქტიური და იქადაგოთ მანამ, სანამ უფლის ნებაა? თუ დიახ, მაშინ მოვიქცეთ პავლეს რჩევისამებრ: „ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი“. ამ რჩევის გათვალისწინება კი ბიბლიის გულმოდგინე და რეგულარული შესწავლით შეგვიძლია; ბიბლიისა, რომელიც დღეს უფრო მეტი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი და გამოსაყენებლად მოსახერხებელი, ვიდრე გრაგნილები პირველ საუკუნეში (1 ტიმ. 4:16).

[რუკა/სურათები 18, 19 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ეფესო

ტროა

რომი