ღვთის სულმა იმოქმედოს თქვენზე და არა ამ ქვეყნიერების სულმა!
ღვთის სულმა იმოქმედოს თქვენზე და არა ამ ქვეყნიერების სულმა!
„ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ, რა გვიბოძა ღმერთმა“ (1 კორ. 2:12).
1, 2. ა) რა გაგებით არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები ბრძოლაში ჩაბმული? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?
დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები ბრძოლაში ვართ ჩაბმული. ჩვენი მტერი ძლიერი, ცბიერი და ბრძოლაში ყოველმხრივ გამოწრთობილია. მას აქვს მძლავრი იარაღი, რომლითაც ადამიანთა უმრავლესობას იმორჩილებს. მაგრამ უსუსურად არ უნდა ვიგრძნოთ თავი და არ უნდა დავასკვნათ, რომ მარცხისთვის ვართ განწირული (ეს. 41:10). ჩვენ შეგვიძლია შევიმოსოთ ისეთი ჯავშნით, რომელიც ნებისმიერ წინააღმდეგობას გაუძლებს და ბრძოლაში გამარჯვებას მოგვაპოვებინებს.
2 ჩვენ სულიერ ბრძოლაში ვართ ჩაბმული. ჩვენი მტერი სატანა ეშმაკია და მისი მთავარი იარაღი, რომელსაც ის ჩვენ წინააღმდეგ იყენებს, „ქვეყნიერების სულია“ (1 კორ. 2:12). სატანის თავდასხმებისგან ღვთის წმინდა სული გვიცავს. ამ ბრძოლაში რომ გავიმარჯვოთ და სულიერი სიფხიზლე შევინარჩუნოთ, ღმერთს წმინდა სული უნდა ვთხოვოთ და სულის ნაყოფი გამოვიღოთ (გალ. 5:22, 23). რა არის ქვეყნიერების სული და რატომ ახდენს ის გავლენას ადამიანთა უმრავლესობაზე? როგორ შეგვიძლია გავიგოთ, ჩვენზეც ახდენს თუ არა ეს სული გავლენას? რისი სწავლა შეგვიძლია იესოსგან, რომელმაც მიიღო ღვთის სული და შეეწინააღმდეგა ქვეყნიერების სულს?
რატომ არის მთელი მსოფლიო ქვეყნიერების სულით მოცული?
3. რა არის ქვეყნიერების სული?
3 ქვეყნიერების სული სატანისგან, „ამ ქვეყნიერების მმართველისგან“ მომდინარეობს. ეს სული ღვთის წმინდა სულის საპირისპიროდ მოქმედებს (იოან. 12:31; 14:30; 1 იოან. 5:19). ქვეყნიერების სული გაბატონებულია მთელ მსოფლიოში და ადამიანები ამ სულის გავლენით მოქმედებენ. შედეგად, ხალხი ღვთის ნებისა და მისი განზრახვის საწინააღმდეგოდ იქცევა.
4, 5. როგორ მოიცვა მთელი მსოფლიო ქვეყნიერების სულმა, რომელიც სატანისგან მომდინარეობს?
4 როგორ მოიცვა მთელი მსოფლიო ქვეყნიერების სულმა, რომელიც სატანისგან მომდინარეობს? ყველაფერი ედემის ბაღიდან დაიწყო, როცა სატანამ ევა აცდუნა. მან დაარწმუნა ევა, რომ უკეთესი მომავალი ექნებოდა, თუ ღვთისგან დამოუკიდებლად იცხოვრებდა (დაბ. 3:13). რა მწარედ მოტყუვდა ევა! (იოან. 8:44). ამის შემდეგ სატანამ ევას მეშვეობით აცდუნა ადამი და ისიც იეჰოვას ორგული გახდა. ადამმა კაცობრიობა ცოდვას მიჰყიდა. მას შემდეგ ადამიანები მიდრეკილნი არიან, მოექცნენ სატანის სულის გავლენაში და ურჩობა გამოავლინონ (წაიკითხეთ ეფესოელების 2:1—3 ).
გამოცხ. 12:3, 4). ეს ნოეს წარღვნამდე მოხდა. ამ ანგელოზებმა დაიჯერეს, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ ისინი მიატოვებდნენ ზეცას და არაბუნებრივ სურვილებს ხორცს შეასხამდნენ (იუდ. 6). სატანას „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ დემონების მეშვეობით, რომლებსაც დღეს აღარ აქვთ ხორციელი სხეული (გამოცხ. 12:9). სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ მათ სინამდვილეში დემონები მართავენ (2 კორ. 4:4).
5 სატანამ აგრეთვე შეცდომაში შეიყვანა მრავალი ანგელოზი, რომლებიც დემონები გახდნენ (ახდენს ქვეყნიერების სული თქვენზე გავლენას?
6. მხოლოდ რა შემთხვევაში მოახდენს გავლენას ჩვენზე ქვეყნიერების სული?
6 დღეს ბევრმა არ იცის, რომ მათ ცხოვრებას სატანა მართავს, თუმცა ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის დაფარული არ არის სატანის ზრახვები (2 კორ. 2:11). ქვეყნიერების სული ჩვენზე ვერ მოახდენს გავლენას, თუ ამის ნებას თავად არ მივცემთ და მთელი ძალით შევეწინააღმდეგებით ამ სულს. მოდი, დავფიქრდეთ ოთხ მხარეზე, რაც დაგვეხმარება იმის გაგებაში, ქვეყნიერების სული მოქმედებს ჩვენზე თუ ღვთის სული.
7. რით ცდილობს სატანა, ჩამოგვაშოროს იეჰოვას?
7 რაზე მეტყველებს ჩემ მიერ არჩეული გართობა? (წაიკითხეთ იაკობის 3:14—18 ). სატანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღმერთს ჩამოგვაშოროს და ჩვენს გულში ძალადობის სიყვარულმა გაიდგას ფესვი. სატანამ იცის, რომ იეჰოვას სძულს ძალადობის მოყვარულები (ფსალმ. 11:5). ადამიანებში ხორციელი სურვილები რომ აღძრას, სატანა იყენებს სხვადასხვა ლიტერატურას, ფილმებს, მუსიკასა თუ კომპიუტერულ თამაშებს; ზოგი კომპიუტერული თამაში მოთამაშეებს უბიძგებს, ჩაიდინონ ყოველგვარ ზღვარს გადასული უზნეობა და დაუნდობელი სისასტიკე. თუ ვფიქრობთ, რომ გულით გვიყვარს სიმართლე, მაგრამ ბოლომდე ჯერ კიდევ არ ამოვძირკვეთ ჩვენი გულიდან ბოროტების სიყვარული, მაინც სატანის წისქვილზე ვასხამთ წყალს, რადგან ბოროტების მიღმა სწორედ სატანა დგას (ფსალმ. 97:10).
8, 9. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, როცა საქმე გართობის არჩევაზე მიდგება?
8 ისინი, ვინც ღვთის სულს მათზე მოქმედების საშუალებას აძლევენ, უმწიკვლოები, მშვიდობისმყოფელები და გულმოწყალეები ხდებიან. კარგია, ვკითხოთ საკუთარ თავს: ვირჩევ ისეთ გართობას, რაც ჩემში კარგ თვისებებს განავითარებს? ზემოდან მომავალი სიბრძნე „უთვალთმაქცოა“. ამიტომ, ვინც ღვთის სულით დადის, მხოლოდ სხვებს კი არ მოუწოდებს უმწიკვლობისა და მშვიდობისკენ, არამედ თავადაც ასე იქცევა და როცა სახლში მარტო რჩება, არ უყურებს სადიზმისა და უზნეობის ამსახველ კადრებს.
9 იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას მოელის ჩვენგან. სატანამ ერთხელაც რომ შეგვაცდინოს, როგორც ამას იესოს შემთხვევაში შეეცადა, ეს უკვე საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ მის დაგებულ მახეში გავებათ (ლუკ. 4:7, 8). შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: აჩვენებს გართობა, რომელსაც ვირჩევ, რომ ღვთისადმი განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენ? გამიადვილებს ამ საკითხში ჩემი არჩევანი, წინ აღვუდგე ქვეყნიერების სულს, თუ პირიქით, მის მონად მაქცევს? ცვლილებების მოხდენა ხომ არ მესაჭიროება ამ მხრივ?
10, 11. ა) ქვეყნიერების სულის გავლენით, რა შეხედულება აქვს ბევრს ქონების დაგროვებაზე? ბ) რისკენ მოგვიწოდებს ღვთის სულით შთაგონებული სიტყვა?
10 რა შეხედულება მაქვს ქონების დაგროვებაზე? (წაიკითხეთ ლუკას 18:24—30). ქვეყნიერების სული „თვალთა სურვილს“ აღვივებს და გვიბიძგებს სიხარბისა და მატერიალიზმისკენ (1 იოან. 2:16). დღეს ბევრი ისწრაფვის სიმდიდრისკენ (1 ტიმ. 6:9, 10). ქვეყნიერების სულის გავლენით, ბევრი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მეტ სიმდიდრეს დააგროვებს, მით უფრო უსაფრთხოდ იცხოვრებს (იგავ. 18:11). მაგრამ თუ ღვთის სიყვარულს ფულის სიყვარულში გავცვლით, სატანა დაგვამარცხებს. ჩვენ უნდა ვკითხოთ თავს: კომფორტისა და სიამოვნების ძიება ხომ არ არის მთავარი ჩემს ცხოვრებაში?
11 იეჰოვას სულით შთაგონებული სიტყვა მოგვიწოდებს, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი ვიქონიოთ ფულსა და სამსახურზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახის მატერიალურად უზრუნველსაყოფად დღე-ღამე არ გავასწოროთ სამუშაოზე (1 ტიმ. 5:8). ისინი, ვისზეც ღვთის სული მოქმედებს, ჰბაძავენ იეჰოვას და გულუხვობას ავლენენ. მათ გაცემა უფრო სიამოვნებთ, ვიდრე მიღება. მათთვის ხალხი უფრო ძვირფასია, ვიდრე ნივთები, ამიტომ, სიხარულით უზიარებენ სხვებს იმას, რისი საშუალებაც აქვთ (იგავ. 3:27, 28). ისინი ფულს ღვთის მსახურებაზე წინ არასდროს აყენებენ.
12, 13. ქვეყნიერების სულის საპირისპიროდ, როგორ მოქმედებს ჩვენზე ღვთის სული?
12 ღვთის სული ახდენს ჩემზე გავლენას თუ ქვეყნიერების სული? (წაიკითხეთ კოლოსელების 3:8—10, 13 ). ვისაც ქვეყნიერების სული მართავს, ისინი „ხორცის საქმეებს“ სჩადიან (გალ. 5:19—21). რომელ სულს ვაძლევთ ჩვენზე მოქმედების საშუალებას, უფრო მეტად მაშინ ჩანს, როცა ქრისტიანი ძმა ან და ზურგს გვაქცევს, გულს გვტკენს ან სცოდავს კიდეც ჩვენს წინააღმდეგ, ვიდრე მაშინ, როცა ყველაფერი კარგად არის. ეს მაშინაც ჩანს, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით. არ იქნებოდა ურიგო, შეგვემოწმებინა საკუთარი თავი: ბოლო ექვსი თვის მანძილზე ვცდილობდი, უფრო მეტად მიმებაძა იესოსთვის და ქრისტიანისთვის შეუფერებელი მეტყველება და საქციელი მომეშორებინა?
13 ღვთის სული გვეხმარება, რომ გავიხადოთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შევიმოსოთ ახალი პიროვნებით. ღვთის სული საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ უფრო მოსიყვარულე და კეთილი ადამიანები. ჩვენ მზად ვიქნებით, ერთმანეთს ვაპატიოთ მაშინაც კი, თუ განაწყენების მიზეზი გვაქვს. აღარც უსამართლობაზე გვექნება მწვავე რეაქცია და „გამწარებას, ბრაზს, რისხვას, ყვირილსა და ლანძღვას“ მოვიშორებთ. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ დიდად თანავუგრძნოთ ერთმანეთს (ეფეს. 4:31, 32).
14. როგორ უყურებს დღეს ბევრი ღვთის სიტყვას?
14 ვაფასებ და მიყვარს ბიბლიის ზნეობრივი ნორმები? (წაიკითხეთ იგავების 3:5, 6 ). ქვეყნიერების სული ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. სწორედ ქვეყნიერების სულის გავლენით ბევრისთვის მიუღებელი ხდება ბიბლიის ზოგიერთი სწავლება და ისინი ღვთის სიტყვის ნაცვლად, ადამიანთა გადმოცემებითა და ფილოსოფიით ხელმძღვანელობენ (2 ტიმ. 4:3, 4). ზოგი სრულიად უარყოფს ბიბლიას. მათ ბრძენებად მოაქვთ თავი და ეჭვქვეშ აყენებენ ღვთის სიტყვის პრაქტიკულობასა და უტყუარობას. ისინი არაფრად აგდებენ ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს მრუშობასთან, ჰომოსექსუალიზმთან და გაყრასთან დაკავშირებით. ისინი კარგს ცუდს უწოდებენ და ცუდს — კარგს (ეს. 5:20). ჩვენზეც ხომ არ ახდენს გავლენას ეს სული? სირთულეებთან ჭიდილის დროს ადამიანურ სიბრძნეს ხომ არ ვეყრდნობით, მათ შორის საკუთარ სიბრძნეს თუ ვცდილობთ, ბიბლიურ რჩევებს მივყვეთ?
15. რა უნდა გავაკეთოთ ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ სიბრძნეს დავეყრდნოთ?
15 ღვთის სული გვეხმარება, რომ დავაფასოთ ბიბლია. ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ღვთის სიტყვა ლამპარია ჩვენი ფეხისთვის და სინათლე ჩვენი სავალისთვის (ფსალმ. 119:105). ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ სიბრძნეს დავეყრდნოთ, ჩვენ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვენდობით ღვთის სიტყვას, რომელიც გვეხმარება, სწორი არასწორისგან გავარჩიოთ. ჩვენ მხოლოდ კი არ უნდა დავაფასოთ ღვთის სიტყვა, არამედ უნდა შევიყვაროთ კიდეც ღვთის კანონი (ფსალმ. 119:97).
ისწავლეთ იესოსგან
16. რას ნიშნავს, გვქონდეს „ქრისტეს გონება“?
16 ღვთის სულმა რომ ჩვენზე იმოქმედოს, „ქრისტეს გონება“ უნდა შევიცნოთ (1 კორ. 2:16). იმისათვის, რომ გვქონდეს „ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“, საჭიროა, გავიგოთ, როგორ აზროვნებდა და იქცეოდა იესო და შემდეგ მივბაძოთ მას (რომ. 15:5; 1 პეტ. 2:21). დავფიქრდეთ, რაში შეგვიძლია მივბაძოთ იესოს.
17, 18. ა) რას სთხოვდა იესო ლოცვაში ღმერთს და რას ვსწავლობთ მისგან? ბ) რატომ უნდა ვითხოვოთ დაჟინებით?
17 ილოცეთ ღვთის წმინდა სულისთვის. განსაცდელების წინაშე ყოფნისას იესო ლოცვაში მიმართავდა ღმერთს და წმინდა სულს სთხოვდა (ლუკ. 22:40, 41). ჩვენც უნდა ვთხოვოთ ღმერთს წმინდა სული. იეჰოვა დაუყვედრებლად მისცემს წმინდა სულს ყველას, ვინც რწმენით სთხოვს (ლუკ. 11:13). იესომ თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება“ (მათ. 7:7, 8).
18 როდესაც ღმერთს წმინდა სულს ვთხოვთ, მალევე არ უნდა ჩამოვყაროთ ხელები და არ უნდა შევწყვიტოთ ლოცვა. პირიქით, ჩვენ უფრო დაჟინებით და ხშირად უნდა ვილოცოთ. დროდადრო იეჰოვა აკვირდება თავის მსახურებს, რამდენად გულწრფელები არიან. მას აინტერესებს, განაგრძობენ თუ არა ისინი მთელი გულით ლოცვას, სანამ ის უპასუხებს. *
19. რას აკეთებდა იესო ყოველთვის, და რატომ უნდა მივბაძოთ მას?
19 ყველაფერში დაემორჩილეთ იეჰოვას. იესო ყოველთვის მამის გულს ახარებდა. როცა დადგა იესოს წამების დრო, მან სთხოვა ღმერთს, აეცილებინა მისთვის „ეს სასმისი“, საიდანაც გამოჩნდა, რომ მამისგან განსხვავებული აზრი ჰქონდა. თუმცა, უმალვე თქვა: „მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკ. 22:42). ჰკითხეთ თავს: მაშინაც ვემორჩილები ღმერთს, როცა ეს არც თუ ისე ადვილია? ღვთისადმი მორჩილება უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ უპირობოდ უნდა დავემორჩილოთ ჩვენს შემოქმედს, რომელმაც გვაჩუქა სიცოცხლე და ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყო (ფსალმ. 95:6, 7). ჩვენ მორჩილების გარეშე ვერ მოვიპოვებთ ღვთის კეთილგანწყობას.
20. რა იყო იესოსთვის მთავარი ცხოვრებაში, და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
20 საფუძვლიანად შეისწავლეთ ბიბლია. როდესაც სატანა ცდიდა იესოს ერთგულებას, ის ღვთის სიტყვიდან ციტირებდა (ლუკ. 4:1—13). იესო მაშინაც ღვთის სიტყვით სარგებლობდა, როცა რელიგიური წინამძღოლები დაუპირისპირდნენ (მათ. 15:3—6). იესოსთვის მთავარი ცხოვრებაში ღვთის კანონის შესრულება იყო (მათ. 5:17). ჩვენც გვსურს, ვიკვებოთ ღვთის სიტყვით, რაც რწმენას გაგვიძლიერებს (ფილ. 4:8, 9). ჩვენთვის შეიძლება ადვილი არ არის, ყოველთვის გამოვნახოთ დრო პირადი თუ ოჯახური შესწავლისთვის. მაგრამ თუ მიზანმიმართულად არ გამოვყოფთ დროს პირადი შესწავლისთვის, თავისთავად არასდროს გამოჩნდება ამის დრო (ეფეს. 5:15—17).
21. რომელი ახალი ღონისძიება დაგვეხმარება, რომ უკეთ შევისწავლოთ ბიბლია და ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ?
21 „ერთგულმა და გონიერმა მონამ“ იზრუნა, რომ ყოველკვირა გამოგვენახა დრო პირადი თუ ოჯახური შესწავლისთვის და საფუძველი ჩაუყარა ახალ ღონისძიებას — ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს (მათ. 24:45). ყოველკვირეულად ატარებთ თაყვანისცემის საღამოს? კარგი იქნება, თუ შესწავლის დროს ნებისმიერი საკითხის განხილვისას ყოველთვის იფიქრებთ, რას ასწავლიდა იესო ამ საკითხზე. ეს დაგეხმარებათ, გქონდეთ ქრისტეს გონება. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებლით“, რათა მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. მაგალითად, 2008—2010 წლის ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკა „რას ვსწავლობთ იესოსგან?“ მოიცავს 12 სტატიას. შეგიძლიათ ეს სტატიები ოჯახურ შესწავლაზე განიხილოთ. 2006 წლიდან „გამოიღვიძეთ!“-ში ქვეყნდება რუბრიკა „როგორ უპასუხებთ?“ ეს რუბრიკა ეხმარება მკითხველს, გაიღრმავოს ღვთის სიტყვის ცოდნა. კარგია, თუ დროდადრო ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს პროგრამაში ამ რუბრიკებსაც ჩართავთ.
ჩვენ შეგვიძლია ვძლიოთ ქვეყნიერებას
22, 23. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვძლიოთ ქვეყნიერებას?
22 ღვთის სულით რომ ვიაროთ, წინ უნდა აღვუდგეთ ქვეყნიერების სულს. ეს არ არის ადვილი, რადგან თავდაუზოგავ ბრძოლას მოითხოვს (იუდ. 3). მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოან. 16:33).
23 ჩვენც ვძლევთ ქვეყნიერებას, თუ შევეწინააღმდეგებით მის სულს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ღვთის სულმა ჩვენზე იმოქმედოს. მართლაც, „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ“ (რომ. 8:31). თუ ღვთის სულს ჩვენზე მოქმედების საშუალებას მივცემთ და ღვთივშთაგონებული სიტყვით ვიხელმძღვანელებთ, ჩვენ ვიგრძნობთ კმაყოფილებას, შინაგან სიმშვიდესა და სიხარულს; უფრო მეტიც, გვექნება იმედი, რომ მარადიულად ვიცხოვრებთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, რომელიც ძალიან მალე დამყარდება.
[სქოლიო]
^ აბზ. 18 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 170—173.
გახსოვთ?
• რატომ არის მთელი მსოფლიო ქვეყნიერების სულით მოცული?
• რომელ ოთხ მხარეზე უნდა დავფიქრდეთ?
• რაში უნდა მივბაძოთ იესოს, ღვთის წმინდა სული რომ მივიღოთ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 8 გვერდზე]
როგორ გახდა ზოგი ანგელოზი დემონი?
[სურათი 10 გვერდზე]
სატანა ქვეყნიერების სულით მართავს ხალხს, მაგრამ ეს სული ჩვენზე ვერ მოახდენს გავლენას, თუ თავად არ მივცემთ ამის ნებას