არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიყვარულით გაერთიანებულნი ყოველწლიური შეხვედრის ანგარიში

სიყვარულით გაერთიანებულნი ყოველწლიური შეხვედრის ანგარიში

სიყვარულით გაერთიანებულნი ყოველწლიური შეხვედრის ანგარიში

ორი ათას ცხრა წლის სამი ოქტომბრის დილას ჯერზი-სიტის (ნიუ-ჯერზი, აშშ) საკონგრესო დარბაზში 5 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე შეიკრიბა „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ 125-ე ყოველწლიური შეხვედრის აღსანიშნავად. მათ შორის ამაღლებული განწყობა სუფევდა. ათასობით სხვა მოწმე პროგრამას პირდაპირი ეთერით უყურებდა შეერთებული შტატების ბეთელის სამივე კომპლექსსა და კანადის ბეთელში. მთლიანობაში იეჰოვას სიყვარულით გაერთიანებული 13 235 ადამიანი სიამოვნებით უსმენდა სამსაათიან პროგრამას.

შეხვედრას თავჯდომარეობდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ჯეფრი ჯექსონი. მან გახსნა პროგრამა და მაყურებელს ბეთელელ მომღერალთა გუნდი წარუდგინა, რომლებმაც ახალი სიმღერების წიგნიდან იმღერეს. მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელი საბჭოს წევრი დეივიდ სპლეინი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოკლედ ისაუბრა წმინდა თაყვანისმცემლობაში მუსიკის მნიშვნელოვან როლზე. აუდიტორიას სამი ახალი სიმღერის შესრულება სთხოვეს; ჯერ გუნდმა იმღერა, მერე კი მაყურებელმა გუნდთან ერთად. გუნდის მონაწილეობით სიმღერების შესრულება მხოლოდ ამ განსაკუთრებული შეხვედრისთვის იყო დაგეგმილი და, ჩვეულებრივ, კრებებსა და კონგრესების დროს არ არის გათვალისწინებული.

ფილიალების ანგარიში

ხუთი ფილიალიდან ჩასულმა კომიტეტის წევრებმა ანგარიშები წარმოადგინეს. კენეტ ლიტელმა აღნიშნა, რომ მალე ჟურნალების დიდი ნაწილი კანადისა და შეერთებული შტატებისთვის კანადის ფილიალში დაიბეჭდებოდა; შედეგად ფილიალში დაბეჭდილი ჟურნალების რაოდენობა ათჯერ გაიზრდება. ამისათვის ახალშეძენილმა საბეჭდმა დაზგამ ორ ცვლაში, ანუ დღეში 16 საათი უნდა იმუშაოს.

რეინერ ტომფსონმა დომინიკელთა რესპუბლიკის სამეფოს საქმის ანგარიში წარმოადგინა, ხოლო ალბერტ ოლიმ — ნიგერიის. ემილ კრიტზინგერმა მოზამბიკზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეებს ამ ქვეყანაში ათეულობით წლის მანძილზე დევნიდნენ, 1992 წელს კი ისინი ოფიციალურად გაატარეს რეგისტრაციაში. სამივე ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაუწყებლების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ავსტრალიის ფილიალიდან ვივ მორიცმა ისაუბრა აღმოსავლეთ ტიმორში მიღწეულ შედეგებზე, რომელსაც მეთვალყურეობას ავსტრალიის ფილიალი უწევს.

ხელმძღვანელი საბჭოს კომიტეტები

1976 წლიდან იეჰოვას მოწმეთა ყველა საქმიანობას ხელმძღვანელი საბჭოს ექვსი კომიტეტი არეგულირებს. მოგვიანებით კომიტეტების დასახმარებლად სხვა ცხვრის წარმომადგენლები დაინიშნენ, რომელთა რიცხვი ამჟამად 23-ია. ექვსი მათგანისგან ინტერვიუ აიღეს. მთლიანობაში მათ სრული დროით მსახურებაში 341 წელი აქვთ გატარებული, ანუ თითოეულს საშუალოდ 57 წელი.

დონ ადამსმა, რომელიც 1943 წლიდან ბეთელში მსახურობს განმარტა, რომ კოორდინატორთა კომიტეტში დანარჩენი ხუთი კომიტეტის კოორდინატორები მსახურობენ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ხუთივე კომიტეტის შეუფერხებელ მუშაობაზე. ამ კომიტეტის მოვალეობაში შედის დევნის, სასამართლო პროცესების, სტიქიური უბედურებების ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს წამოჭრილი გადაუდებელი საკითხების მოგვარება, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ეხება.

დენ მოლკანმა ისაუბრა კადრების კომიტეტის მუშაობაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში 19 851 ბეთელელის სულიერ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნავს. დეივიდ სინკლერმა ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ უწევს ორგანიზებას საგამომცემლო კომიტეტი ფილიალებისთვის სხვადასხვა მასალისა თუ მოწყობილობების შესყიდვას. შემდეგ რობერტ უოლენმა, რომელიც დაახლოებით 60 წელია ბეთელში მსახურობს, ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ მეთვალყურეობს სამსახურებრივი კომიტეტი იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო თუ კრებების საქმიანობას. უილიამ მალენფანტმა მოკლედ აღნიშნა, რა შრომას ეწევა სასწავლო კომიტეტი საკონგრესო პროგრამის მოსამზადებლად. ბოლოს, ჯონ ვისჩეკმა აღწერა სამწერლო კომიტეტის მუშაობა, რომელიც პასუხისმგებელია პუბლიკაციებისთვის მასალის მომზადებასა და დამუშავებაზე. *

2010 წლის წლიური მუხლი სიყვარულზეა

მომდევნო სამი მოხსენება ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა წარმოთქვეს. გერიტ ლოშმა მოხსენების დასაწყისში კითხვა დასვა: „გინდათ სხვებს უყვარდეთ?“. მან ილაპარაკა იმაზე, რომ სიყვარული ადამიანის უმთავრესი მოთხოვნილებაა. ეს გრძნობა ყველას აბედნიერებს. ჩვენს არსებობას იეჰოვას სიყვარულს უნდა ვუმადლოდეთ, რადგან მისი უანგარო სიყვარულის ნაყოფი ვართ. ჩვენი ქადაგებისა თუ სწავლების უმთავრესი მოტივი იეჰოვას სიყვარულია.

პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარულით ჩვენ არა მხოლოდ მოყვასი გვიყვარს, არამედ მტერიც (მათ. 5:43—45). მომხსენებელმა მოუწოდა მსმენელებს, დაფიქრებულიყვნენ, რა გადაიტანა იესომ ჩვენ გამო. მას სცემდნენ, დასცინოდნენ, აფურთხებდნენ და ბოლოს განგმირეს კიდეც. მიუხედავად ამისა, ის ლოცულობდა ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც ძელზე გააკრეს. განა ამან იესო უფრო მეტად არ უნდა შეგვაყვაროს? შემდეგ ძმა ლოშმა გამოაცხადა, რომ 2010 წლის წლიური მუხლი აღებული იქნებოდა 1 კორინთელების 13:7, 8-დან: ‘სიყვარული ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება’. მომავალში მარადიული სიცოცხლის გარდა, ჩვენ იმის პერსპექტივაც გვაქვს, რომ მარადიულად გვიყვარდეს და ვუყვარდეთ.

ცარიელი ავზით ხომ არ მიგყავთ მანქანა?

სამუელ ჰერდმა თავისი მოხსენება მაგალითით დაიწყო. წარმოიდგინეთ, რომ მეგობარმა 50 კილომეტრიან გზაზე გაგიყოლათ. გზაში საწვავის დონის მაჩვენებელზე შეამჩნიეთ, რომ სადაცაა საწვავი გათავდება და ამის შესახებ მეგობარს უთხარით. ის კი გეუბნებათ, რომ სანერვიულო არაფერია, რადგან ავზში დაახლოებით 4 ლიტრი საწვავია. მალე საწვავი თავდება. ღირს თითქმის ცარიელი ავზით წასვლა, თუ იცით, რომ გზაში საწვავი გამოგელევათ? საწვავი, ასე ვთქვათ, იეჰოვას შესახებ ცოდნაა. ამიტომ ჩვენი „ავზი“ ყოველთვის სავსე უნდა იყოს ამ ცოდნით.

„საწვავი“ რომ არ გამოგველიოს, ოთხი რჩევა უნდა გავითვალისწინოთ. პირველი: უნდა გვქონდეს პირადი შესწავლა. ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ბიბლია, მაგრამ ამ წიგნის მხოლოდ კითხვა არ კმარა; უნდა გვესმოდეს წაკითხული. მეორე: მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოსთვის განკუთვნილი დრო. ყოველკვირა ვჩერდებით „ავზის“ ბოლომდე ასავსებად, თუ „საწვავის“ მხოლოდ მცირე რაოდენობით ვკმაყოფილდებით? მესამე: არ უნდა გავაცდინოთ კრებები და სხვა შეხვედრები. მეოთხე: უნდა ვიფიქროთ იეჰოვას გზებზე წყნარ და მშვიდ გარემოში. ფსალმუნის 143:5-ში წერია: „ვიხსენებ ადრინდელ დღეებს. ვფიქრობ ყველა შენს ნამოქმედარზე“.

‘მართალნი გაანათებენ’

მესამე, ბოლო მოხსენებით ჯონ ბარი გამოვიდა. მან ახსნა იესოს მაგალითი ხორბლისა და სარეველას შესახებ (მათ. 13:24—30, 38, 43). ამ მაგალითში საუბარია მკაზე, რომლის დროსაც ხდება „სამეფოს ძეების“ შეგროვება, სარეველას ხორბლისგან გამორჩევა და ცეცხლში დაწვა.

ძმა ბარმა განმარტა, რომ „სამეფოს ძეების“ შეგროვება მარადიულად არ გაგრძელდებოდა. მან მათეს 24:34 წაიკითხა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“. შემდეგ ორჯერ წაიკითხა ამ მუხლის ახსნა: „როგორც ჩანს, იესო იმას გულისხმობდა, რომ ის ცხებულები, რომლებიც 1914 წელს ბოლო დღეების ნიშნის დაწყებას იხილავდნენ და ის ცხებულები, რომლებიც დიდი გასაჭირის დაწყებას მოესწრებოდნენ, დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთდროულად იცხოვრებდნენ“. ჩვენთვის უცნობია ამ თაობის ზუსტი სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგრამ ვიცით, რომ თაობაში შედის სულითცხებულთა ორივე ჯგუფი, რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთდროულად იცხოვრებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხებულები სხვადასხვა ასაკისანი არიან, ამ თაობაში შემავალი სულითცხებულების ორივე ჯგუფს ბოლო დღეების გარკვეულ მონაკვეთში ერთდროულად უწევს ცხოვრება. როგორ გვიხარია, რომ შედარებით ახალგაზრდა სულითცხებულები, რომლებიც თანამედროვენი არიან იმ ხანდაზმული ცხებულებისა, რომლებიც მოესწრნენ 1914 წლის ნიშანს, დიდი გასაჭირის დაწყებამდე არ დაიხოცებიან.

„სამეფოს ძეები“ მოუთმენლად ელიან ზეციურ ჯილდოს, თუმცა ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება და ვანათოთ აღსასრულის დადგომამდე. რამხელა პატივი გვერგო წილად, რომ „ხორბლის“ შეგროვების თვითმხილველნი ვართ!

დასკვნითი სიმღერის შემდეგ ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, თეოდორ იარაჩმა შეხვედრა ლოცვით დაასრულა. ყოველწლიური შეხვედრის პროგრამამ ყველას დიდი მხნეობა შემატა.

[სქოლიო]

^ აბზ. 10 ხელმძღვანელი საბჭოს ექვსივე კომიტეტის საქმიანობის შესახებ იხილეთ 2008 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 29.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

უხუცესების სკოლა

ყოველწლიურ შეხვედრაზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ანტონი მორისმა გამოაცხადა, რომ უხუცესების სკოლა კვლავაც ჩატარდებოდა. შეერთებულ შტატებში მცხოვრები უხუცესებისთვის სკოლამ 2008 წლის დასაწყისში დაიწყო ფუნქციონირება პატერსონის (ნიუ-იორკი) საგანმანათლებლო ცენტრში. სულ ახლახან 72-ე კლასმა დაამთავრა სწავლა. დაარსებიდან მთლიანობაში 6 720-მა უხუცესმა გაიარა ეს სკოლა. კიდევ ბევრს აქვს გასავლელი სკოლა, რადგან მარტო შეერთებულ შტატებში 86 000-ზე მეტი უხუცესია. ამიტომ ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2009 წლის 7 დეკემბრიდან ბრუკლინში (ნიუ-იორკი) დამატებითი სკოლა ჩატარდება.

პატერსონში ორი თვის განმავლობაში ოთხ მიმომსვლელ ზედამხედველს მოამზადებენ ინსტრუქტორებად, რომლებიც თავის მხრივ ბრუკლინში კიდევ ოთხ ძმას მოამზადებენ. ეს უკანასკნელნი უხუცესებისთვის სკოლას ბრუკლინში ჩაატარებენ, ხოლო პირველი ოთხეული — საკონგრესო და სამეფო დარბაზებში. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ 12 ინსტრუქტორისგან შემდგარი ჯგუფი არ ჩამოყალიბდება, რომლებიც ყოველკვირა ინგლისურ ენაზე ჩაატარებენ ექვს სკოლას შეერთებულ შტატებში. ამის შემდეგ ოთხი ინსტრუქტორი მომზადებას გაივლის ესპანურენოვანი სკოლების ჩასატარებლად. ეს სკოლა არ ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ „სამეფო მსახურების სკოლას“. ახლად დაარსებული სკოლის მიზანია, რომ უხუცესები გაიზარდონ სულიერად. ამ სკოლას 2011 სამსახურებრივი წლიდან ფილიალები მსოფლიო მასშტაბით ჩაატარებენ საკონგრესო და სამეფო დარბაზებში.

[სურათები 4 გვერდზე]

ყოველწლიური შეხვედრა გაიხსნა სიმღერით, რომელიც დამსწრეებმა ახალი სიმღერების წიგნიდან შეასრულეს