არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარკოზი მსახურებისთვის გამოსადეგი კაცი

მარკოზი მსახურებისთვის გამოსადეგი კაცი

მარკოზი მსახურებისთვის გამოსადეგი კაცი

ანტიოქიის კრებაში იყო გარკვეული სირთულეები, მაგრამ ის, რაც ამჯერად მოხდა, ადრე არასდროს ყოფილა. მოციქულები პავლე და ბარნაბა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ისინი მისიონერულ მოგზაურობას გეგმავდნენ, მაგრამ, როცა საქმე თანამგზავრის არჩევაზე მიდგა, ისინი ვერ შეთანხმდნენ და მათი საუბარი ცხარე კამათში გადაიზარდა (საქ. 15:39). ისინი ერთმანეთს დასცილდნენ და სხვადასხვა გზით წავიდნენ. კამათის მიზეზი მათი თანამგზავრი, მესამე მისიონერი, მარკოზი იყო.

ვინ იყო მარკოზი? რატომ დაიწყეს მოციქულებმა მის გამო კამათი? რატომ იყვნენ ისინი თავ-თავიანთ აზრში ასე დარწმუნებულები? შეიცვალეს მათ თავიანთი შეხედულება? რისი სწავლა შეგვიძლია მარკოზის ისტორიიდან?

შინ იერუსალიმში

მარკოზი, როგორც ჩანს, მდიდარი ებრაული ოჯახიდან იყო. ის იერუსალიმში გაიზარდა. მას პირველი ქრისტიანული კრების ისტორიიდან ვეცნობით. დაახლოებით ახ. წ. 44 წელს, როცა ჰეროდე აგრიპა I-ის მიერ დაპატიმრებული მოციქული პეტრე იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით სასწაულებრივად გაათავისუფლა ციხიდან, ის „წავიდა მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლში, სადაც მრავალი შეკრებილიყო და ლოცულობდა“ (საქ. 12:1—12). *

იერუსალიმში შეხვედრები, როგორც ჩანს, მარკოზის დედის სახლში ტარდებოდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სახლში „მრავალი“ იყო შეკრებილი, რასაც იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ სახლი საკმაოდ დიდი იყო. მარიამს მოახლე გოგო ჰყავდა, სახელად როდე, რომელმაც პეტრე შინ შემოუშვა, როცა მან „ჭიშკარზე დააკაკუნა“. როგორც ჩანს, მარიამი შეძლებული ქალი იყო. ბიბლიაში მოხსენიებულია მარიამის სახლი და არა მისი ქმრის სახლი. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მარიამი ქვრივი იყო, მარკოზი კი ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა (საქ. 12:13).

შესაძლოა მარკოზი იმ შეკრებილთა შორის იყო, რომლებიც ლოცულობდნენ. ის კარგად იცნობდა იესოს მოწაფეებს და მისი მსახურების სხვა თვითმხილველებს. სავარაუდოდ, მარკოზი იყო ის ახალგაზრდა, რომელსაც საუკეთესო სელის ტანსაცმელი ეცვა და შორიახლოს მიჰყვებოდა დაპატიმრებულ იესოს, მაგრამ გაიქცა, როცა მის შეპყრობას შეეცადნენ (მარ. 14:51, 52).

პასუხისმგებლობები კრებაში

მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერთობა, მარკოზზე უდავოდ დადებითად იმოქმედებდა. ის სულიერად იზრდებოდა, რის გამოც პასუხისმგებელი ძმების ყურადღება მიიქცია. დაახლოებით ახ. წ. 46 წელს, როდესაც პავლემ და ბარნაბამ იერუსალიმელ და-ძმებს შიმშილობის დროს ანტიოქიიდან დახმარება ჩაუტანეს, ისინი მარკოზით დაინტერესდნენ. ანტიოქიაში დაბრუნებისას პავლემ და ბარნაბამ მარკოზიც თან წაიყვანეს (საქ. 11:27—30; 12:25).

ერთი შეხედვით შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩეს, რომ ამ სამ მამაკაცს სულიერი ინტერესების გარდა ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდა და პავლემ და ბარნაბამ მარკოზი მხოლოდ თავისი უნარიანობის გამო აირჩიეს. მაგრამ, როგორც პავლეს ერთ-ერთი წერილიდან ჩანს, მარკოზი ბარნაბას ბიძაშვილი იყო (კოლ. 4:10). ამ ფაქტის ცოდნა ბევრი რამის უკეთ გაგებაში გვეხმარება.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ პავლემ და ბარნაბამ წმინდა სულით მიიღეს დავალება, რომ მისიონერულ მოგზაურობაში წასულიყვნენ. ისინი ანტიოქიიდან კვიპროსში გაემგზავრნენ. მარკოზად წოდებული იოანეც მათ გაჰყვა დამხმარედ (საქ. 13:2—5). შესაძლოა მარკოზი მგზავრობის დროს სხვადასხვა საჭიროებაზე ზრუნავდა, რათა მოციქულებს სულიერი საკითხების მოსაგვარებლად მეტი დრო ჰქონოდათ.

პავლემ, ბარნაბამ და მარკოზმა ქადაგებით კვიპროსი შემოიარეს, შემდეგ კი მცირე აზიისკენ გაემართნენ. იქ მარკოზმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც პავლე გააღიზიანა. როცა ისინი პერგეში ჩავიდნენ, „იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა“ (საქ. 13:13). ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რატომ მოიქცა ის ასე.

გავიდა რამდენიმე წელი. პავლე, ბარნაბა და მარკოზი კვლავ ანტიოქიაში მოხვდნენ. ამჯერად მოციქულებს მეორე მისიონერული მოგზაურობის წამოწყება ჰქონდათ განზრახული, რათა პირველი მოგზაურობის დროს დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ. ბარნაბას თავისი ბიძაშვილის წაყვანა სურდა, მაგრამ პავლეს ამის გაგონებაც არ უნდოდა, რადგან პირველი მოგზაურობის დროს მარკოზმა შუა გზაში მიატოვა ისინი. სწორედ ამის გამო მოხდა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული კამათი. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და მშობლიური კვიპროსისკენ აიღო გეზი, პავლე კი სირიაში წავიდა (საქ. 15:36—41). ფაქტია, რომ პავლემ და ბარნაბამ მარკოზის საქციელი სხვადასხვანაირად შეაფასეს.

შერიგება

მარკოზს ეს შემთხვევა ნამდვილად ატკენდა გულს. მაგრამ ის მაინც თავისი საქმის ერთგული დარჩა. დაახლოებით 12 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც პავლესა და ბარნაბას შორის განხეთქილება მოხდა, როცა მარკოზის სახელი კვლავ გამოჩნდა პირველი ქრისტიანების ისტორიაში. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მარკოზი ამ ისტორიაში პავლეს გვერდით გვხვდება.

ახ. წ. 60—61 წლებში, რომში დაპატიმრებულმა პავლემ რამდენიმე წერილი დაწერა, რომლებიც დღეს ბიბლიის ნაწილად ითვლება. კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში ის ამბობს: „მოკითხვას გითვლიან არისტარქე, რომელიც ჩემთან ერთად არის დაპატიმრებული, და ბარნაბას ბიძაშვილი მარკოზი (რომლის შესახებაც მოგეცათ მითითება, რომ მიიღოთ იგი, თუ მოვა) . . . მხოლოდ ესენი არიან ჩემი თანამსახურები ღვთის სამეფოსთვის და ესენი იყვნენ ჩემი დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ (კოლ. 4:10, 11).

რა მოულოდნელი ცვლილებაა! მარკოზი, რომელმაც ერთ დროს პავლეს იმედი გაუცრუა, ახლა კვლავ მისი ერთგული თანამშრომელი იყო. როგორც ჩანს, პავლე კოლოსელებს მარკოზის სავარაუდო სტუმრობის შესახებ ატყობინებდა. ამ შემთხვევაში მარკოზი პავლეს წარმომადგენელი იქნებოდა.

წლების წინ პავლე მეტისმეტად კრიტიკული ხომ არ იყო მარკოზის მიმართ? მარკოზს ეს შემთხვევა ხომ არ დაეხმარა გაუმჯობესებაში? იქნებ ერთიც იყო და მეორეც? რაც არ უნდა ყოფილიყო, მათი შერიგება როგორც პავლეს, ისე მარკოზის სულიერ მოწიფულობაზე მეტყველებს. მათ დაივიწყეს წარსული წყენა, რისი წყალობითაც კვლავ კარგი თანამშრომლები გახდნენ. ეს კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც თანაქრისტიანთან უთანხმოება მოუვიდა.

მარკოზის მოგზაურობა

მარკოზის ისტორიიდან აშკარა ხდება, რომ მან ბევრი იმოგზაურა. ის იერუსალიმიდან ჩავიდა ანტიოქიაში, იქიდან კი გემით კვიპროსსა და პერგეში გაემგზავრა. შემდეგ რომში წავიდა, საიდანაც პავლეს მისი კოლოსეში გაგზავნა უნდოდა. მაგრამ მისი მოგზაურობა ამით არ დამთავრებულა.

მოციქულმა პეტრემ თავისი პირველი წერილი დაახლოებით ახ. წ. 62—64 წლებში დაწერა. მის წერილში ასეთ სიტყვებს ვხვდებით: „მოკითხვას გითვლიან თქვენსავით რჩეული, ბაბილონიდან, და ჩემი შვილი მარკოზი“ (1 პეტ. 5:13). როგორც ხედავთ, მარკოზი ბაბილონშიც ჩავიდა, რათა პეტრე მოციქულის გვერდით ემსახურა, რომელიც წლების წინ დედამისის სახლში ესწრებოდა ქრისტიანულ შეხვედრებს.

ახ. წ. 65 წელს, როცა პავლე მეორედ დააპატიმრეს რომში, მან წერილი მისწერა ტიმოთეს, რომელშიც სთხოვდა ეფესოდან მასთან ჩასულიყო. „მარკოზიც წამოიყვანე“, — მისწერა მან ტიმოთეს (2 ტიმ. 4:11). აქედან გამომდინარე, იმ დროს მარკოზიც ეფესოში იმყოფებოდა. უეჭველია, მარკოზი გამოეხმაურებოდა პავლეს თხოვნას და ტიმოთეს რომში გაჰყვებოდა. მოგზაურობა იმ დროს ადვილი არ იყო, მაგრამ მარკოზს უკან არ დაუხევია.

განსაკუთრებული უპირატესობა

მარკოზს განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად. მან იეჰოვას შთაგონებით ერთ-ერთი სახარება დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ რიგით მეორე სახარებაში მისი დამწერის სახელი არ არის მოხსენიებული, ძველი გადმოცემების თანახმად მის ავტორად მარკოზია მიჩნეული, რომელმაც სახარება პეტრესგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაწერა. პეტრეს საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი ყველაფერი, რაც მარკოზმა თავის სახარებაში აღწერა.

მარკოზის სახარების გამოკვლევის შემდეგ მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს სახარება არაებრაელთათვის დაიწერა. მასში ახსნილია ებრაული ტრადიციები (მარ. 7:3; 14:12; 15:42). მარკოზი თარგმნის იმ არამეულ ფრაზებს, რომლებიც შეიძლება გაუგებარი ყოფილიყო არაებრაელი მკითხველისთვის (მარ. 3:17; 5:41; 7:11, 34; 15:22, 34). ის მრავალ ლათინურ ტერმინს იყენებს და ზოგიერთ ბერძნულ სიტყვასაც ლათინური სიტყვით ხსნის. ებრაული მონეტების ღირებულებას ის რომაული ეკვივალენტით გადმოსცემს (მარ. 12:42, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ყოველივე ზემოხსენებული ეთანხმება ძველ ტრადიციულ შეხედულებას, რომლის თანახმადაც მარკოზმა თავისი სახარება რომში დაწერა.

„მსახურებაში დამჭირდება“

მარკოზის რომში მოღვაწეობა მხოლოდ სახარების დაწერით არ შემოიფარგლებოდა. გავიხსენოთ, რა მისწერა პავლემ ტიმოთეს: „მარკოზიც წამოიყვანე“. რატომ სთხოვდა პავლე ტიმოთეს მარკოზის წამოყვანას? „რადგან მსახურებაში დამჭირდება“, — წერდა ის (2 ტიმ. 4:11).

პავლეს ბოლო წერილში მარკოზის მოხსენიება ბევრ რამეს გვეუბნება მის შესახებ. მარკოზი არსად არის აღწერილი, როგორც მოციქული, წინამძღოლი ან წინასწარმეტყველი. ის თავის ძმებს ემსახურებოდა. ახლა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, პავლეს ნამდვილად დასჭირდებოდა მარკოზის დახმარება.

იმ ცნობების საფუძველზე, რაც მარკოზზე მოგვეპოვება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის იყო კაცი, რომელიც თავს არ ზოგავდა სხვადასხვა ტერიტორიაზე სასიხარულო ცნობის გავრცელებისთვის და სხვებს სიხარულით ემსახურებოდა. რამხელა პატივი ხვდა მარკოზს წილად იმის გამო, რომ მან თავის დროზე გული არ გაიტეხა.

დღეს ჩვენ, ღვთის მსახურები მარკოზის მსგავსად მთელი გულით ვცდილობთ შეუპოვრად ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. შეიძლება ჩვენც გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაშორებულ ტერიტორიებზე გავავრცელოთ სასიხარულო ცნობა, მათ შორის საზღვარგარეთაც. მართალია, ბევრი ვერ შევძლებთ ამას, მაგრამ შეგვიძლია სხვა მხრივ მივბაძოთ მარკოზს. როგორც მარკოზი ცდილობდა მომსახურებოდა თანაქრისტიანებს, ჩვენც შეგვიძლია პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ თანამორწმუნეებს, რათა მათ კვლავაც შეძლონ ღვთის მსახურება. თუ ასე მოვიქცევით, ღვთისგან კურთხევები არ მოგვაკლდება (იგავ. 3:27; 10:22; გალ. 6:2).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 მარკოზის დროს მიღებული იყო ებრაული ან უცხოური წარმოშობის მეორე სახელის დარქმევა. მარკოზის ებრაული სახელი იყო იოხანანი, ქართულად იოანე. მარკოზი ანუ მარკუსი მისი მეორე ლათინური სახელი იყო (საქ. 12:25).

[რუკა⁄სურათი 8, 9 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ზოგიერთი ქალაქი, რომელსაც მარკოზი ეწვია

რომი

ეფესო

კოლოსე

პერგე

ანტიოქია (სირიის)

კვიპროსი

ხმელთაშუა ზღვა

იერუსალიმი

ბაბილონი