იარეთ ცხოვრების საუკეთესო გზაზე!
იარეთ ცხოვრების საუკეთესო გზაზე!
„ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, იეჰოვას ვეკუთვნით“ (რომ. 14:8).
1. რა თქვა იესომ ცხოვრების საუკეთესო გზის შესახებ?
იეჰოვას სურს, ცხოვრების საუკეთესო გზაზე ვიაროთ. ხალხი მრავალი გზით დადის, მაგრამ საუკეთესო გზა მხოლოდ ერთია. კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ღვთის სიტყვა თავის მეგზურად გაიხადოს და ღვთის ძისგან, იესო ქრისტესგან ისწავლოს. იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ღვთისთვის სულითა და ჭეშმარიტებით ეცათ თაყვანი და დაავალა, ხალხი მოწაფეებად მოემზადებინათ (მათ. 28:19, 20; იოან. 4:24). თუ ვითვალისწინებთ იესოს მითითებებს, იეჰოვას გულს ვუხარებთ და კურთხევებსაც უხვად ვიღებთ.
2. როგორ გამოეხმაურა პირველ საუკუნეში ბევრი სამეფოს ცნობას და რას ნიშნავდა „უფლის გზაზე“ დადგომა?
2 როცა მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილები რწმენას იღრმავებენ და ინათლებიან, გვიხარია, რომ ისინიც ცხოვრების საუკეთესო გზას ადგებიან (საქ. 13:48). ახ. წ. I საუკუნეში სხვადასხვა ერის ათასობით ადამიანმა ჭეშმარიტება გაიგო და ნათლობით სახალხოდ მიუძღვნა ღმერთს თავი (საქ. 2:41). იესოს პირველი მოწაფეები „უფლის გზას“ დაადგნენ (საქ. 9:2; 19:23). გამოთქმა „უფლის გზა“ იმაზე მიანიშნებდა, რომ, ვინც ქრისტეს მიმდევარი ხდებოდა, თავისი ცხოვრებით აჩვენებდა, რომ სწამდა ქრისტე და ჰბაძავდა მას (1 პეტ. 2:21).
3. რატომ ინათლება იეჰოვას ხალხი და რამდენი მოინათლა ბოლო ათი წლის მანძილზე?
3 ბოლო დროს მოწაფეების მომზადების საქმე ძალიან დაჩქარდა და დღეს ქადაგება 230-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში 2 700 000 ადამიანმა გადაწყვიტა, იეჰოვას მსახური გამხდარიყო და მიძღვნის ნიშნად მონათლულიყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვირაში საშუალოდ 5 000-ზე მეტი ინათლებოდა. ამ გადაწყვეტილებამდე ისინი ღვთის სიყვარულმა, წმინდა წერილებიდან მიღებულმა ცოდნამ და რწმენამ მიიყვანა. ნათლობა ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია, საიდანაც იწყება იეჰოვა ღმერთთან დაახლოება. ნათლობით იმასაც ცხადვყოფთ, რომ ვენდობით იეჰოვას და გვჯერა, რომ ის დღესაც დაგვეხმარება მისი ნების შესრულებაში, როგორც ეს. 30:21).
ძველად ეხმარებოდა თავის მსახურებს (რატომ ვინათლებით?
4, 5. რა კურთხევები მოაქვს ნათლობას?
4 შესაძლოა, უკვე მიიღე ღვთის შესახებ ცოდნა, ცხოვრება შეიცვალე და ამჟამად მოუნათლავი მაუწყებელი ხარ. ამისათვის შექებას იმსახურებ. მაგრამ მიუძღვენი ღმერთს თავი ლოცვაში და აპირებ მონათვლას? ბიბლიის შესწავლისას, ალბათ, გაიგე, რომ შენს ცხოვრებაში მთავარი ადგილი იეჰოვას განდიდებას უნდა დაუთმო და არა საკუთარ სიამოვნებასა და ქონების დაგროვებას (წაიკითხეთ ფსალმუნის 148:11—13; ლუკას 12:15 ). ვნახოთ, რა კურთხევები მოჰყვება მონათვლას.
5 მიძღვნის შემდეგ შენი ცხოვრება აზრს შეიძენს. იეჰოვას ნების შესრულება დიდ კმაყოფილებას მოგგვრის (რომ. 12:1, 2). იეჰოვას წმინდა სული ისეთი თვისებების გამომუშავებაში დაგეხმარება, როგორიცაა რწმენა და მშვიდობა (გალ. 5:22, 23). ღვთის სიტყვის თანახმად რომ იცხოვრო, ღმერთი უპასუხებს შენს ლოცვებს და აკურთხებს შენს ძალისხმევას. მსახურებაში სიხარულს პოვებ, ღვთისმოსაწონი ცხოვრება ერთიორად განგიმტკიცებს მარადიული სიცოცხლის იმედს. მიძღვნითა და მონათვლით ცხადყოფ, რომ შენ მართლა გინდა, გახდე იეჰოვას მოწმე (ეს. 43:10—12).
6. რისი მაჩვენებელია ნათლობა?
6 ღვთისადმი მიძღვნითა და მონათვლით საჯაროდ ვამტკიცებთ, რომ იეჰოვას ვეკუთვნით. მოციქულმა პავლემ დაწერა: „არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის და არც მხოლოდ საკუთარი თავისთვის კვდება ვინმე, რადგან, თუ ვცოცხლობთ, იეჰოვასთვის ვცოცხლობთ და თუ ვკვდებით, იეჰოვასთვის ვკვდებით. ამიტომ ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, იეჰოვას ვეკუთვნით“ (რომ. 14:7, 8). ღმერთმა ნების თავისუფლება გვიბოძა, რითაც დაგვანახვა, რომ ძალიან გვაფასებს. იეჰოვას გულს ვუხარებთ, თუ გვიყვარს ის და მტკიცედ მივყვებით მის გზას (იგავ. 27:11). ნათლობა არის ღვთისადმი ჩვენი მიძღვნის სიმბოლო და სახალხოდ იმის გაცხადება, რომ მმართველად იეჰოვა ავირჩიეთ. ნათლობით ვამტკიცებთ, რომ უზენაესობის საკითხში იეჰოვას მხარე დავიკავეთ (საქ. 5:29, 32). იეჰოვაც გვერდში გვიდგას (წაიკითხეთ ფსალმუნის 118:6 ). ნათლობა ბევრ სხვა სულიერ კურთხევებსაც მოგვიტანს როგორც დღეს, ისე მომავალში.
კურთხეულნი ვართ ძვირფასი საძმოთი
7—9. ა) რას დაჰპირდა იესო მათ, ვინც ყველაფერი დატოვა და მას გაჰყვა? ბ) როგორ სრულდება მარკოზის 10:29, 30-ში ჩაწერილი იესოს დანაპირები?
7 მოციქულმა პეტრემ იესოს უთხრა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. ამისთვის რა გვექნება?“ (მათ. 19:27). პეტრეს უნდოდა გაეგო, რას უქადდა მომავალი მას და დანარჩენ მოწაფეებს. მათ დიდი მსხვერპლი გაიღეს, როცა სამეფოს შესახებ ქადაგებას მიუძღვნეს თავი (მათ. 4:18—22). რას დაჰპირდა იესო მოწაფეებს?
8 მარკოზის სახარების მიხედვით იესო ამბობს, რომ მისი მოწაფეები სულიერი საძმოს წევრები გახდებოდნენ. მან თქვა: „არავინ არის ისეთი, რომ ჩემი გულისთვის და სასიხარულო ცნობის გულისთვის დატოვოს სახლი ან ძმები, ან დები, ან დედა, ან მამა, ან შვილები, ან მინდვრები და უკვე ახლა, დევნის დროსაც, ასმაგად არ მიიღოს სახლი, მინდვრები, დები, დედები და შვილები, მომავალში კი — მარადიული სიცოცხლე“ (მარ. 10:29, 30). პირველი საუკუნის ქრისტიანები ლიდია, აკვილა, პრისკილა და გაიუსი მათ შორის იყვნენ, რომლებმაც იესოს დაპირებისამებრ მიიღეს სახლები და თანამორწმუნეთათვის გახდნენ ძმები, დები და დედები (საქ. 16:14, 15; 18:2—4; 3 იოან. 1, 5—8).
9 იესოს სიტყვები დღეს უფრო ფართო მასშტაბით სრულდება. ბევრმა, მაგალითად მისიონერებმა, ბეთელის ოჯახის წევრებმა, საერთაშორისო მსახურებმა თუ სხვებმა ნებაყოფლობით მიატოვეს „მინდვრები“ და სხვა ქვეყნებში დაიწყეს მსახურება სამეფო საქმის წინ წასაწევად. ზოგმა „სახლები დატოვა“ და უბრალო ცხოვრება არჩია. ძალიან გვიხარია მათი შემთხვევების მოსმენა, საიდანაც ჩანს იეჰოვას მზრუნველობა და ის, რომ ღვთისმსახურება მათ დიდ სიხარულს ანიჭებთ (საქ. 20:35). უფრო მეტიც, ყველა მონათლული იეჰოვას მსახური უხვ კურთხევებს იღებს, თუ „უპირველესად ეძებს სამეფოს და მამის [ღვთის] სიმართლეს“ (მათ. 6:33).
„უზენაესის საფარში“ დაცული
10, 11. რა არის „უზენაესის საფარი“ და როგორ შეგვიძლია იქ დამკვიდრება?
10 მიძღვნას და მონათვლას სხვა კურთხევაც მოჰყვება. მონათლული ქრისტიანი „უზენაესის საფარში“ იმკვიდრებს ადგილს (წაიკითხეთ ფსალმუნის 91:1 ). გადატანითი მნიშვნელობით ეს არის უსაფრთხო და დაცული ადგილი, სადაც შესაძლებელია სულიერი ზიანისგან თავდაცვა. ამ საფრის არსებობა უცნობია მათთვის, ვისაც არა აქვს სულიერი ხედვა და ღვთის ნდობა. თუ მიძღვნის თანახმად ვიცხოვრებთ და ბოლომდე მივენდობით იეჰოვას, ჩვენც ვეტყვით მას: „ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ მოგენდობი“ (ფსალმ. 91:2). იეჰოვა ჩვენი თავშესაფარი გახდება (ფსალმ. 91:9). განა არსებობს ამაზე უკეთესი საფარი?
11 თუკი იეჰოვამ თავის საფარში შეგვიფარა, ესე იგი, თავისთან დაახლოების საშუალებაც მოგვცა. ეს კი დიდი კურთხევაა. ღმერთთან ურთიერთობა მიძღვნითა და ნათლობით იწყება. ბიბლიის შესწავლა, გულითადი ლოცვა და სრული მორჩილება, მასთან ურთიერთობას ნელ-ნელა გვიმტკიცებს (იაკ. 4:8). არავინ ყოფილა იეჰოვასთან ისე ახლოს, როგორც იესო. მისი ნდობა შემოქმედისადმი არასდროს შერყეულა (იოან. 8:29). ამიტომ, ჩვენც არ უნდა შევიტანოთ ეჭვი იმაში, რომ იეჰოვას სურვილიც აქვს და ძალაც, დაგვეხმაროს, ვიცხოვროთ მიძღვნის თანახმად (ეკლ. 5:4). თავისი ხალხისთვის სულიერი საზრდოს მიწოდება იმის უდავო მტკიცებაა, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და მას სურს, კარგად შევასრულოთ მისი დავალება.
დავაფასოთ სულიერი სამოთხე
12, 13. ა) რა არის სულიერი სამოთხე? ბ) როგორ შეგვიძლია კრებაში ახლებს დახმარების ხელი გავუწოდოთ?
12 მიძღვნა და მონათვლა სულიერი სამოთხისკენაც გვიხსნის გზას. ეს არის შესანიშნავი სულიერი გარემო, სადაც თანამორწმუნეებს იეჰოვა ღმერთთან და ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ (ფსალმ. 29:11; ეს. 54:13). ქვეყნიერება ვერაფრით შეედრება სულიერ სამოთხეს. ეს განსაკუთრებით საერთაშორისო კონგრესებზე შეიმჩნევა, სადაც სხვადასხვა ეროვნების, ენისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები იკრიბებიან; მათ შორის ძმური სიყვარული, ერთობა და მშვიდობა სუფევს.
13 სულიერი სამოთხე მკვეთრად განსხვავდება დღევანდელი ქვეყნიერებისგან, რომელიც სულ უფრო და უფრო უკან მიდის (წაიკითხეთ ესაიას 65:13, 14 ). სამეფოს შესახებ ცნობის გაცხადებით წილად გვხვდა პატივი, სხვებიც მოვიწვიოთ სულიერ სამოთხეში. კურთხევაა ისიც, რომ კრებაში ახლებს მსახურებაში დავეხმაროთ. შეიძლება უხუცესებმა გვთხოვონ, დავეხმაროთ რომელიმე ახალმოსულს, ისე როგორც აკვილა და პრისკილა დაეხმარნენ აპოლოსს და „ზუსტად აუხსნეს ღვთის გზა“ (საქ. 18:24—26).
ნუ შეწყვეტთ იესოსგან სწავლას!
14, 15. რატომ არ უნდა შევწყვიტოთ იესოსგან სწავლა?
14 ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, რომ არ შევწყვიტოთ იესოსგან სწავლა. განკაცებამდე იესო ათასობით წელი მამის გვერდით შრომობდა (იგავ. 8:22, 30). მან იცოდა, რომ ღვთისმსახურება და ჭეშმარიტების გაცხადება ცხოვრების საუკეთესო გზა იყო (იოან. 18:37). იესოსთვის ისიც იყო ცნობილი, რომ სხვა გზით სიარული საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებას ნიშნავდა და ამ გზაზე მავალ კაცს მომავალი არ ექნებოდა. იესომ იცოდა, რომ გამოიცდებოდა და წამებით მოკვდებოდა (მათ. 20:18, 19; ებრ. 4:15). მან თავისი მაგალითით გვასწავლა, როგორ შეიძლება ერთგულების შენარჩუნება.
15 მონათვლიდან ცოტა ხანში, სატანამ იესოს საუკეთესო გზის მიტოვება შესთავაზა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია (მათ. 4:1—11). აქედან აშკარად ჩანს, რომ სატანის მცდელობის მიუხედავად, ერთგულების შენარჩუნება ნამდვილად შეგვიძლია. სატანის სამიზნე უფრო მეტად მონათვლის მსურველები ან ახალმონათლულები არიან (1 პეტ. 5:8). წინააღმდეგობა შესაძლოა ცრუ ხმებს აყოლილმა ოჯახის წევრებმაც გაგვიწიონ, რომელთაც, როგორც წესი, ჩვენთვის კარგი უნდათ. ასეთი გამოცდები ისეთი ქრისტიანული თვისებების გამომუშავებაში გვეხმარება, როგორიცაა პატივისცემა და ტაქტიანობა (1 პეტ. 3:15). პატივისცემითა და ტაქტიანობით მსმენელი შესაძლოა დადებითად განვაწყოთ (1 ტიმ. 4:16).
არ გადაუხვიოთ ცხოვრების საუკეთესო გზიდან!
16, 17. ა) კანონის 30:19, 20-ის თანახმად, რომელი სამი მოთხოვნის შესრულება ევალებათ ადამიანებს? ბ) რა თქვეს ამავე მოთხოვნების შესახებ იესომ, იოანემ და პავლემ?
16 იესოს დაბადებამდე დაახლოებით 1 500 წლით ადრე მოსემ ისრაელებს ცხოვრების საუკეთესო გზის არჩევისკენ მოუწოდა: „ცასა და დედამიწას ვიმოწმებ დღეს შენ წინააღმდეგ, რომ სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდე წინ, კურთხევა და წყევლა; აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ შენც და შენი შთამომავლობაც, თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი, მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას“ (კან. 30:19 20). ისრაელები ორგულები აღმოჩნდნენ. მაგრამ მოსეს მიერ გაცხადებული სამი ძირითადი მოთხოვნა დღესაც უცვლელია. იესომ და მისმა მოწაფეებმა ეს მოთხოვნები სხვა სიტყვებით გადმოსცეს.
17 პირველი მოთხოვნაა, რომ იეჰოვა მთელი გულით გვიყვარდეს. ღმერთი გვიყვარს, თუ მისი სამართლიანი გზებით დავდივართ (მათ. 22:37). მეორეა, მოვუსმინოთ იეჰოვას ხმას, რაც ბიბლიის შესწავლითა და ღვთის მცნებების დაცვით არის შესაძლებელი (1 იოან. 5:3). იეჰოვას ხმას აგრეთვე ვისმენთ ქრისტიანულ შეხვედრებზე, სადაც ბიბლია განიხილება (ებრ. 10:23—25). მესამე მოთხოვნაა, მივეკრათ იეჰოვას. ყოველთვის, როგორ სიტუაციაშიც უნდა აღმოვჩნდეთ, გამოვავლინოთ ღვთის რწმენა და მივყვეთ მის ძეს (2 კორ. 4:16—18).
18. ა) რა იყო ნათქვამი ჭეშმარიტების შესახებ 1914 წლის „საგუშაგო კოშკში“? ბ) როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს დღეს ჭეშმარიტების მიმართ?
18 გიფიქრიათ, რამხელა კურთხევაა ბიბლიური ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრება? 1914 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ (გვერდები 377, 378), ღირსშესანიშნავი აზრი დაიწერა: „განა კურთხეული და ბედნიერი ხალხი არა ვართ?! განა ჩვენი ღმერთი ერთგული არ არის? თუ ვინმემ უკეთესი გზა იცის, დაე, გაჰყვეს მას! თუ რომელიმე თქვენგანი უკეთეს რამეს იპოვით, გვითხარით. არაფერი შეედრება იმას, რაც ღვთის სიტყვაში ვიპოვეთ . . . ენით გამოუთქმელი და კალმით აუწერელი მშვიდობა, სიხარული და კურთხევა მოგვიტანა ჭეშმარიტი ღვთის შესახებ ცოდნამ. ღვთის სიბრძნის, სამართლიანობის, ძალისა და სიყვარულის შესახებ ცოდნა სრულად აკმაყოფილებს ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს. ამაზე მეტი რა უნდა გვინდოდეს! ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ღვთის შესახებ ცოდნა გავიღრმავოთ“. ჩვენ ყოველთვის მადლიერები ვიქნებით სულიერი სინათლისა და ჭეშმარიტებისთვის. დღეს უფრო მეტად უნდა ვხარობდეთ, რომ „იეჰოვას სინათლეში“ დავდივართ (ეს. 2:5; ფსალმ. 43:3; იგავ. 4:18).
19. რატომ არ უნდა გადადონ მონათვლა მათ, ვინც შეესაბამება ბიბლიურ მოთხოვნებს?
19 თუ არ ხართ მიძღვნილი და მონათლული ქრისტიანი და გსურთ „იეჰოვას სინათლეში“ სიარული, ნუ გადადებთ ნათლობას. ყველაფერი გააკეთეთ, რომ შეესაბამებოდეთ ბიბლიურ მოთხოვნებს, რადგან ეს ღვთისა და ქრისტეს მიმართ მადლიერების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. მიეცით იეჰოვას ყველაზე ძვირფასი, რაც გაგაჩნიათ — სიცოცხლე! თქვენი ცხოვრებით აჩვენეთ, რომ ასრულებთ ღვთის ნებას და მიჰყვებით მის ძეს (2 კორ. 5:14, 15). იარეთ ამ გზაზე, რადგან ამაზე უკეთესი გზა არ არსებობს!
როგორ უპასუხებთ?
• რისი სიმბოლოა ნათლობა?
• რა კურთხევები მოაქვს მიძღვნასა და ნათლობას?
• რატომ უნდა ვისწავლოთ იესოსგან?
• რა დაგვეხმარება, რომ ცხოვრების საუკეთესო გზიდან არ გადავუხვიოთ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 25 გვერდზე]
ნათლობით ამტკიცებთ, რომ ცხოვრების საუკეთესო გზა აირჩიეთ
[სურათები 26 გვერდზე]
ხართ „უზენაესის საფარში“?