არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დააფასე ყრუ-მუნჯი და-ძმები!

დააფასე ყრუ-მუნჯი და-ძმები!

დააფასე ყრუ-მუნჯი და-ძმები!

ღვთის ხალხი სულიერი და-ძმებისგან შემდგარი დიდი ოჯახია, რომელსაც ძველთაგან ჩაეყარა საფუძველი. ამ ოჯახის ისტორიას სამუელამდე, დავითამდე, სამსონამდე, რახაბამდე, მოსემდე, აბრაამამდე, სარამდე, ნოემდე და აბელამდე მივყავართ. იეჰოვას ერთგულ მსახურთა შორის ბევრი ყრუ-მუნჯია. მაგალითად, მონღოლეთში პირველი, ვინც იეჰოვას მოწმე გახდა, ყრუ-მუნჯი ცოლ-ქმარი იყო. სწორედ რუსეთში მცხოვრები ჩვენი ყრუ-მუნჯი და-ძმების ერთგულების გამო მოვიპოვეთ ერთ-ერთი გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში.

დღესდღეობით „ერთგული და გონიერი მონა“ ზრუნავს ჟესტების ენაზე პუბლიკაციების გამოცემაზე, კრებების ჩამოყალიბებასა და კონგრესების მომზადებაზე (მათ. 24:45). ეს დიდი დახმარებაა ყრუ-მუნჯებისთვის. * მაგრამ გიფიქრია იმაზე, ამ ყველაფრის გარეშე როგორ გაიცნობდა ყრუ-მუნჯი ადამიანი ჭეშმარიტ ღმერთს და როგორ წაიწევდა წინ სულიერად? გიფიქრია იმაზე, როგორ შეგიძლია დაეხმარო შენს სამეზობლოში მცხოვრებ ყრუ-მუნჯებს?

როგორი იყო ცხოვრება ერთ დროს ყრუ-მუნჯებისთვის?

თუ უფროსი ასაკის ყრუ-მუნჯ მოწმეებს ჰკითხავ, როგორ გაიცნეს იეჰოვა, ისინი სიამოვნებით მოგიყვებიან, რა გრძნობა დაეუფლათ, როცა პირველად გაიგეს ღვთის სახელი, ამის ცოდნამ როგორ შეცვალა მათი ცხოვრება და როგორ გააძლებინა წლების განმავლობაში, ვიდრე ჟესტების ენაზე გამოვიდოდა ვიდეომასალა და DVD დისკები, რომლებიც მათ ბიბლიური ჭეშმარიტების უკეთ გაგებაში დაეხმარა. ისინი ალბათ იმ დროსაც გაიხსენებენ, როცა ქრისტიანული შეხვედრები არ ტარდებოდა და არ ითარგმნებოდა ჟესტების ენაზე; მათ გვერდით ვინმე ჯდებოდა და ფურცელზე უწერდა იმას, რასაც შეხვედრის დროს ამბობდნენ. ერთი ყრუ-მუნჯი ძმა ასე სწავლობდა ჭეშმარიტებას შვიდი წელი, სანამ მთარგმნელი არ გამოჩნდა.

მათ ისიც ემახსოვრებათ, როგორ ქადაგებდნენ იმ ადამიანებთან, ვისაც სმენის პრობლემა არ ჰქონდა. ერთ ხელში ეჭირათ ბარათი, რომელზეც მარტივი შეთავაზება ეწერა, მეორე ხელში კი — „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ახალი ნომრები. ჩვეულებრივი პუბლიკაციებით სხვა ყრუ-მუნჯებისთვის ბიბლიის შესწავლების ჩატარებაც რთული იყო, რადგან ამ პუბლიკაციების გაგება ორივეს უჭირდა. ისინი იმასაც გაიხსენებენ, როგორ უცრუვდებოდათ იმედი, როცა მათ ნათქვამს ვერ იგებდნენ და აქედან გამომდინარე, ვეღარ აგრძელებდნენ სულიერ თემებზე საუბარს. მათთვის ისიც ნაცნობია, თუ რას ნიშნავს გიყვარდეს იეჰოვა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, ღვთისმოსაწონად იქცევი თუ არა. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ გარკვეულ საკითხებს ბოლომდე ვერ სწვდებოდნენ.

ამდენი დაბრკოლების მიუხედავად ჩვენი ყრუ-მუნჯი და-ძმები ღვთის ერთგულები იყვნენ (იობ. 2:3). ისინი მოუთმენლად ელოდნენ იეჰოვას (ფსალმ. 37:7). ამიტომ იეჰოვამ იმაზე მეტად აკურთხა ისინი, ვიდრე თავად ელოდნენ.

განვიხილოთ ერთი ყრუ-მუნჯი ცოლ-შვილიანი ძმის შემთხვევა. ის ერთგულად ატარებდა ოჯახურ შესწავლებს, ვიდრე ხელმისაწვდომი გახდებოდა ვიდეომასალა ჟესტების ენაზე. მისი ვაჟი იხსენებს: „მამას ძალიან უჭირდა ოჯახური შესწავლის ჩატარება, რადგან შესასწავლად მხოლოდ ჩვეულებრივი პუბლიკაციები გვქონდა. ხშირად თვითონ ვერ იგებდა დაბეჭდილ ტექსტს. არც ჩვენ ვაგდებდით კარგ დღეში. მაშინვე ვეუბნებოდით, თუ რამეს სწორად ვერ გვიხსნიდა. მიუხედავად ამისა, მამა ყოველთვის ატარებდა ოჯახურ შესწავლას. ის ყურადღებას არ აქცევდა იმას, რომ ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, რადგან კარგად ვერ იგებდა ინგლისურ ტექსტს. მისთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ უფრო მეტი გვესწავლა იეჰოვას შესახებ“.

კიდევ ერთი კარგი მაგალითია 70 წელს გადაცილებული რიჩარდი, რომელიც ყრუ-მუნჯიც არის და ბრმაც. ის ბრუკლინში, ნიუ-იორკში (აშშ) ცხოვრობს. რიჩარდი არც ერთ ქრისტიანულ შეხვედრას არ აცდენს. სამეფო დარბაზში მისასვლელად ის მეტროთი სარგებლობს. რიჩარდი ითვლის, მერამდენე გაჩერებაზე უნდა ჩამოვიდეს. ერთ ზამთარს ისეთი ქარბუქი ამოვარდა, რომ კრების შეხვედრა გადაიდო. ეს ამბავი კრების ყველა წევრს შეატყობინეს, მაგრამ რიჩარდი რატომღაც გამორჩათ მხედველობიდან. როცა ძმები ამას მიხვდნენ, რიჩარდს დაუწყეს ძებნა. ის სამეფო დარბაზთან იპოვეს. რიჩარდი იდგა და მოთმინებით ელოდა, როდის გაიღებოდა კარები. როცა ჰკითხეს, ამ ქარბუქში რატომ წამოხვედიო, მან მიუგო: „მე მიყვარს იეჰოვა“.

რისი გაკეთება შეგიძლია?

ცხოვრობენ შენს სამეზობლოში ყრუ-მუნჯები? შეგიძლია მათთან საურთიერთოდ ჟესტების ენა ისწავლო? ყრუ-მუნჯები ჩვეულებრივ თავაზიანად და მოთმინებით ეპყრობიან მათ, ვისაც თავიანთ ენას ასწავლიან. ყრუ-მუნჯს შეიძლება ყველგან შეხვდე. რისი გაკეთება შეგიძლია? ეცადე, გამოელაპარაკო. ამისთვის გამოიყენე ჟესტები, ჩანაწერები, ნახატები, სურათები ან ეს ყველაფერი ერთად. რომც არ დაინტერესდეს ჭეშმარიტებით, მისი კოორდინატები გადაეცი რომელიმე ყრუ-მუნჯ მოწმეს ან მას, ვინც იცის ჟესტების ენა. მან შეიძლება უფრო მეტი ინტერესი გამოავლინოს, თუ ჟესტების ენაზე დაელაპარაკებიან.

შეიძლება სწავლობ კიდეც ჟესტების ენას ან ესწრები კრების შეხვედრებს, რომლებიც ამ ენაზე ტარდება. რა დაგეხმარება, რომ უკეთ გაიგო ჟესტების ენა და გაიწაფო? თუ შენს კრებაში არიან ისეთი მაუწყებლებიც, რომლებსაც არა აქვთ სმენის პრობლემა, მათაც ჟესტების ენაზე ელაპარაკე. ეს დაგეხმარება, ჟესტების ენაზე იფიქრო. დროდადრო შეიძლება ხმის ამოღების ცდუნება გაგიჩნდეს. როგორც ნებისმიერი უცხო ენის შესწავლის შემთხვევაში, ამ დროსაც შეუპოვრობა გჭირდება, რომ კარგად დაეუფლო ჟესტების ენას.

თუ ყველანაირად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჟესტების ენა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ გვიყვარს და ვაფასებთ ჩვენს ყრუ-მუნჯ და-ძმებს. წარმოიდგინე ყრუ-მუნჯის გრძნობები, როცა მთელი დღის განმავლობაში სამსახურში თუ სკოლაში ვერავისთან ახერხებს ურთიერთობას. ერთმა ძმამ თქვა: „ყოველდღე მოლაპარაკე ხალხში ვტრიალებ. ხშირად თავს მარტოდ და გარიყულად ვგრძნობ, რის გამოც ვღიზიანდები და ვბრაზდები. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ ხოლმე ზოგჯერ“. კრების შეხვედრები ჩვენი ყრუ-მუნჯი და-ძმებისთვის ოაზისივით უნდა იყოს, სადაც არც სულიერი საზრდოს დეფიციტი ექნებათ და არც თბილი ადამიანური ურთიერთობების (იოან. 13:34, 35).

მხედველობიდან არც ის ყრუ-მუნჯი და-ძმები უნდა გამოგვრჩეს, რომლებიც ჩვეულებრივ კრებასთან ერთად იკრიბებიან პატარ-პატარა ჯგუფებად. ამ დროს ხდება პროგრამის თარგმნა. ყველაფერი რომ გაიგონ, სამეფო დარბაზში ყრუ-მუნჯები წინა რიგებში სხდებიან. ასე ისინი კარგად ხედავენ მთარგმნელსაც და მომხსენებელსაც. გამოცდილებამ აჩვენა, რომ კრების დანარჩენი წევრები ადვილად ეგუებიან ასეთ სიტუაციას და ხელი არ ეშლებათ პროგრამის მოსმენაში. კონგრესებზეც ასეთი სახით ხდება ჟესტების ენაზე თარგმნა. მთარგმნელები ნამდვილად იმსახურებენ ქებას, რადგან ისინი ყრუ-მუნჯი თანაქრისტიანის აზრებს ბუნებრივად და გასაგებად გადმოსცემენ.

შეიძლება შენს კრებაშიც არის ჟესტების ენაზე მოლაპარაკე ჯგუფი ან რამდენიმე ყრუ-მუნჯი, რომელთათვისაც პროგრამა ითარგმნება. როგორ შეგიძლია მათდამი გულწრფელი ინტერესის გამოვლენა? სტუმრად დაპატიჟე სახლში. თუ შენთვის რთული არ არის, რამდენიმე ჟესტი ისწავლე. არ შეგაშინოს თქვენ შორის არსებულმა ენობრივმა ბარიერმა. საერთო ენას აუცილებლად გამონახავთ. თუ ამგვარად გამოავლენ სიყვარულს, სასიამოვნო მოგონებები დაგრჩება (1 იოან. 4:8). ჩვენი ყრუ-მუნჯი თანაქრისტიანებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ისინი გონებაგახსნილები და ურთიერთობის მოყვარულები არიან, აქვთ იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა. ერთი ძმა, რომლის მშობლებიც ყრუ-მუნჯები არიან, ამბობს: „მთელი ჩემი ცხოვრება ყრუ-მუნჯების გარემოცვაში ვარ. მათთან მთელი სიცოცხლე ვალში ვიქნები. ყრუ-მუნჯი და-ძმებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია“.

იეჰოვას უყვარს თავისი ერთგული მსახურები, მათ შორის ყრუ-მუნჯები. მათი რწმენა და მოთმინება განუმეორებელ ხიბლს სძენს იეჰოვას ორგანიზაციას. ამიტომ, მოდი დავაფასოთ ჩვენი ყრუ-მუნჯი და-ძმები!

[სქოლიო]

^ აბზ. 3 იხილეთ 2009 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ სტატია „იეჰოვამ მოაფინა თავისი სახის ნათელი“.

[სურათი 31 გვერდზე]

ყრუ-მუნჯმა ადამიანმა შეიძლება უფრო მეტი ინტერესი გამოავლინოს, თუ ჟესტების ენაზე დაელაპარაკებიან

[სურათები 32 გვერდზე]

ჩვენი შეხვედრები ყრუ-მუნჯი და-ძმებისთვის ოაზისივით უნდა იყოს, სადაც ისინი სულიერად გამხნევდებიან