იყავით იეჰოვას სახლის მოშურნეები!
იყავით იეჰოვას სახლის მოშურნეები!
„შენი სახლის მოშურნეობა შემჭამს მე“ (იოან. 2:17).
1, 2. რა გააკეთა იესომ ტაძარში ახ. წ. 30 წელს და რატომ?
წარმოიდგინეთ, რომ ახ. წ. 30 წლის პასექის დღესასწაულია. უკვე ექვსი თვეა, რაც იესო სასიხარულო ცნობას ქადაგებს. ის იერუსალიმში ადის; ტაძარში, არაიუდეველთა ეზოში ხედავს „საქონლის, ცხვრებისა და მტრედების გამყიდველებს, იქვე ისხდნენ ფულის გადამხურდავებლებიც“. იესო თოკებისგან შოლტს აკეთებს და ტაძრიდან დევნის ჯერ ცხოველებს, შემდეგ ვაჭრებს; ფულის გადამცვლელებს ფულს უბნევს და მაგიდებს უყირავებს. შემდეგ კი მტრედების გამყიდველებს ეუბნება, რომ მოაშორონ ყველაფერი და იქაურობას გაეცალონ (იოან. 2:13—16).
2 იესოს საქციელიდან კარგად გამოჩნდა, რომ ღვთის ტაძარი მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. „გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“, — უთხრა მან გამყიდველებს. ამის დანახვაზე იესოს მოწაფეებს გაახსენდათ საუკუნეების წინათ მეფე დავითის ნათქვამი სიტყვები: „შენი სახლის მოშურნეობამ შემჭამა“ (იოან. 2:16, 17; ფსალმ. 69:9).
3. ა) როგორ განიმარტება მოშურნეობა? ბ) რაზე უნდა დავფიქრდეთ თითოეული ჩვენგანი?
3 იესო ასე იმიტომ მოიქცა, რომ ღვთის სახლის მოშურნე იყო და მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რა ხდებოდა ტაძარში. მოშურნეობა განიმარტება, როგორც „გულმოდგინება და რაღაცის გაკეთების ძლიერი სურვილი“. დღეს მთელ მსოფლიოში 7 მილიონზე მეტი ქრისტიანი იეჰოვას სახლის მოშურნეა. და მაინც, თითოეულმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „როგორ გამოვავლინო იეჰოვას სახლის მიმართ მოშურნეობა უფრო მეტად?“ სანამ ამ კითხვას ვუპასუხებთ, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა იგულისხმება დღეს ღვთის სახლში და შემდეგ განვიხილოთ ღვთის სახლის მოშურნე ადამიანების მაგალითები. ეს შემთხვევები ბიბლიაში „ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“. ისინი აღგვძრავს, რომ უფრო მეტად ვიყოთ მოშურნეები (რომ. 15:4).
ღვთის სახლი — ძველად და ახლა
4. რა მიზანს ემსახურებოდა სოლომონის აგებული ტაძარი?
4 ძველ ისრაელში ღვთის სახლი იერუსალიმის ტაძარი იყო. ცხადია, იეჰოვა იქ პირდაპირი გაგებით არ მკვიდრობდა. აი რა თქვა მან: „ზეცა ჩემი ტახტია და დედამიწა ჩემი ფეხსადგამი. სად არის სახლი, რომელსაც ამიშენებთ და სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?“ (ეს. 66:1). მიუხედავად ამისა, სოლომონის მეფობის პერიოდში აშენებული ტაძარი იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი უმთავრესი ადგილი იყო, სადაც ლოცვები აღევლინებოდა (1 მეფ. 8:27—30).
5. რა იგულისხმება დღეს ღვთის სახლში?
5 დღეს იეჰოვას სახლი არც იერუსალიმშია და არც სადმე სხვაგან; ის არც რაიმე სახის ნაგებობაა. ღვთის სახლში დღეს იგულისხმება სულიერი ტაძარი ანუ წმინდა თაყვანისმცემლობით ღმერთთან მიახლოების საშუალება. ეს ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. ღვთის ყველა ერთგული მიწიერი მსახური გაერთიანებულად სცემს იეჰოვას თაყვანს ამ სულიერ ტაძარში (ეს. 60:4, 8, 13; საქ. 17:24; ებრ. 8:5; 9:24).
6. იუდას რომელი მეფეები იყვნენ წმინდა თაყვანისმცემლობის მოშურნეები?
6 ისრაელის სამეფოს ორად გაყოფის შემდეგ, ძვ. წ. 997 წლიდან მოყოლებული, იუდას ცხრამეტი მეფიდან მხოლოდ ოთხი ავლენდა წმინდა თაყვანისმცემლობისადმი განსაკუთრებულ
მოშურნეობას. ესენი იყვნენ: ასა, იეჰოშაფატი, ხიზკია და იოშია. რის სწავლა შეიძლება მათგან?მთელი გულით მსახურებას კურთხევები მოაქვს
7, 8. ა) რა შემთხვევაში აკურთხებს იეჰოვა ჩვენს მსახურებას? ბ) რის სწავლა შეიძლება მეფე ასას შემთხვევიდან?
7 ასას მეფობის პერიოდში იეჰოვა თავის ხალხს წინასწარმეტყველთა მეშვეობით ხელმძღვანელობდა. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ასამ მოუსმინა წინასწარმეტყველ აზარიას, ოდედის ძეს (წაიკითხეთ 2 მატიანეს 15:1—8). ასას მიერ გატარებულმა რეფორმებმა გააერთიანა მთელი იუდა, ასევე დიდ ზეიმში მონაწილეობის მისაღებად ისრაელის სამეფოდან იერუსალიმში ჩასული უამრავი ხალხი. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ მთელი გულით უერთგულებდნენ ღმერთს. „შეჰფიცეს იეჰოვას დიდი ხმით, მხიარული შეძახილითა და სხვადასხვანაირი საყვირის ახმიანებით. მთელი იუდა ხარობდა ამ ფიცით, რადგან მთელი გულით დაიფიცეს, სიამოვნებით ეძებდნენ ღმერთს და მანაც აპოვნინა მათ თავი. კვლავაც მშვიდობას აძლევდა იეჰოვა მათ ყოველი მხრიდან“ (2 მატ. 15:9—15). იეჰოვა ჩვენც გვაკურთხებს, თუ მას მთელი გულით ვემსახურებით (მარ. 12:30).
8 სამწუხაროდ, მოგვიანებით ასა განარისხა წინასწარმხილველ ხანანის ნათქვამმა (2 მატ. 16:7—10). ჩვენ როგორ ვრეაგირებთ, როცა იეჰოვა ქრისტიანი უხუცესების მეშვეობით გვაძლევს რჩევებს ან მითითებებს? განაწყენების გარეშე ვიღებთ წმინდა წერილებზე დაფუძნებულ რჩევებს?
9. რა საფრთხის წინაშე იდგა იეჰოშაფატი და მთელი იუდა და როგორ მოიქცნენ ისინი?
9 მეფე იეჰოშაფატი დაახლოებით ძვ. წ. X საუკუნეში მართავდა იუდას სამეფოს. იმ დროს მთელ ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა ამონის, მოაბისა და სეირის მხრიდან. შიშის მიუხედავად, მეფე გულხელდაკრეფილი არ დამჯდარა. მთელი ერი, დიდიან-პატარიანად იეჰოვას სახლში შეიკრიბა, რათა ღვთისთვის მიემართათ ლოცვით (წაიკითხეთ 2 მატიანეს 20:3—6 ). ტაძრის მიძღვნის დროს სოლომონის მიერ წარმოთქმული ლოცვის თანახმად, იეჰოშაფატმა იეჰოვას შესთხოვა: „ჩვენო ღმერთო, განა არ აღასრულებ მათზე განაჩენს?! ძალა არ შეგვწევს წინ აღვუდგეთ ჩვენ წინააღმდეგ გამოსულ ამ დიდ ბრბოს და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ამიტომ შენ შემოგყურებს ჩვენი თვალები“ (2 მატ. 20:12, 13). იეჰოშაფატის ლოცვის შემდეგ, „იეჰოვას სული გადმოვიდა შუაგულ კრებულში“ ლევიან იახაზიელზე. მისმა ნათქვამმა ხალხს იმედი ჩაუსახა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 20:14—17 ).
10. ა) ვისი მეშვეობით მიიღეს მითითებები იეჰოშაფატმა და მთელმა იუდამ? ბ) რით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას ხელმძღვანელობას?
10 იეჰოშაფატმა და მთელმა იუდამ იახაზიელის მეშვეობით იეჰოვასგან მიიღეს ხელმძღვანელობა. დღეს ჩვენ მითითებებსა და ნუგეშს ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით ვიღებთ. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, ვითანამშრომლოთ კრებაში დანიშნულ უხუცესებთან და დავაფასოთ ისინი, რადგან ერთგული და გონიერი მონის მითითებებით გვხელმძღვანელობენ და ზრუნავენ ჩვენზე (მათ. 24:45; 1 თეს. 5:12, 13).
11, 12. რის სწავლა შეგვიძლია იეჰოშაფატისა და ისრაელი ერის მაგალითიდან?
11 ღვთის ხელმძღვანელობის მისაღებად იეჰოშაფატი და მისი ხალხი ერთად შეიკრიბნენ. მათ მსგავსად, ჩვენც ყოველთვის უნდა ვესწრებოდეთ კრების შეხვედრებს, სადაც თანამორწმუნეებთან ერთად ვიკრიბებით. რთული სიტუაციების დროს, როცა არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, კარგი იქნება, თუ ლოცვით მივმართავთ იეჰოვას და მთელი გულით მივენდობით მას, როგორც ეს იეჰოშაფატმა და მისმა ხალხმა გააკეთეს (იგავ. 3:5, 6; ფილ. 4:6, 7). მაშინაც კი, თუ თანაქრისტიანებისგან ვართ მოწყვეტილი, იეჰოვასადმი მიმართული ჩვენი სათხოვარი გვეხმარება, გვახსოვდეს, რომ დიდი საძმოს ნაწილი ვართ (1 პეტ. 5:9).
12 იეჰოშაფატი და მისი ხალხი მიჰყვა იმ მითითებებს, რომელიც ღმერთმა მათ იახაზიელის მეშვეობით გადასცა. შედეგად მათ გაიმარჯვეს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და „სიხარულით 2 მატ. 20:27, 28). ჩვენც ვაფასებთ იეჰოვას ხელმძღვანელობას, რომელსაც ის „გონიერი მონის“ მეშვეობით გვაძლევს და ვადიდებთ ღმერთს.
დაბრუნდნენ . . . ქნარებით, სხვა სიმებიანი საკრავებითა და საყვირებით მივიდნენ ისინი იერუსალიმში, იეჰოვას სახლში“ (გავუფრთხილდეთ ჩვენი შეხვედრების ადგილებს
13. რა საქმე წამოიწყო ხიზკიამ გამეფებისთანავე?
13 გამეფებისთანავე მეფე ხიზკიამ განაახლა და შეაკეთა ტაძარი, რითაც მოშურნეობა გამოავლინა იეჰოვას თაყვანისმცემლობის მიმართ. მან შეკრიბა მღვდლები და ლევიანები და ღვთის სახლის განწმენდა დაავალა. მათ 16 დღეში განწმინდეს იეჰოვას სახლი (წაიკითხეთ 2 მატიანეს 29:16—18). მათი გულმოდგინება შეგვახსენებს იმას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი შეხვედრების ადგილებს და საჭიროების შემთხვევაში მათ შეკეთებაზეც ვიზრუნოთ. ასე დავამტკიცებთ, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობის მოშურნეები ვართ. ალბათ გსმენიათ, რა დადებითად მოქმედებს სხვებზე იმ და-ძმების გულმოდგინება, რომლებიც მსგავს სამუშაოებს ასრულებენ. თავიანთი მონდომებითა და ენთუზიაზმით ისინი იეჰოვას განადიდებენ.
14, 15. რა საქმეს მოაქვს დღეს იეჰოვასთვის დიდება? მოიყვანეთ მაგალითები.
14 ჩრდილოეთ ინგლისის ერთ ქალაქში ძმები სამეფო დარბაზის შეკეთებას აპირებდნენ. მეზობლად მცხოვრები ერთი კაცი ამის წინააღმდეგი იყო. დარბაზთან ერთად შესაკეთებელი იყო ის კედელიც, რომელიც სამეფო დარბაზსა და ამ კაცის ტერიტორიას ერთმანეთისგან ჰყოფდა. ძმები მეზობელს თავაზიანად და პატივისცემით დაელაპარაკნენ და კედლის საკუთარი ხარჯებით შეკეთება შესთავაზეს. დიდი გარჯის შედეგად ძმებმა არა მარტო კედელი შეაკეთეს, არამედ მისი უმეტესი ნაწილი ხელახლა ააშენეს. ასეთმა სიკეთემ ეს კაცი მთლიანად შეცვალა. დღესდღეობით ის ყურადღებასაც კი აქცევს სამეფო დარბაზს.
15 იეჰოვას ხალხი მთელ მსოფლიოში სამშენებლო საქმითაც არის დაკავებული. ადგილობრივი მოხალისეები სიხარულით ეხმარებიან საერთაშორისო მსახურებს არა მარტო სამეფო დარბაზების, არამედ საკონგრესო დარბაზებისა და ბეთელების მშენებლობაში. სემი გათბობისა და ვენტილაციის სისტემების გამოცდილი სპეციალისტია. მან და მისმა მეუღლემ, რუთმა, ევროპისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში არაერთ სამშენებლო პროექტში მიიღეს მონაწილეობა.
ამას გარდა, ისინი ყველგან უკავშირდებოდნენ ადგილობრივ კრებას და კრების წევრებთან ერთად ქადაგებდნენ. სემი გვიხსნის, თუ რამ გაუჩინა მას საერთაშორისო სამშენებლო პროგრამაში მონაწილეობის სურვილი: „ამისკენ სხვადასხვა ბეთელში მომსახურე და-ძმების გულმოდგინებამ და სიხარულმა აღმძრა“.მიჰყევით ღვთის მითითებებს
16, 17. რა განსაკუთრებულ საქმეში მონაწილეობს ღვთის ხალხი და რა შედეგები მოაქვს ამას?
16 ტაძრის შეკეთების გარდა, ხიზკიამ აღადგინა პასექის ყოველწლიური დღესასწაული, რომლის აღნიშვნაც იეჰოვას კანონით მოითხოვებოდა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 30:1, 4, 5 ). ხიზკიამ და იერუსალიმის მცხოვრებლებმა ზეიმზე მოიწვიეს მთელი ერი, ჩრდილოეთ სამეფოში მცხოვრები იუდეველების ჩათვლით. მალემსრბოლებმა მთელ ისრაელსა და იუდაში გაავრცელეს მოსაწვევი წერილები (2 მატ. 30:6—9).
17 ბოლო წლებში ჩვენც მსგავს საქმეს ვეწევით. ლამაზად გაფორმებული მოსაწვევების მეშვეობით ჩვენც ვიწვევთ ხალხს უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად, რომელიც იესომ დაგვიწესა (ლუკ. 22:19, 20). ჩვენ ვითვალისწინებთ, რასაც სამსახურებრივ შეხვედრაზე ვსწავლობთ და გულმოდგინედ ვმონაწილეობთ მოსაწვევების გავრცელებაში; იეჰოვას კურთხევებიც არ აყოვნებს. მაგალითად, გასულ წელს 7 მილიონზე მეტმა იეჰოვას მოწმემ მიიღო მონაწილეობა ამ საქმეში, რის შედეგადაც გახსენების საღამოს 17 790 631 ადამიანი დაესწრო.
18. რატომ უნდა გამოვავლინოთ მოშურნეობა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიმართ?
18 ბიბლიაში ხიზკიას შესახებ ვკითხულობთ: „ის იეჰოვას, ისრაელის ღმერთზე იყო მინდობილი. არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის. მიეკრა ის იეჰოვას და არ განდგომია მას, არამედ იცავდა მის მცნებებს, რომლებიც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“ (2 მეფ. 18:5, 6). მოდი, მივბაძოთ ხიზკიას. ღვთის სახლის მოშურნეობა დაგვეხმარება, ‘მივეკრათ იეჰოვას’ და გვქონდეს მარადიული სიცოცხლის იმედი (კან. 30:16).
დაუყოვნებლივ გამოვეხმაუროთ მითითებებს
19. როგორ ავლენენ კრების წევრები გულმოდგინებას გახსენების საღამოს პერიოდში?
19 მეფე იოშიამაც ბრძანა პასექის დღესასწაულის აღნიშვნა და სერიოზულად დაიწყო მისთვის მზადება (2 მეფ. 23:21—23; 2 მატ. 35:1—19). ჩვენც განსაკუთრებით ვემზადებით საოლქო, სარაიონო და სპეციალური ერთდღიანი კონგრესებისთვის, ასევე უფლის გახსენების საღამოსთვის. ზოგ ქვეყანაში ძმები სიცოცხლესაც კი იგდებენ საფრთხეში, რათა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღნიშნონ. უხუცესები გულმოდგინედ ცდილობენ, რომ ამ შეხვედრას კრების არც ერთი წევრი არ დააკლდეს. ძმები იმაზეც ზრუნავენ, რომ გახსენების საღამოს ხანდაზმულებიც დაესწრონ და დაუძლურებულებიც.
20. ა) რა მოხდა იოშიას მეფობის პერიოდში და როგორ მოიქცა ის? ბ) რა უნდა გვესმოდეს კარგად?
20 იოშიას მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების დროს მღვდელმთავარმა „ხილკიამ იპოვა მოსეს ხელით გადმოცემული იეჰოვას კანონის წიგნი“. მან წიგნი გადასცა სამეფო კარის მწერალ შაფანს, რომელმაც ის მეფე იოშიას წაუკითხა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 34:14—18). კანონის სიტყვების მოსმენისთანავე, მეფემ ტანსაცმელი შემოიხია და თავის მსახურებს უბრძანა, რჩევა ეკითხათ იეჰოვასთვის. წინასწარმეტყველ ხულდას პირით ღმერთმა დაგმო იუდაში არსებული რელიგიური გახრწნილება. თუმცა ღმერთს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რა გულმოდგინედ ცდილობდა იოშია ამ სიბილწის აღმოფხვრას. იოშიამ ღვთის თვალში კეთილგანწყობა ჰპოვა მიუხედავად იმისა, რომ მისი ერი თავს ვერ დააღწევდა ნაწინასწარმეტყველებ უბედურებას (2 მატ. 34:19—28). რის სწავლა შეიძლება ამ შემთხვევიდან? ჩვენც იგივე მიზანი უნდა გვამოძრავებდეს, რაც იოშიას. დაუყოვნებლივ უნდა გამოვეხმაუროთ იეჰოვას მითითებებს და კარგად გვესმოდეს, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ჩვენს თაყვანისმცემლობას განდგომილებამ და ორგულობამ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას არც ჩვენი მოშურნეობა დარჩება შეუმჩნეველი.
21, 22. ა) რატომ უნდა ვიყოთ იეჰოვას სახლის მოშურნეები? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
21 ზემოთ მოხსენიებულმა იუდას ოთხმა მეფემ — ასამ, იეჰოშაფატმა, ხიზკიამ და იოშიამ — ღვთის სახლისა და თაყვანისმცემლობის მიმართ მოშურნეობის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს. მოშურნეობამ ჩვენც უნდა აღგვძრას, მივენდოთ იეჰოვას და უფრო მეტი გავაკეთოთ ღვთის თაყვანისმცემლობისთვის. ღვთის მითითებების მიყოლას და იმ რჩევების გათვალისწინებას, რომლებიც კრების უხუცესების მეშვეობით ჩვენდა სასიკეთოდ გვეძლევა, ბედნიერება მოაქვს.
22 მომდევნო სტატიაში საუბარი იქნება იმაზე, თუ რატომ უნდა ვავლენდეთ მოშურნეობას მსახურებაში და რა დაეხმარება ახალგაზრდებს, გულმოდგინედ ემსახურონ მოსიყვარულე ზეციერ მამას. ასევე განვიხილავთ, როგორ დავიცვათ თავი სატანის ყველაზე გამხრწნელი ზეგავლენისგან. თუ მთელი გულით ვცდილობთ იეჰოვას შეხსენებების გათვალისწინებას, ვბაძავთ იესოს, ღვთის ძეს, რომელზეც ბიბლიაში ნათქვამია: „შენი სახლის მოშურნეობამ შემჭამა“ (ფსალმ. 69:9; 119:111, 129; 1 პეტ. 2:21).
გახსოვთ?
• როგორ მსახურებას აკურთხებს იეჰოვა და რატომ?
• როგორ დავამტკიცებთ, რომ ვენდობით იეჰოვას?
• როგორ გვეხმარება გულმოდგინება, დავემორჩილოთ ღვთის მითითებებს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 9 გვერდზე]
როგორ ავლენდნენ მოშურნეობას იეჰოვას სახლის მიმართ ასა, იეჰოშაფატი, ხიზკია და იოშია?