არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შენი ერთგულება გულს უხარებს იეჰოვას

შენი ერთგულება გულს უხარებს იეჰოვას

შენი ერთგულება გულს უხარებს იეჰოვას

„შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავ. 27:11).

1, 2. ა) როგორც წიგნ „იობიდან“ ვიგებთ, რა ბრალდებები წამოაყენა სატანამ? ბ) საიდან ჩანს, რომ სატანა იობის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს იეჰოვას „დაცინვას“?

იეჰოვამ ნება დართო სატანას, ღვთისმოსავი იობის უმწიკვლობა გამოეცადა. შედეგად იობმა დაკარგა საქონელი, შვილები და ჯანმრთელობა. სატანას მხოლოდ იობის ერთგულება არ დაუყენებია ეჭვქვეშ, რაც კარგად გამოჩნდა მისი სიტყვებიდან: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“. სატანის მიერ წამოჭრილი საკითხი მხოლოდ იობს არ ეხებოდა და მისი სიკვდილიდან მრავალი წლის შემდეგ კვლავაც ძალაში რჩება (იობ. 2:4).

2 იობის განსაცდელებიდან დაახლოებით 600 წლის შემდეგ სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავ. 27:11). აშკარაა, რომ სატანა მაშინაც უპირისპირდებოდა იეჰოვას. მოციქულმა იოანემ იხილა 1914 წელს ღვთის სამეფოს დამყარების შემდეგ ზეციდან გადმოგდებული სატანა, რომელიც ბრალს სდებდა ღვთის მსახურებს. დღესაც, ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში, სატანა კვლავ ეჭვქვეშ აყენებს ღვთის მსახურების უმწიკვლობას (გამოცხ. 12:10).

3. რას ვსწავლობთ წიგნ „იობიდან“?

3 წიგნ „იობიდან“ სამ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ. პირველი: იობის შემთხვევა გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში ადამიანთა მტერი და ღვთის ხალხის მოწინააღმდეგე სატანა ეშმაკია. მეორე: ღმერთთან ახლო ურთიერთობა ნებისმიერი განსაცდელის დროს უმწიკვლობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მესამე: ღმერთი დაგვეხმარება განსაცდელების ატანაში, როგორც ეს იობის შემთხვევაში გააკეთა. დღეს იეჰოვა ამას თავისი სიტყვის, ორგანიზაციისა და წმინდა სულის მეშვეობით აკეთებს.

გვახსოვდეს, ვინ არის ჩვენი მტერი

4. ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება?

4 მრავალს არ სჯერა სატანის არსებობის. ისინი ხედავენ, რა სავალალო მდგომარეობაშია მსოფლიო, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამის უკან სატანა ეშმაკი დგას. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირ შემთხვევაში ტანჯვის მიზეზი თავად ადამიანები არიან. ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა, ადამმა და ევამ, მოინდომეს ღვთისგან დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ადამიანები თავიანთი უგუნური საქციელით იმრუდებენ გზას. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ევა ეშმაკის წაქეზებით წავიდა ღვთის წინააღმდეგ. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ქვეყნიერებას, რომელშიც არასრულყოფილი და სიკვდილის მონობაში მყოფი ადამიანები ცხოვრობენ. ამ „ქვეყნიერების ღმერთი“ სატანაა, ამიტომ მთლიანობაში ადამიანებიც ძალიან ჰგვანან მას თვისებებით. ისინი ამაყები, კონფლიქტურები, შურიანები, მატყუარები და ურჩები არიან (2 კორ. 4:4; 1 ტიმ. 2:14; 3:6; წაიკითხეთ იაკობის 3:14, 15 ). ასეთი თვისებები კარგ ნიადაგს უქმნის პოლიტიკურ თუ რელიგიურ კონფლიქტებს, სიძულვილს, კორუფციასა და სიხარბეს, რაც მსოფლიოში მრავალი უბედურების მიზეზი ხდება.

5. როგორ ვიყენებთ ჩვენს ცოდნას?

5 ნამდვილად უნდა დავაფასოთ ის, რაც ჩვენ, იეჰოვას მსახურებმა ვიცით. ჩვენთვის ნათელია, ვის გამო უარესდება მდგომარეობა მსოფლიოში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გვიჩნდება სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის სურვილი, რათა ადამიანებს გავაგებინოთ, ვინ არის ჩვენი პრობლემების თავიდათავი. გვიხარია, რომ შეგვიძლია ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას მხარე დავიკავოთ და სხვებსაც გავაგებინოთ, როგორ გაანადგურებს ის ეშმაკს და ბოლოს მოუღებს ადამიანთა ტანჯვას.

6, 7. ა) ვინ არის დამნაშავე ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლების დევნაში? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ელიჰუს?

6 სატანა მხოლოდ დედამიწაზე არსებულ მრავალ უბედურებაში არ არის დამნაშავე. ღვთის ხალხიც მის გამო ხვდება მრავალ წინააღმდეგობას. მას ყველა ჩვენგანის გამოცდა სურს. იესომ პეტრეს ასეთი სიტყვები უთხრა: „სიმონ, სიმონ, აი, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ“ (ლუკ. 22:31). ვინც იესოს ნაკვალევს მივყვებით, მეტ-ნაკლებად ყველას მოგვიწევს განსაცდელების გადატანა. პეტრემ ეშმაკი „მბრდღვინავ ლომს“ შეადარა, რომელიც „ეძებს, ვინ გადაყლაპოს“. პავლემ კი გაგვაფრთხილა: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (1 პეტ. 5:8; 2 ტიმ. 3:12).

7 როგორ ვაჩვენოთ, რომ არ გვავიწყდება, ვინ არის ჩვენი მტერი, როცა თანამორწმუნეს რაიმე უბედურება ატყდება? ამ დროს თავს შორს კი არ ვიჭერთ გაჭირვებული თანამორწმუნისგან, არამედ ელიჰუს ვბაძავთ, რომელიც ნამდვილი მეგობარივით ამოუდგა იობს მხარში. ჩვენ გაჭირვებული თანაქრისტიანის გვერდით ვდგებით, რათა ერთად შევეწინააღმდეგოთ საერთო მტერს, სატანას (იგავ. 3:27; 1 თეს. 5:25). ჩვენი მიზანია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, თანაქრისტიანს ერთგულების შენარჩუნებაში დავეხმაროთ, რათა მან გული გაუხაროს იეჰოვას.

8. რას ვერ მიაღწია სატანამ იობის შემთხვევაში და რატომ?

8 პირველ რიგში, სატანამ იობს საქონელი დააკარგვინა, რაც შესაძლოა მისი შემოსავლის წყარო იყო. გარდა ამისა, იობი პირუტყვს ღმერთსაც სწირავდა. მას შემდეგ, რაც იობის შვილები განიწმინდებოდნენ: «იგი დილით ადრე დგებოდა და მათი [შვილების] რიცხვის მიხედვით სწირავდა დასაწვავ მსხვერპლს, ამბობდა: „იქნებ შესცოდეს ჩემმა ვაჟებმა და დაგმეს ღმერთი თავიანთ გულში“. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი» (იობ. 1:4, 5). იობი ღმერთს სისტემატურად სწირავდა მსხვერპლს, მაგრამ, როგორც კი მისი განსაცდელები დაიწყო, ამას ვეღარ აკეთებდა. იობმა დაკარგა ქონება, რითაც პატივს მიაგებდა იეჰოვას (იგავ. 3:9). ახლა მას მხოლოდ თავისი ბაგეებით შეეძლო განედიდებინა ღმერთი, რასაც აკეთებდა კიდეც.

ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან

9. რა არის ყველაზე ძვირფასი ჩვენს ცხოვრებაში?

9 მატერიალური მდგომარეობის, ასაკისა თუ ჯანმრთელობის მიუხედავად ყველას შეგვიძლია დავუახლოვდეთ იეჰოვას. ნებისმიერ განსაცდელში იეჰოვასთან სიახლოვე დაგვეხმარება, ერთგულები დავრჩეთ და გული გავუხაროთ მას. მათაც კი, ვინც ბევრი არაფერი იცოდა ჭეშმარიტების შესახებ, მტკიცედ დაიკავეს ღვთის მხარე და ბოლომდე ერთგულები დარჩნენ.

10, 11. ა) როგორ შეხვდა ერთი და ერთგულების გამოცდას? ბ) რა პასუხი გასცა მან სატანას?

10 მაგალითად მოვიყვანოთ ვალენტინა გარნოვსკაიას შემთხვევა. ის ერთ-ერთი იყო იმ მრავალ რუს და-ძმას შორის, რომლებმაც იობის მსგავსად მძიმე განსაცდელების მიუხედავად უმწიკვლობა შეინარჩუნეს. 1945 წელს 20 წლის ვალენტინას ერთმა ძმამ უქადაგა. მათ კიდევ ორჯერ ისაუბრეს ბიბლიურ თემებზე, რის შემდეგაც ეს ძმა აღარ გამოჩენილა. მიუხედავად ამისა, ვალენტინამ მეზობლებთან დაიწყო ქადაგება. ამის გამო ის დააპატიმრეს და რვა წელი შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს. 1953 წელს, გათავისუფლების შემდეგ ის მაშინვე შეუდგა ქადაგებას, რის გამოც კვლავ დააპატიმრეს და ამჯერად ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. წლების შემდეგ ის ერთი ბანაკიდან მეორეში გადაიყვანეს, სადაც შეხვდა დებს, რომლებსაც ბიბლია ჰქონდათ. ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთმა დამ ვალენტინას ბიბლია აჩვენა. მისთვის ეს დაუვიწყარი წუთები იყო. ერთადერთი ბიბლია, რომელიც მას მანამდე ჰქონდა ნანახი, იყო იმ ძმის ბიბლია, რომელმაც მას 1945 წელს უქადაგა.

11 ვალენტინა 1967 წელს გაათავისუფლეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მან იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მონათვლა. ის მაქსიმალურად იყენებდა თავისუფლებას და გულმოდგინედ ქადაგებდა 1969 წლამდე, ვიდრე არ დააპატიმრეს და სამწლიანი პატიმრობა არ მიუსაჯეს. ვალენტინას ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია ქადაგება. სიკვდილამდე (2001 წლამდე) ის 44 ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში. მან 21 წელი გაატარა ციხეებსა და შრომა-გასწორების კოლონიებში. ვალენტინამ ყველაფერზე უარი თქვა, მათ შორის თავისუფლებაზე, რათა ბოლომდე ერთგული დარჩენილიყო. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თქვა: „ჩემი კუთხე არასდროს მქონია. მთელი ჩემი ნივთები ერთ ჩემოდანში ეტეოდა, მაგრამ იეჰოვას მსახურებით ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი“. რა შესანიშნავად გასცა ვალენტინამ პასუხი სატანას, რომლის მტკიცებითაც განსაცდელების დროს ადამიანი არ დარჩება ღვთის ერთგული! (იობ. 1:9—11) გვჯერა, რომ მან გული გაუხარა იეჰოვას და ისიც მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა ვალენტინასა თუ სხვა ერთგულ მსახურებს აღდგომის მეშვეობით სიცოცხლეს დაუბრუნებს (იობ. 14:15).

12. რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული იეჰოვასთან ურთიერთობაში?

12 იეჰოვასთან ჩვენს მეგობრობას სიყვარული უდევს საფუძვლად. ჩვენ გვხიბლავს მისი თვისებები და ვცდილობთ ისე ვიცხოვროთ, რომ არ დავივიწყოთ, რა არის მისი განზრახვა. ჩვენ იეჰოვა უანგაროდ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გვიყვარს, თუმცაღა ეშმაკი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს. სწორედ ასეთი სიყვარული გვაძლევს იმის ძალებს, რომ გავუძლოთ ნებისმიერ განსაცდელს. იეჰოვა კი თავის მხრივ, „ერთგულთა გზას დაიფარავს“ (იგავ. 2:8; ფსალმ. 97:10).

13. სინამდვილეში, რას აქვს მნიშვნელობა იეჰოვასთვის?

13 სიყვარული აღგვძრავს, პატივი მივაგოთ ღვთის სახელს მაშინაც კი, თუ ვგრძნობთ, რომ ბევრის გაკეთება არ შეგვიძლია. ის ხედავს ჩვენს მოტივებს და არ განგვსჯის, თუ იმდენს ვერ ვაკეთებთ, რამდენიც გვინდა. მთავარი ის კი არ არის, რას ვაკეთებთ, არამედ რატომ ვაკეთებთ. უდიდესი ტანჯვის დროსაც კი, იობი თავის ბრალმდებლებს იეჰოვას კანონების სიყვარულზე ელაპარაკებოდა (წაიკითხეთ იობის 10:12; 28:28). წიგნ „იობის“ ბოლო თავიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა განურისხდა ელიფაზს, ბილდადსა და ცოფარს, რადგან ჭეშმარიტება არ ილაპარაკეს. იობის მიმართ იეჰოვამ მოწონება იმით გამოხატა, რომ ოთხჯერ უწოდა თავისი მსახური და დაავალა, თავისი ვაი-მანუგეშებლებისთვის ელოცა (იობ. 42:7—9). ჩვენც ისე უნდა ვიქცეოდეთ, რომ იეჰოვა ყოველთვის წყალობის თვალით გვიყურებდეს.

იეჰოვა მხარს უჭერს თავის მსახურებს

14. როგორ დაეხმარა იეჰოვა იობს თვალსაზრისის შეცვლაში?

14 იობი არასრულყოფილების მიუხედავად ერთგული დარჩა, თუმცა მძიმე წუთებში ზოგჯერ არასწორად მსჯელობდა. მაგალითად, მან იეჰოვას უთხრა: „შველასა გთხოვ, მაგრამ არ მპასუხობ . . . მთელი შენი მკლავის ძლიერებით მემტერები“. იობი უფრო თავის გამართლებაზე ფიქრობდა, როცა ამბობდა: „არაფერი დამიშავებია“, „ჩემს ხელს ძალადობა არ გაჰკარებია და ჩემი ლოცვა სუფთაა“ (იობ. 10:7; 16:17; 30:20, 21). ყველაფრის მიუხედავად იეჰოვა რბილად მიუდგა იობს და დამაფიქრებელი კითხვებით დაეხმარა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა; ამ კითხვებით ისიც დაანახვა, თუ რამდენად აღმატებულია ღმერთი ადამიანზე. იობმა ყურად იღო ღვთის სიტყვები და აღიარა, რომ ცდებოდა (წაიკითხეთ იობის 40:8; 42:2, 6).

15, 16. რა საშუალებებით გვეხმარება დღეს იეჰოვა?

15 იეჰოვა დღესაც გვხელმძღვანელობს და რჩევებს გვაძლევს. ის უფრო მეტსაც აკეთებს ჩვენს საკეთილდღეოდ. მაგალითად, იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ჩვენთვის ცოდვების მიტევება. სწორედ ამიტომ შეგვიძლია, არასრულყოფილების მიუხედავად ღმერთს დავუახლოვდეთ (იაკ. 4:8; 1 იოან. 2:1). განსაცდელების დროს ღმერთს დახმარებას და წმინდა სულს ვთხოვთ. თანაც გვაქვს ბიბლია; მისი კითხვა და წაკითხულზე ფიქრი რწმენის გამოცდებისთვის გვამზადებს. ბიბლიის შესწავლა გვეხმარება, ღრმად ჩავწვდეთ ღვთის უზენაესობასა და ჩვენს უმწიკვლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

16 გარდა ამისა, ჩვენ მსოფლიო საძმოს წევრები ვართ და იეჰოვა ყველას გვაძლევს სულიერ საზრდოს „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით (მათ. 24:45—47). ქრისტიანული შეხვედრები, რომლებიც დაახლოებით 100 000 კრებაში ტარდება, მომავალი განსაცდელებისთვის გვამზადებს. ამას ადასტურებს ერთი გერმანელი მოზარდი გოგონას, შაილას მაგალითი.

17. როგორ აჩვენებს ერთი დის მაგალითი, რომ გონივრულია მივყვეთ იეჰოვას ორგანიზაციის მითითებებს?

17 ერთ დღეს, როცა მასწავლებელი კლასში არ იყო, შაილას თანაკლასელებმა გადაწყვიტეს, სპეციალური დაფით ემკითხავათ. შაილა მაშინვე გავიდა საკლასო ოთახიდან და არც უნანია, რომ ასე მოიქცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მკითხაობის დროს დემონებისგან შეშინებული ზოგი მისი კლასელი გარეთ გავარდა. რამ გადააწყვეტინა შაილას, დროზე დაეტოვებინა საკლასო ოთახი? ის ამბობს: „ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, კრების შეხვედრაზე განვიხილეთ, რამდენად საშიშია სამკითხაო დაფა. ამიტომ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მინდოდა, იეჰოვა გამეხარებინა, როგორც ეს იგავების 27:11-ში წერია“. შაილასთვის მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა კრების შეხვედრაზე დასწრება და პროგრამის ყურადღებით მოსმენა.

18. პირადად თქვენ, რისი გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი?

18 ჩვენც მტკიცედ უნდა გადავწყვიტოთ, ფეხდაფეხ მივყვეთ იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მოცემულ მითითებებს. კრების შეხვედრებზე დასწრება, ბიბლიის კითხვა, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების კვლევა, ლოცვა და მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერთობა სწორ გზაზე დარჩენაში დაგვეხმარება. იეჰოვას სურს, რომ უმწიკვლობა შევინარჩუნოთ და იმედოვნებს, რომ ეს ასეც იქნება. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ ღვთის სახელს, შევინარჩუნოთ უმწიკვლობა და გული გავუხაროთ იეჰოვას!

გახსოვთ თუ არა?

• რაში მიუძღვის ბრალი სატანას?

• რა არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი?

• რა უდევს საფუძვლად იეჰოვასთან ჩვენს მეგობრობას?

• რა საშუალებებით გვეხმარება იეჰოვა დღეს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 8 გვერდზე]

გაქვთ სურვილი, ღვთის შესახებ ძვირფასი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროთ?

[სურათი 9 გვერდზე]

ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ თანამორწმუნეებს ერთგულების შენარჩუნებაში

[სურათი 10 გვერდზე]

ვალენტინამ ყველაფერი დათმო, ღვთის ერთგული რომ დარჩენილიყო