არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ეს არის გზა, იარეთ მასზე“

„ეს არის გზა, იარეთ მასზე“

„ეს არის გზა, იარეთ მასზე“

ემილია პედერსონის ისტორია

მოგვითხრო რუთ პაპასმა

დედაჩემი, ემილია პედერსონი 1878 წელს დაიბადა. ის მასწავლებელი იყო, თუმცა ოცნებად ჰქონდა, ხალხს ღმერთთან დაახლოებაში დახმარებოდა. დედის სურვილზე ის უშველებელი სკივრი მოწმობდა, რომელიც პატარა ქალაქ ჯასპერში (მინესოტა, აშშ) ცხოვრების დროს სახლში გვედგა. ეს სკივრი დედამ ჩინეთში მისიონერად მსახურებისთვის შეიძინა. მაგრამ მისი გეგმები დედის სიკვდილმა შეცვალა, რადგან უმცროსი და-ძმების გამო სახლში მოუწია დარჩენა. 1907 წელს ის ცოლად გაჰყვა თეოდორ ჰოლინს. მე 1925 წლის 2 დეკემბერს დავიბადე და შვიდ დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი.

დედაჩემს ბიბლიიდან მრავალი საკითხი აინტერესებდა. ერთ-ერთი საკითხი ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ სწავლება იყო. როცა ლუთერანული ეკლესიის ერთ-ერთ მსახურს ჰკითხა, როგორ შეიძლებოდა ბიბლიით ამ სწავლების დასაბუთება, მან მიუგო, რომ ბიბლიაში ჩაწერილს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო ხალხისთვის ჯოჯოხეთის შესახებ ესწავლებინათ.

სულიერი წყურვილის მოკვლა

დაახლოებით 1900 წელს დეიდაჩემი ემა მუსიკის შესასწავლად ნორთფილდში (მინესოტა) გადავიდა. ის თავისი მასწავლებლის, მილიუს კრისტიანსონის ოჯახში დარჩა, რომლის მეუღლეც ბიბლიის მკვლევარი იყო (იმ დროს ამ სახელით იცნობდნენ იეჰოვას მოწმეებს). მასთან საუბარში ემამ აღნიშნა, რომ მისი და გულმოდგინედ კითხულობდა ბიბლიას. მალევე მისის კრისტიანსონმა დედაჩემს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც მისთვის საინტერესო ბიბლიურ კითხვებზე პასუხებს სწერდა.

ერთ მშვენიერ დღეს სუ-ფოლზიდან (სამხრეთი დაკოტა) ჯასპერში საქადაგებლად მატარებლით ჩამოვიდა ბიბლიის მკვლევარი ლორა ოუთაუთი. დედამ ლორას მიერ დატოვებული ბიბლიური პუბლიკაციების შესწავლა დაიწყო, 1915 წელს კი თავადაც შეუდგა მათ გავრცელებასა და ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარებას.

1916 წელს დედამ შეიტყო, რომ ჩარლზ ტეიზ რასელი მოხსენებით გამოვიდოდა კონგრესზე სუ-სიტიში (აიოვა). დედას გულით უნდოდა დასწრებოდა ამ კონგრესს. მაშინ დედაჩემს ხუთი შვილი ჰყავდა, ყველაზე უმცროსი, მარვინი სულ რაღაც 5 თვისა იყო. კონგრესს რომ დასწრებოდა, დედა ბავშვებთან ერთად მატარებლით გაემგზავრა სუ-სიტიში, რომელიც ჩვენი ქალაქიდან 160 კილომეტრით იყო დაშორებული. მან მოისმინა ძმა რასელის მოხსენებები და ნახა შემოქმედების ფოტოდრამა. დედა იმავე კონგრესზე მოინათლა. სახლში დაბრუნების შემდეგ მან კონგრესის შესახებ დაწერა სტატია, რომელიც ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა (Jasper Journal).

სიდარ-პოინტში (ოჰაიო) 1922 წელს გამართულ კონგრესზე დედა 18 000 დამსწრეს შორის იყო. ამ კონგრესის შემდეგ დედაჩემს არასდროს შეუწყვეტია სამეფოს შესახებ ქადაგება. თავისი მაგალითით, ის ფაქტობრივად, გვეუბნებოდა: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ეს. 30:21).

მსახურების შედეგები

20-იან წლებში ჩემი მშობლები ჯასპერის შემოგარენში გადავიდნენ საცხოვრებლად. მამაჩემს დიდი ოჯახის შენახვა უწევდა, მაგრამ საქმე კარგად მისდიოდა. მართალია ის დედაჩემივით გულმოდგინედ არ იკვლევდა ბიბლიას, მაგრამ მთელი გულით უჭერდა მხარს სამქადაგებლო საქმიანობას. ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო მიმომსვლელი მსახურებისთვის, რომლებსაც იმ დროს პილიგრიმები ეწოდებოდათ. როცა მიმომსვლელი ძმები ჩვენს სახლში მოხსენებას კითხულობდნენ, ასამდე კაცი იყრიდა თავს, რის გამოც მისაღებში, სასადილოსა და საძინებელში ტევა არ იყო.

დაახლოებით შვიდი წლისა ვიყავი, როცა დეიდაჩემმა, ლეტიმ დაგვირეკა და გვითხრა, რომ მის მეზობელ ედ ლარსონსა და მის მეუღლეს ბიბლიის შესწავლა სურდათ. მათ სიხარულით მიიღეს ბიბლიური ჭეშმარიტება. მოგვიანებით შესწავლაში მათ მეზობელი, რვა შვილის დედა, მარტა ვან დალენი შემოუერთდათ. მარტა და მისი ოჯახიც ბიბლიის მკვლევარები გახდნენ. *

დაახლოებით იმ დროს ახალგაზრდა გორდონ კამერუდმა, რომელიც ცოტა მოშორებით ცხოვრობდა, მამაჩემთან დაიწყო მუშაობა. გორდონი გააფრთხილეს, რომ თავისი უფროსის ქალიშვილებთან ურთიერთობას მორიდებოდა მათი უცნაური რელიგიის გამო. მაგრამ გორდონმა მაინც დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მალევე დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტებას მიაგნო. სამი თვის შემდეგ ის მოინათლა. მას მშობლებიც შეუერთდნენ. ასე დამეგობრდნენ ჩვენი, კამერუდებისა და ვან დალენების ოჯახები.

კონგრესებით გაძლიერებულნი

სიდარ-პოინტში ჩატარებულმა კონგრესმა დედა ისე გაამხნევა, რომ მას შემდეგ კონგრესის გაცდენა აზრადაც არ მოსვლია. ასე რომ, ჩემი პირველი მოგონებები კონგრესებზე ხანგრძლივ მგზავრობას უკავშირდება. კოლუმბუსში (ოჰაიო) 1931 წელს ჩატარებული კონგრესი დაუვიწყარი იყო, რადგან სწორედ ამ კონგრესზე გამოცხადდა ჩვენი ახალი სახელი, იეჰოვას მოწმეები (ეს. 43:10—12). კარგად მახსოვს 1935 წელს ვაშინგტონში ჩატარებული კონგრესი. ამ კონგრესზე წარმოითქვა ისტორიული მოხსენება, რომელშიც ახსნილი იყო „გამოცხადებაში“ მოხსენიებული „უამრავი ხალხის“ ვინაობა (გამოცხ. 7:9). ჩემი დები, ლილიანი და ევნიკე, ამ კონგრესზე მონათლულ 800 ადამიანს შორის იყვნენ.

ჩვენი ოჯახი ესწრებოდა 1937 წელს კოლუმბუსში (ოჰაიო), 1938 წელს სიეტლში (ვაშინგტონი) და 1939 წელს ნიუ-იორკში ჩატარებულ კონგრესებს. კონგრესებზე ვან დალენებთან, კამერუდებთან და სხვებთან ერთად ვმგზავრობდით. გზად კარვებში ვჩერდებოდით. 1940 წელს ევნიკე ცოლად გაჰყვა ლეო ვან დალენს. იმავე წელს ლილიანი და გორდონ კამერუდიც დაქორწინდნენ. ორივე წყვილმა პიონერად დაიწყო მსახურება.

1941 წელს სენტ-ლუისში (მისური) ჩატარებული კონგრესი განსაკუთრებული იყო. იქ დამსწრე ათასობით ბავშვმა მიიღო წიგნი „ბავშვები“. ამ კონგრესმა გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. ცოტა ხანში, 1941 წლის 1 სექტემბერს, მარვინთან და მის მეუღლესთან, ჯოისთან ერთად პიონერად დავიწყე მსახურება. მაშინ 15 წლის ვიყავი.

ჩვენს სამეზობლოში მცხოვრები მრავალი ძმისთვის რთული იყო კონგრესებზე დასწრება, რადგან ისინი ძირითადად მკის სეზონს ემთხვეოდა. ამიტომ კონგრესების შემდეგ ჩვენს ეზოში ვიკრიბებოდით და კონგრესის პროგრამას მიმოვიხილავდით მათთვის, ვინც ვერ შეძლო ამ კონგრესზე დასწრება. ეს ნამდვილად დაუვიწყარი შეხვედრები იყო.

„გალაადი“ და უცხოეთში მსახურება

1943 წლის თებერვალში დაარსდა სკოლა „გალაადი“, რომელიც პიონერებს მისიონერული მსახურებისთვის მოამზადებდა. პირველ კლასში ვან დალენების ოჯახის ექვსი წევრი მიიწვიეს: ლეო და ევნიკე, ლეოს ძმები — ემილი, ართური და ჰომერი, და მათი მამიდაშვილი დონალდი. გამომშვიდობებისას გვიხაროდა კიდეც და გულიც გვწყდებოდა, რადგან არ ვიცოდით, კიდევ როდის ვნახავდით მათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ექვსივე პუერტო-რიკოში დანიშნეს, სადაც იმ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე მოწმე იყო.

ერთი წლის შემდეგ ლილიანი და გორდონი, ასევე მარვინი და ჯოისი მიიწვიეს „გალაადის“ მესამე კლასში. ისინიც პუერტო-რიკოში დანიშნეს. 1944 წლის სექტემბერში, როცა 18 წლის ვიყავი, მეც მიმიწვიეს „გალაადის“ მეოთხე კლასში. 1945 წლის თებერვალში ჩემს და-ძმებს შევუერთდი პუერტო-რიკოში. ეს რაღაც ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის! მართალია ესპანურის სწავლა რთული იყო, მაგრამ მალე ზოგ ჩვენგანს 20-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა ჰქონდა. იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა ჩვენი საქმე. ამჟამად პუერტო-რიკოში დაახლოებით 25 000 მოწმეა.

ტრაგედია ჩვენს ოჯახში

ლეოსა და ევნიკეს 1950 წელს მარკი შეეძინათ, მაგრამ ისინი მაინც პუერტო-რიკოში დარჩნენ. ორი წლის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, შვებულების დროს ნათესავები მოენახულებინათ. 11 აპრილს ისინი თვითმფრინავში ჩასხდნენ. აფრენიდან მალევე მათი თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა და ოკეანეში ჩავარდა. ლეო და ევნიკე დაიღუპნენ, ორი წლის მარკი კი წყლიდან სამაშველო ნავზე აიყვანეს და ხელოვნური სუნთქვით მოასულიერეს. *

ხუთი წლის შემდეგ, 1957 წლის 7 მარტს, დედა და მამა სამეფო დარბაზში მიდიოდნენ. გზად მანქანის საბურავი დაეშვათ. მამა გზის ნაპირზე ცვლიდა საბურავს, როცა მანქანა დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. დაახლოებით ექვსასი კაცი დაესწრო დაკრძალვაზე წარმოთქმულ მოხსენებას, რაც კარგი დამოწმება იყო ჩვენი მეზობლებისთვის, რომლებიც მამას დიდ პატივს სცემდნენ.

ახალი დავალებები

მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე არგენტინაში დამნიშნეს. 1957 წლის აგვისტოში ჩავედი ქალაქ მენდოსაში, რომელიც ანდების მთისწინეთში მდებარეობს. 1958 წელს არგენტინაში დანიშნეს ჯორჯ პაპასიც, რომელმაც „გალაადის“ 30-ე კლასი დაამთავრა. მე და ჯორჯი დავმეგობრდით და 1960 წლის აპრილში დავქორწინდით. 1961 წელს დედაჩემი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგულად დადიოდა ჭეშმარიტი გზით და ბევრს დაეხმარა ამ გზით სიარულში.

ათი წლის მანძილზე მე და ჯორჯი სხვადასხვა მისიონერულ სახლში ვმსახურობდით სხვა მისიონერებთან ერთად. მომდევნო შვიდი წელი სარაიონო მსახურებაში გავატარეთ. 1975 წელს შეერთებულ შტატებში მოგვიწია დაბრუნება, რათა ფიზიკურად დაუძლურებულ ოჯახის წევრებს დავხმარებოდით. 1980 წელს ჩემი მეუღლე სარაიონო ზედამხედველად დანიშნეს ესპანურენოვან ტერიტორიაზე. იმ დროს შეერთებულ შტატებში დაახლოებით 600 ესპანურენოვანი კრება იყო. 26 წლის განმავლობაში ჩვენ ამ კრებების უმეტესობა მოვინახულეთ და ჩემი თვალით ვნახე, როგორ გაიზარდა მათი რიცხვი 3 000-მდე.

ისინიც სწორ გზას დაადგნენ

დედაჩემი იმასაც მოესწრო, თუ როგორ დაიწყეს სრული დროით მსახურება მისმა შვილიშვილებმა. ჩემი უფროსი დის, ესთერის ქალიშვილმა, კეროლმა პიონერობა 1953 წელს დაიწყო. ის ცოლად გაჰყვა დენის ტრუმბორს. მათ მთელი ცხოვრება სრული დროით იმსახურეს. ესთერის მეორე ქალიშვილი, ლოისი ცოლად გაჰყვა უენდელ იენსენს. ისინი „გალაადის“ 41-ე კლასში მიიწვიეს და 15 წელი ნიგერიაში მსახურობდნენ მისიონერებად. მარკი, რომლის მშობლებიც ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, მამიდამ, რუთ ლა ლონდმა და მისმა მეუღლემ, კერტისმა გაზარდეს. მარკი და მისი მეუღლე, ლავონი წლების განმავლობაში პიონერად მსახურობდნენ. მათ თავიანთი ოთხი შვილიც ჭეშმარიტების გზაზე დააყენეს (ეს. 30:21).

ჩემი და-ძმებიდან ცოცხალი მხოლოდ ჩემი ძმა ორლენია, რომელიც 90 წელს არის გადაცილებული. ის დღემდე ერთგულად ემსახურება იეჰოვას. მე და ჯორჯი სიხარულით ვაგრძელებთ სრული დროით მსახურებას.

დედის დანატოვარი

დედისგან სახსოვრად მისი მაგიდა დამრჩა. ეს იყო საქორწილო საჩუქარი, რომელიც მამამ მიუძღვნა. მაგიდის ერთ-ერთ უჯრაში დედის ალბომი დევს, რომელშიც ის წერილებსა და საგაზეთო სტატიებს ინახავდა. ეს სტატიები მისი დაწერილი იყო და სამეფოს შესახებ დამოწმებას ემსახურებოდა. ზოგიერთი მათგანი მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულშია დაწერილი. მაგიდის უჯრებში ინახება ის ძვირფასი წერილებიც, რომლებსაც დედას მისიონერი შვილები სწერდნენ. დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე ამ წერილებს. დედისგან გამოგზავნილი წერილები ყოველთვის გამამხნევებელი იყო. მართალია, დედამ ვერ აისრულა ოცნება, რომ მისიონერი გამხდარიყო, მაგრამ მისმა გულმოდგინებამ არაერთ თაობაზე იმოქმედა. მთელი გულით ველოდები იმ დროს, როცა დედამიწაზე სამოთხეში მთელი ჩვენი დიდი ოჯახი დედასთან და მამასთან მოვიყრით თავს! (გამოცხ. 21:3, 4).

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 მარტას ვაჟის, ემილ ვან დალენის ბიოგრაფია იხილეთ 1983 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 27—30 (ინგლ.).

^ აბზ. 24 იხილეთ 1952 წლის 22 ივნისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3, 4 (ინგლ.).

[სურათი 17 გვერდზე]

ემილია პედერსონი

[სურათი 18 გვერდზე]

1916 წელი: დედა და მამა (ხელში უჭირავს მარვინი); ქვემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: ორლენი, ესთერი, ლილიანი და მილდრედი

[სურათი 19 გვერდზე]

ლეო და ევნიკე სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე

[სურათი 20 გვერდზე]

1950 წელი: მარცხნიდან მარჯვნივ დგანან ესთერი, მილდრედი, ლილიანი, ევნიკე და რუთი. სხედან: ორლენი, დედა, მამა და მარვინი

[სურათი 20 გვერდზე]

ჯორჯ და რუთ პაპასები მიმოსვლით მსახურებაში 2001 წელს