მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
ებრაელებისთვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე „ხელების დადებას“ მოიხსენიებს. რას გულისხმობდა ამაში, ძმების დანიშვნას თუ სხვა რამეს? (ებრ. 6:2).
არანაირი საფუძველი არა გვაქვს, ამ საკითხს დოგმატურად მივუდგეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, პავლე ხელების დადებით წმინდა სულის გადაცემას გულისხმობდა.
ბიბლიაში ხელების დადება თეოკრატიული დავალების მიღებასთან არის დაკავშირებული. მოსემ ხელი დაადო იესო ნავეს ძეს, როდესაც ის თავის შემცვლელად დანიშნა (კან. 34:9). ზოგი მამაკაცი ქრისტიანულ კრებაშიც ხელების დადებით დაინიშნა (საქ. 6:6; 1 ტიმ. 4:14). პავლე წერდა, რომ არავისთვის დაედოთ ხელი ნაჩქარევად (1 ტიმ. 5:22).
მაგრამ მას შემდეგ, რაც ებრაელმა ქრისტიანებმა დატოვეს „სწავლების საწყისები“, პავლემ მათ მოუწოდა, „ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ“. შემდეგ დაწერა: „ხელახლა ნუღარ დავიწყებთ საფუძვლის ჩაყრას: მკვდარი საქმეების მონანიებას, ღვთისადმი რწმენას, სწავლებას სხვადასხვა ნათლობის, ხელების დადების . . . შესახებ“ (ებრ. 6:1, 2). იყო უხუცესების დანიშვნა ის „საწყისები“, რაც ქრისტიანებს უნდა დაეტოვებინათ? არა. კრებაში უხუცესებად მოწიფული ძმები ინიშნებიან, ამიტომ შეუძლებელია ის „საწყისად“ ჩაითვალოს (1 ტიმ. 3:1).
ხელების დადებას სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა. პირველ საუკუნეში იეჰოვა ღმერთმა უარყო ისრაელი ერი, როგორც თავისი ხალხი, და მათ ნაცვლად სულიერი ისრაელი, ცხებულ ქრისტიანთა კრება აკურთხა (მათ. 21:43; საქ. 15:14; გალ. 6:16). ამ ცვლილებაზე მოწმობდა ძღვნის — წმინდა სულის მიღება, რაც, მაგალითად, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკით გამოვლინდა (1 კორ. 12:4—11). როდესაც კორნელიუსმა და მისმა სახლეულმა ქრისტიანული რწმენა მიიღეს, მათ წმინდა სულიც მიიღეს, რაც „უცხო ენებზე“ ლაპარაკით გამოვლინდა (საქ. 10:44—46).
ზოგჯერ სასწაულებრივი ძღვენი ხელის დადებით გადადიოდა. ფილიპეს ქადაგების შემდეგ სამარიაში მრავალი მოინათლა. ხელმძღვანელმა საბჭომ იქ პეტრე და იოანე მოციქულები გაგზავნა. რატომ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „მაშინ მოციქულებმა მათ [ახალმონათლულებს] ხელები დაადეს და გადმოვიდა მათზე წმინდა სული“. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ მიიღეს ძღვენი, წმინდა სული, რის დანახვაც ყველას შეეძლო. ეს ჩანს იქიდან, რომ სიმონმა, ყოფილმა ჯადოქარმა, როდესაც დაინახა წმინდა სულის მოქმედება, მოისურვა, გადაეხადა თანხა, რათა მასაც შეძლებოდა ხელის დადებით სხვებისთვის წმინდა სულის გადაცემა (საქ. 8:5—20). მოგვიანებით ეფესოში 12 ადამიანი მოინათლა. ბიბლიაში ნათქვამია: „როცა პავლემ მათ ხელები დაადო, მათზე წმინდა სული გადმოვიდა და დაიწყეს უცხო ენებზე ლაპარაკი და წინასწარმეტყველება“ (საქ. 19:1—7; შეადარეთ 2 ტიმ. 1:6).
მაშასადამე, ებრაელების 6:2-ში პავლე, როგორც ჩანს, ხელის დადებით ახალმონათლულებზე წმინდა სულის გადასვლას გულისხმობდა.