მნიშვნელოვანი აზრები გალატელებისთვის, ეფესოელებისთვის, ფილიპელებისა და კოლოსელებისთვის მიწერილი წერილებიდან
იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები გალატელებისთვის, ეფესოელებისთვის, ფილიპელებისა და კოლოსელებისთვის მიწერილი წერილებიდან
მოციქულმა პავლემ შეიტყო, რომ იუდეველები ცდილობდნენ ზოგიერთი ქრისტიანის ჩამოშორებას წმინდა თაყვანისმცემლობიდან, ამიტომ „გალატიის კრებებს“ დამაფიქრებელი წერილი მისწერა (გალ. 1:2). ეს წერილი ახ. წ. 50—52 წლებში დაიწერა და შეიცავს მკაცრ რჩევა-დარიგებასა და შეგონებას.
ათიოდე წლის შემდეგ, როდესაც რომში „ქრისტე იესოს პატიმარი“ იყო, პავლემ ეფესოს, ფილიპესა და კოლოსეს კრებებსაც მისწერა წერილები. ამ წერილებით გონივრული რჩევები მისცა მათ და გაამხნევა (ეფეს. 3:1). გალატელების, ეფესოელების, ფილიპელებისა და კოლოსელებისთვის მიწერილი წერილები ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება, თუ გავითვალისწინებთ ამ წერილებში ჩაწერილ რჩევებს (ებრ. 4:12).
„მართლებად აღიარებულნი“
იუდეველები მზაკვრულად ცდილობდნენ პავლეს, როგორც მოციქულის რეპუტაციის შელახვას. ამიტომ მან თავისი ისტორია გაიხსენა იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ქრისტეს მოციქული იყო (გალ. 1:11—2:14). ცრუ სწავლებების გასაბათილებლად პავლემ დაწერა: „ადამიანი კანონით დადგენილი საქმეებით კი არ არის აღიარებული მართლად, არამედ მხოლოდ ქრისტე იესოსადმი რწმენით“ (გალ. 2:16).
როგორც პავლემ აღნიშნა, ქრისტემ ‘გამოსასყიდით გაათავისუფლა კანონს დაქვემდებარებულნი’ და ქრისტიანული თავისუფლება მისცა. მან გალატელებს მოუწოდა: „მყარად იდექით და ნუღარ მოექცევით მონობის უღელქვეშ“ (გალ. 4:4, 5; 5:1).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
3:16—18, 28, 29. კვლავ ძალაშია თუ არა აბრაამთან დადებული შეთანხმება? მოსეს კანონით დადებული შეთანხმება ცალკე შეთანხმება იყო და ღვთის მიერ აბრაამთან დადებული შეთანხმება არ შეუცვლია. ამიტომ მოსეს კანონის გაუქმების შემდეგ აბრაამთან დადებულ შეთანხმებას ძალა არ დაუკარგავს (ეფეს. 2:15). შეთანხმებით გათვალისწინებული დაპირებები ეხებოდა როგორც აბრაამის ჭეშმარიტ შთამომავალს, ქრისტე იესოს, ანუ შთამომავლობის მთავარ წარმომადგენელს, ისე მათ, ვინც ‘ქრისტესნი არიან’.
6:2. რა არის „ქრისტეს კანონი“? ეს კანონი აერთიანებს იესოს ყველა სწავლებასა და მითითებას. ეს განსაკუთრებით იესოს შემდეგ მითითებას ეხება: „გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოან. 13:34).
6:8. რა გაგებით ‘ვთესავთ სულისთვის’? ჩვენი ცხოვრებით ღვთის სულს საშუალებას ვაძლევთ, რომ თავისუფლად იმოქმედოს ჩვენზე. სულისთვის თესვა გულისხმობს აქტიურ მონაწილეობას ისეთ საქმეებში, რომლებიც წმინდა სულს ხელმძღვანელობის საშუალებას აძლევს.
რას ვსწავლობთ:
1:6—9. ქრისტიანმა უხუცესებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ, როცა კრებაში თავს იჩენს პრობლემები. ბიბლიის გამოყენებითა და ლოგიკური მსჯელობით მათ მცდარი დასკვნების გაბათილება შეუძლიათ.
2:20. გამოსასყიდი ღვთისგან ბოძებული ძღვენია. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს (იოან. 3:16).
5:7—9. ცუდმა საზოგადოებამ შეიძლება ‘ხელი შეგვიშალოს იმაში, რომ კვლავაც დავემორჩილოთ ჭეშმარიტებას’. ამიტომ გონივრული იქნება, თუ მოვერიდებით ასეთ საზოგადოებას.
6:1, 2, 5. „სულიერად გამოცდილებს“ შეუძლიათ დაგვეხმარონ ტვირთის ტარებაში, ანუ ისეთ რთულ ვითარებაში, რომელსაც შეუგნებლად გადადგმული მცდარი ნაბიჯი განაპირობებს. მაგრამ, რაც შეეხება ჩვენს თეოკრატიულ პასუხისმგებლობებს, თვითონ უნდა შევასრულოთ.
‘თავი მოუყაროს ყველაფერს ქრისტეში’
ეფესოელებისადმი მიწერილ წერილში პავლე ხაზს უსვამს ქრისტიანულ ერთობას და მსჯელობს, რომ ღმერთმა გადაწყვიტა, „განეგო დანიშნული დროების გასრულებიდან, ანუ ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“. ქრისტემ მოგვცა „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომ ‘ყველამ მივაღწიოთ ერთიანობას რწმენაში’ (ეფეს. 1:10; 4:8, 13).
ღმერთს რომ მივაგოთ პატივი და, ამავე დროს, ხელი შევუწყოთ ჩვენს ერთიანობას, უნდა ‘შევიმოსოთ ახალი პიროვნება’ და ‘დავემორჩილოთ ერთმანეთს ქრისტეს შიშით’. აგრეთვე ‘მტკიცედ უნდა დავუდგეთ ეშმაკის ხრიკებს’. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ სულიერი საჭურვლით შევიმოსებით (ეფეს. 4:24; 5:21; 6:11).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:4—7. რა გაგებით განაწესა ღმერთმა ცხებული ქრისტიანები დაბადებამდე დიდი ხნით ადრე? ღმერთმა ისინი წინასწარ განაწესა არა როგორც ცალკეული ადამიანები, არამედ როგორც ჯგუფი. მან ეს მანამდე გააკეთა, სანამ ცოდვილი ადამიანები გამრავლდებოდნენ. ამის შესახებ დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება მანამდე წარმოითქვა, ვიდრე პირველი ცოდვილი ადამიანი ჩაისახებოდა. ეს წინასწარმეტყველება ეხებოდა ღვთის განზრახვას, რომ ქრისტეს მიმდევრების გარკვეული ჯგუფი ქრისტესთან ერთად იმეფებდა ზეცაში (გალ. 3:16, 29).
2:2. რა გაგებით არის ქვეყნიერების სული ჰაერივით და როგორ ვლინდება ამ სულის ძალაუფლება? „ქვეყნიერების სული“ ანუ დამოუკიდებლობისა და ურჩობის სული ჰაერივით ყველგან აღწევს (1 კორ. 2:12). ამ სულის ძალაუფლება იქიდან ჩანს, რომ დიდ გავლენას ახდენს ქვეყნიერებაზე.
2:6. რა გაგებით არიან ის ცხებული ქრისტიანები „ზეცაში“, ვინც ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობს? აქ გამოყენებული სიტყვა „ზეცა“ არ გულისხმობს ცხებული ქრისტიანებისთვის დაპირებულ ზეციერ მემკვიდრეობას. ეს მათ აღმატებულ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც იმის შედეგია, რომ ‘ბეჭედდასმულნი არიან დაპირებული წმინდა სულით’ (ეფეს. 1:13, 14).
რას ვსწავლობთ:
4:8, 11—15. იესო ქრისტემ „ტყვეები წაასხა“ ანუ ხელიდან გამოსტაცა სატანას ის ძმები, რომლებსაც იყენებს, როგორც ძღვენს ქრისტიანული კრების აღსაშენებლად. თუ დავემორჩილებით მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია, ‘ყველაფერში სიყვარულით გავიზრდებით ქრისტეში’ (ებრ. 13:7, 17).
5:22—24, 33. ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს და, ამავე დროს, პატივს უნდა სცემდეს. ამისათვის ის უნდა ავლენდეს „სიმშვიდესა და რბილ ხასიათს“, ცუდს არ უნდა ლაპარაკობდეს თავის ქმარზე და მხარს უნდა უჭერდეს მის გადაწყვეტილებებს (1 პეტ. 3:3, 4; ტიტ. 2:3—5).
5:25, 28, 29. როგორც საკუთარ თავს „კვებავს“ ქმარი, ისე უნდა იზრუნოს ცოლზეც და დააკმაყოფილოს მისი ფიზიკური, ემოციური და სულიერი მოთხოვნილებები. მან საკმარისი დრო უნდა დაუთმოს ცოლს, თბილად უნდა ელაპარაკოს და სათუთად მოექცეს.
6:10—13. დემონურ ძალებს რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ღვთის სულიერი საჭურვლით უნდა აღვიჭურვოთ.
„ისევე ვიაროთ“
ფილიპელებისადმი მიწერილი წერილი განმსჭვალულია სიყვარულით. „განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული უფრო და უფრო გაიზარდოს საფუძვლიან ცოდნასა და სრულ გამჭრიახობაში“, — წერდა პავლე. მეტისმეტად თავდაჯერებულნი რომ არ გამხდარიყვნენ, პავლემ ფილიპელებს მოუწოდა: „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილ. 1:9; 2:12).
პავლე მოუწოდებს მოწიფულ ქრისტიანებს, რომ ისწრაფონ „ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოსკენ“. შემდეგ დასძენს: „რაც არ უნდა იყოს, რასაც მივაღწიეთ, ისევე ვიაროთ“ (პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:23. რა იყო ის „ორი რამ“, რაც პავლეს აწუხებდა, და რა ჰქონდა მხედველობაში, როცა „გათავისუფლება“ ახსენა? იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა, პავლეს „ორი რამ“ აწუხებდა: სიცოცხლე და სიკვდილი (ფილ. 1:21). მართალია, პავლეს არ დაუკონკრეტებია, რომელი ერჩია, მაგრამ ის კი თქვა, რომ „გათავისუფლება და ქრისტესთან ყოფნა“ სურდა (ფილ. 3:20, 21; 1 თეს. 4:16). როდესაც ქრისტე მოვიდოდა, პავლე გათავისუფლდებოდა, ანუ მიიღებდა იმ ჯილდოს, რომელიც იეჰოვას ჰქონდა მისთვის გამზადებული (მათ. 24:3).
2:12, 13. როგორ აღგვძრავს ღმერთი, რომ ‘სურვილიც გვქონდეს და ვმოქმედებდეთ კიდეც’? იეჰოვას წმინდა სული მოქმედებს ჩვენს გულსა და გონებაზე, რათა უფრო მეტი ენთუზიაზმით ვემსახუროთ მას და მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ღმერთი არ გვტოვებს დახმარების გარეშე, რომ ‘კვლავაც ვიღვაწოთ ჩვენი ხსნისთვის“.
რას ვსწავლობთ:
1:3—5. მართალია, ფილიპელი ქრისტიანები ღარიბები იყვნენ, მაგრამ ხელგაშლილობის კარგი მაგალითი დაგვიტოვეს (2 კორ. 8:1—6).
2:5—11. როგორც იესოს მაგალითიდან ჩანს, თავმდაბლობა არა სისუსტის, არამედ სიმტკიცის ნიშანია. იეჰოვა თავმდაბლებს აამაღლებს (იგავ. 22:4).
3:13. სიტყვებში „რაც უკან დარჩა“ შეიძლება იგულისხმებოდეს მაღალანაზღაურებადი სამსახური, უზრუნველი ცხოვრება ან წარსულში ჩადენილი მძიმე ცოდვები, რომლებიც მოვინანიეთ და ‘განვიბანეთ’ (1 კორ. 6:11). აღარ უნდა გავიხსენოთ ის, რაც უკან დარჩა, და ‘ვისწრაფოთ იმისკენ, რაც წინ არის’.
„მტკიცდებით რწმენაში“
კოლოსელებისადმი მიწერილ წერილში პავლე აბათილებს ცრუ მოძღვართა მცდარ აზრებს. როგორც პავლე მსჯელობს, ხსნა დამოკიდებულია არა მოსეს კანონის მოთხოვნების დაცვაზე, არამედ ‘რწმენაში დარჩენაზე’. იგი მოუწოდებს კოლოსელებს, რომ ‘იარონ ქრისტესთან ერთად, ფესვგადგმულნი იყვნენ მასში, შენდებოდნენ მასში და მტკიცდებოდნენ რწმენაში’. როგორ უნდა ემოქმედა კოლოსელებზე რწმენის განმტკიცებას? (კოლ. 1:23; 2:6, 7).
პავლე განაგრძობს: „გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია. თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა ბატონობდეს“. შემდეგ მოუწოდებს: „რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, როგორც იეჰოვასთვის და არა როგორც ადამიანებისთვის. მათ შესახებ კი, ვინც ქრისტიანული კრების წევრები არ არიან, პავლე კოლოსელებს ეუბნება: „გარეშეებს ბრძნულად მოექეცით“ (კოლ. 3:14, 15, 23; 4:5).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
2:8. რას გულისხმობდა პავლე „ქვეყნიერების პრინციპებში“, როდესაც გალატელებს აფრთხილებდა? „ქვეყნიერების პრინციპებში“ იგულისხმება ის პრინციპები, რომლებიც სატანის ქვეყნიერებას ასულდგმულებს (1 იოან. 2:16). ამაში შედის ფილოსოფია, მატერიალიზმი და ცრუ რელიგიები.
4:16. რატომ არ არის ბიბლიაში შეტანილი ლაოდიკეელებისადმი მიწერილი წერილი? შეიძლება იმიტომ, რომ ეს წერილი არ შეიცავს დღეისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ან შესაძლოა იმიტომ, რომ იმ აზრებს, რომლებიც ამ წერილშია, სხვა კანონიკურ წერილებშიც ვხვდებით.
რას ვსწავლობთ:
1:2, 20. გამოსასყიდის წყალობით, რომელიც გულმოწყალე ღმერთმა გაიღო, შესაძლებელია სუფთა სინდისი და შინაგანი სიმშვიდე გვქონდეს.
2:18, 23. „მოჩვენებითია თავმდაბლობა“, როდესაც ადამიანი ბევრ რამეზე ამბობს უარს ან თრგუნავს საკუთარ სხეულს სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით. „მოჩვენებითი თავმდაბლობა“ იმის ნიშანია, რომ ადამიანი „ხორციელი გონებით . . . არის გაყოყოჩებული“.