მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
უნდა მოერიდოს ქრისტიანი ისეთ სასმელსა და საკვებს, რომელიც კოფეინს შეიცავს?
ბიბლია არ უკრძალავს ქრისტიანებს ისეთი პროდუქტების მიღებას, როგორიცაა ყავა, ჩაი, შოკოლადი, მატეს ჩაი და გაზიანი სასმელები, რომლებიც კოფეინს შეიცავს. თუმცა ბიბლიაში მოცემულია პრინციპები, რომლებიც გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. ჯერ განვიხილოთ, თუ რატომ ერიდება ზოგი ადამიანი კოფეინის შემცველი სასმელებისა და საკვების მიღებას.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ კოფეინი შეიძლება ფსიქოტროპულ ნივთიერებად იქნეს მიჩნეული, რომელიც გონების სტიმულაციას ახდენს. მან შეიძლება დამოკიდებულებაც გამოიწვიოს. ერთ ცნობილ ფარმაცევტულ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „ხანგრძლივად დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებამ შეიძლება შეჩვევა და მასზე დამოკიდებულება გამოიწვიოს. კოფეინის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის სინდრომი, რომელიც ხასიათდება თავის ტკივილით, გაღიზიანებით, ნერვულობით, აფორიაქებითა და თავბრუსხვევით“. წიგნ „ფსიქიკური მოშლილობის დიაგნოსტიკა და სტატისტიკური მონაცემების წარმოებაში“ სხვა ნივთიერებათა აბსტინენციის სინდრომებს შორის აპირებენ კოფეინის აბსტინენციის სინდრომის მოხსენიებასაც. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ზოგ ქრისტიანს არ სურს კოფეინის მიღება; მათ არ უნდათ, რომ მასზე დამოკიდებულები გახდნენ და თავშეკავებას ავლენენ (გალატელები 5:23).
ზოგს მიაჩნია, რომ კოფეინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც მოზრდილი ადამიანის, ისე ჯერარდაბადებული ბავშვის ჯანმრთელობაზე. ქრისტიანებს „მთელი სულით“ უყვართ ღმერთი, ამიტომ ისინი ერიდებიან ნებისმიერ რამეს, რაც მათ სიცოცხლეს შეამოკლებს. მათ ასევე უყვართ მოყვასი, ამიტომ ისინი ცდილობენ ჯერარდაბადებული ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან (ლუკა 10:25—27).
მაგრამ, მართლა არსებობს საშიშროება? დღემდე მიმდინარეობს კამათი, იწვევს თუ არა კოფეინი დაავადებებს. ზოგი მკვლევარი აცხადებს, რომ ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ჟურნალ „ტაიმის“ 2006 წლის ერთ-ერთ ნომერში ეწერა: „ადრეულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ [კოფეინმა] შეიძლება გამოიწვიოს საშარდე ბუშტის კიბო, ჰიპერტონია და სხვა დაავადებები. მაგრამ ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა არამხოლოდ გააბათილა ეს მოსაზრება, არამედ ცხადყო, რომ კოფეინი ძალიან სასარგებლოა. როგორც ჩანს, კოფეინმა შეიძლება გარკვეულწილად დაიცვას ადამიანი ღვიძლის დაზიანების, პარკინსონის დაავადების, დიაბეტის, ალცჰეიმერის დაავადების, ნაღველში კენჭების გაჩენის, დეპრესიისა და, შესაძლოა, კიბოს ზოგიერთი ფორმების გაჩენისგან“. კოფეინის გამოყენების შესახებ ამავე ჟურნალის სხვა გამოცემაში ეწერა, რომ „მთავარია ზომიერება“.
თითოეულმა ქრისტიანმა კოფეინის შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ბიბლიის პრინციპების გათვალისწინებით თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა კოფეინს. მაგალითად, ქრისტიანმა ფეხმძიმობის პერიოდში შეიძლება თავი შეიკავოს კოფეინისგან, თუ დაასკვნის, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვზე. თუ ქრისტიანი ხედავს, რომ ღიზიანდება ან ცუდად გრძნობს თავს მაშინ, როცა რეგულარულად ვერ იღებს კოფეინს, შეიძლება მას ურჩიონ, საერთოდ ან დროებით შეწყვიტოს კოფეინის მიღება (2 პეტრე 1:5, 6). სხვა ქრისტიანებმა თავს არ უნდა მოახვიონ მას თავიანთი თვალსაზრისი და პატივისცემით უნდა მოეკიდონ მის გადაწყვეტილებას.
მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ კოფეინის შემცველ საჭმელ-სასმელთან დაკავშირებით, ყოველთვის გახსოვდეთ პავლეს რჩევა: „ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელები 10:31).