არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სკოლა, რომლის კურსდამთავრებულებიც ეხმარებიან ხალხს მთელ მსოფლიოში

სკოლა, რომლის კურსდამთავრებულებიც ეხმარებიან ხალხს მთელ მსოფლიოში

სკოლა, რომლის კურსდამთავრებულებიც ეხმარებიან ხალხს მთელ მსოფლიოში

იეჰოვას მოწმეთა 98 000-ზე მეტ კრებაში ადამიანები, განურჩევლად წარმოშობისა თუ საზოგადოებრივი ფენისა, ღვთის მიერ განისწავლებიან. ასეთი კრებები 200-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს. იეჰოვას მოწმეთა ძირითადი სახელმძღვანელო ბიბლიაა; კრებაში მიღებული ცოდნის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს, სულიერად წინ წაიწიონ იმით, რომ გაიგონ, რა არის ღვთის ნება და ნასწავლის შესაბამისად იცხოვრონ. ყველასთვის, ვინც ასეთ განათლებას იღებს, ცოდნას დიდი სარგებლობა მოაქვს. ნასწავლს ისინი სხვებსაც უზიარებენ, რითაც ასრულებენ იესო ქრისტეს დავალებას მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით (მათე 28:19, 20).

გარდა კრებაში არსებული სწავლის უწყვეტი პროგრამისა, იეჰოვას მოწმეებმა დააარსეს რამდენიმე სპეციალიზებული სკოლა. ერთ-ერთი მათგანია მსახურებაში დახელოვნების სკოლა. ეს სკოლა გაიხსნა 1987 წლის ოქტომბერში ქალაქ პიტსბურგში (პენსილვანია, აშშ). პირველ კლასში სწავლობდა ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე 24 სტუდენტი. მას შემდეგ ეს კურსი 43 ქვეყანაში 21 ენაზე ტარდება. დღევანდლამდე ამ სკოლაში სწავლების კურსი გაიარეს 90-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებმა დაუქორწინებელმა უხუცესებმა და მომსახურეებმა. რვაკვირიანი კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები თავიანთ ქვეყანაში ან საზღვარგარეთ ინიშნებიან — იქ, სადაც მეტი მოთხოვნილებაა. 2005 წლის ბოლოსთვის 22 000-ზე მეტმა ძმამ გაიარა ეს სკოლა. მათ ძალისხმევას, რომელსაც ისინი სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად და სხვების დასახმარებლად თავმდაბლურად ახმარენ, უხვი კურთხევა მოაქვს (იგავები 10:22; 1 პეტრე 5:5).

ღირს ძალისხმევად

მათგან უმრავლესობას, ვინც მსახურებაში დახელოვნების სკოლა უნდა გაიაროს, დროებით სამუშაოს დატოვება უწევს. ეს ზოგჯერ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, სკოლაში სასწავლებლად მიწვეულ ჰავაიში მცხოვრებ ორ ძმას, რომლებიც საშუალო სკოლის მასწავლებლები იყვნენ, დირექტორისგან ნებართვა უნდა აეღოთ, რათა დროებით გათავისუფლებულიყვნენ სამსახურიდან. ისინი მიენდნენ იეჰოვას და დირექტორს აუხსნეს, თუ რატომ სურდათ დახელოვნების სკოლის გავლა და რით იქნებოდა ეს მათთვის სასარგებლო. თხოვნაზე მათ თანხმობა მიიღეს.

ზოგ შემთხვევაში მოწმეებს, რომლებიც სამუშაოდან დროებით გათავისუფლებას ითხოვდნენ, ეუბნებოდნენ, რომ სამსახურს დაკარგავდნენ. მათ ერჩივნათ, იეჰოვას ორგანიზაციისგან მიეღოთ სწავლება, თუნდაც ეს სამუშაოს დაკარგვის ფასად დასჯდომოდათ. ზოგ მათგანს სკოლის დამთავრების შემდეგ კვლავ სთავაზობდნენ სამსახურში დაბრუნებას. ყველას, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ამ სკოლის გავლა, შემდეგი რჩევა დაეხმარება: დაელაპარაკეთ დამსაქმებელს, დახმარებისთვის ლოცვით მიმართეთ იეჰოვას და დანარჩენი მას მიანდეთ (ფსალმუნი 37:5).

‘იეჰოვასგან განსწავლულნი’

ორი თვის განმავლობაში სტუდენტები დეტალურად სწავლობენ ბიბლიას. ისინი სწავლობენ, როგორ არის იეჰოვას ხალხი ორგანიზებული ღვთის ნების შესასრულებლად და როგორ შეუძლიათ უფრო ეფექტურად გამოიყენონ ბიბლია სამქადაგებლო მსახურებაში, კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე.

ერთმა მადლიერმა კურსდამთავრებულმა წერილი მისწერა ძმას, რომელსაც მალე მსახურებაში დახელოვნების სკოლა უნდა გაევლო: «ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო განათლებას მიიღებ. მუხლი, რომელშიც წერია, რომ „იეჰოვას მიერ განისწავლებიან“, სკოლის მერე უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ეს სკოლა გეხმარება, რომ პიროვნულად დაიხვეწო და გული გაისუფთაო, რათა რაც შეიძლება უკეთ შეესაბამებოდე იესო ქრისტეს მიერ დატოვებულ მაგალითს. წინ განუმეორებელი წუთები გელის» (ესაია 54:13).

სახარების მქადაგებლები, მწყემსები და მასწავლებლები

მსახურებაში დახელოვნების სკოლის კურსდამთავრებულები ამჟამად 117 ქვეყანაში მსახურობენ. მათ შორისაა კარიბის ზღვის თუ ატლანტისა და წყნარი ოკეანის კუნძულები, ასევე იმ ქვეყნების უმეტესობა, სადაც იეჰოვას მოწმეთა ფილიალებია. ფილიალებიდან იტყობინებიან, რომ სტუდენტების მიერ მიღებული შესანიშნავი განათლება აისახება მათ სამქადაგებლო, სამწყემსო თუ დამსწავლებლურ საქმიანობაზე. მიღებული ცოდნა ეხმარება მათ, უფრო ეფექტურად გამოიყენონ ბიბლია სამქადაგებლო მსახურებაში (2 ტიმოთე 2:15). მობინადრეთა კითხვებზე პასუხის გაცემისას ისინი ხშირად მიმართავენ წიგნს „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“ * და სხვა მაუწყებლებსაც ასწავლიან ამ წიგნის გამოყენებას. ამ ძმების ენთუზიაზმი გადამდებია. თავიანთი მსახურებით ისინი აძლიერებენ კრებებს.

კრების უხუცესებს პატივი აქვთ, ‘მწყემსონ სამწყსო’ და იზრუნონ სხვების სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე (1 პეტრე 5:2, 3). ერთმა უხუცესმა თქვა: „ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ ფილიალი გვიგზავნის კარგად მომზადებულ ძმებს, რომლებიც ღვთის სამწყსოს დამწყემსვაში გვეხმარებიან“. შორეულ აღმოსავლეთში არსებული ერთი ფილიალიდანაც მსგავსად იტყობინებიან: „კურსდამთავრებულები ძალიან თანამგრძნობები არიან. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ და კრების წევრებისგანაც პატივისცემას იმსახურებენ. მათი თავმდაბლობა, სითბო და გულმოდგინება ყველასთვის თვალნათელია და ამას კრებაში დიდად აფასებენ. ისინი თავს არ ზოგავენ და სიამოვნებით გადადიან იმ კრებებში, სადაც მწყემსების საჭიროებაა“ (ფილიპელები 2:4). ეს მამაკაცები ძალებს მატებენ თანამორწმუნეებს და ამიტომ ქებას იმსახურებენ (1 კორინთელები 16:18).

გარდა ამისა, მსახურებაში დახელოვნების სკოლის მასწავლებლები იმაშიც ეხმარებიან სტუდენტებს, რომ უკეთესი მომხსენებლები გახდნენ. მიღებული რჩევებისა და მითითებების გათვალისწინების შემდეგ მრავალი სტუდენტი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სარაიონო და საოლქო კონგრესების პროგრამაში. ერთმა სარაიონო ზედამხედველმა აღნიშნა, რომ კურსდამთავრებულები „შესანიშნავი მოხსენებებით გამოდიან და მასალას კარგად, ლოგიკური მსჯელობით წარადგენენ“ (1 ტიმოთე 4:13).

აფრიკის ერთ ქვეყანაში კრების შეხვედრებზე დასწავლების ხარისხი საგრძნობლად ამაღლდა მას შემდეგ, რაც იქ მსახურებაში დახელოვნების სკოლის ჩატარება დაიწყეს და კურსდამთავრებულები კრებებში დანიშნეს. სკოლაგავლილი უხუცესები დიდ დახმარებას უწევდნენ თანამორწმუნეებს სამქადაგებლო, სამწყემსო თუ დამსწავლებლურ საქმიანობაში, რითაც ხელს უწყობდნენ კრებების სულიერ ზრდას (ეფესოელები 4:8, 11, 12).

კრებებს უკეთესი ზედამხედველობა ეწევა

ბევრგან დიდი მოთხოვნილებაა უხუცესებსა და მომსახურეებზე. ზოგ კრებას საერთოდ არ ეყოლებოდა უხუცესი, თუ იქ მსახურებაში დახელოვნების სკოლის კურსდამთავრებულს არ გააგზავნიდნენ. ამიტომ, ბევრ მათგანს ნიშნავენ იქ, სადაც ასეთი მოთხოვნილებაა.

ფილიალებიდან იტყობინებიან, რომ ეს მამაკაცები „კარგად იცნობენ ორგანიზაციის სტრუქტურას“, „სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ პასუხისმგებლობას“, „ეხმარებიან სხვებს, დააფასონ იეჰოვას ორგანიზაცია და პატივი სცენ მას“, „ხელს უწყობენ კრებაში თბილი ურთიერთობის განვითარებას და თანამორწმუნეებს სულიერ ზრდაში ეხმარებიან“. ეს იმის წყალობით ხდება, რომ კურსდამთავრებულები არა საკუთარი შეხედულებებით, არამედ ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობენ და არ არიან ბრძენები საკუთარ თვალში (იგავები 3:5—7). ასეთი მამაკაცები წარმოადგენენ სულიერ ძღვენს იმ კრებებისთვის, სადაც ისინი ინიშნებიან.

მსახურება დაშორებულ ტერიტორიებზე

ზოგი კურსდამთავრებული სპეციალურ პიონერად ინიშნება, რათა დაეხმაროს დაშორებულ ტერიტორიაზე არსებულ ჯგუფებს, კრებებად ჩამოყალიბდნენ. ერთი უხუცესი, რომელიც გვატემალას ერთ-ერთ დაშორებულ ტერიტორიაზე მსახურობს, მადლიერებას გამოხატავს ამ ძმების დახმარებისთვის: „20 წელი განუწყვეტლივ ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უნდა გვეზრუნა ამ უშველებელ ტერიტორიაზე. მე ხშირად ვლოცულობდი ამ საკითხზე. ის ძმები, რომლებსაც მსახურებაში დახელოვნების სკოლა აქვთ გავლილი, არა მხოლოდ სიტყვის კარგი გადამცემები არიან, არამედ ორგანიზაციულ საკითხებშიც შესანიშნავად ერკვევიან. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამჟამად ამ ტერიტორიას ჯეროვანი ყურადღება ექცევა“.

კურსდამთავრებულები მიღებული განათლების წყალობით ეფექტურად მსახურობენ იქ, სადაც აგზავნიან. ხშირად მათ მთაგორიან რაიონებში უწევთ დიდი მანძილის გავლა, რათა მივარდნილ სოფლებში იქადაგონ. დაშორებულ ტერიტორიებზე ისინი მალევე აყალიბებენ ჯგუფებს და ორგანიზებას უწევენ მათ, რადგან სხვა მაუწყებლებთან შედარებით ამის გაკეთების მეტი შესაძლებლობა აქვთ. მაგალითად, ერთმა ნიგერიელმა უხუცესმა კურსდამთავრებული ძმების დახმარება ითხოვა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ისინი შესანიშნავად გაართმევდნენ თავს მსახურებას იმ ტერიტორიაზე, სადაც ის ცხოვრობდა. დაშორებულ ტერიტორიებზე სპეციალურ პიონერებად და სარაიონო ზედამხედველებად მსახურება დაუქორწინებელი ძმებისთვის უფრო ადვილია. პავლე მოციქულის მსგავსად ხშირად ისინიც არიან „საფრთხეში მდინარეებზე, საფრთხეში ყაჩაღებისგან, საფრთხეში უკაცრიელ ადგილას“, აგრეთვე უმკლავდებიან პირად პრობლემებს და ბევრს ფიქრობენ იმ კრებაზე, სადაც მსახურობენ (2 კორინთელები 11:26—28).

ახალგაზრდების დახმარება

ბიბლია მოუწოდებს ახალგაზრდებს, ახსოვდეთ თავიანთი შემოქმედი (ეკლესიასტე 12:1). ის გულმოდგინე ძმები, რომლებმაც მსახურებაში დახელოვნების სკოლა გაიარეს, შესანიშნავ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდა ქრისტიანებს. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ერთ კრებაში ორი კურსდამთავრებული დანიშნეს, კრების წევრების მიერ მსახურებაში გატარებულმა დროის რაოდენობამ ორჯერ მოიმატა. გარდა ამისა, პიონერების ანუ სრული დროით მქადაგებლების რიცხვი ორიდან თერთმეტამდე გაიზარდა. კურსდამთავრებულების დანიშვნამ სხვა კრებებშიც დადებითი შედეგები მოიტანა.

კურსდამთავრებულები ახალგაზრდა ძმებს მოუწოდებენ, რომ მსახურებაში დახელოვნების სკოლა გაიარონ. ამან ბევრი აღძრა, რომ გამხდარიყვნენ მომსახურეები. ნიდერლანდების ფილიალი მსახურებაში დახელოვნების სკოლის კურსდამთავრებულებს უწოდებს „ცოცხალ მაგალითს ახალგაზრდა ძმებისთვის, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, თუ რა გზას დაადგნენ ცხოვრებაში“.

უცხოენოვან კრებებში მსახურება

ბევრ ქვეყანაში, როდესაც მოწმეები ძალისხმევას ახმარენ, ხალხს მათივე ენაზე უქადაგონ სასიხარულო ცნობა, ამას სწრაფად გამოაქვს სასურველი შედეგი. მსახურებაში დახელოვნების სკოლის კურსდამთავრებულები ხშირად სწავლობენ სხვა ენებს და მსახურობენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მრავალი იმიგრანტია. მაგალითად, ბელგიაში დიდი მოთხოვნილებაა ისეთ მაუწყებლებზე, რომლებმაც ალბანური, სპარსული თუ რუსული ენები იციან.

გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, მექსიკაში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში არსებული უცხოენოვანი კრებებისა და ჯგუფებისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა იმ მიმომსვლელი ზედამხედველების, უხუცესებისა და მომსახურეების დახმარება, რომლებმაც მსახურებაში დახელოვნების სკოლა გაიარეს. კორეის ფილიალი იტყობინება, რომ „200-ზე მეტ კურსდამთავრებულს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უცხოენოვანი კრებებისა და ჯგუფების სულიერ ზრდაში“.

თავმდაბლურად ართმევენ თავს სხვადასხვა პასუხისმგებლობას

გარდა იმისა, რომ ეს ძმები უცხოენოვან კრებებსა და ჯგუფებს მსახურებაში ეხმარებიან, ისინი უხუცესებად, მომსახურეებად და მიმომსვლელ ზედამხედველებადაც მსახურობენ. ზოგს სხვა ქვეყნებშიც აგზავნიან, ხშირ შემთხვევაში იმიტომ, რომ ფილიალში სამსახურებრივ განყოფილებას დაეხმარონ. სამშენებლო საქმეში გამოცდილი ძმები კი სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამაში იღებენ მონაწილეობას.

მთელ მსოფლიოში კრებებისა და რაიონების ზრდის გამო მუდმივად იზრდება მოთხოვნილება მიმომსვლელ ზედამხედველებზე. ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მსახურებაში დახელოვნების სკოლაგავლილი ზოგი ძმა გადის ათკვირიანი მომზადების კურსს მიმოსვლითი მსახურებისთვის და შემდეგ სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ ან სარაიონო ზედამხედველად მსახურობს. ამჟამად 97 ქვეყანაში დაახლოებით 1 300 კურსდამთავრებული მსახურობს სარაიონო ზედამხედველად. აფრიკის ერთ ქვეყანაში მიმომსვლელი ზედამხედველების 55 პროცენტს გავლილი აქვს მსახურებაში დახელოვნების სკოლა. აფრიკის სხვა ქვეყანაში კი ეს რიცხვი 70 პროცენტს შეადგენს.

ავსტრალიიდან, ევროპიდან, კანადიდან, შეერთებული შტატებიდან და შორეული აღმოსავლეთიდან ასობით კურსდამთავრებული გაიგზავნა ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც ძმებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ამგვარად, ეს სკოლა დიდ დახმარებას უწევს საძმოს მთელ მსოფლიოში.

თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით იეჰოვა ახელოვნებს თავის ხალხს, რათა ამ ბოლო დღეებში მათ მხარი დაუჭირონ სამეფოს ინტერესებს და სხვადასხვაგვარად იმსახურონ, მაგალითად, სახარების მქადაგებლებად, მწყემსებად და მასწავლებლებად. გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ღვთის ხალხის რიგებს კიდევ მრავალი შეემატება? ნამდვილად! ამიტომაც, გამუდმებით იზრდება მოთხოვნილება ისეთ ძმებზე, რომლებიც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ თავზე (ესაია 60:22; 1 ტიმოთე 3:1, 13). მსახურებაში დახელოვნების სკოლა საფუძვლიანად ამზადებს უხუცესებსა და მომსახურეებს, რათა მათ შეძლონ მსახურების გაფართოება; ეს კი დიდ დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ მათ, არამედ მთელ საძმოს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ ბევრ ენაზე.

[სურათები 10 გვერდზე]

მსახურებაში დახელოვნების სკოლა ხელს უწყობს სამეფოს ინტერესების წინსვლას მთელ მსოფლიოში.

[სურათები 13 გვერდზე]

გსურთ გაიაროთ მსახურებაში დახელოვნების სკოლა და დაეხმაროთ სხვებს?