მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ეკლესიასტე“
იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ეკლესიასტე“
„კაცი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და შფოთით აღსავსე“, — აღნიშნა პატრიარქმა იობმა (იობი 14:1). მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლე უსარგებლო საქმეებსა და მცდელობებს არ შევალიოთ! რას უნდა მოვახმაროთ ჩვენი დრო, ენერგია და სახსრები? რას უნდა მოვერიდოთ? ამ მხრივ საიმედო ხელმძღვანელობას გაგვიწევს ბიბლიის წიგნ „ეკლესიასტეში“ ჩაწერილი ბრძნული სიტყვები. მასში მოცემული სიბრძნე „არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ და გვეხმარება, გვქონდეს აზრიანი ცხოვრება (ებრაელები 4:12).
წიგნი „ეკლესიასტე“, რომელიც სიბრძნით ცნობილი კაცის, ძველი ისრაელის მეფე სოლომონის, მიერ არის დაწერილი, შეიცავს პრაქტიკულ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ცხოვრებაში ნამდვილად ღირებული და რა — უსარგებლო. სოლომონი ამ წიგნში მოიხსენიებს ზოგ სამშენებლო პროექტს, ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წიგნი „ეკლესიასტე“ დაიწერა ამ მშენებლობების დასრულების შემდეგ და მანამ, სანამ სოლომონი წმინდა თაყვანისმცემლობიდან გადაუხვევდა (ნეემია 13:26). აქედან გამომდინარე, ეს წიგნი დაიწერა ძვ. წ. 1000 წლამდე ანუ სოლომონის 40-წლიანი მეფობის დასრულებამდე.
რა არ არის ამაოება?
„ყველაფერი ამაოებაა!“ — ამბობს შემკრები, რომელიც სვამს კითხვას: — „რას არგებს კაცს გარჯა, რომელსაც მზის ქვეშ ეწევა?“ (ეკლესიასტე 1:2, 3). სიტყვები „ამაოება“ და „მზის ქვეშ“ არაერთხელ გვხვდება წიგნ „ეკლესიასტეში“. „ამაოებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „სუნთქვას“ ან „ორთქლს“ და მიუთითებს სიცარიელესა და წარმავლობაზე. გამოთქმაში „მზის ქვეშ“ იგულისხმება დედამიწა ანუ ეს ქვეყნიერება. ამგვარად, ყველაფერი — ადამიანის ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ღვთის ნების უგულებელყოფისკენ არის მიმართული — ამაოებაა.
სოლომონი ამბობს: „დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როცა ჭეშმარიტი ღვთის სახლში მიდიხარ; გიჯობს მზად იყო მოსასმენად“ (ეკლესიასტე 5:1). ჭეშმარიტი ღმერთისთვის, იეჰოვასთვის, თაყვანისცემა ამაოება არ არის. თუ გვსურს, აზრით აღსავსე ცხოვრება გვქონდეს, მნიშვნელოვანია, მთელი ყურადღება ღმერთთან ურთიერთობაზე გადავიტანოთ.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:4—10. რა გაგებით არის ბუნებაში არსებული წრებრუნვები ‘დამღლელი’? აქ სოლომონი მოიხსენიებს მხოლოდ 3 რამეს, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა; ესენია: მზე, ქარი და წყლის წრებრუნვა. ფაქტობრივად, ბუნებაში მრავალი წრებრუნვა არსებობს და ისინი ძალიან რთულია. ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრება მოანდომოს მათ შესწავლას, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ჩასწვდეს. ეს მართლაც „დამღლელი“ იქნებოდა. აგრეთვე გული გაგვიტყდებოდა, თუ ჩვენს ხანმოკლე სიცოცხლეს უსასრულო წრებრუნვებს შევადარებდით. დამღლელია იმის მცდელობაც კი, რომ გაკეთდეს ახალი აღმოჩენები. ახალი აღმოჩენები სხვა არაფერია, თუ არა იმ პრინციპების მიგნება, რომლებიც ჭეშმარიტი ღმერთის მიერ უკვე დადგენილი და გამოყენებულია.
2:1, 2. რატომ არის სიცილზე ნათქვამი, რომ ის „სისულელეა“? სიცილი გვეხმარება პრობლემების წამიერად დავიწყებაში; მხიარულების დროს პრობლემა ნაკლებად რთული გვეჩვენება. ჩვენ კი ვიცინით, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. ამიტომ ბედნიერების სიცილში ძიება „სისულელეა“.
3:11. რა ‘შექმნა მშვენივრად თავის დროზე’ ღმერთმა? ღვთის მიერ თავის დროზე ‘მშვენივრად’, ანუ კარგად, შექმნილთა შორის იყვნენ ადამი და ევა; ასევე მშვენიერი იყო: ცისარტყელას შეთანხმება, აბრაამთან დადებული შეთანხმება, დავითთან დადებული შეთანხმება, მესიის მოსვლა და ღვთის სამეფოში იესო ქრისტეს გამეფება. მაგრამ არის კიდევ რაღაცა, რასაც ღმერთი ახლო მომავალში ‘გაამშვენიერებს’. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სამართლიანი ახალი ქვეყნიერება თავის დროზე რეალობად იქცევა (2 პეტრე 3:13).
3:15ბ. როგორ ‘ეძებს ჭეშმარიტი ღმერთი იმას, ვინც იდევნება’? გამოთქმა „იმას, ვინც იდევნება“, მიუთითებს მართალ ადამიანზე, რომელიც ხშირად ბოროტთა მიერ იდევნება. ამ შემთხვევაში იეჰოვა მართლებს იმ მიზნით ეძებს, რომ „თავისი ძალით დაეხმაროს“ (2 მატიანე 16:9).
5:9. როგორ არის ‘მიწის ნაყოფი ყველასთვის’? დედამიწის ყველა მკვიდრი დამოკიდებულია „მიწის ნაყოფზე“. გამონაკლისი არც მეფეები არიან. მიწის ნაყოფის მისაღებად მათი მინდვრებიც უნდა დაამუშაონ მსახურებმა, რომლებსაც მძიმე შრომა უწევთ.
რას ვსწავლობთ:
1:15. ფუჭია დღეს არსებული ჩაგვრისა და უსამართლობის აღმოსაფხვრელად დროისა და ენერგიის ხარჯვა. მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია ბოროტების მოსპობა (დანიელი 2:44).
2:4—11. ისეთი რამეები, როგორიცაა: მშენებლობა, მებაღეობა, მუსიკა და მდიდრული ცხოვრება ‘ქარის დევნაა’, რადგან ისინი სიცოცხლეს ნამდვილ აზრს არ სძენს და ხანგრძლივი ბედნიერება არ მოაქვს.
2:12—16. სიბრძნე უგუნურებაზე უპირატესობს, რადგან სიბრძნის საშუალებით შესაძლებელია გარკვეული პრობლემების მოგვარება. მაგრამ სიკვდილთან ადამიანური სიბრძნე უძლურია. და, თუ ვინმემ ამ სიბრძნის წყალობით დიდება მოიპოვა კიდეც, მისი სახელი მალე დავიწყებას მიეცემა.
2:24; 3:12, 13, 22. ცუდი არაფერია იმაში, თუ ჩვენი შრომის ნაყოფით სიამოვნებას ვიღებთ.
2:26. ღვთიური სიბრძნე, რომელსაც სიხარული მოაქვს, ‘იეჰოვასთვის მოსაწონ კაცს’ ეძლევა. ღმერთთან კარგი ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია ასეთი სიბრძნის მიღება.
3:16, 17. არარეალურია იმის მოლოდინი, რომ ყველაფერი სამართლიანად იქნება. ნაცვლად იმისა, რომ ზედმეტად ვწუხდეთ მსოფლიოში დღეს არსებულ უსამართლობაზე, იეჰოვას უნდა დაველოდოთ.
4:4. მუყაით შრომას კმაყოფილება მოაქვს. მაგრამ, თუ ადამიანი მხოლოდ იმიტომ შრომობს, რომ სხვებს აჯობოს, ეს მას მეტოქეობის სულს გაუღვივებს და ღვარძლსა და შურს აღუძრავს. ქრისტიანულ მსახურებაში გულმოდგინების გამოვლენისკენ სწორმა მოტივებმა უნდა აღგვძრას.
4:7—12. ადამიანებს შორის ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური სიმდიდრის ფლობა და ეს ურთიერთობა სიმდიდრეზე არ უნდა გავცვალოთ.
4:13. ყველა არ იმსახურებს პატივისცემას, ვისაც მდგომარეობა და ასაკი აქვს. პასუხისმგებლობის მქონე პირი ბრძნულად უნდა მოქმედებდეს.
4:15, 16. ‘ყმაწვილს, რომელიც მის ადგილზე დგება’ ანუ მას, ვინც მეფის ადგილს იკავებს, თავდაპირველად შეიძლება ‘ხალხის’ მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ ‘მოგვიანებით ისინი აღარ გაიხარებენ მისით’. მართლაც, პოპულარობა დროებითია.
5:2. ჩვენი ლოცვები გააზრებული უნდა იყოს და არა მექანიკური; მათში პატივისცემა უნდა იგრძნობოდეს.
5:3—7. მატერიალური სიმდიდრისკენ სწრაფვამ ადამიანი შეიძლება აღძრას, გამუდმებით ეგოისტურ სურვილებზე იფიქროს. ამან შეიძლება ადამიანს მოსვენება დაუკარგოს, ღამე სულ ეს ელანდებოდეს და ძილი დაუფრთხოს. მრავალსიტყვაობამ ადამიანი შეიძლება სხვების თვალში სულელად გამოაჩინოს; აგრეთვე მან შეიძლება ნაჩქარევად დაუდოს ღმერთს აღთქმა. ‘ჭეშმარიტი ღვთის შიში’ მსგავსი შეცდომების დაშვებისგან დაგვიცავს.
6:1—9. რა ფასი აქვს სიმდიდრეს, დიდებას, დღეგრძელობასა და დიდ ოჯახს, თუ ყოველივე ამით ვერ ვისიამოვნებთ? ადამიანი „ჯობია თვალებით ხედავდეს“, ანუ სინამდვილეს თვალს უსწორებდეს, ვიდრე ‘სულის სურვილით დადიოდეს’ ანუ ისეთი სურვილები ჰქონდეს, რომელთა დაკმაყოფილებაც შეუძლებელია. ამგვარად, ადამიანისთვის საუკეთესოა, ‘დაკმაყოფილდეს, თუ აქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი’, იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოს (1 ტიმოთე 6:8).
რჩევა ბრძენთათვის
როგორ შევინარჩუნოთ კარგი რეპუტაცია? რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სახელმწიფო მოხელეებისა და იმ უსამართლობისადმი, რომლის მოწმენიც შეიძლება გავხდეთ? როგორ უნდა ვიცხოვროთ დღეს, როცა ვიცით, რომ მკვდრები არაფერს გრძნობენ? როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს თავიანთი დრო და ენერგია გონივრულად გამოიყენონ? ეკლესიასტეს მე-7—12 თავებში სოლომონი ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გონივრულ რჩევებს იძლევა.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
7:19. რა გაგებით არის სიბრძნე უფრო ძლიერი, ვიდრე „ათი მთავარი“? ბიბლიაში რიცხვი ათი სისრულის მაჩვენებელია. სოლომონი ამბობს, რომ სიბრძნე უფრო იცავს ადამიანს, ვიდრე ქალაქის დამცველთა სრული შემადგენლობა.
10:2. რას ნიშნავს, რომ ზოგს გული ‘მარჯვნივ’ აქვს და ზოგს — მარცხნივ’? მარჯვენა მხარეს დგომა ხშირად საპატიო მდგომარეობაზე მიუთითებს; ამიტომ, როდესაც ნათქვამია, რომ ადამიანს გული მარჯვნივ აქვს, ეს ნიშნავს, რომ მას გული სწორად მოქმედებისკენ აღძრავს. მაგრამ, თუ ადამიანი არასწორად იქცევა, შეიძლება ითქვას, რომ მას გული მარცხნივ აქვს.
10:15. როგორ ‘ქანცავს სულელებს გარჯა’? თუ ვინმეს განსჯის უნარი არა აქვს, რაც უნდა მძიმედ იმუშაოს, ღირებულს არაფერს იმკის. მუშაობა მას კმაყოფილებას არ ანიჭებს. ასეთი გარჯა მისთვის დამქანცველია.
11:7. რას ნიშნავს განაცხადი: „ტკბილია სინათლე და კარგია, თვალი რომ მზეს ხედავს“? სინათლე და მზე ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს. სოლომონი აქ ამბობს, რომ კარგია, იყო ცოცხალი და „გაიხარო“ სიბნელის დღეებამდე ანუ მოხუცებულობამდე, როდესაც ადამიანს ძალა და ენერგია წაერთმევა.
11:10. რატომ არის ამაოება „ახალგაზრდობა და საუკეთესო წლები“? ახალგაზრდობა, თუ მართებულად არ გამოვიყენებთ, ამაოებაა, რადგან ახალგაზრდული ენერგია ორთქლივით სწრაფად ქრება.
რას ვსწავლობთ:
7:6. უადგილო სიცილი გამაღიზიანებელი და უსარგებლოა, ისე როგორც ცეცხლზე შედგმული ქოთნის ქვეშ ეკლების ტკაცუნი. კარგია, რომ ვერიდოთ ასეთ სიცილს.
7:21, 22. მეტისმეტად არ უნდა გვაღელვებდეს ის, რასაც სხვები ჩვენზე ლაპარაკობენ.
8:2, 3; 10:4. გონივრულია სიმშვიდე შევინარჩუნოთ, როდესაც ზედამხედველი ან დამსაქმებელი გვაკრიტიკებს ან შენიშვნას გვაძლევს. ასე მოქცევა უკეთესია, ვიდრე ‘აჩქარება და მისგან წასვლა’ ანუ სამსახურის სასწრაფოდ მიტოვება.
8:8; 9:5—10, 12. ჩვენი სიცოცხლე შეიძლება ისევე მოულოდნელად დასრულდეს, როგორც ბადეში გაბმული თევზის ან მახეში დაჭერილი ფრინველის. გარდა ამისა, სიკვდილს ვერავინ დაუდგება წინ და ვერც ვერავინ დაამარცხებს სიკვდილს, კაცობრიობის მტერს. ამიტომ ფუჭად არ უნდა დავხარჯოთ დრო. იეჰოვას სურს, დავაფასოთ სიცოცხლე და მართებული სახით დავტკბეთ ცხოვრებით. ამისათვის კი საჭიროა იეჰოვას მსახურება პირველ ადგილზე დავაყენოთ.
8:16, 17. შეუძლებელია ბოლომდე ჩავწვდეთ ღვთის საქმეებს და ყველაფერს, რაც ღმერთმა დაუშვა, რომ მომხდარიყო მაშინაც კი, თუ ამის ძიებაში ღამეებს თეთრად გავათენებდით. მზის ქვეშ არსებულ ბოროტებაზე წუხილი ცხოვრების ხალისს დაგვაკარგვინებს.
9:16—18. სიბრძნე დაფასებულ უნდა იქნას მაშინაც კი, როდესაც მას, ჩვეულებრივ, არ აფასებენ. ბრძენის მიერ მშვიდად ნათქვამი სიტყვები უმჯობესია, ვიდრე სულელის ყვირილი.
10:1. სიფრთხილეა საჭირო, როცა რაღაცას ვამბობთ ან ვაკეთებთ. ოდნავ ყურადღების მოდუნება, რასაც შეიძლება მოჰყვეს ბრაზის გადმონთხევა, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ან ამორალური საქციელი, საკმარისია იმისათვის, რომ ღირსეულ ადამიანს რეპუტაცია შეელახოს.
10:5—11. არ უნდა შეგვშურდეს, როცა მაღალი თანამდებობა არაკომპეტენტურ პიროვნებას უკავია. ასეთი ადამიანის მიერ გაკეთებულ უმნიშვნელო საქმესაც კი შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს. მაგრამ კარგია, ‘წარმატების მისაღწევად სიბრძნით მოქმედება’ ვისწავლოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დავიხვეწოთ სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეში.
11:1, 2. საჭიროა, ვისწავლოთ გულუხვობის მთელი გულით გამოვლენა. ამით სხვებსაც ვუბიძგებთ გულუხვობის გამოვლენისკენ (ლუკა 6:38).
11:3—6. გაურკვევლობის გამო არ უნდა გაგვიჭირდეს გადაწყვეტილების მიღება.
11:9; 12:1—7. ახალგაზრდები ანგარიშვალდებულნი არიან იეჰოვას წინაშე. ამიტომ, სანამ დაბერდებიან და ძალა გამოეცლებათ, ახალგაზრდებმა თავიანთი დრო და ენერგია ღვთის მსახურებას უნდა მოახმარონ.
ვიხელმძღვანელოთ „ბრძენთა სიტყვებით“
როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს „სასიამოვნო სიტყვებზე“, რომლებიც შემკრებმა მოიძია და ჩაწერა? ადამიანური სიბრძნის შემცველი წიგნებისგან განსხვავებით, „ბრძენთა სიტყვები სახრესავითაა, ამ გამონათქვამთა შემგროვებლები ჩაჭედებულ ლურსმნებს ჰგვანან; ერთი მწყემსისგანაა ისინი“ (ეკლესიასტე 12:10—12). „ერთი მწყემსისგან“, იეჰოვასგან, მოცემული ბრძნული სიტყვები ჩვენს ცხოვრებას სტაბილურს ხდის.
წიგნ „ეკლესიასტეში“ მოცემული ბრძნული რჩევების გამოყენება ნამდვილად აზრიანს გახდის ჩვენს ცხოვრებას და ბედნიერებას მოგვიტანს. უფრო მეტიც, ბიბლია გვარწმუნებს, რომ „ჭეშმარიტი ღვთის მოშიშებს ხელი მოემართებათ“. ამიტომ, მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ ‘ჭეშმარიტი ღვთის გვეშინოდეს და მისი მცნებები დავიცვათ’ (ეკლესიასტე 8:12; 12:13).
[სურათი 15 გვერდზე]
თავის დროზე რეალობად იქცევა ღვთის ერთ-ერთი უმშვენიერესი ჩანაფიქრი.
[სურათი 16 გვერდზე]
საკვები, სასმელი და გარჯაში სიამოვნების პოვნა ღვთის ძღვენია.