თქვენ შეგიძლიათ იცოცხლოთ მარადიულად
თქვენ შეგიძლიათ იცოცხლოთ მარადიულად
მორწმუნეთა უმეტესობას იმედი აქვს, რომ მარადიულად იცოცხლებს. სხვადასხვა რელიგია ამას სხვადასხვანაირად ასწავლის. თუმცა მათ საერთოც აქვთ: ადამიანები ბედნიერად უნდა ცხოვრობდნენ შესანიშნავ პირობებში და არ უნდა კვდებოდნენ. თქვენც იგივე გსურთ? რატომ გავრცელდა საყოველთაოდ რწმენა მარადიული სიცოცხლის შესახებ? იქცევა ეს იმედი ოდესმე რეალობად?
ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ შემოქმედმა შექმნისთანავე მარადიული სიცოცხლის სურვილი ჩაუდო პირველ ადამიანებს: „[ღმერთმა] მარადიულობაც ჩადო მათ გულებში“ (ეკლესიასტე 3:11).
ადამი და ევა იმ შემთხვევაში იცოცხლებდნენ მარადიულად, თუ აღიარებდნენ, რომ ღმერთს აქვს უფლება, დაადგინოს, რა არის სწორი და რა — არასწორი. თუ ასე მოიქცეოდნენ, იეჰოვა მათ მარადიული სიცოცხლის ღირსად ჩათვლიდა. ისინი იცხოვრებდნენ ედემის ბაღში, რომელიც იეჰოვამ მათთვის შექმნა (დაბადება 2:8; 3:22).
ადამიანებმა დაკარგეს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ედემის ბაღში „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“ დარგო; მან ადამსა და ევას აუკრძალა ამ ხის ნაყოფის ჭამა, რათა არ მომკვდარიყვნენ (დაბადება 2:9, 17). თუ ისინი დაემორჩილებოდნენ ამ მითითებას, ცხადყოფდნენ, რომ აღიარებდნენ ღვთის უფლებამოსილებას, ხოლო თუ შეჭამდნენ, ღვთის უფლებამოსილებას უარყოფდნენ. ადამი და ევა არ დაემორჩილნენ იეჰოვას მითითებას და მხარი დაუჭირეს სატანას, სულიერ ქმნილებას, რომელიც ღვთის წინააღმდეგ წავიდა. შედეგად, ღმერთმა სამართლიანად გადაწყვიტა, რომ ადამი და ევა მარადიულ სიცოცხლეს არ იმსახურებდნენ (დაბადება 3:1—6).
ღმერთმა მისცა მათ შესაძლებლობა, აერჩიათ სიცოცხლე ან სიკვდილი. დაუმორჩილებლობას სიკვდილი მოჰყვებოდა ანუ მათ არსებობას წერტილი დაესმებოდა. ადამი და ევა ან მათი შთამომავლები ვერც მაგიური ელექსირის მეშვეობით გაიხანგრძლივებდნენ სიცოცხლეს და ვერც სიკვდილის შემდეგ განაგრძობდნენ არსებობას როგორც უკვდავი სულები *.
ადამის დაუმორჩილებლობა მის ყველა შთამომავალზე აისახა. ამის შესახებ მოციქულმა პავლემ თქვა: „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12).
ადამიანებს კვლავ მიეცათ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა
მოციქულმა პავლემ ადამის შთამომავლების მდგომარეობა რომაელები 5:12; 6:16, 17). ასეთი „მონების“ კანონიერად გამოსყიდვა და მათი სიკვდილის მარწუხებისგან გათავისუფლება მხოლოდ იეჰოვას წყალობით იყო შესაძლებელი. პავლემ თქვა: „როგორც [ადამის] ერთმა შეცოდებამ მოუტანა მსჯავრი ყველას, ასევე ერთ მოქმედებას, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა, ყველასთვის მართლებად აღიარება მოაქვს სასიცოცხლოდ“. ეს ‘ერთი მოქმედება, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა’, იყო ის, რომ იესომ თავისი სრულყოფილი სიცოცხლის შეწირვით „შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის“. იეჰოვამ ეს გამოსასყიდი კანონიერად ცნო, რისი მეშვეობითაც ადამიანები გათავისუფლდებიან „გასამართლებისგან“, „მსჯავრისგან“ (რომაელები 5:16, 18, 19; 1 ტიმოთე 2:5, 6).
შეადარა პირველ საუკუნეში მცხოვრები მონის მდგომარეობას. მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო ადამისა და ევას შვილები დაიბადნენ როგორც „ცოდვის მონები“, ანუ სიკვდილისთვის განწირულები (ამიტომ მეცნიერები ვერასოდეს იპოვიან გენეტიკურ კოდში მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს. ბიბლიის თანახმად, სიკვდილის მიზეზი ძირითადად ზნეობრივ და სამართლებრივ საკითხებს უკავშირდება და არა — ბიოლოგიურ პროცესებს. იესოს გამოსასყიდის მეშვეობით მარადიული სიცოცხლის დაბრუნებაც სამართლებრივი საკითხია. გამოსასყიდი ღვთის სამართლიანობასა და სიკეთეზე მეტყველებს. ვინ მიიღებს გამოსასყიდის მეშვეობით მარადიულ სიცოცხლეს?
უკვდავების ძღვენი
იეჰოვა ღმერთი არის „უსასრულობიდან უსასრულობამდე“; ის უკვდავია (ფსალმუნები 90:2, სქოლიო). იესო ქრისტემ პირველმა მიიღო იეჰოვასგან უკვდავების ძღვენი. მოციქულმა პავლემ თქვა: „მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე“ (რომაელები 6:9). პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო მიწიერი მმართველებისგან განსხვავებით უკვდავია. იესო „მარადიულად ცოცხლობს“. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მისი ‘სიცოცხლე მოუსპობელია’ (ებრაელები 7:15—17, 23—25; 1 ტიმოთე 6:15, 16).
იესოს გარდა ამ ძღვენს სხვებიც მიიღებენ. სულითცხებული ქრისტიანები, რომლებიც იესოსთან ერთად იმეფებენ ზეცაში, იესოს მსგავსად უკვდავები იქნებიან (რომაელები 6:5). მოციქული იოანე ამბობს, რომ ამ ძღვენს 144 000 ადამიანი მიიღებს (გამოცხადება 14:1). პავლე მათ აღდგენას შემდეგნაირად აღწერს: „ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს . . . გაისმება საყვირის ხმა და მკვდრები უხრწნელად აღდგებიან, ჩვენ კი შევიცვლებით, ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი — უკვდავებით“. სიკვდილი აღარ იბატონებს მათზე (1 კორინთელები 15:50—53; გამოცხადება 20:6).
ამის ცოდნა მართლაც რომ მნიშვნელოვანია. ღმერთს უკვდავებად ანგელოზებიც კი არ შეუქმნია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სულიერი ქმნილებები არიან. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სულიერი ქმნილებები, რომლებმაც სატანის მხარე დაიკავეს, განადგურდებიან (მათე 25:41). იესოს თანამმართველები კი უკვდავების ძღვენს მიიღებენ, რაც ცხადყოფს, რომ იეჰოვა ბოლომდე ენდობა მათ.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედამიწაზე ოდესმე მცხოვრები მილიარდობით ადამიანიდან მხოლოდ 144 000 იცოცხლებს მარადიულად. რატომ?
მარადიული სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე
ბიბლიის წიგნი „გამოცხადება“ აღწერს „უამრავ ხალხს“, რომელიც მარადიულად იცხოვრებს სამოთხეში დედამიწაზე. მათთან ერთად იქნებიან მკვდრეთით აღდგენილებიც; მათ კვლავ დაუბრუნდებათ ახალგაზრდული ძალები და ჯანმრთელობა (გამოცხადება 7:9; 20:12, 13; 21:3, 4). მათ მიიყვანენ ‘ბროლივით სუფთა სიცოცხლის წყლის მდინარესთან . . . რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინება’. მდინარის ნაპირებზე იდგება „სიცოცხლის ხეები“, რომელთა ‘ფოთლები ხალხებს განკურნავს’. იეჰოვა ღმერთი მთელი გულით მოგვიწოდებს: „მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“ (გამოცხადება 22:1, 2, 17).
ამ ხეებში და წყალში არ იგულისხმება სიცოცხლის ელექსირი ან გაახალგაზრდავების წყარო, რასაც საუკუნების წინათ ალქიმიკოსები და მოგზაურები ეძებდნენ. ამაში იგულისხმება ყველაფერი, რაც ღმერთმა გააკეთა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ ადამიანებისთვის სრულყოფილება დაებრუნებინა.
ღვთის განზრახვა არ შეცვლილა; მას კვლავ სურს, რომ მორჩილმა ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ დედამიწაზე. იეჰოვა ერთგული ღმერთია, ამიტომ ეს განზრახვა აუცილებლად შესრულდება. ფსალმუნების 37:29-ში ვკითხულობთ: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“. ეს დანაპირები აღგვძრავს, რომ შევუერთდეთ მათ განაცხადს, ვინც ზეცაში უკვდავებას მიიღებს: „დიდი და საოცარია შენი საქმენი, იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო. მართალი და ჭეშმარიტია შენი გზები, მარადიულობის მეფეო. ვის არ შეეშინდება შენი, იეჰოვა, და ვინ არ ადიდებს შენს სახელს? მხოლოდ შენა ხარ ერთგული“ (გამოცხადება 15:3, 4).
თქვენც გსურთ მარადიულად იცოცხლოთ? ამისთვის საჭიროა, დაემორჩილოთ და უერთგულოთ „მარადიულობის მეფეს“. თქვენ ახლოს უნდა გაიცნოთ იეჰოვა და იესო ქრისტე, ვისი მეშვეობითაც შესაძლებელია მარადიული სიცოცხლის მიღება. ყველა, ვინც ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრობს, „მარადიული სიცოცხლით“ დაჯილდოვდება (იოანე 17:3).
[სქოლიოები]
^ აბზ. 7 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]
დიდი ხნის ოცნება
მესოპოტამიურ თქმულებაში გილგამეშის შესახებ, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულით არის დათარიღებული, მოთხრობილია, თუ როგორ ეძებდა მთავარი გმირი მარადიულ ახალგაზრდობას. ძველი ეგვიპტელები კი მიცვალებულების მუმიფიცირებას ახდენდნენ, რათა სული, რომელიც უკვდავად მიაჩნდათ, კვლავ ჩასახლებულიყო თავის სხეულში. ამიტომ ზოგ ეგვიპტურ სამარხში დებდნენ ყველაფერს, რაც სიკვდილის შემდეგ დასჭირდებოდა მიცვალებულს.
ჩინელ ალქიმიკოსებს ჯერ კიდევ ძვ. წ. VIII საუკუნეში სწამდათ, რომ სხეული უკვდავი იყო; ძვ. წ. IV საუკუნეში ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უკვდავებას მაგიური ელექსირებით მიაღწევდნენ. შუა საუკუნეებში მცხოვრები ევროპელი და არაბი ალქიმიკოსები ცდილობდნენ, სიცოცხლის ელექსირი გამოეგონებინათ. მათ მიერ დამზადებული ზოგი ელექსირი შეიცავდა დარიშხანის, ვერცხლისწყლისა და გოგირდის მარილებს. არავინ იცის, რამდენი სიცოცხლე შეიწირა ასეთმა ცდებმა!
ამასთან ფართოდ იყო გავრცელებული ლეგენდა გაახალგაზრდავების წყაროს შესახებ. ლეგენდის თანახმად, ვინც ამ წყალს დალევდა, ძალებს განიახლებდა.
[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]
მოსაბეზრებელი იქნება მარადიული სიცოცხლე?
ზოგი ფიქრობს, რომ მარადიული სიცოცხლე მოსაბეზრებელი, უსასრულოდ „დროის ფუჭი ხარჯვა“ იქნება. შესაძლოა, მათ ჰგონიათ, რომ ისეთივე ცხოვრების წესი და პირობები ექნებათ მარადიულად, როგორიც დღეს აქვთ; სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ ის მოსაბეზრებელი და აზრს მოკლებული იქნება. მაგრამ ღმერთი გვპირდება, რომ სამოთხეში ადამიანები „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 37:11). ასეთი ცხოვრება შესაძლებლობას მოგვცემს, მეტი გავიგოთ იეჰოვას შემოქმედების შესახებ, შევიძინოთ და განვივითაროთ სხვადასხვა უნარი და ვაკეთოთ ის საქმე, რაზეც დღეს მხოლოდ ვოცნებობთ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორი გენეტიკის დარგში ობრი დე გრეი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივების პროცესებს იკვლევს, ამბობს: „იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ცოდნაც აქვთ და დროც, სიცოცხლე დღეს სულაც არ არის მოსაწყენი; მათთვის წარმოუდგენელია, რომ ოდესმე საქმე გამოელევათ“. თუმცა ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, რომ ‘ადამიანები თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაიგებენ იმას, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა’ (ეკლესიასტე 3:11).