ადამიანები ისწრაფვიან მარადიულობისკენ
ადამიანები ისწრაფვიან მარადიულობისკენ
უხსოვარი დროიდან ადამიანები მარადიულ სიცოცხლეზე ოცნებობენ. ეს ოცნება დღემდე ოცნებად რჩება, რადგან ვერავინ შეძლო სიკვდილის დამარცხება. ბოლო დროს მედიცინაში მიღწეულმა წარმატებებმა ადამიანებს კვლავ მისცა იმედი, რომ სიცოცხლის საგრძნობლად გახანგრძლივება შესაძლებელია. განვიხილოთ, რა ცხადყო მეცნიერულმა გამოკვლევებმა.
უჯრედის განახლების პროცესის გასახანგრძლივებლად ბიოლოგები იკვლევენ ფერმენტ ტელომერაზას შესაძლებლობებს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ხდება ძველი უჯრედების ახლით ჩანაცვლება. ფაქტია, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე ადამიანის ორგანიზმში უჯრედები რამდენჯერმე ახლდება. მეცნიერების აზრით, თუ შესაძლებელი იქნებოდა ამ პროცესის გახანგრძლივება, მაშინ „ადამიანის სხეული განახლდებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა მარადიულადაც კი“.
თერაპიული კლონირებით, რაც მუდმივი პოლემიკის საგანია, თეორიულად შესაძლებელია პაციენტებისთვის ახალი და ორგანიზმისთვის შეთავსებადი ღვიძლის, თირკმლისა და გულის გადანერგვა. ამ ორგანოების შესაქმნელად მეცნიერები პაციენტის ღეროვანი უჯრედების გამოყენებას აპირებენ.
ნანოტექნოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერების აზრით, დადგება დრო, როცა მედიკოსები სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეუშვებენ უჯრედის ზომის რობოტს, რომელიც აღმოაჩენს და გაანადგურებს კიბოს უჯრედებსა და მავნე ბაქტერიებს. ზოგი ფიქრობს, რომ მეცნიერების ამ დარგში მიღწეული წარმატებებისა და გენური თერაპიის წყალობით ადამიანის სხეული უსასრულოდ განახლდება.
კრიოკონსერვაციის მომხრეები გვამებს დაბალ ტემპერატურაზე ინახავენ. მათი მიზანია, ეს გვამები მანამდე შეინახონ, სანამ მედიცინა არ შეძლებს დაავადებების განკურნებას, სიბერის პროცესის შეჩერებას და მიცვალებულთათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაბრუნებას. ერთი ჟურნალი ამ პროცედურას უწოდებს „ძველი ეგვიპტელების მიერ მკვდარი სხეულების მუმიფიცირების ანალოგს“ („American Journal of Geriatric Psychiatry“).
დაუცხრომელი სწრაფვა უკვდავებისკენ ცხადყოფს, თუ რამდენად უჭირს ადამიანს იმ აზრთან შეგუება, რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება. შესაძლებელია კი, ადამიანმა მარადიულად იცოცხლოს? რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ? პასუხებს შემდეგი სტატიიდან გავიგებთ.