მას იეჰოვას კანონი ანიჭებდა სიამოვნებას
მას იეჰოვას კანონი ანიჭებდა სიამოვნებას
ალბერტ შრედერმა, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, 2006 წლის 8 მარტს, ოთხშაბათს თავისი მიწიერი ცხოვრება დაასრულა. ის 94 წლის იყო და 73 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა სრული დროით.
ძმა შრედერი დაიბადა 1911 წელს მიჩიგანის შტატის (აშშ) ქალაქ საგინოში *. ბავშვობაში მას ბებია, დედის დედა, ასწავლიდა ბიბლიას. მანვე ჩაუნერგა ალბერტს ღვთის სიტყვის სიყვარული. მიჩიგანის უნივერსიტეტში ალბერტ შრედერი სწავლობდა ლათინურ და გერმანულ ენებსა და ელექტროტექნიკას. ვინაიდან წმინდა წერილებისადმი მისი ინტერესი იზრდებოდა, მან მიატოვა უმაღლესი სასწავლებელი და სამეფოს შესახებ სრული დროით ქადაგება დაიწყო. 1932 წელს ის გახდა ბეთელის ოჯახის წევრი ბრუკლინში (ნიუ-იორკი).
1937 წელს, 26 წლის ასაკში, ძმა შრედერს დიდ ბრიტანეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობისთვის ხელმძღვანელობის გაწევა დაევალა. სამქადაგებლო საქმიანობაში მისმა გულმოდგინებამ ბევრი აღძრა სრული დროით მსახურების დასაწყებად. ლონდონის ბეთელში მას ურთიერთობა ჰქონდა ჯონ ბართან, რომელთან ერთადაც მოგვიანებით მრავალი წლის მანძილზე მსახურობდა ხელმძღვანელ საბჭოში.
იეჰოვას მოწმეთა საკეთილდღეოდ ძმა შრედერის მოღვაწეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა ომის წლებში. 1942 წლის აგვისტოში დეპორტაციის გამო მას ბრიტანეთის დატოვება მოუწია. ატლანტის ოკეანეზე სახიფათო მგზავრობის შემდეგ, სექტემბერში ის ბრუკლინში ჩავიდა.
ამ დროისთვის იეჰოვას მოწმეები მოუთმენლად ელოდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავიანთი საქმიანობის გააქტიურებას. ძმა შრედერმა თავისდა გასაოცრად ახალი დანიშნულება მიიღო — ის უნდა დახმარებოდა ძმებს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ კურსის მომზადებაში. რამდენიმე წლის მანძილზე ის ამ სკოლის მასწავლებელი იყო და მისიონერებს ამზადებდა. სტუდენტებს, რომლებსაც იგი ასწავლიდა „გალაადში“ და სამეფო მსახურების სკოლაში, დღემდე ახსოვთ მისი გაკვეთილები. ძმა ალბერტს სიამოვნებას ანიჭებდა, როცა სტუდენტებს ღვთის კანონების სიყვარულს უნერგავდა. ის ხშირად ამახვილებდა ყურადღებას იეჰოვას უკეთ გაცნობის მნიშვნელოვნებაზე.
1956 წელს ძმა შრედერმა ცოლად მოიყვანა შარლოტ ბოუენი. 1958 წელს მათ შეეძინათ ვაჟი ჯუდ ბენი. ალბერტ შრედერი შესანიშნავი მეუღლე და მამა იყო. 1974 წლიდან მან მსახურება დაიწყო ხელმძღვანელ საბჭოში, სადაც ძალიან აფასებდნენ მის გამჭრიახობას. ის იყო კეთილი და თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად იეჰოვას სახელის განდიდება სურდა. ძმა ალბერტ შრედერს ‘იეჰოვას კანონი ანიჭებდა სიამოვნებას’. დარწმუნებულები ვართ, რომ მან, როგორც ცხებულმა ქრისტიანმა, მიიღო ზეციური ჯილდო (ფსალმუნები 1:2).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ძმა შრედერის ბიოგრაფია დაიბეჭდა 1988 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.).