„ბიბლიურ ტექსტთა უძველესი ციტატები“
„ბიბლიურ ტექსტთა უძველესი ციტატები“
ოცდახუთი წლის წინათ ებრაელმა არქეოლოგებმა საოცარი რამ აღმოაჩინეს. ჰინომის ველზე (იერუსალიმი) არსებულ ერთ სამარხში იპოვეს ბიბლიური ტექსტების შემცველი ვერცხლის ორი პატარა გრაგნილი. გრაგნილები ბაბილონელების მიერ ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დანგრევამდე პერიოდით თარიღდებოდა. ტექსტებში მოყვანილი იყო რიცხვნის 6:24—26-ში ჩაწერილი კურთხევების ნაწყვეტი. ღვთის სახელი, იეჰოვა, ორივე გრაგნილში რამდენჯერმე იყო აღნიშნული. ეს ნაწერები შეფასდა როგორც „ძველ მსოფლიოსთან დაკავშირებული უძველესი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელშიც მოცემული იყო ებრაული ბიბლიიდან აღებული მონაკვეთები“.
მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი საკამათოდ მიიჩნევდა ამ აღმოჩენის დათარიღების საკითხს და ვარაუდობდა, რომ ეს ნაწერები ძვ. წ. მეორე საუკუნეშია გაკეთებული. ასეთი განსხვავებული შეხედულების ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ ამ ძალიან პატარა გრაგნილების თავდაპირველი ფოტოსურათების ხარისხი იმდენად კარგი არ იყო, რომ მეცნიერებისთვის საშუალება მიეცა, უფრო კარგად გამოეკვლიათ დეტალები. ამიტომ დათარიღებასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერთა ერთი ჯგუფი თავიდან შეუდგა აღნიშნული საკითხის გამოკვლევას. მათ გამოიყენეს უახლესი ფოტო- და კომპიუტერული ტექნიკა, რათა გრაგნილების უმაღლესი ხარისხის ციფრული გამოსახულებები მიეღოთ. ახალი გამოკვლევის შედეგები არც ისე დიდი ხნის წინათ გამოქვეყნდა. რა დასკვნამდე მივიდა მკვლევართა ჯგუფი?
მეცნიერების სიტყვების თანახმად, არქეოლოგიური მონაცემები ადასტურებს, რომ ეს ნაწერები ბაბილონის ტყვეობაში ისრაელების წაყვანამდეა გაკეთებული. პალეოგრაფიული დაკვირვებების თანახმად, ასოების მოყვანილობა, ფორმა, მათი მდებარეობა, ბწკარებს შორის მანძილი და მათი მიმართულება, მიუთითებს იმავე თარიღზე ანუ ძვ. წ. მეშვიდე საუკუნის მიწურულზე. დაბოლოს, ორთოგრაფიული გამოკვლევების შედეგად, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ „ორთოგრაფიული მონაცემების თანახმად, წარწერების დათარიღება ემთხვევა არქეოლოგებისა და პალეოგრაფების მტკიცებებს“.
ერთ-ერთი ნაშრომი ვერცხლის გრაგნილების ანუ ჰინომის წარწერების შესახებ გამოკვლევის შედეგებს ასე აჯამებს: „ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ დასკვნა, სადამდეც მკვლევართა უმეტესობა მივიდა — ამ მეტალის გრაგნილებზე შემონახულია ბიბლიურ ტექსტთა უძველესი ციტატები“ (Bulletin of the American Schools of Oriental Research).
[საავტორო უფლებები დაცულია 32 გვერდზე]
Cave: Pictorial Archive (Near Eastern History) Est.; inscriptions: Photograph © Israel Museum, Jerusalem; courtesy of Israel Antiquities Authority