იეჰოვას გზებით რვა ბავშვის აღზრდა — სირთულეები და სიხარული
ბიოგრაფია
იეჰოვას გზებით რვა ბავშვის აღზრდა — სირთულეები და სიხარული
მოგვითხრო ვალენტინ ჯასლინმა
მეუღლე 1989 წელს სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. ის შემპირდა, რომ ფულს გამომიგზავნიდა, რათა რვა ბავშვზე მეზრუნა. გადიოდა კვირები, თვეები, მისგან კი არაფერი ისმოდა. „როგორც კი საქმე კარგად წაუვა, სახლში დაბრუნდება“, — თავს ვიწყნარებდი.
შემოსავლის გარეშე უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ღამეებს უძილობაში ვატარებდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ნუთუ შეეძლო ასე მოქცეოდა საკუთარ ოჯახს?“ საბოლოოდ ვაღიარე მწარე სინამდვილე — მან მიგვატოვა. მას შემდეგ 16 წელი გავიდა და ის ჯერაც არ დაბრუნებულა. ასე რომ, ბავშვებს მეუღლის დახმარების გარეშე ვზრდიდი. ეს რთული იყო, მაგრამ როცა ვხედავდი, ისინი იეჰოვას გზებით დადიოდნენ, გული სიხარულით მევსებოდა. ვიდრე მოგიყვებით, თუ როგორ გავართვით თავი ოჯახურ სირთულეებს, მსურს ჩემს ბავშვობაზე გიამბოთ.
ვცდილობდი, ბიბლიის თვალსაზრისი გამეგო
დავიბადე 1938 წელს კარიბის ზღვის კუნძულ იამაიკაზე. მამა არასოდეს ყოფილა ეკლესიის წევრი, თუმცა თავს ღვთის მოშიშად თვლიდა. ის ხშირად მთხოვდა საღამოობით, მისთვის ბიბლიიდან
ფსალმუნები წამეკითხა. მალე ბევრი ფსალმუნი ზეპირად ვიცოდი. დედა ეკლესიის წევრი იყო და ხანდახან რელიგიურ შეხვედრებზე დავყავდი.იქ გვეუბნებოდნენ, რომ ღმერთს კარგი ადამიანები ზეცაში მიჰყავს, ბოროტები კი მარადიულად ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვებიან. აგრეთვე, გავიგეთ, რომ იესო არის ღმერთი და მას უყვარს ბავშვები. იქ მოსმენილმა ძალიან გამაოცა და ღმერთის შემეშინდა. მიკვირდა, როგორ შეეძლო ღმერთს, რომელსაც ვუყვარვართ, ადამიანები ცეცხლში ეწამებინა.
ჯოჯოხეთის ცეცხლზე ფიქრისას კოშმარები მესიზმრებოდა. იმ დროს ბიბლიის კურსებს დავესწარი. ამ კურსებს მეშვიდე დღის ადვენტისტური ეკლესია ხელმძღვანელობდა. ისინი ასწავლიდნენ, რომ ბოროტი ადამიანები მარადიულად კი არ იტანჯებიან, არამედ ცეცხლში დაწვის შედეგად ნაცრად იქცევიან. ეს უფრო გონივრული მომეჩვენა; ამის შემდეგ მათ რელიგიურ შეხვედრებს ვესწრებოდი. დავინახე, რომ მათ რთული სწავლება ჰქონდათ. იქ მოსმენილს არ შეუცვლია ჩემი მცდარი შეხედულება ზნეობრიობაზე.
ხალხი მეძაობას არასწორად მიიჩნევდა. თუმცა ჩემ მსგავსად მრავალი ფიქრობდა, რომ მეძავად ითვლებოდა ის, ვისაც ბევრთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. ორი დაუქორწინებელი პიროვნება კი, რომლებსაც მხოლოდ ერთმანეთთან ჰქონდათ სქესობრივი კავშირი, არ სცოდავდა (1 კორინთელები 6:9, 10; ებრაელები 13:4). ასეთმა შეხედულებამ ის განაპირობა, რომ ქორწინების გარეშე ექვსი ბავშვი გავაჩინე.
სულიერი წინსვლა
ვესლინ გუდისონი და ეზელ ჩემბერი 1965 წელს მეზობლად მდებარე ქალაქ ბათში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ისინი იყვნენ პიონერები ანუ სრული დროით მსახური იეჰოვას მოწმეები; ერთ დღეს ისინი მამაჩემს გაესაუბრნენ. ის დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე. როცა შინ ვიყავი, მეც მესაუბრებოდნენ. ეჭვის თვალით ვუყურებდი იეჰოვას მოწმეებს, თუმცა გადავწყვიტე, მათთან ბიბლია მესწავლა. მინდოდა, მათთვის დამემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ.
შესწავლის დროს ბევრ შეკითხვას ვსვამდი, ისინი კი ბიბლიიდან მპასუხობდნენ. მათი წყალობით ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფებიან და ცეცხლში არ იტანჯებიან (ეკლესიასტე 9:5, 10). აგრეთვე, დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედის შესახებ შევიტყვე (ფსალმუნები 36:11, 29; გამოცხადება 21:3, 4). თუმცა მამაჩემმა შეწყვიტა ბიბლიის შესწავლა, მე იეჰოვას მოწმეთა კრებებზე დასწრება დავიწყე. შეხვედრებზე, რომლებიც ორგანიზებულად ტარდებოდა და, სადაც სიმშვიდე სუფევდა, უფრო მეტი გავიგე იეჰოვას შესახებ. აგრეთვე, დავესწარი სარაიონო და საოლქო კონგრესებს — მოწმეების მიერ ორგანიზებულ დიდ შეკრებებს. ბიბლიის სწავლამ ძლიერი სურვილი აღმიძრა, რომ იეჰოვასთვის სათანადო სახით მეცა თაყვანი. მაგრამ ერთი რამ მაბრკოლებდა.
ამ დროს ქორწინების გარეშე ვცხოვრობდი მამაკაცთან, რომელიც ჩემი ექვსი შვილიდან სამის მამა იყო. ბიბლიიდან გავიგე, რომ ღმერთი განსჯის ქორწინების გარეშე სქესობრივ კავშირს, რის გამოც სინდისი მაწუხებდა (იგავები 5:15—20; გალატელები 5:19). რადგან ჭეშმარიტებისადმი სიყვარული გამიღრმავდა, ძლიერ მსურდა, ღმერთის კანონებთან შეთანხმებულად მეცხოვრა. საბოლოოდ, გადაწყვეტილება მივიღე; ჩემს არაკანონიერ მეუღლეს ვუთხარი, რომ უნდა დავქორწინებულიყავით ან ჩვენი ურთიერთობა დასრულდებოდა. თუმცა ის ჩემს რწმენას არ იზიარებდა, ჩვენ 1970 წლის 15 აგვისტოს დავქორწინდით. ეს მოხდა იეჰოვას მოწმეებთან პირველი საუბრიდან ხუთი წლის შემდეგ. იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად 1970 წლის დეკემბერში მოვინათლე.
არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც პირველად წავედი საქადაგებლად. ვნერვიულობდი და არ ვიცოდი, როგორ დამეწყო ბიბლიურ თემაზე საუბარი. შვება ვიგრძენი, როდესაც პირველმა მობინადრემ დიდხანს არ მოგვისმინა. ცოტა ხნის შემდეგ აღარ ვნერვიულობდი.
საღამოს კი ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მთელი დღის მანძილზე რამდენიმე ადამიანს მოკლედ ვესაუბრე ბიბლიის შესახებ და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები დავუტოვე.სულიერად ძლიერი ოჯახი
1977 წლისთვის რვა შვილი მყავდა. მტკიცედ გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ ოჯახის წევრებს იეჰოვასთვის ემსახურათ (იესო ნავეს ძე 24:15). ასე რომ, ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, რეგულარულად გვქონოდა ბიბლიის ოჯახური შესწავლა. ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვიყავი, როცა რომელიმე ბავშვი აბზაცს კითხულობდა, ჩამეძინებოდა ხოლმე და ბავშვები მაღვიძებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დაღლილები ვიყავით, ბიბლიის ოჯახური შესწავლა ყოველთვის გვქონდა.
აგრეთვე, ხშირად ვლოცულობდი ბავშვებთან. როგორც კი წამოიზარდნენ, ვასწავლე, თავად როგორ ელოცათ. დარწმუნებული ვიყავი, რომ თითოეული მათგანი ძილის წინ ლოცვით მიმართავდა იეჰოვას. ცალ-ცალკე ვლოცულობდი თითოეულ ბავშვთან, რომლებიც საიმისოდ ძალიან პატარები იყვნენ, რომ თავად ელოცათ.
თავდაპირველად ქმარი წინააღმდეგი იყო, ბავშვები კრების შეხვედრებს დასწრებოდნენ. თუმცა იმის გამო, რომ კრებაზე ჩემი ყოფნის დროს ბავშვებზე ზრუნვა არ შეეძლო, ნაკლებ წინააღმდეგობას გვიწევდა. მას საღამოობით მეგობრებთან დროის გატარება უყვარდა და იმის გაფიქრებაც არ უნდოდა, რომ რვა ბავშვი თან წაეყვანა. ამიტომ მეხმარებოდა კიდეც, რომ ბავშვები სამეფო დარბაზში წასაყვანად მომეწესრიგებინა.
ბავშვები მალე ყველა კრების შეხვედრას ესწრებოდნენ და მსახურებაში მონაწილეობდნენ. საზაფხულო არდადეგების დროს ხშირად მსახურობდნენ კრების პიონერებთან ანუ სრული დროით მსახურებთან ერთად. ეს მოზარდებს დაეხმარა, კრებისა და სამქადაგებლო საქმისადმი გულწრფელი სიყვარული განევითარებინათ (მათე 24:14).
გამოცდების დრო დადგა
ქმარმა ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის მიზნით საზღვარგარეთ დაიწყო სიარული. ის დიდი ხნის განმავლობაში ჩვენგან მოშორებით იყო, თუმცა შინ პერიოდულად ბრუნდებოდა. ესაიას 54:4 და 1 კორინთელების 7:15 სიმშვიდეს მგვრიდა და ძალას მაძლევდა, რომ რთული წუთები დამეძლია. კრების წევრები, ნათესავები და მეგობრები ემოციურ და მატერიალურ დახმარებას მიწევდნენ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ იეჰოვა ღმერთმა და მისმა ხალხმა ასეთი მხარდაჭერა აღმომიჩინეს.
საბოლოოდ კი 1989 წელს გვნახა. როგორც ზემოთ მოვიხსენიე, ქმრის გაუჩინარებამ თავზარი დამცა. ღამეებს ტირილში ვატარებდი და მთელი არსებით ვთხოვდი ლოცვებში იეჰოვას ნუგეშსა და მოთმინებას. ვგრძნობდი, რომ იეჰოვა მპასუხობდა. ისეთი მუხლები, როგორიცააჩვენ სხვა პრობლემებიც გვქონდა. ერთ-ერთი ჩემი ქალიშვილი არაქრისტიანული საქციელის გამო კრებიდან გაირიცხა. ძალიან მიყვარს შვილები, მაგრამ იეჰოვასადმი ერთგულება ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დგას. ასე რომ, მე და ბავშვები მკაცრად ვიცავდით გარიცხულებთან დაკავშირებულ ბიბლიურ მითითებებს (1 კორინთელები 5:11, 13). ისინი, ვისაც არ ესმოდათ ჩვენი პოზიცია, გვაკრიტიკებდნენ. მიუხედავად ამისა, როცა ჩემი ქალიშვილი კრებაში დაბრუნდა, მისმა ქმარმა მითხრა, რომ ჩვენ მიერ ბიბლიური პრინციპების მტკიცედ დაცვამ პირადად მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამჟამად ის მთელი ოჯახით იეჰოვას ემსახურება.
თავი იჩინა მატერიალურმა პრობლემებმა
როდესაც ქმარმა მიმატოვა, არ მქონდა მუდმივი შემოსავალი, ის კი ოჯახს ფინანსურად აღარ ეხმარებოდა. ამ სიტუაციამ გვასწავლა, უბრალო ცხოვრებით დავკმაყოფილებულიყავით და მატერიალურზე მეტად სულიერი სიმდიდრე დაგვეფასებინა. ბავშვები ერთმანეთისადმი სიყვარულისა და მხარდაჭერის გამოვლენას სწავლობდნენ, რის შედეგადაც უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. როდესაც უფროსმა შვილებმა მუშაობა დაიწყეს, ისინი სიხარულით ეხმარებოდნენ პატარა და-ძმებს. უფროსი ქალიშვილი მარსია ეხმარებოდა თავის უმცროს დას ნიკოლს, რომ საშუალო განათლება მიეღო. აგრეთვე, შევძელი გამეხსნა პატარა ხილ-ბოსტნეულის მაღაზია. მცირე შემოსავლით მატერიალურ მოთხოვნილებებზე ვზრუნავდი.
იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივართ. ერთხელ თანაქრისტიანს ვუთხარი, რომ არ გვქონდა იმდენი თანხა, საოლქო კონგრესს დავსწრებოდით. მან მიპასუხა: „დაო ვალენტინ, როდესაც კონგრესი მოგვიახლოვდება, მზადება დაიწყე! იეჰოვა იზრუნებს თქვენზე“. მისი რჩევა გავითვალისწინე. იეჰოვამ მოგვიგვარა ეს პრობლემა; ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით მის მზრუნველობას. ჩემს ოჯახს არასოდეს გაუცდენია სარაიონო თუ საოლქო კონგრესი უფულობის გამო.
იამაიკა 1988 წელს გრიგალმა გაანადგურა, რის გამოც სახლის დატოვება და უსაფრთხო ადგილისთვის თავის შეფარება მოგვიწია. ქარიშხალი ცოტა რომ მიწყნარდა, მე და ჩემი ვაჟი სახლის სანახავად წავედით, რომელიც განადგურებული დაგვხვდა. ნარჩენებში ნივთი შევნიშნე და გადავწყვიტე, თან წამეღო. უცბად, ქარის გამაყრუებელი ხმა გაისმა; თუმცა ხელიდან არ ვუშვებდი ნივთს, რომლის გადარჩენაც მინდოდა. „დედა, დააგდე ტელევიზორი. შენ რა ლოტის ცოლივით იქცევი!“ (ლუკა 17:31, 32). მისმა სიტყვებმა გონზე მომიყვანა. წვიმისგან დასველებულ ტელევიზორს ხელი გავუშვი და თავის საშველად გავიქეცით.
იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ ტელევიზორის გამო სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი. შვილის სიტყვების გახსენებაზე გული სითბოთი მევსება; ამან დამანახა, რომ ის სულიერად ფხიზლობდა. ქრისტიანულ შეხვედრებზე მიღებული ბიბლიური განათლების წყალობით, ის დამეხმარა,
თავიდან ამეცილებინა სერიოზული ფიზიკური და, შესაძლოა, სულიერი ზიანი.გრიგალმა გაანადგურა ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, რამაც დიდი გულისტკივილი მოგვაყენა. ქრისტიანმა ძმებმა მოგვინახულეს. მათ იეჰოვაზე მინდობისკენ და ქადაგებისკენ წაგვახალისეს. ისინი სახლის აშენებაშიც დაგვეხმარნენ. იამაიკიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოწმეების სიყვარულმა და თავდაუზოგავმა შრომამ ღრმა კვალი დატოვა ჩვენს გულებში.
ჩვენს ცხოვრებაში იეჰოვას პირველი ადგილი ეკავა
განათლების მიღების შემდეგ, მეორე შვილმა მილეინმა პიონერად დაიწყო მსახურება. ის სხვა კრებაში დაინიშნა, რის გამოც სამსახური უნდა მიეტოვებინა. მილეინი ფინანსურად ეხმარებოდა ოჯახს. დარწმუნებულები ვიყავით, რომ იეჰოვა იზრუნებდა ჩვენზე, თუ თითოეული პირველ ადგილზე დავაყენებდით სამეფოს ინტერესებს (მათე 6:33). მოგვიანებით, ჩემს ვაჟს იუენს პიონერად მსახურება შესთავაზეს. ის ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა, მაგრამ ვთხოვეთ, უარი არ ეთქვა შემოთავაზებაზე და იეჰოვას კურთხევები ვუსურვეთ. ბავშვებს ყოველთვის მოვუწოდებდი სამეფოს ინტერესების გაფართოებისკენ. ჩვენ არასოდეს დავრჩენილვართ არსებობისთვის აუცილებლის გარეშე. პირიქით, უფრო და უფრო მეტ სიხარულს განვიცდიდით და ზოგჯერ გაჭირვებულებსაც ვეხმარებოდით.
დღეს დიდ სიხარულს მანიჭებს იმის დანახვა, რომ ჩემი შვილები „ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოანე 4). ჩემი ქალიშვილის მილეინის მეუღლე სარაიონო ზედამხედველად მსახურობს. ანდრია და მისი მეუღლე, რომელიც სარაიონო ზედამხედველის დამხმარის მოვალეობასაც ასრულებს, სპეციალური პიონერები არიან. ჩემი ვაჟი იუენი, რომელიც უხუცესია, მეუღლესთან ერთად სპეციალურ პიონერად მსახურობს. ეივა-გეი და მისი ქმარი იამაიკაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობენ. ჯენიფერ ჯენივი და ნიკოლი მეუღლეებთან და ბავშვებთან ერთად კრების აქტიური წევრები არიან. მარსია ჩემთან ერთად ცხოვრობს და ორივენი ერთ კრებაში დავდივართ. კურთხეული ვარ, რომ რვა შვილიდან ყველანი კვლავაც იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან.
ასაკის გამო ჯანმრთელობა შემერყა. ართრიტთან გამკლავება მიწევს, თუმცა პიონერად მსახურება კვლავაც სიამოვნებას მანიჭებს. ბოლო პერიოდში მსახურებაში სიარული გამიჭირდა, რადგან ჩემს სახლთან ახლომდებარე მთიან ადგილებში მიწევდა ქადაგება. ველოსიპედით სიარული უფრო ადვილი აღმოჩნდა. ასე რომ, ნახმარი ველოსიპედი ვიყიდე. თავდაპირველად შვილები შეწუხდნენ, როცა დაინახეს, რომ მათი ართრიტით დაავადებული დედა ველოსიპედით დადიოდა. თუმცა მათ უხარიათ, რომ კვლავაც მთელი გულით ვმსახურობ.
გული სიხარულით მევსება, როცა მათ ვხედავ, ვისაც ბიბლიური ჭეშმარიტება ვასწავლე. ყოველთვის იმაზე ვლოცულობ, რომ იეჰოვა ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს დაეხმაროს, მისადმი ერთგულება შეინარჩუნონ როგორც დღეს, ასევე მარადიულად. მადლობას ვწირავ იეჰოვას, „ლოცვების მომსმენს“, რომ დამეხმარა, სირთულეები გადამელახა და რვა შვილი მისი გზებით აღმეზარდა (ფსალმუნები 64:3, სსგ).
[სურათი 10 გვერდზე]
ჩემს შვილებთან, თავიანთ მეუღლეებთან და შვილიშვილებთან ერთად.
[სურათი 12 გვერდზე]
ამჟამად ველოსიპედით დავდივარ მსახურებაში.