ბოლომდე ენდობით იეჰოვას?
ბოლომდე ენდობით იეჰოვას?
„უპირველესად ეძებეთ სამეფო“ (მათე 6:33).
1, 2. რა გადაწყვეტილება მიიღო სამსახურთან დაკავშირებით ერთმა ახალგაზრდამ და რატომ?
ერთ ახალგაზრდა მამაკაცს უნდოდა, უფრო მეტი გაეკეთებინა კრებაში. მაგრამ სამსახური ხელს უშლიდა, რომ რეგულარულად დასწრებოდა შეხვედრებს. როგორ გაართვა თავი ამ სიტუაციას? მან ცხოვრება გაიმარტივა — დატოვა სამსახური და ისეთი სამუშაო გამონახა, რომელიც ხელს არ შეუშლიდა ქრისტიანულ მსახურებაში. დღეს ეს მამაკაცი გაცილებით ნაკლებ ფულს შოულობს, ვიდრე უწინ, მაგრამ ყოფნის, რომ ოჯახის საჭიროებებზე იზრუნოს. სამაგიეროდ, ახლა ის უფრო მეტად ეხმარება კრებას.
2 მიხვდით, რატომ მიიღო ამ ახალგაზრდამ ასეთი გადაწყვეტილება? თქვენც ასევე მოიქცეოდით, მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავით? სასიხარულოა, რომ ბევრი ქრისტიანი ამგვარად იქცევა. მათი ასეთი მოქმედება აჩვენებს, რომ ენდობიან იესოს დანაპირებს: „ამიტომ, უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:33). ისინი იმედს იეჰოვაზე ამყარებენ და არა ამ ქვეყნიერებაზე (იგავები 3:23, 26).
3. რატომ შეიძლება დაინტერესდეს ზოგი, რამდენად გონივრულია დღეს უპირველესად სამეფოს ძიება?
3 ვინაიდან რთულ დროში ვცხოვრობთ, ზოგს შეიძლება გაუკვირდეს ამ ახალგაზრდა მამაკაცის მოქმედება. დღეს ადამიანთა ერთი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, მაშინ როცა სხვები კომფორტსა და ფუფუნებაში არიან. ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებთა უმეტესობა ხელიდან არ უშვებს პატარა შანსსაც კი, რომ ცხოვრება გაიუმჯობესოს. მეორე მხრივ, მდიდარ ქვეყნებშიც უჭირთ ცხოვრების მაღალი დონის შენარჩუნება არასტაბილური ეკონომიკის, შრომის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებისა და დამსაქმებლების მხრიდან მოთხოვნების გაზრდის გამო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხოვრება უფრო და უფრო რთულდება, ზოგს შეიძლება დაებადოს კითხვა: „განა დღესაც გონივრულია, რომ უპირველესად ღვთის სამეფო ვეძებოთ?“ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში იმის გათვალისწინება დაგვეხმარება, თუ ვის ელაპარაკებოდა იესო, როცა ეს სიტყვები წარმოთქვა.
„ნუღარ წუხხართ“
4, 5. როგორ გვიჩვენა იესომ მაგალითით, რომ გონივრულია, ღვთის ხალხი მეტისმეტად არ წუხდეს ყოველდღიურ საჭიროებებზე?
4 იესო გალილეაში იყო. ის სხვადასხვა ადგილიდან მოსულ უამრავ ხალხს ელაპარაკებოდა (მათე 4:25). მათ შორის უმეტესობა ღარიბი იყო. მიუხედავად ამისა, იესომ მოუწოდა, რომ პირველ ადგილზე მატერიალური სიმდიდრე კი არ დაეყენებინათ, არამედ უფრო მნიშვნელოვანი — სულიერი (მათე 6:19—21, 24). მან უთხრა: „ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ. განა სული საჭმელზე ძვირფასი არ არის და სხეული — ტანსაცმელზე?“ (მათე 6:25).
5 მსმენელთა უმრავლესობას იესოს სიტყვები შეიძლება არაგონივრულად მიაჩნდა. მათ შესანიშნავად იცოდნენ, რომ მძიმედ თუ არ იშრომებდნენ, მათ ოჯახებს გაუჭირდებოდა. მაგრამ იესომ ფრინველებზე გაუმახვილა ყურადღება. ფრინველებს ყოველდღიურად აქვთ საკვები და თავშესაფარი, მათზე იეჰოვა ზრუნავს. აგრეთვე იესომ შეახსენა, რომ იეჰოვა ზრუნავდა მინდვრის ყვავილებზე, რომლებიც სოლომონის მთელ დიდებასთან შედარებით უფრო მეტი მშვენებით გამოირჩევიან. თუ იეჰოვა ფრინველებზე და ყვავილებზე ზრუნავს, განა უფრო მეტად არ იზრუნებს ჩვენზე?! (მათე 6:26—30). თავად იესომაც ხომ თქვა, რომ ჩვენი სული ანუ სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკვები, რომელსაც ვყიდულობთ, რომ ვიცოცხლოთ და ტანსაცმელი, რომ შევიმოსოთ. თუ მთელ ძალისხმევას მხოლოდ იმას ვახმართ, რა ვჭამოთ და რა ჩავიცვათ, იეჰოვასადმი მსახურება უკანა პლანზე გადადის და ცხოვრების მიზანს ვცდებით (ეკლესიასტე 12:13).
გაწონასწორებული თვალსაზრისი
6. ა) რა პასუხისმგებლობა აკისრიათ ქრისტიანებს? ბ) ვისზე არიან ქრისტიანები ყველაფერში მინდობილნი?
6 რა თქმა უნდა, იესოს არ მოუწოდებია მსმენელებისთვის, შეეწყვიტათ მუშაობა და დალოდებოდნენ, რომ ღმერთი მისცემდა მათ ოჯახებს საჭმელსა და ტანსაცმელს. თვით ფრინველებიც ხომ ეძებენ საკვებს თავისთვის და თავისი ბარტყებისთვის! ასე რომ, თავის სარჩენად პირველი საუკუნის ქრისტიანებსაც თავდაუზოგავად უნდა ემუშავათ. მათ უნდა შეესრულებინათ ოჯახური პასუხისმგებლობები. მოსამსახურეებს გულმოდგინედ უნდა ემუშავათ თავიანთი ბატონებისთვის (2 თესალონიკელები 3:10—12; 1 ტიმოთე 5:8; 1 პეტრე 2:18). მოციქული პავლე ხშირად მუშაობდა — კარვებს კერავდა და ამით თავს ირჩენდა (საქმეები 18:1—4; 1 თესალონიკელები 2:9). მაგრამ ეს ქრისტიანები იმედს ქვეყნიურ სამუშაოზე არ ამყარებდნენ. ისინი იეჰოვაზე იყვნენ მინდობილნი. შედეგად, მათ სხვებისგან განსხვავებით შინაგანი სიმშვიდე ჰქონდათ. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „რომელნიც უფალზე არიან დანდობილნი, სიონის მთასავით არიან, რომელიც არ ირყევა, არამედ, იდგება უკუნისამდე“ (ფსალმუნები 124:1).
7. როგორი თვალსაზრისი შეიძლება ჰქონდეთ მათ, რომლებიც სრულიად არ ენდობიან იეჰოვას?
7 ვინც სრულიად არ არის იეჰოვაზე მინდობილი, შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს. ადამიანთა უმრავლესობა მატერიალურ კეთილდღეობას მიიჩნევს წარმატების გასაღებად. ამიტომ მოუწოდებენ მშობლები შვილებს, რომ მთელი ახალგაზრდობის წლები უმაღლესი განათლების მიღებას მიუძღვნან. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს პრესტიჟული კარიერისა და ფულის შოვნის საწინდარია. სამწუხაროდ, ზოგი ქრისტიანი მშობელი გვიან მიხვდა, თუ რა ძვირად დაუჯდათ, რომ შვილებს ასეთი მიზნები დაუსახეს; მათმა შვილებმა სულიერისადმი ინტერესი დაკარგეს და მატერიალიზმისკენ სწრაფვა დაიწყეს.
8. რა გაწონასწორებულ თვალსაზრისს ინარჩუნებენ ქრისტიანები?
8 გონიერ ქრისტიანებს კი ესმით, რომ იესოს რჩევა დღესაც ისეთივე გამოსადეგია, როგორც პირველ საუკუნეში იყო, და ცდილობენ, გაწონასწორებული თვალსაზრისი შეინარჩუნონ. მაშინაც კი, თუ ქრისტიანები ბევრ დროს უთმობენ სამუშაოს, რათა ბიბლიური პასუხისმგებლობები შეასრულონ, ისინი არასოდეს დაუშვებენ, რომ ეკლესიასტე 7:12).
არსებობისთვის საჭირო მოთხოვნილებები სულიერის ხარჯზე დაიკმაყოფილონ („ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს“
9. როგორ დაამშვიდა იესომ ისინი, რომლებიც ბოლომდე არიან იეჰოვაზე მინდობილნი?
9 მთაზე ქადაგებისას იესომ მსმენელებს მოუწოდა: „ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რა ჩავიცვათ? რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს“ (მათე 6:31, 32). რა გამამხნევებელი სიტყვებია! თუ ბოლომდე ვენდობით იეჰოვას, ის ყოველთვის დაგვიჭერს მხარს. იესოს სიტყვები გამომაფხიზლებელიც არის. ისინი შეგვახსენებს, რომ „მთელი მონდომებით“ თუ ვისწრაფით მატერიალურისკენ, „უცხოტომელებივით“ ვფიქრობთ, რომლებიც არ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები.
10. როგორ გამოააშკარავა იესომ, თუ რა უყვარდა ყველაზე მეტად მასთან რჩევის საკითხავად მისულ ახალგაზრდა მამაკაცს?
10 ერთხელ ახალგაზრდა მამაკაცმა იესოს ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა, რომ მარადიული სიცოცხლე მიეღო. იესომ მას მოსეს კანონში მოცემული მოთხოვნები შეახსენა, რომლებიც ჯერ კიდევ ძალაში იყო. მამაკაცმა მთელი დამაჯერებლობით უთხრა იესოს: „ამ ყველაფერს ვიცავ. რაღა მაკლია?“ იესოს პასუხი ბევრისთვის შესაძლოა არაგონივრული ჩანდა. მან თქვა: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება, ღარიბებს მიეცი და გექნება განძი ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი“ (მათე 19:16—21). ახალგაზრდა მამაკაცი დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ამის გაფიქრებაც კი არ უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ უყვარდა იეჰოვა, მასზე მეტად ქონება უყვარდა.
11, 12. ა) რა გამომაფხიზლებელი სიტყვები თქვა იესომ სიმდიდრესთან დაკავშირებით? ბ) რა შემთხვევაში შეიძლება იქცეს ქონება დაბრკოლებად?
11 შემდეგ ისე წარიმართა საუბარი, რომ იესომ მსმენელთათვის მოულოდნელი რამ თქვა: „მდიდარს გაუძნელდება ზეციერ სამეფოში შესვლა . . . აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში (მათე 19:23, 24). გულისხმობდა იესო, რომ ვერც ერთი მდიდარი ვერ დაიმკვიდრებდა სამეფოს? არა. მან ხომ თავად თქვა: „ღვთისთვის . . . ყველაფერი შესაძლებელია“ (მათე 19:25, 26). მართლაც, იეჰოვას დახმარებით ზოგიერთი მდიდარი ადამიანი სულითცხებული ქრისტიანი გახდა (1 ტიმოთე 6:17). და მაინც, იესოს უბრალოდ არ უთქვამს ეს სიტყვები. ისინი ჩვენთვის გამაფრთხილებელია.
12 თუ ვინმეს ქონების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება განუვითარდება, როგორიც მდიდარ ახალგაზრდა მამაკაცს ჰქონდა, ეს მას იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურებაში დააბრკოლებს. ეს ეხება როგორც მდიდარს, ასევე მას, ვისაც „გამდიდრება აქვს გადაწყვეტილი“ (1 ტიმოთე 6:9, 10). მატერიალურ საგნებზე დანდობამ ადამიანს შეიძლება ‘სულიერისადმი წყურვილის’ გრძნობა ჩაუკლას (მათე 5:3). შედეგად, მან შეიძლება ვეღარც კი იგრძნოს იეჰოვას მხარდაჭერის აუცილებლობა (მეორე რჯული 6:10—12). ის შესაძლოა მოელოდეს, რომ კრებაში განსაკუთრებულად მოექცევიან (იაკობი 2:1—4). მან შეიძლება უმეტესი დრო იეჰოვასადმი მსახურების ნაცვლად სიმდიდრის დაგროვებას დაუთმოს.
განივითარეთ სწორი თვალსაზრისი
13. რა არასწორი თვალსაზრისი ჰქონდათ ლაოდიკეელებს?
13 პირველ საუკუნეში, ლაოდიკეის კრებაში ადამიანთა ერთ ჯგუფს არასწორი თვალსაზრისი ჰქონდა ქონებასთან დაკავშირებით. მათ იესომ უთხრა: „ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მჭირდებაო. ის კი არ იცი, რომ საწყალი, საცოდავი, ღარიბი, ბრმა და შიშველი ხარ“. ლაოდიკეის კრების ასეთი სამწუხარო სულიერი მდგომარეობის მიზეზი თვითონ სიმდიდრე კი არ იყო, არამედ ის, რომ იეჰოვაზე მეტად სიმდიდრეს ენდობოდნენ. შედეგად, ისინი სულიერად ნელთბილნი იყვნენ და მალე იესო პირიდან ‘ამოანთხევდა’ მათ (გამოცხადება 3:14—17).
14. რატომ შეაქო პავლე მოციქულმა ებრაელი ქრისტიანები?
14 ებრაელ ქრისტიანებს კი პავლე მოციქული აქებდა დევნის დროს დადებითი განწყობის შენარჩუნებისთვის. მან თქვა: „პატიმრებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც ებრაელები 10:34). ისინი მეტისმეტად არ წუხდნენ ქონების დაკარგვაზე. მათ სიხარული შეინარჩუნეს, რადგან კვლავაც ჰქონდათ ის, რაც ყველაზე ძვირფასი იყო მათთვის — „უკეთესი და უხრწნელი საკუთრება“. იესოს იგავში მოხსენიებული დიდვაჭრის მსგავსად, რომელმაც ყველაფერი გაიღო ერთი ძვირფასი მარგალიტის გულისთვის, ამ ებრაელ ქრისტიანებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ყველაფერი შეეწირათ, ოღონდაც კი სამეფოს იმედი არ განელებულიყო მათში (მათე 13:45, 46). რა შესანიშნავი განწყობაა!
სიხარულით იტანდით, რადგან იცოდით, რომ უკეთესი და უხრწნელი საკუთრება გაქვთ“ (15. როგორ დააყენა ლიბერიაში მცხოვრებმა ახალგაზრდა დამ სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე?
15 დღეს მრავალი ავლენს ასეთ განწყობას. მაგალითად, ლიბერიაში ერთ ახალგაზრდა დას უნივერსიტეტში სწავლა შესთავაზეს. იმ ქვეყანაში ეს საიმედო მომავლისა და ფულის შოვნის საწინდრად ითვლება. მაგრამ ეს და პიონერი იყო, სრული დროით მქადაგებელი, და დროებით სპეციალურ პიონერად მსახურება შესთავაზეს. მან პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესები დააყენა და დათანხმდა, სპეციალურ პიონერად ემსახურა. სამ თვეში მან 21 ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამ დის მსგავსად, იეჰოვას ათასობით მოწმე პირველ ადგილზე სამეფოს აყენებს და ამას გამდიდრების ხარჯზეც კი აკეთებს. როგორ ინარჩუნებენ ისინი ასეთ განწყობას მატერიალიზმში ჩაფლულ ქვეყნიერებაში? ამაში სხვადასხვა კარგი თვისება ეხმარებათ. განვიხილოთ ზოგი მათგანი.
16, 17. ა) რატომ არის იეჰოვაზე მინდობისთვის მოკრძალება მნიშვნელოვანი? ბ) რატომ უნდა განვივითაროთ იეჰოვას აღთქმებისადმი სრული ნდობა?
16 მოკრძალება. ბიბლია ამბობს: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს. ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში“ (იგავები 3:5—7). ზოგჯერ ცხოვრების ესა თუ ის კურსი ქვეყნიერების თვალსაზრისით შეიძლება სწორი ჩანდეს (იერემია 17:9). მაგრამ ერთგული ქრისტიანი ეძებს იეჰოვას ხელმძღვანელობას (ფსალმუნები 47:15). ის ‘ყოველ თავის გზაზე’ — კრების საქმეებში, განათლების მიღებასთან თუ სამსახურთან დაკავშირებით, დასვენებისას თუ სხვა ნებისმიერ დროს — მოკრძალებით ეძებს იეჰოვას რჩევებს (ფსალმუნები 72:24).
17 იეჰოვას აღთქმებისადმი ნდობა. პავლემ თქვა: „ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6). თუ ეჭვი გვეპარება იეჰოვას აღთქმების შესრულებაში, მაშინ შეიძლება ‘ქვეყნიერებით სრულად სარგებლობა’ გონივრულად მოგვეჩვენოს (1 კორინთელები 7:31). მაგრამ, თუ ძლიერი რწმენა გვაქვს, გადაწყვეტილი გვექნება, რომ უპირველესად სამეფო ვეძებოთ. როგორ შეგვიძლია გავიძლიეროთ რწმენა? იეჰოვასთან დაახლოებით, გულწრფელი ლოცვითა და რეგულარული პირადი შესწავლით (ფსალმუნები 1:1—3; ფილიპელები 4:6, 7; იაკობი 4:8). შეგვიძლია მეფე დავითის მსგავსად ვილოცოთ: «მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: „შენა ხარ ჩემი ღმერთი. რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე“» (ფსალმუნები 30:15, 20).
18, 19. ა) როგორ გვიძლიერებს მონდომება იეჰოვასადმი ნდობას? ბ) რატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები მზად მსხვერპლის გასაღებად?
18 გულმოდგინება მსახურებაში. მოციქულმა პავლემ მონდომება და იეჰოვას აღთქმებისადმი ნდობა ერთმანეთთან დააკავშირა, როდესაც დაწერა: „გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ამავე მონდომებას იჩენდეს, რათა აღსასრულამდე სრულად იყოს დარწმუნებული იმედში“ (ებრაელები 6:11). თუ იეჰოვასადმი მსახურებით ვიქნებით დაკავებულნი, ის მხარს დაგვიჭერს. და ყოველთვის, როცა მის მხარდაჭერას ვიგრძნობთ, მის მიმართ ნდობა გაგვიძლიერდება, და „მტკიცენი [და] ურყევნი“ გავხდებით (1 კორინთელები 15:58). ჩვენი რწმენა განახლდება, იმედი კი — განმტკიცდება (ეფესოელები 3:16—19).
19 მზადყოფნა მსხვერპლის გასაღებად. პავლემ პერსპექტიული კარიერა მსხვერპლად გაიღო, რათა იესოს მიმდევარი გამხდარიყო. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ამან დალხენილი ცხოვრება არ მოუტანა (1 კორინთელები 4:11—13). იეჰოვა ფუფუნებას არ ჰპირდება თავის მსახურებს, და ზოგჯერ მათ გაჭირვების ატანა უწევთ. ჩვენი მზადყოფნა, რომ გავიმარტივოთ ცხოვრება და მსხვერპლი გავიღოთ, იეჰოვასადმი მსახურების სურვილს გვიძლიერებს (1 ტიმოთე 6:6—8).
20. რატომ არის მოთმინება მნიშვნელოვანი მათთვის, რომლებიც სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ?
20 მოთმინება. მოწაფე იაკობი თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „ძმებო, მაშ, მოითმინეთ უფლის მოსვლამდე“ (იაკობი 5:7). ამ ქვეყნიერების ორომტრიალში მოთმინება ძნელია. გვინდა, რომ ყველაფერი სწრაფად ხდებოდეს. მაგრამ პავლე მოგვიწოდებს, რომ მივბაძოთ მათ, „რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებრაელები 6:12). მზადყოფნით დაელოდეთ იეჰოვას. მარადიული სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე — ამისთვის ხომ მართლაც ღირს ლოდინი!
21. ა) რას ცხადვყოფთ, როცა სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე ვაყენებთ? ბ) რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?
21 დიახ, იესოს რჩევა, რომ უპირველესად სამეფო ვეძებოთ, გონივრულია. როცა ასე ვიქცევით, ვაჩვენებთ, რომ ბოლომდე ვენდობით იეჰოვას; ასევე იმას ცხადვყოფთ, რომ ეს არის ქრისტიანისთვის ერთადერთი უსაფრთხო გზა. გარდა ამისა, იესომ გვირჩია: „უპირველესად ეძებეთ . . . [ღვთის] სიმართლე“. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, რატომ არის ეს მოწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეს.
შეგიძლიათ ახსნათ?
• მატერიალურ საგნებთან დაკავშირებით, როგორი გაწონასწორებული თვალსაზრისისკენ მოგვიწოდა იესომ?
• რას ვსწავლობთ იესოს იგავიდან აქლემისა და ნემსის ყუნწის შესახებ?
• რომელი ქრისტიანული თვისებები გვეხმარება, რომ ღვთის სამეფო პირველ ადგილზე დავაყენოთ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 21 გვერდზე]
მრავალი, ვინც იესოს სიტყვებს ისმენდა, ღარიბი იყო.
[სურათი 23 გვერდზე]
მდიდარ ახალგაზრდა მამაკაცს იეჰოვაზე მეტად ქონება უყვარდა.
[სურათი 23 გვერდზე]
იესოს იგავში დიდვაჭარმა ყველაფერი გაიღო ერთი ძვირფასი მარგალიტის გულისთვის.
[სურათი 24 გვერდზე]
თუ იეჰოვასადმი მსახურებით ვიქნებით დაკავებულნი, ის მხარს დაგვიჭერს.