არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ არ ცვლიან იეჰოვას მოწმეები ბიბლიაზე დაფუძნებულ თავიანთ პუბლიკაციებს იმ ხალხის რელიგიურ ლიტერატურაზე, რომლებსაც ქადაგებისას ხვდებიან?

იეჰოვას მოწმეები ღვთის მითითების თანახმად მოქმედებენ და ქადაგებენ. იესომ თქვა, რომ „ამ სისტემის აღსასრულის“ ჟამს ‘სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ ნაქადაგები უნდა ყოფილიყო მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვიდოდა აღსასრული’ (მათე 24:3, 14). ასე რომ, მოწმეები ხალხთან სახლში იმისათვის არ მიდიან, რომ ჭეშმარიტება იპოვონ ან ამა თუ იმ სახის განათლება მიიღონ. პირიქით, მათ უკვე მრავალი საათი დაუთმეს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების შესწავლას და მას შემდეგ, რაც თავად გაითავისეს „სასიხარულო ცნობა“, იესოს მითითებისამებრ, სხვებსაც უზიარებენ მას.

მრავალ ადამიანს, ვისაც სჯერა, რომ ყველა რელიგია კარგია, შეიძლება სხვაგვარად აზროვნება დოგმატურობად მიაჩნდეს (შეადარეთ იესოს თვალსაზრისთან, რომელიც მათეს 7:13, 14, 21—23–შია მოცემული). ძველ ათენში ბერძენი ფილოსოფოსები ასეთი „არადოგმატური“ აზროვნებისკენ მოუწოდებდნენ; მათ უყვარდათ ახალი ამბების მოყოლა და მოსმენა (საქმეები 17:18—21). მაგრამ ათენელების წინაშე გამოსვლისას მოციქულ პავლეს ჭეშმარიტება ფილოსოფიებსა და ამა თუ იმ იდეაში არ გაუცვლია. მან ეს შესაძლებლობა იმისათვის გამოიყენა, რომ სხვებისთვის გაეზიარებინა ის, რაც იცოდა, რომ ჭეშმარიტება იყო, და მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხვები ამისათვის დოგმატურად მოაზროვნედ მიიჩნევდნენ თუ არა. მრავალმა ათენელმა დასცინა მოციქულს, მაგრამ ზოგი დადებითად გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას და მორწმუნე გახდა (საქმეები 17:32—34; 2 კორინთელები 6:14—18).

პავლემ, როგორც ჩანს, იცოდა ზოგი რამ ბერძნული სწავლებებიდან და ეს ცოდნა ეფექტურად დამოწმებისთვის გამოიყენა (საქმეები 17:28). მსგავსად ამისა, იეჰოვას მოწმეებიც გარკვეულნი არიან სხვა რელიგიებში. მათ საკმაო ცოდნა აქვთ იმ ძირითადი რელიგიური სწავლებების შესახებ, რომლებიც მათ ქალაქსა თუ ქვეყანაშია გავრცელებული. ასეთი სწავლებები განხილულია წიგნში „კაცობრიობა ღვთის ძიებაში?“ * და „საგუშაგო კოშკისა“ თუ „გამოიღვიძეთ!“–ის მრავალ სტატიაში. ამ პუბლიკაციებში სხვადასხვა რელიგიის შესახებ ინფორმაცია შედარებულია ბიბლიის ზუსტ სწავლებებთან.

ღვთის სიტყვა ქრისტიანებს აფრთხილებს, რომ „თვით სატანაც . . . სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება“ (2 კორინთელები 11:14, 15). სატანას იმდენად კარგად გამოსდის „სინათლის ანგელოზის“ სახის მიღება, რომ მან თვით სრულყოფილი ადამიანის, ევას, შეცდენაც კი შეძლო (1 ტიმოთე 2:14). ასე რომ, დაუფიქრებლად მოქმედება და ძვირფასი დროის ფუჭად ხარჯვა იქნებოდა, თუ იეჰოვას მოწმე აიღებდა ცრუ რელიგიურ ლიტერატურას, რომელიც შეცდომაში შესაყვანად არის გამიზნული, და მათ კითხვას დაიწყებდა. ცხადია, მოწმეებს არ სურთ ისეთივე გზას დაადგნენ, როგორსაც ზოგი იუდეველი. იმ იუდეველების შესახებ პავლემ თქვა: ‘ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეზე გაცვალეს’ (რომაელები 1:25).

გარდა ამისა, ზოგი რელიგიური ლიტერატურა, რომელთა წაკითხვასაც ხალხი იეჰოვას მოწმეებს სთავაზობს, შეიძლება განდგომილების მიერ იყოს დაწერილი ან მათ აზრებს შეიცავდეს. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს, მოერიდონ განდგომილებს (2 იოანე 9—11; ტიტე 3:10, 11). 1983 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ მე–15 გვერდზე (ინგლ.) კარგი რჩევა იყო მოცემული:

«პირველ საუკუნეში ჰიმენეოსი და ფილეტე განდგომილები გახდნენ და ცდილობდნენ, რომ სხვებიც გადაეყვანათ ჭეშმარიტების გზიდან. ღმერთი თავისი მსახურებისგან მოითხოვს: „თავი აარიდე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკს“ (2 ტიმოთე 2:16—19). ქრისტიანი, რომელიც ამ რჩევას ითვალისწინებს, არ მოუსმენს განდგომილებს და არც ისეთ მომწამვლელ მასალას წაიკითხავს, რომელიც შეიძლება „უპატიოსნო მოგების“ მიღების მიზნით ვრცელდება. რატომ უნდა დავაფინანსოთ მათი ბოროტი საქმიანობა იმით, რომ მათ ლიტერატურას შევიძენთ? (ტიტე 1:11). როგორც ერთგულმა ქრისტიანებმა, მოდი შევასრულოთ ღვთის მოთხოვნები და ჩვენი გონება ვკვებოთ იმით, რაც ჭეშმარიტი და მართალია; აგრეთვე გამოვავლინოთ მადლიერება და ერთგულება იმ არხის მიმართ, რომლის დახმარებითაც თავიდან ბიბლიური ჭეშმარიტება მივიღეთ (შეადარეთ 1 ტიმოთე 4:16)».

ამგვარად, გონიერების და ღვთის რჩევისადმი პატივისცემის გამოვლენაა, როდესაც იეჰოვას მოწმეები ერიდებიან ბიბლიური ჭეშმარიტების შემცველი ძვირფასი პუბლიკაციების გაცვლას რელიგიურ ლიტერატურაში, რომელიც მცდარ ან განდომილთა შეხედულებებს ავრცელებს.

შეინარჩუნებს ქრისტიანი სუფთა სინდისს, თუ ისეთ სამსახურზე დათანხმდება, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარება მოითხოვება?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას თითოეული მოწმე სერიოზულად ეკიდება მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, რათა საკუთარი ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოს (1 ტიმოთე 5:8). მაგრამ ზოგი სამუშაო აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიურ ნორმებს და უნდა მოვერიდოთ ასეთ სამუშაოს. ამაში შედის სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია აზარტულ თამაშებთან, სისხლის ბოროტად გამოყენებასა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამასთან (ესაია 65:11; საქმეები 15:29; 2 კორინთელები 7:1; კოლოსელები 3:5). თუმცა სამუშაოს სხვა სახეობები პირდაპირ არ იგმობა ბიბლიაში, მაგრამ შეიძლება მათ ცუდი გავლენა მოახდინონ როგორც ჩვენს, ისე სხვების სინდისზე.

თითოეულმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, შეასრულოს თუ არა ქვეყნიური სამუშაო, სადაც ცეცხლსასროლი ან სხვა იარაღის ტარება მოითხოვება. მაგრამ ასეთ სამსახურში იმის საშიშროებაც არსებობს, რომ საჭიროების შემთხვევაში იარაღის გამოყენებით ადამიანი შეიძლება სისხლისღვრაში გახდეს დამნაშავე. ამიტომ ქრისტიანებმა ლოცვით უნდა აწონ-დაწონონ, მზად იქნებიან თუ არა, დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. იარაღის ტარება ადამიანს ისეთი საშიშროების წინაშე აყენებს, რომ შეტაკების ან საპასუხო ზომების მიღების დროს შეიძლება დაიჭრას ან მოკვდეს.

ამასთანავე ერთი ადამიანის გადაწყვეტილებამ შეიძლება სხვებზეც მოახდინოს გავლენა. მაგალითად, ქრისტიანის ძირითადი მოვალეობა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაა (მათე 24:14). მართებული იქნება, ვასწავლოთ სხვებს, ‘მშვიდობიანად იყვნენ ყველასთან’ იმ დროს, როცა თავს იარაღით ვირჩენთ? (რომაელები 12:18). რას ვიტყოდით ბავშვებსა და ოჯახის სხვა წევრებზე? თუ სახლში რევოლვერი გვექნება, არ შეუქმნის ეს საფრთხეს მათ სიცოცხლეს? გარდა ამისა, შეიძლება სხვებიც დაბრკოლდნენ ასეთი გადაწყვეტილებით? (ფილიპელები 1:10).

ამ „ბოლო დღეებში“ სულ უფრო მეტი ადამიანი არის „სასტიკი, [და] კარგის მოძულე“ (2 ტიმოთე 3:1, 3). თუ ადამიანმა იცის ეს, დარჩება „ბრალდაუდებელი“ ისეთ სამუშაოზე, სადაც იარაღის ტარებაა საჭირო და რასაც შეიძლება ასეთ ადამიანებთან კონფლიქტი მოჰყვეს? (1 ტიმოთე 3:10). რა თქმა უნდა, არა. ამის გამო კრება ვერ ჩათვლის ასეთ ადამიანს „ბრალდაუდებლად“, თუ ის ბიბლიიდან თავაზიანად მიცემული რჩევის შემდეგაც აგრძელებს იარაღის ტარებას (1 ტიმოთე 3:2; ტიტე 1:5, 6). ამგვარად, ასეთი მამაკაცი ან ქალი კრებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობისთვის შეუფერებელია.

იესომ დაარწმუნა თავისი მოწაფეები, რომ სამეფოს ინტერესებს თუ პირველ ადგილზე დააყენებდნენ თავიანთ ცხოვრებაში, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ ყოველივე აუცილებელით (მათე 6:25, 33). მართლაც, თუ იეჰოვას სრულად მივენდობით, ‘ის შეგვეხიდება. იგი არასოდეს დაუშვებს წმინდის წაბორძიკებას’ (ფსალმუნები 54:23).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე.