„ისინი მაშინვე მიიღებდნენ თავისუფლებას“
„ისინი მაშინვე მიიღებდნენ თავისუფლებას“
ჟენევიევა დე გოლი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, შარლ დე გოლის, ძმისშვილი, პირადად შეხვდა იეჰოვას მოწმეებს ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარე რავენსბრიუკის ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში. მან ზემოთ მოყვანილი სიტყვები 1945 წლის აგვისტოში დაწერა.
პოლონეთში მდებარე ოსვენციმის საკონცენტაციო ბანაკიდან 1945 წლის 27 იანვარს ყველა ტყვე გაათავისუფლეს. გერმანიაში 1996 წლიდან ეს დღე ჰიტლერის მესამე რაიხის დროს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.
ნაცისტური რეჟიმის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 2003 წლის 27 იანვარს წარმოთქმულ ოფიციალურ მოხსენებაში ბადენ-ვიურტემბერგის სახელმწიფო პარლამენტის პრეზიდენტმა, პეტერ შტრაუბმა, აღნიშნა: «ყველა, ვისაც დევნიდნენ თავიანთი რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და ვინც კომპრომისზე წასვლას სიკვდილი არჩია, დიდ პატივისცემას იმსახურებს — ისეთ პატივისცემას, რომლის სიტყვიერად გადმოცემა რთულია. მხოლოდ იეჰოვას მოწმეებმა დაიკავეს მტკიცე პოზიცია და ჰიტლერის რეჟიმის დროს არსებულ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ: ისინი სალამს არ აძლევდნენ ჰიტლერს, ფიცს არ დებდნენ „ფიურერისა და სამშობლოს“ წინაშე, უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურსა და ისეთ ფიზიკურ სამუშაოზე, რაც ხელს შეუწყობდა ომს. მათი შვილები არ ერთიანდებოდნენ „ახალგაზრდა ჰიტლერელთა კავშირში“».
იესო ქრისტემ თავისი მიმდევრების შესახებ თქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:16). მაშასადამე, იეჰოვას მოწმეთა მტკიცე პოზიციას მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური საფუძველი ჰქონდა. შტრაუბი განაგრძობს: „იეჰოვას მოწმეებს საკონცენტრაციო ბანაკში ფორმებზე იისფერი სამკუთხედები ჰქონდათ დაკერებული. ისინი ერთადერთნი იყვნენ, რომელთა თავისუფლებაც მათზე იყო დამოკიდებული — ამისათვის მხოლოდ რწმენის უარმყოფელ დოკუმენტზე უნდა მოეწერათ ხელი“.
მოწმეთა უმრავლესობა თავისი რწმენის ერთგული დარჩა. ამიტომ ნაცისტურ რეჟიმს მათგან დაახლოებით 1 200 მოწმე შეეწირა. ორას სამოცდაათი მოწმე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სიკვდილით დასაჯეს. ამ ქრისტიანებმა მხოლოდ სიტყვებით კი არ გამოავლინეს მორჩილება, არამედ საქმეებითაც დაამტკიცეს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29).
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სახელმწიფო პარლამენტის პრეზიდენტმა, ულრიხ შმიდტმა, აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები არაჩვეულებრივი ადამიანები არ იყვნენ. ერთ ბროშურაში, რომელშიც მოყვანილია შმიდტის სიტყვები, იეჰოვას მოწმეებზე ნათქვამია: „ეს უბრალო ადამიანები, რომლებიც სინდისის საფუძველზე მოქმედებდნენ, მტკიცედ იცავდნენ თავიანთ რელიგიურ შეხედულებებს, გაბედულებას ავლენდნენ და თავიანთი რწმენით ნაცისტურ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდნენ“ (Landtag Intern). ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა ღმერთი ხარობს, როდესაც მისი მსახურები რთულ ვითარებებშიც კი ერთგულებას ინარჩუნებენ მისდამი. იგავების 27:11-ში (სსგ) ვკითხულობთ: „შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“.
[საავტორო უფლებები დაცულია 30 გვერდზე]
Courtesy of United States Holocaust Memorial Museum