რას ნიშნავს ჩვენთვის იეჰოვას თავმდაბლობა?
რას ნიშნავს ჩვენთვის იეჰოვას თავმდაბლობა?
დავითისთვის უცხო არ იყო გაჭირვება. დავითს მოუწია ცუდი მოპყრობის ატანა თავისი შურიანი სიმამრისგან, მეფე საულისგან, რომელმაც სამჯერ სცადა შუბით მისი განგმირვა; წლების განმავლობაში კი საულის ჯარის გამუდმებული დევნის ობიექტი იყო (1 მეფეთა 18:11; 19:10; 26:20). მაგრამ დავითთან იეჰოვა იყო, რომელიც არა მარტო საულისგან იცავდა, არამედ სხვა მტრებისგანაც. ამიტომაც შეგვიძლია გავიგოთ დავითის გრძნობები, რომლებიც გამოხატულია სიმღერაში: „უფალი [იეჰოვა] კლდეა ჩემი, ციხე-სიმაგრეა ჩემი, მხსნელი ჩემი! . . ხსნის ფარს შენ მაძლევ, შენი მოწყალება განმადიდებს“ (2 მეფეთა 22:2, 36). დავითმა ისრაელში გარკვეული დიდება მოიპოვა. როგორ გამოვლინდა იმ დროს იეჰოვას თავმდაბლობა?
როდესაც ბიბლიაში ლაპარაკია იეჰოვას თავმდაბლობაზე, ამაში არ იგულისხმება, რომ ის შეზღუდულია რამეში ან სხვებზეა დამოკიდებული. ნაცვლად ამისა, მისი ეს მშვენიერი თვისება მიუთითებს, რომ ის ღრმად თანაუგრძნობს კაცობრიობას და გულმოწყალებას ავლენს მათ მიმართ, ვინც გულწრფელად ცდილობს მისი მოწონების მოპოვებას. ფსალმუნების 112:6, 7-ში (სსგ) იეჰოვას შესახებ ვკითხულობთ: «დაბლა მჭვრეტელი [„დაბლა იხრება“, აქ], რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას, წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი». იეჰოვა „დაბლა იხრება“, ანუ იმდაბლებს თავს, რათა „ხედავდეს“. ამგვარად, იგი ზეციდან დაბლა დაიხარა, რომ ყურადღება მიექცია დავითისთვის — არასრულყოფილი, მაგრამ თავმდაბალი კაცისთვის — რომელსაც ღვთისადმი მსახურება სურდა. ამიტომაც დავითი გვარწმუნებს: „მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს“ (ფსალმუნები 137:6). იეჰოვას მიერ დავითისადმი გულმოწყალებით, მოთმინებითა და თანაგრძნობით მოპყრობამ უნდა გაგვამხნევოს ყველა, ვინც ღვთის ნების შესრულებას ვცდილობთ.
თუმცა იეჰოვა სამყაროს უზენაესი მმართველია, ის მზად არის, თითოეულ ჩვენგანთან იქონიოს ურთიერთობა. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ურთულეს მდგომარეობაშიც კი შეგვიძლია მისი დახმარების იმედი გვქონდეს. არ არსებობს შიშის არავითარი მიზეზი, რომ ის დაგვივიწყებს. ძველ ისრაელთან, თავის ხალხთან, იეჰოვას ურთიერთობის შესახებ სათანადოდ არის ნათქვამი:
‘რომელმაც მათი დამცირების ჟამს გაიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი’ (ფსალმუნები 135:23).ჩვენც, იეჰოვას დღევანდელი მსახურები, დავითის მსგავსად შეიძლება გასაჭირში ვვარდებით. შესაძლებელია გვიწევს დაცინვის ატანა მათგან, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ; ან ვებრძვით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებს ანდა განვიცდით საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ დანაკლისის გრძნობას. რა მდგომარეობაშიც უნდა ვიყოთ, თუ გულწრფელები ვართ, შეგვიძლია დავუახლოვდეთ იეჰოვას ლოცვის მეშვეობით და ვთხოვოთ, გულმოწყალება გამოავლინოს ჩვენ მიმართ. იეჰოვა ‘დაბლა დაიხრება’, რათა ყურადღება მოგვაქციოს და მოისმინოს ჩვენი ლოცვა. ფსალმუნმომღერალმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „უფლის თვალები მიპყრობილია წმიდებისაკენ და მისი ყურები — მათი ღაღადისაკენ“ (ფსალმუნები 33:16). განა არ მოქმედებს თქვენზე იეჰოვას თავმდაბლობა?
[სურათები 30 გვერდზე]
იეჰოვა ისმენდა დავითის ლოცვებს; ის ჩვენი ლოცვების მოსასმენადაც მზად არის.