სრულდება ღვთის ნება?
სრულდება ღვთის ნება?
„იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10).
ხულიო და კრისტინა თავზარდაცემულები უყურებდნენ, თუ როგორ დაეწვათ თვალწინ ოთხი შვილი. მათ გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა მანქანა, რომელსაც მთვრალი მძღოლი მართავდა. ავტომობილი ცეცხლის ალში გაეხვია. მეხუთე შვილი, მარკოსი, სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ცეცხლის ალმა სამუდამოდ დაუმახინჯა სხეული. მარკოსი მაშინ ცხრა წლის იყო. საშინელებით გულმოკლული მამა საკუთარ თავსა და ოჯახს ამ სიტყვებით ამშვიდებდა: „ეს ღვთის ნებაა. უნდა შევურიგდეთ აზრს, რომ — კარგია თუ ცუდი — ასეთია ღვთის ნება“.
მსგავს ტრაგიკულ სიტუაციებში მრავალს აქვს ასეთი რეაქცია. ისინი ამბობენ: „თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა და ზრუნავს ჩვენზე, რაც ხდება, ალბათ, ჩვენს სასიკეთოდ ხდება. თუმცა, შეიძლება ახსნას ვერ ვუძებნით, რატომ ხდება ასე“. თქვენც ამგვარად ფიქრობთ?
რაც უნდა მოხდეს, კარგი თუ ცუდი, ღვთის ნებაა — ასეთ თვალსაზრისს ხშირად აფუძნებენ იესოს მიერ ნათქვამ სიტყვებზე, რომლებიც ზემოთ არის მოყვანილი და „მამაო ჩვენოს“ სახელით არის ცნობილი. ღვთის ნება ზეცაში სრულდება; ხომ ასეა? როდესაც ვლოცულობთ: „იყოს ნება შენი . . . ქვეყანასა ზედა“, განა იმ აზრს არ გამოვხატავთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ღვთის ნებით ხდება?
მრავალს ეჭვი ეპარება ამ თვალსაზრისის სისწორეში. მათი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ თანაუგრძნობს თავის ქმნილებებს — ადამიანებს. „როგორ შეიძლება მოსიყვარულე ღმერთს სურდეს ის, რაც შემაძრწუნებელია უდანაშაულო ადამიანებისთვის? — კითხულობენ ისინი. — თუ ღმერთს ასეთი სახით ჩვენთვის რაღაცის სწავლება სურს, საინტერესოა, რისი?!“ შეიძლება თქვენც ასე ფიქრობთ.
იესო ქრისტეს ნახევარძმა, მოწაფე იაკობი, წერდა: „ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის“ (იაკობი 1:13). ბოროტება ღვთისგან არ მოდის. ამიტომ ცხადია, რაც დღეს დედამიწაზე ხდება, ყველაფერი ღვთის ნება არ არის. საღვთო წერილი ლაპარაკობს ადამიანთა ნდომაზე ანუ ნებაზე, არაქრისტიანი ხალხის ნებასა და თვით ეშმაკის ნებაზეც კი (იოანე 1:13; 2 ტიმოთე 2:26; 1 პეტრე 4:3). ეთანხმებით იმ აზრს, რომ შეუძლებელია მოსიყვარულე ზეციერი მამის ნება ყოფილიყო ხულიოსა და კრისტინას ოჯახში დატრიალებული ტრაგედია?
მაშ, რა ჰქონდა იესოს მხედველობაში, როდესაც თავის მოწაფეებს ასწავლიდა, ელოცათ: „იყოს ნება შენი“? იყო ეს ღვთისთვის მხოლოდ იმის თხოვნა, რომ განსაკუთრებულ სიტუაციებში ჩარეულიყო? თუ იესო გვასწავლიდა, გველოცა რაღაც უფრო მნიშვნელოვანსა და უკეთესზე, რომლის მოლოდინიც ყველას შეუძლია ჰქონდეს? მოდი განვიხილოთ, რას გვეუბნება ბიბლია ამასთან დაკავშირებით.
[სურათის საავტორო უფლებები 3 გვერდზე]
Car: Dominique Faget-STF/AFP/Getty Images; child: FAO photo/B. Imevbore