არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ლიბერია ომის მიუხედავად, სამეფოს შესახებ ცნობა ვრცელდება

ლიბერია ომის მიუხედავად, სამეფოს შესახებ ცნობა ვრცელდება

ლიბერია ომის მიუხედავად, სამეფოს შესახებ ცნობა ვრცელდება

უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ლიბერიაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. 2003 წლის შუა პერიოდისთვის მეამბოხეები ბრძოლით შეიჭრნენ მონროვიაში, ლიბერიის დედაქალაქში. ბევრი იეჰოვას მოწმე იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლ-კარი; ზოგ შემთხვევაში მათ ამის გაკეთება რამდენჯერმე მოუწიათ. მოწმეების ქონება არაერთხელ დაიტაცეს.

სამწუხაროდ, დედაქალაქში მიმდინარე ბრძოლის დროს ათასობით ადამიანი მოკლეს. მათ შორის დაიღუპა ორი მოწმე — ერთი ძმა და ერთი და. როგორ გაუმკლავდნენ ასეთ რთულ მდგომარეობას იქ მცხოვრები სხვა ძმები და რა ზომები იქნა მიღებული მათ დასახმარებლად?

გასაჭირში მყოფთათვის დახმარების აღმოჩენა

მთელი ამ კრიზისული პერიოდის განმავლობაში ლიბერიაში არსებული იეჰოვას მოწმეთა ფილიალი ორგანიზებას უწევდა გასაჭირში მყოფთათვის დახმარების აღმოჩენას. მათ საჭმლით, პირველადი მოხმარების საგნებითა და მედიკამენტებით მოამარაგეს ჩვენი და–ძმები. იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც პორტი მეამბოხეების ხელში იყო, საკვები პროდუქტების შეძენა ძალიან გაჭირდა. ფილიალმა განჭვრიტა ამ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ და წინასწარ გაამზადა პირველადი მოხმარების საგნები ორი ათასი მოწმისთვის, რომლებმაც მთელ ქალაქში არსებულ სამეფო დარბაზებს შეაფარეს თავი. ძმებმა ისე გაანაწილეს საკვები პროდუქტები, რომ პორტის გახსნამდე ჰყოფნოდათ. ბელგიისა და სიერა–ლეონეს ფილიალებმა საჰაერო გზით მიაწოდეს და–ძმებს მედიკამენტები, ხოლო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ფილიალებმა საზღვაო გზით ტანსაცმელი გაუგზავნეს გაჭირვებაში მყოფთ.

ძალიან რთული მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენმა ძმებმა შეინარჩუნეს დადებითი განწყობა და სიხარული. ბევრი მათგანის თვალსაზრისი გამოხატულია ერთი ძმის სიტყვებში, რომელსაც სამჯერ მოუწია სახლიდან გაქცევა. მან თქვა: „ეს სწორედ ის პირობებია, რომელთა შესახებაც ვქადაგებთ; ჩვენ ხომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ“.

ხალხი ეხმაურება სასიხარულო ცნობას

ქვეყანაში გაბატონებული ქაოსის მიუხედავად, მოწმეების მსახურებას კვლავაც შესანიშნავი შედეგები მოაქვს. 2003 წლის იანვარში სამეფოს მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა პიკს — 3 879–ს მიაღწია; თებერვალში კი ეს მაუწყებლები 15 227 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ.

ხალხი მალე ეხმაურება სასიხარულო ცნობას. ამას მოწმობს ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სოფელში მომხდარი შემთხვევა. ერთმა კრებამ გადაწყვიტა, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ერთ დიდ სოფელში, ბვანში, აღენიშნა. კრების შეხვედრის ადგილიდან ამ სოფლამდე მისვლას ფეხით დაახლოებით ხუთი საათი სჭირდებოდა. სანამ ძმები ამ სოფელში ჩავიდოდნენ, რათა ადგილობრივი მცხოვრებლები უფლის საღამოზე მოეწვიათ, ბვანის გამგებელს გაუგზავნეს მოსაწვევი. როდესაც მან მოსაწვევი მიიღო, აიღო საკუთარი ბიბლია, შეკრიბა სოფლის მოსახლეობა, წაუკითხა მოსაწვევზე დაწერილი ბიბლიური მუხლი და მოუწოდა, რომ დასწრებოდნენ საღამოს. ამიტომ, როცა მაუწყებლები ჩამოვიდნენ, დაინახეს, რომ მათი გასაკეთებელი საქმე უკვე შესრულებული იყო! გამგებელი თავის შვილებთან და ორ ცოლთან ერთად მოვიდა უფლის საღამოზე. ამ დღესასწაულს 27 ადამიანი დაესწრო. ამის შემდეგ გამგებელმა მიატოვა მეთოდისტთა ეკლესიაში სიარული, მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და სამეფო დარბაზის ასაშენებლად მათ მიწის ნაკვეთი შესთავაზა.

თვალსაზრისის შეცვლა

ჩვენი ძმების სამაგალითო საქციელიც უწყობს ხელს იმას, რომ ზოგმა მოწინააღმდეგემ ჭეშმარიტების შესახებ თვალსაზრისი შეიცვალოს. განვიხილოთ ერთი მამაკაცის, ოპოკუს, შემთხვევა. ერთხელ მას მსახურებაში მყოფი სპეციალური პიონერი შეხვდა და ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ შესთავაზა. ოპოკუ დაინტერესდა ჟურნალში მოცემული ერთი სტატიით, მაგრამ ფული არ ჰქონდა მის საყიდლად. პიონერმა ძმამ აუხსნა, რომ ჩვენი ლიტერატურა უფასო იყო და ჟურნალი დაუტოვა. ისინი განმეორებით მონახულებაზე შეთანხმდნენ. როდესაც მათი შეხვედრა შედგა, ოპოკუმ ჰკითხა პიონერ ძმას: „თუ იცი, ვინ ვარ? ქალაქ ჰარპერში მცხოვრები თქვენი ხალხის უმრავლესობა მიცნობს. მე სკოლიდან ვრიცხავდი მოწმეების შვილებს!“ შემდეგ მან აუხსნა ჩვენს ძმას, რომ ის ქალაქში არსებული ერთ–ერთი საშუალო სკოლის დირექტორი იყო და ავიწროებდა იეჰოვას მოწმეთა ბავშვებს, რადგან ისინი სალამს არ აძლევდნენ დროშას.

მიუხედავად ამისა, ოპოკუ იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული სიყვარულის დამამტკიცებელი სამი შემთხვევის მოწმე გახდა, რამაც აღძრა, რომ საკუთარ თვალსაზრისზე დაფიქრებულიყო. პირველი შემთხვევისას მან დაინახა, როგორ ზრუნავდნენ მოწმეები სერიოზული ავადმყოფობით დაავადებულ სულიერ ძმაზე. მათ იმაზეც კი იზრუნეს, რომ ამ ძმას მეზობელ ქვეყანაში ემკურნალა. თავიდან ოპოკუ ფიქრობდა, რომ ეს ავადმყოფი ძმა იეჰოვას მოწმეთა შორის „დიდი კაცი“ იყო, მაგრამ მოგვიანებით გაიგო, რომ ის მხოლოდ რიგითი მოწმე ყოფილა. მეორე შემთხვევა მოხდა 90–იან წლებში, როდესაც ოპოკუ კოტ–დ’ივუარში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა. ერთხელ მას ძალიან მოსწყურდა და წყლის საყიდლად ერთ ახალგაზრდა მამაკაცთან მივიდა. ოპოკუს მხოლოდ მსხვილი კუპიურა ჰქონდა, ახალგაზრდა გამყიდველმა კი ვერ დაუხურდავა, ამიტომ მან ოპოკუს უფასოდ მისცა წყალი. როდესაც ამ ახალგაზრდამ ოპოკუს წყალი მიაწოდა, ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, დადგება ოდესმე ისეთი დრო, როდესაც ადამიანები, როგორც ჩვენს შემთხვევაში მოხდა, ერთმანეთს უსასყიდლოდ მისცემენ ყველაფერს?“. ოპოკუ მიხვდა, რომ ის იეჰოვას მოწმე იყო და ახალგაზრდამაც დაუდასტურა ეს. ამ ძმის გულუხვობამ და სიკეთემ დადებითი გავლენა მოახდინა ოპოკუზე. ბოლოს კი სპეციალური პიონერის მოქმედებამაც, რომელმაც უსასყიდლოდ შესთავაზა მას ჟურნალი, დაარწმუნა ოპოკუ, რომ არასწორი თვალსაზრისი ჰქონდა მოწმეებზე და უნდა შეეცვალა. დროთა განმავლობაში ოპოკუმ სულიერად წინ წაიწია და ამჟამად მოუნათლავი მაუწყებელია.

თუმცა ლიბერიაში მცხოვრებ ძმებს კვლავაც უწევთ უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ყოფნა, ისინი ღვთისადმი ნდობას ავლენენ და ერთგულად ქადაგებენ სასიხარულო ცნობას ღვთის სამართლიანი სამეფოს შესახებ, რომლის მმართველობის დროსაც გაცილებით უკეთესი პირობები იქნება. იეჰოვა არასდროს დაივიწყებს ლიბერიელი და–ძმების თავდაუზოგავ შრომასა და სიყვარულს, რომელსაც ისინი მისი სახელისთვის ავლენენ (ებრაელთა 6:10).

[რუკა 30 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მონროვია

[სურათები 31 გვერდზე]

კრიზისულ პერიოდში იეჰოვას ხალხი სულიერად და ფიზიკურად ეხმარება გასაჭირში მყოფთ.