არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ომები აღარ იქნება

ომები აღარ იქნება

ომები აღარ იქნება

„ჩვენ მხოლოდ 12 წლისანი ვართ. პოლიტიკასა და ომებზე არავითარი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, მაგრამ გვსურს, რომ ვიცოცხლოთ! ჩვენ ველით მშვიდობას! ნეტავ მოვესწრებით მას?“ (მეხუთეკლასელები).

„გვინდა, რომ სკოლაში ვიაროთ; მეგობრებსა და ახლობლებს ვეწვიოთ სტუმრად და არ გვეშინოდეს, რომ გაგვიტაცებენ. იმედი მაქვს, მთავრობა მოგვისმენს. გვინდა, რომ უკეთესი ცხოვრება გვქონდეს. მშვიდობა გვინდა“. (ალჰაი, 14 წლის).

ამ გულის ამაჩუყებელ სიტყვებში ჩანს იმედის სხივი, რომელიც წლების განმავლობაში სამოქალაქო ომის საშინელებით დატანჯულ ახალგაზრდებს აქვთ. მათი ერთადერთი სურვილია, ნორმალურად იცხოვრონ. სამწუხაროდ, იმედის რეალობად ქცევა არცთუ ისე ადვილია. დადგება ოდესმე დრო, როდესაც მსოფლიოში ომი აღარ იქნება?

უკანასკნელ წლებში საერთაშორისო დონეზე მიმართავენ ღონისძიებებს, რათა სამოქალაქო ომებში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარეებზე ზეგავლენა იქონიონ და სამშვიდობო ხელშეკრულებებზე ხელი მოაწერინონ. ზოგი ქვეყანა დადებული შეთანხმების შესასრულებლად სამშვიდობო ჯარებს აგზავნის კონფლიქტის ზონებში. თუმცა არც ისე ბევრ ქვეყანას აქვს საიმისო სახსრები ან სურვილი, რომ თავისი ჯარის ნაწილები ისეთ შორეულ ქვეყნებში გაგზავნოს, სადაც დაპირისპირებულებს ერთმანეთის სიძულვილი ღრმად აქვთ გამჯდარი და მათ შორის მიღწეული შეთანხმება, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან არამდგრადი იქნება. ხშირად სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ კვლავ იწყება ომი. სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „რთულია მშვიდობის მიღწევა, როდესაც კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ბრძოლის გაგრძელების სურვილიც აქვთ და საშუალებაც“.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული მრავალი მოუგვარებელი კონფლიქტი ქრისტიანებს ერთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას ახსენებს. წიგნ „გამოცხადებაში“ ლაპარაკია პერიოდზე, როდესაც სიმბოლურ მხედარს ‘დედამიწიდან მშვიდობა მიაქვს’ (გამოცხადება 6:4). გაუთავებელი ომების შესახებ ეს აღწერილობა იმ ნიშნის ნაწილია, რომელიც არაერთი მოვლენისგან შედგება და გვიჩვენებს, რომ ბიბლიაში ‘უკანასკნელ დღეებად’ * მოხსენიებულ დროში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). ღვთის სიტყვის თანახმად, უკანასკნელი დღეების შემდეგ მშვიდობიანი პერიოდი დადგება.

ბიბლია ფსალმუნების 45:10-ში გვიხსნის, რომ ნამდვილი მშვიდობისთვის აუცილებელია არა მარტო დედამიწის ერთ რეგიონში შეწყდეს ომები, არამედ — მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, იგივე ფსალმუნში ლაპარაკია ბიბლიური დროის იარაღების — შუბებისა და ეტლების — განადგურებაზე. ადამიანებმა მშვიდობიანად რომ იცხოვრონ, საჭიროა, დღეს არსებული უამრავი იარაღიც განადგურდეს.

საბოლოოდ, ომის ქარცეცხლს ტყვიები და შაშხანები კი არ აჩაღებს, არამედ სიძულვილი და სიხარბე. სიხარბე ომების გამომწვევი ძირითადი მიზეზია, სიძულვილს კი ხშირად ადამიანები ბოროტმოქმედებამდე მიჰყავს. ასეთი ზიანის მომტანი გრძნობების აღმოსაფხვრელად საჭიროა აზროვნების შეცვლა. ხალხმა უნდა ისწავლოს მშვიდობიანად ცხოვრება. ძველი დროის წინასწარმეტყველი ესაია კარგად შენიშნავს, რომ ომები მხოლოდ მაშინ მოისპობა, როდესაც ადამიანები „აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას“ (ესაია 2:4).

დღეს ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც უფროსებსა თუ ბავშვებს მშვიდობის დაფასებას კი არ ასწავლიან, არამედ ომის განდიდებას. სამწუხაროდ, ბავშვებსაც ასწავლიან ადამიანების ხოცვას.

მათ ადამიანების ხოცვა ასწავლეს

14 წლის ასაკში ალჰაის ჯარი უკვე მოვლილი ჰქონდა. ის ათიოდე წლის იყო, როდესაც ამბოხებულმა ჯარისკაცებმა დაიჭირეს და „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატის გამოყენება ასწავლეს. შემდეგ კი ის საჭმლის საშოვნელად თავს ესხმოდა ხალხს და წვავდა მათ სახლებს. აგრეთვე, ხოცავდა და ასახიჩრებდა ადამიანებს. დღეს ალჰაის უჭირს ომის დავიწყება და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩაბმა. აბრაჰამსაც, კიდევ ერთ ჯარისკაც ბავშვს, ასწავლეს ადამიანების ხოცვა და მასაც უჭირდა იარაღთან განშორება: „იარაღს თუ ჩამომართმევენ, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებ; რანაირად შევძლებ ლუკმაპურის შოვნას“.

დღეს მსოფლიოში სამოქალაქო კონფლიქტებში 300 000-ზე მეტი ბავშვი — ბიჭი თუ გოგო — იბრძვის და ბევრი იხოცება. აი, რას ამბობს ერთი მებრძოლი რაზმის მეთაური: „ისინი [ჯარისკაცი ბიჭუნები] ემორჩილებიან ბრძანებებს; მათ არ აწუხებთ ცოლი თუ ოჯახი; არ იციან, რა არის შიში“. მაგრამ ამ ბავშვებს უნდათ უკეთესი ცხოვრება და ისინი იმსახურებენ კიდეც ამას.

განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება რთულია წარმოსადგენად, რა საშინელ მდგომარეობაში არიან პატარა ჯარისკაცები. მიუხედავად ამისა, დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები მრავალი ბავშვი საკუთარ კომფორტულად მოწყობილ სახლში სწავლობს ომს. როგორ?

ავიღოთ, მაგალითად, ხოსეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში მცხოვრები ერთი ახალგაზრდის, შემთხვევა. ის აღმოსავლური ორთაბრძოლების ილეთებს სწავლობდა. მისთვის უძვირფასესი ნივთი იყო მამის მიერ შობის დღეს ნაჩუქარი სამურაის ხმალი. ბიჭს უყვარდა ვიდეოთამაშები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ძალადობით გამოირჩეოდა. 2000 წლის 1 აპრილს კი მან თავად შეასრულა თავისი საყვარელი ვიდეოთამაშის გმირის როლი. ძალადობის სულისკვეთებით ანთებულმა, მოკლა და, მამა და დედა სწორედ იმ ხმლით, რომელიც მამამ აჩუქა. „მინდოდა მთელ მსოფლიოში მხოლოდ მე მეცხოვრა და მშობლებს ჩემთვის თავი დაენებებინათ“, — უთხრა მან პოლიციას.

მწერალმა და სამხედრო ოფიცერმა დეივ გროსმანმა ძალადობის ამსახველი გართობების გავლენის შესახებ თქვა: „იმდენად უგრძნობები ვხდებით, რომ ტკივილისა და ტანჯვის მიყენება ჩვენთვის გასართობი ხდება; ისინი ჩვენში ზიზღის ნაცვლად, სიამოვნებას იწვევს. ჩვენ ადამიანების ხოცვასა და ამგვარი ქმედებით სიამოვნების მიღებას ვსწავლობთ“.

ალჰაიმ და ხოსემ ადამიანების ხოცვა ისწავლეს. არც ერთი მათგანის მიზანი არ ყოფილა, მკვლელი გამხდარიყო, მაგრამ გარკვეული მიმართულებით წვრთნამ მათი აზროვნება დაამახინჯა. ამგვარი წვრთნა მოზრდილებსა თუ ბავშვებში მოძალადეობრივ სულისკვეთებასა და ომისადმი სიყვარულს ნერგავს.

ომის ნაცვლად მშვიდობის სწავლა

დედამიწაზე ხანგრძლივი მშვიდობა ვერ დამყარდება, ვიდრე ადამიანები ერთმანეთის ხოცვას სწავლობენ. მრავალი საუკუნის წინათ წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „ყურად რომ გეღო ჩემი [ღვთის] მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18). როდესაც ადამიანი ღვთის სიტყვის შესახებ საფუძვლიან ცოდნას იძენს და ღვთის კანონების სიყვარულს სწავლობს, მას ძალადობისა და ომისადმი სიძულვილი უვითარდება. მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ შვილები ისეთი თამაშებით არ ერთობიან, რომლებიც მოძალადეობრივი სულის განვითარებას უწყობს ხელს. უფროსებსაც შეუძლიათ, ისწავლონ სიძულვილისა და სიხარბის დაძლევა. იეჰოვას მოწმეებს მრავალი მაგალითი აქვთ იმისა, რომ ღვთის სიტყვას ადამიანის შეცვლის ძალა შესწევს (ებრაელთა 4:12).

განვიხილოთ ჰორტენსიუს მაგალითი. ეს ახალგაზრდა ჯარში იძულებით წაიყვანეს. როგორც თავად ამბობს, წვრთნის მიზანი იყო ჯარისკაცებში ადამიანების ხოცვის სურვილის ჩანერგვა და ყოველგვარი შიშის ჩაკვლა. ჰორტენსიუ აფრიკაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომში იბრძოდა. „ომმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე, — აღიარებს ის. — ყველაფერი კარგად მახსოვს. თავს საშინლად ვგრძნობ, როდესაც თვალწინ წარმომიდგება ხოლმე ყოველივე, რაც იძულებით გამიკეთებია“.

ერთხელ ჰორტენსიუს თანამებრძოლი გამოელაპარაკა ბიბლიის შესახებ. ნათქვამმა მის გულზე გავლენა მოახდინა. ჰორტენსიუს ძალიან მოეწონა ღვთის დანაპირები ყოველგვარი ომის შეწყვეტის შესახებ, რის შესახებაც ფსალმუნების 45:10-შია ლაპარაკი. რაც უფრო მეტს იგებდა ბიბლიიდან, მით უფრო უნელდებოდა ბრძოლის გაგრძელების სურვილი. ცოტა ხნის შემდეგ, ჰორტენსიუ და მისი ორი თანამებრძოლი ჯარიდან დაითხოვეს. მათ მალე იეჰოვა ღმერთს მიუძღვნეს თავი. „ბიბლიური ჭეშმარიტება დამეხმარა, მტრებისადმი სიყვარული განმევითარებინა, — ამბობს ჰორტენსიუ. — მივხვდი, რომ ომში მონაწილეობით, ფაქტობრივად, იეჰოვას წინაშე ვცოდავდი, რადგან ღმერთი გვეუბნება, არ მოვკლათ მოყვასი. დავინახე, რომ მოყვასისადმი ამგვარი სიყვარულის გამოსავლენად საჭირო იყო, აზროვნება შემეცვალა და ხალხი ჩემს მტრად არ მიმეჩნია“.

ასეთი ცხოვრებისეული მაგალითებიდან ვხედავთ, რომ ბიბლიური განათლება ნამდვილად უწყობს ხელს მშვიდობას. ეს არც არის გასაკვირი. წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა, რომ ღვთისგან მომდინარე განათლება და მშვიდობა ერთმანეთთან უშუალო კავშირშია. მან იწინასწარმეტყველა: „შენი ყველა ძე უფლის განსწავლული იქნება და დიდი იქნება შენს ძეთა მშვიდობა“ (ესაია 54:13). იგივე წინასწარმეტყველი ლაპარაკობს დროზე, როდესაც ყოველი ერის წარმომადგენელი გაემართებოდა იეჰოვა ღმერთის წმინდა თაყვანისმცემლობისკენ, რათა ღვთის გზები ესწავლათ. რა იქნებოდა ამის შედეგი? „გამოჭედავენ ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად და თავიანთ შუბებს — ნამგლებად; აღარ აღმართავს ერი ერზე მახვილს, და აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას“ (ესაია 2:2—4).

ამ წინასწარმეტყველების შესაბამისად, იეჰოვას მოწმეები მონაწილეობენ მსოფლიო საგანმანათლებლო საქმიანობაში. ისინი უკვე მილიონებს დაეხმარნენ სიძულვილის, ომების ძირითადი მიზეზის, დაძლევაში.

მსოფლიოში მშვიდობის დამამყარებელი

საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა, ღმერთმა იზრუნა მთავრობაზე, ანუ „სამეფოზე“, რომელსაც შეუძლია მსოფლიოში მშვიდობის დამყარება. აღსანიშნავია, რომ ბიბლია ღვთის მიერ არჩეულ მმართველს, იესო ქრისტეს, „მშვიდობის მთავარს“ უწოდებს. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ იმ დროს ‘გაიზრდება მშვიდობა დაუსრულებლად’ (ესაია 9:6, 7).

რის საფუძველზე შეიძლება გვჯეროდეს, რომ ქრისტეს მმართველობა ყოველგვარ ომს მოუღებს ბოლოს? წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: „უფალ ცაბაოთის შური იქმს ამას“ (ესაია 9:7). ღმერთს სურს და შეუძლია კიდეც უბოლოო მშვიდობის დამყარება. იესოს იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარებოდა ამ დანაპირების უტყუარობაში. ამიტომ ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ელოცათ ღვთის სამეფოს მოსვლისა და იმის შესახებ, რომ ღვთის ნება დედამიწაზეც შესრულებულიყო (მათე 6:9, 10). ამ გულწრფელი თხოვნის საბოლოოდ შესრულების შემდეგ ომი ვერასოდეს დაარღვევს დედამიწაზე მშვიდობას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 იმაში დასარწმუნებლად, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ, იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი 11; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 7 გვერდზე]

ბიბლიური განათლება ჭეშმარიტი მშვიდობის საწინდარია.