ხედავს იეჰოვა შენს საქმეებს?
ხედავს იეჰოვა შენს საქმეებს?
როგორ უპასუხებდი ამ კითხვას? მრავალი, ალბათ, ამგვარად უპასუხებდა: „ვფიქრობ, რომ ღმერთი ყურადღების ღირსად თვლიდა ისეთი მამაკაცების განსაკუთრებულ საქმეებს, როგორებიც იყვნენ მოსე, გედეონი და დავითი, მაგრამ მეეჭვება, რომ ის ინტერესდებოდეს ჩემი საქმეებით. მე ვერ შევედრები მოსეს, გედეონს ან დავითს“.
ბიბლიურ დროში ზოგმა ერთგულმა მამაკაცმა მართლაც რომ გასაოცარი საქმეებით გამოავლინა ძლიერი რწმენა. ისინი „ამარცხებდნენ სამეფოებს . . . პირს უკრავდნენ ლომებს, შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს“ (ებრაელთა 11:33, 34). მართალია, სხვები ნაკლებად შთამბეჭდავი საქმეებით ავლენდნენ რწმენას, მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი მათ საქმეებსაც ხედავდა. მაგალითისთვის დავფიქრდეთ მწყემსის, წინასწარმეტყველისა და ქვრივის შემთხვევებზე, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი.
მწყემსი ძღვენს სწირავს
რას გაიხსენებდი ადამისა და ევას მეორე ვაჟის, აბელის შესახებ? შესაძლოა, გახსენდება, რომ ის თავისი ძლიერი რწმენის გამო იქნა მოკლული ისე, როგორც ერთეულები კვდებიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან აბელმა სხვა მიზეზით მიიქცია ღვთის ყურადღება.
ერთ დღეს აბელმა საუკეთესო ცხვარი ამოარჩია თავისი ფარიდან და ღმერთს შესწირა. მისი ძღვენი დღეს შეიძლება ვინმეს მოკრძალებულად ჩაეთვალა, მაგრამ იეჰოვამ შეამჩნია ის და მოწონებაც გამოხატა. თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. თითქმის ოთხი ათასი წლის შემდეგ პავლე მოციქულმა იეჰოვას შთაგონებით „ებრაელთა“ წიგნში მოიხსენია ამ ძღვნის შესახებ. ამდენი წლის გასვლის შემდეგაც კი ღმერთს არ დავიწყებია ეს მოკრძალებული ძღვენი! (ებრაელთა 6:10; 11:4).
რამ აღძრა აბელი ასეთი მსხვერპლის შესაწირავად? მართალია, ბიბლია არაფერს ამბობს ამის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, თავად აბელი ამ საკითხს სერიოზულად მიუდგა. რამდენადაც ის მწყემსი იყო, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მან თავისი ფარიდან ცხვარი შესწირა მსხვერპლად. თუმცა საყურადღებოა ის, რომ აბელმა საუკეთესო პირუტყვი და მათი „ცხიმი“ აღუვლინა ღმერთს მსხვერპლად (დაბადება 4:4). შესაძლოა, ის ფიქრობდა ედემის ბაღში იეჰოვას მიერ გველის მისამართით ნათქვამ სიტყვებზე: „ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15; გამოცხადება 12:9). აბელმა არ იცოდა, ვინ იგულიხმებოდა „დედაკაცსა“ და მის „თესლში“, მაგრამ, შესაძლოა ხვდებოდა, რომ დედაკაცის თესლის ‘ქუსლში დაგესვლა’ სისხლის დაღვრასთან იქნებოდა დაკავშირებული. უეჭველია, მას ესმოდა, რომ არაფერი შეიძლება ყოფილიყო ცოცხალ ქმნილებებზე ძვირფასი. ასეა თუ ისე, მის მიერ გაღებული მსხვერპლი მართლაც რომ სათანადო იყო.
აბელის მსგავსად, დღევანდელი ქრისტიანებიც აღუვლენენ ღმერთს მსხვერპლს. საუკეთესო ცხვრების ნაცვლად, ისინი „ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი [ღვთის] სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“ სწირავენ (ებრაელთა 13:15). როდესაც ჩვენს რწმენას სხვებს ვუზიარებთ, საკუთარ ბაგეებს ღვთის შესახებ დამოწმებისთვის ვიყენებთ.
გსურს შენ მიერ შეწირული „ბაგეთა ნაყოფის“ ხარისხიანობის გაუმჯობესება? ასეთ შემთხვევაში, საჭიროა კარგად გამოიკვლიო შენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მოთხოვნილებები. რა აწუხებთ? რა აინტერესებთ? რა გახდიდა ბიბლიურ ცნობას მათთვის უფრო მიმზიდველს? კარგად გააანალიზე ყოველი ქადაგების დროს შენ მიერ გაკეთებული მონახულებები, რათა უფრო ეფექტურად იქადაგო. იეჰოვას შესახებ დამაჯერებლად და მთელი გულით ილაპარაკე. შეეცადე, რომ მართლაც „ქების მსხვერპლი“ მოუტანო ღმერთს.
წინასწარმეტყველი გულგრილ ადამიანებს შორის ქადაგებს
ახლა განვიხილოთ წინასწარმეტყველ ენოქის (ხანოქი) მაგალითი. ის, შესაძლოა, იმ პერიოდში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც იეჰოვა ღმერთის მოწმედ მსახურობდა. ენოქის მსგავსად, მხოლოდ შენ ხომ არ ხარ ოჯახში იეჰოვას ერთგული მსახური? მხოლოდ შენ იცავ სასწავლებელში ან სამსახურში ბიბლიურ პრინციპებს? ასეთ შემთხვევაში შეიძლება წინააღმდეგობას შეხვდე. მეგობრები, ნათესავები, თანაკლასელები ან თანამშრომლები შეიძლება შეეცადონ, დაგარღვევინონ ღვთის კანონები. „ვერავინ ვერასოდეს გაიგებს, რა გააკეთე, — შეიძლება გითხრან მათ. — ჩვენ არავის ვეტყვით“. ისინი შეეცდებიან დაგიმტკიცონ, რომ უაზრობაა ბიბლიის ზნეობრივი ნორმების დაცვა, რადგან ღმერთს არ აინტერესებს შენი საქმეები. როდესაც ასეთი ადამიანები ხედავენ, რომ არ ჰბაძავ აზროვნებასა და ქცევაში, გულმოსულობისგან შეიძლება ყველაფერი გააკეთონ, რაც მათ ძალებშია, რათა მოგტეხონ.
ადვილი ნამდვილად არ არის ასეთი ზეწოლის ატანა, მაგრამ შესაძლებელია. დაფიქრდი ენოქზე, ადამიდან მეშვიდე თაობის წარმომადგენელზე (იუდა 14). როდესაც ენოქი დაიბადა, ადამიანების უმრავლესობა ყოველმხრივ ზნედაცემული იყო. მათი საუბარი და საქციელი სამარცხვინო და „აღმაშფოთებელი“ იყო (იუდა 15, აქ). ისინი თავიანთი ქმედებით ძალიან ჰგავდნენ ბევრ თანამედროვე ადამიანს.
როგორ გაართვა ენოქმა თავი ამ სირთულეს? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთვის საინტერესოა. ენოქი, შეიძლება, იმ პერიოდში დედამიწაზე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც იეჰოვას ეთაყვანებოდა, მაგრამ, სინამდვილეში ის არ იყო მარტო. ენოქი ღმერთთან დადიოდა (დაბადება 5:22).
ღვთის ნების შესრულება ენოქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში. მან იცოდა, რომ ღმერთთან სიარული უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მხოლოდ ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას. იეჰოვა მისგან ქადაგებას მოელოდა (იუდა 14, 15). იმ დროს ხალხი გაფრთხილებას საჭიროებდა იმის შესახებ, რომ მათი უღვთო საქმეები შეუმჩნეველი არ რჩებოდა. ენოქი 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განაგრძობდა ღმერთთან სიარულს — ეს პერიოდი კი გაცილებით უფრო ხანგრძლივია იმ დროსთან შედარებით, რომლის განმავლობაშიც ნებისმიერ ჩვენგანს გვიწევს რაიმეს ატანა. ენოქი სიკვდილამდე დადიოდა ღმერთთან (დაბადება 5:23, 24).
ენოქის მსგავსად, ჩვენც დაგვევალა ქადაგება (მათე 24:14). კარდაკარ ქადაგების გარდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ სასიხარულო ცნობა ნათესავებს, თანამშრომლებსა და თანაკლასელებსაც გადავცეთ. თუმცა ზოგჯერ შეიძლება გვიჭირდეს გაბედულად ქადაგება. შენც გაქვს ეს პრობლემა? გულს ნუ გაიტეხ. მიჰბაძე პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს და სთხოვე იეჰოვას გაბედულება (საქმეები 4:29). გახსოვდეს, რომ სანამ ღმერთთან ერთად ივლი, არასდროს იქნები მარტო.
ქვრივის მომზადებული უბრალო საჭმელი
დავფიქრდეთ ერთ ქვრივზე, რომლის სახელიც ბიბლიაში არ არის მოხსენიებული. ის ორი რამით აკურთხა იეჰოვამ და ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ მან უბრალო საჭმელი მოამზადა. ეს ქვრივი წარმოშობით არ იყო ისრაელი. ის უცხოტომელი იყო, რომელიც ძვ. წ. X საუკუნეში ქალაქ ცარფათში ცხოვრობდა. გვალვისა და შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის დასასრულისთვის ამ ქვრივს საჭმლის მარაგი გამოელია. მას მხოლოდ ერთი
მუჭა ფქვილი და ცოტაოდენი ზეთიღა დარჩა — ზუსტად იმდენი, რამდენიც ეყოფოდა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ, უკანასკნელად, მოემზადებინა საჭმელი თავისთვის და თავისი ვაჟისთვის.ამ დროს მათთან სტუმარი მივიდა. ეს იყო ღვთის წინასწარმეტყველი, ელია, რომელმაც ქვრივს სთხოვა, თავისი საკვებიდან რაიმე ეწილადა მისთვის. ის, რაც ქალს ჰქონდა, ძლივს თუ ეყოფოდა თავად მას და მის ვაჟს, ამიტომ, რასაკვირველია, მას არაფერი ჰქონდა სტუმრისთვის მისაცემი. მიუხედავად ამისა, ელიამ, იეჰოვას ნათქვამის თანახმად, დაარწმუნა ქვრივი, რომ, თუ უწილადებდა თავის საკვებს, ის და მისი ვაჟი არ იშიმშილებდნენ. ქვრივს რწმენა ესაჭიროებოდა ელიას სიტყვების დასაჯერებლად — რომ ისრაელის ღმერთი მას, უცხოტომელ ქვრივს, ყურადღებას მიაქცევდა. მართლაც, მან დაუჯერა ელიას, რის გამოც იეჰოვამ აკურთხა ის. „ფქვილი ქოთანში არ ილეოდა და ზეთი დოქში არ იკლებდა, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ელიას ხელით“. სანამ ქვეყანაში ბოლო არ მოეღო შიმშილობას, ამ ქვრივსა და მის ვაჟს გამოულევლად ჰქონდათ საჭმლის მარაგი (3 მეფეთა 17:8—16).
ქვრივს კიდევ სხვა კურთხევა ელოდა. მოგვიანებით, ღვთის მიერ მოხდენილი ამ სასწაულიდან ცოტა ხანში, ქვრივის საყვარელი ვაჟი ავად გახდა და მოკვდა. სიბრალულით აღძრული ელია შეევედრა იეჰოვას, რომ აღედგინა ყმაწვილი (3 მეფეთა 17:17—24). მის აღსადგენად აუცილებელი იყო ისეთი სასწაული, როგორიც მანამდე არასდროს მომხდარა. არანაირი მტკიცება არ არსებობს იმისა, რომ ამ შემთხვევამდე ღმერთს ვინმე აღედგინოს. ნუთუ კვლავ შეიწყალებდა იეჰოვა ამ უცხოტომელ ქვრივს? დიახ, ეს ასეც მოხდა. იეჰოვამ ელიას მისცა ქვრივის ვაჟის აღდგენის ძალა. მოგვიანებით იესომაც მოიხსენია ეს პატივდებული ქვრივი: „მრავალი ქვრივი იყო ისრაელში . . . და არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლენილი ელია, გარდა ქვრივი დედაკაცისა სიდონის სარეფთაში [ცარფათში]“ (ლუკა 4:25, 26).
დღესდღეობით განვითარებულ ქვეყნებშიც კი ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ არასტაბილურია. ზოგი დიდი კომპანია სამუშაოდან ისეთ მომსახურეებსაც კი ითხოვს, რომლებიც ათობით წლების მანძილზე კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს. სამუშაოს დაკარგვის შიშით ქრისტიანმა შეიძლება მეტისმეტად ბევრი დრო დაუთმოს სამსახურს იმ იმედით, რომ კომპანია არ გაათავისუფლებს. ამის გამო მას შეიძლება ძალიან ცოტა დრო დარჩეს იმისათვის, რომ დაესწროს ქრისტიანულ შეხვედრებს, მონაწილეობა მიიღოს სამქადაგებლო საქმიანობაში ან ოჯახის წევრების ემოციურ და სულიერ მოთხოვნილებებზე იზრუნოს. ამის მიუხედავად, ის შეიძლება ფიქრობდეს, რომ რადაც უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს სამსახური.
ასეთ ეკონომიკურ მდგომარეობაში მცხოვრებ ქრისტიანს მართლაც აქვს წუხილის მიზეზი. დღესდღეობით რთულია სამუშაოს შოვნა. თუმცა უმეტესობა ჩვენგანი არ ისწრაფვის სიმდიდრის დაგროვებისკენ, ცარფათში მცხოვრები ქვრივის მსგავსად, ჩვენც ვსაჭიროებთ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. პავლე მოციქული შეგვახსენებს ღვთის სიტყვებს: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს მე კაცი?“ (ებრაელთა 13:5, 6). პავლე სრულად ენდობოდა იეჰოვას ამ დანაპირებს და საკუთარ სიცოცხლესაც ღმერთს ანდობდა. იეჰოვაც, თავის მხრივ, ყოველთვის ზრუნავდა მასზე. ღმერთი მსგავსადვე მოგვექცევა, თუ არ მივატოვებთ მას.
მართალია, შესაძლოა, არასდროს მოგვიმოქმედია ისეთი საქმეები, როგორითაც ღვთის ერთგული მამაკაცები — მოსე, გედეონი და დავითი — რწმენას ავლენდნენ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ მათ რწმენას. აგრეთვე გავიხსენოთ აბელის, ენოქისა და ცარფათში მცხოვრები ქვრივის, ერთი შეხედვით, ნაკლებად შთამბეჭდავი საქმეები. იეჰოვა რწმენით გაკეთებულ ნებისმიერ საქმეს — თუნდაც უმნიშვნელოსაც კი — ხედავს. როდესაც ღვთისმოშიში მოსწავლე უარს ამბობს თანატოლის მიერ შეთავაზებული ნარკოტიკების მიღებაზე, როდესაც ქრისტიანი სამსახურში უარყოფს უზნეო წინადადებას ან როდესაც ხანში შესული მოწმე, დაღლილობისა და ცუდი ჯანმრთელობის მიუხედავად, კრების შეხვედრებს იგავები 27:11).
ესწრება, იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება ეს. უფრო მეტიც, ის ხარობს! (შენ თუ ამჩნევ სხვების საქმეებს?
დიახ, იეჰოვა ამჩნევს ჩვენს საქმეებს. ამიტომ, ჩვენც მას უნდა ვბაძავდეთ და ყოველთვის უნდა ვაფასებდეთ სხვების მცდელობასა და ძალისხმევას (ეფესელთა 5:1). რატომ არ გაიგებდი უფრო დაწვრილებით, რა სირთულეებს ლახავენ თანამორწმუნები იმისათვის, რომ კრების შეხვედრებს დაესწრონ, იქადაგონ და თუნდაც ყოველდღიურ საქმეებს გაართვან თავი?
დაანახვე თანაქრისტიანებს, რომ მართლაც აფასებ მათ ძალისხმევას. თანამორწმუნეებისთვის სასიამოვნო იქნება ის, რომ მათი საქმეები შეამჩნიე. შესაძლოა, შენ მიერ გამოვლენილმა ყურადღებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნოს ისინი იმაში, რომ იეჰოვა ხედავს მათ საქმეებს.