არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დახმარება სისხლის სიწმინდის დასაცავად

დახმარება სისხლის სიწმინდის დასაცავად

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

დახმარება სისხლის სიწმინდის დასაცავად

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ღვთის მიმართ ერთგულებას ავლენენ სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებული კანონის დაცვით (საქმეები 15:28, 29). ამ მხრივ „ერთგული და გონიერი მონის“ კლასი ქრისტიანულ საძმოს დახმარებას უწევს (მათე 24:45—47). განვიხილოთ, რა შედეგი გამოიღო ასეთმა დახმარებამ ფილიპინებზე.

ფილიპინების ფილიალი იტყობინება: „1990 წელს გვაცნობეს, რომ ბრუკლინის ბეთელიდან ჩამოსული ძმები ფილიპინებზე სპეციალურ სემინარს ჩაატარებდნენ. ამ სემინარზე მოწვეული იყვნენ ძმები აზიის რამდენიმე ქვეყნის ფილიალიდან, მათ შორის კორეიდან, ტაივანიდან და ჰონკონგიდან. სემინარის მიზანი ის იყო, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიდანაც იყვნენ მასზე მოწვეულები, საავადმყოფოებთან დაკავშირებული საინფორმაციო სამსახური და საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტები ჩამოყალიბებულიყო. თავდაპირველად ისინი ფილიპინებზე ოთხ დიდ ქალაქში ჩამოყალიბდა“. ამ კომიტეტების მოვალეობა იყო ისეთი ექიმების მოძებნა, რომლებიც გაითვალისწინებდნენ სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ ჩვენს ქრისტიანულ პოზიციას და, ასეთი სახით, ითანამშრომლებდნენ ჩვენთან. ეს კომიტეტები აგრეთვე უნდა დახმარებოდა იმ ძმებს, რომლებსაც სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნებოდათ.

რემეკიო ქალაქ ბაგიოში საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრად აირჩიეს. დროთა განმავლობაში ადგილობრივმა ექიმებმა დაინახეს, რომ ამ კომიტეტის საქმიანობა შედეგიანი იყო. რემეკიო იხსენებს შემთხვევას, როდესაც რამდენიმე ექიმმა საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა მოისურვა. მათ უნდოდათ გაეგოთ, როგორ ემკურნალათ მოწმე პაციენტებისთვის, რომლებიც უარს ამბობდნენ სისხლის გადასხმაზე. რემეკიო გვიამბობს: „თავდაპირველად ექიმებმა კითხვები დაგვისვეს, მაგრამ იმდენად სპეციფიკურ საკითხებს ეხებოდნენ, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი“. მან დახმარებისთვის იეჰოვას მიმართა ლოცვით. ის განაგრძობს: „თითოეული კითხვის დასმის შემდეგ სხვა ექიმები ითხოვდნენ სიტყვას და ხსნიდნენ, რა გამოსავალი მოძებნეს მსგავს სიტუაციებში“. მიღებულმა დახმარებამ რემეკიო ძალიან გაახარა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კითხვა-პასუხი ორი საათი გრძელდებოდა.

ამჟამად მთელ ქვეყანაში საავადმყოფოებთან ურთიერთობის 21 კომიტეტი არსებობს, რომლებშიც, მთლიანობაში, 77 ძმა მსახურობს. ერთი მოწმე, სახელად დანილო, რომელიც პროფესიით ექიმია, ამბობს: „ადგილობრივი ექიმები ხვდებიან, რომ მოწმე პაციენტებს მხარს უჭერს ორგანიზაცია, რომელიც სიყვარულით ზრუნავს მათზე“. ერთი ექიმი თავდაპირველად თავს იკავებდა ერთი ძმისთვის უსისხლო ოპერაციის გაკეთებისგან, მაგრამ ძმამ მტკიცე პოზიცია დაიკავა, რის შედეგადაც ის დასთანხმდა. უსისხლო ოპერაციამ შესანიშნავად ჩაიარა. „საავადმყოფოებთან დაკავშირებული საინფორმაციო სამსახური“ იტყობინება: «ამ ძმის გამოჯანმრთელებით გაოცებული ექიმი ამბობს: „ამიერიდან, თუ თქვენი ორგანიზაციის რომელიმე წევრს დასჭირდება ასეთის სახის ოპერაცია სისხლის გამოყენების გარეშე, დიდი სიამოვნებით გავუკეთებ“.