ისინი „ისმენენ“ სამეფოს შესახებ ცნობას ბრაზილიაში
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
ისინი „ისმენენ“ სამეფოს შესახებ ცნობას ბრაზილიაში
ყრუ-მუნჯებისთვის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების მიზნით იეჰოვას მრავალი ბრაზილიელი მოწმე არც თუ ისე ადვილ საქმეს შეეჭიდა და ბრაზილიური ჟესტების ენა ისწავლა. მათ მცდელობებს, როგორც ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები გვიჩვენებს, შესანიშნავი ნაყოფი გამოაქვს.
ევა * სან-პაულუში მცხოვრები ყრუ-მუნჯი ქალია, რომელმაც ჟესტების ენის სწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამ შვილთან ერთად ყრუ-მუნჯ მამაკაცთან გადავიდა ხელმოუწერლად საცხოვრებლად. ერთხელ ევა და მისი საყვარელი სავაჭრო ცენტრში ყოფნისას იეჰოვას ყრუ-მუნჯ მოწმეთა ჯგუფს შეხვდნენ. მოწმეებმა ისინი სამეფო დარბაზში შეხვედრაზე მიიწვიეს. მათაც უარი არ უთქვამთ, რადგან ეგონათ, რომ ეს რაღაც საზოგადოებრივი ღონისძიება იქნებოდა.
ევამ ცუდად იცოდა ჟესტების ენა, ამიტომაც კრების შეხვედრაზე ნათქვამიდან ძალიან ცოტა გაიგო. შემდეგ რამდენიმე მოწმემ ევა სტუმრად სახლში დაპატიჟა. იქ კი ბროშურაში — „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ — მოცემული სურათების დახმარებით აუხსნეს, რომ ღმერთი ადამიანებს დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებას ჰპირდება. ევას მოეწონა მოსმენილი და კრების შეხვედრებზე რეგულარულად დაიწყო დასწრება.
მალე ევამ მიატოვა ის მამაკაცი, რომელთანაც ცხოვრობდა, რათა ბიბლიური ნორმების შესაბამისად ეცხოვრა. ოჯახის მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მან განაგრძო სულიერად წინსვლა და 1995 წელს მოინათლა. ექვსი თვის შემდეგ კი პიონერი, სამეფოს შესახებ სრული დროით მაუწყებელი, გახდა. დღემდე ის ოთხ ყრუ-მუნჯ ადამიანს დაეხმარა ღვთისთვის მიძღვნისა და მონათვლის ნაბიჯამდე მისვლაში.
კარლოსი ყრუ დაიბადა. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როდესაც ნარკომანებმა ჩაითრიეს; აგრეთვე უზნეო ცხოვრებას ეწეოდა და ქურდობდა. ერთხელაც მოწინააღმდეგე ბანდის წევრები დაემუქრნენ, რის გამოც სან-პაულუში გაიქცა და ცოტა ხნით ჟუანთან დარჩა საცხოვრებლად. ჟუანიც ყრუ-მუნჯი იყო და აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა.
რამდენიმე წლის შემდეგ კარლოსმა სამეფოს შესახებ ცნობა გაიგო და მოსმენილმა მასზე იმდენად იმოქმედა, რომ ცხოვრება მოიწესრიგა და ოფიციალურად დაქორწინდა ქალზე, რომელთანაც ხელმოუწერლად ცხოვრობდა. საღვთო წერილის ნორმების შესაბამისად ცხოვრების მოწესრიგების შემდეგ კარლოსი იეჰოვასთვის მიძღვნის ნიშნად მოინათლა. ამასობაში, ჟუანიც გაეცნო სასიხარულო ცნობას და ისიც საკმაოდ შეიცვალა; ყოველივე ამის შესახებ კი კარლოსმა არაფერი იცოდა. ჟუანმა როგორც კი გაიგო, რომ იეჰოვას არ მოსწონს კერპების გამოყენება, მაშინვე გადაყარა „წმინდანთა“ მთელი კოლექცია. ცხოვრების ძველი წესის მიტოვების შემდეგ ჟუანიც მოინათლა.
კარლოსისა და ჟუანის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ერთმანეთს სამეფო დარბაზში შეხვდნენ და იმ ცვლილებების შედეგები დაინახეს, თითოეულმა რომ შეიტანა საკუთარ ცხოვრებაში. ახლა ისინი თავიანთი ოჯახების მოწიფული მეთაურები და სამეფოს გულმოდგინე მაუწყებლები არიან.
ბრაზილიაში დღეს ჟესტების ენაზე 30 კრება და 154 ჯგუფია, რომლებშიც 2 500-ზე მეტი მაუწყებელია. ამ მაუწყებელთაგან დაახლოებით 1 500 ყრუ-მუნჯია. 2001 წელს ბრაზილიაში ყრუ-მუნჯებისთვის ჩატარებულ საოლქო კონგრესს, სახელწოდებით „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“, 3 000-ზე მეტი ყრუ-მუნჯი ესწრებოდა. აღნიშნულ კონგრესზე 36 ადამიანი მოინათლა. იმედია, იეჰოვას კურთხევით კიდევ ბევრი ყრუ-მუნჯი გამოეხმაურება დადებითად სამეფოს შესახებ ცნობას.
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 სახელები შეცვლილია.