არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება

ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება

ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება

„რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა?“ — იკითხა ებრაელმა ფსალმუნმომღერალმა 2400-ზე მეტი წლის წინათ (ფსალმუნი 118:9). ეს კითხვა დღესაც აქტუალურია, რადგან ახალგაზრდები უამრავ სიძნელეს აწყდებიან. სხვადასხვა სახის სექსუალური აღვირახსნილობის გამო მრავალი ახალგაზრდა შიდს-ით დაავადდა. მათგან ნახევარზე მეტი ამ საშინელი სენით 15—24 წლის ასაკში დაინფიცირდა. ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებაც მრავალ პრობლემას ქმნის და ახალგაზრდებს სიცოცხლეს უსწრაფებს. მათზე გამანადგურებელ გავლენას ახდენს ზოგიერთი სახის მუსიკა, ძალადობისა და უზნეობის ამსახველი ფილმები, სატელევიზიო შოუები და პორნოგრაფია ინტერნეტში. ამიტომ, ფსალმუნმომღერლის მიერ დასმული კითხვა სერიოზულად აღელვებს დღეს მრავალ მშობელსა თუ ახალგაზრდას.

ფსალმუნმომღერალმა თავის კითხვას თვითონვე უპასუხა: „დაიცვას შენი სიტყვისამებრ“. მართლაცდა, ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემულია შესანიშნავი მითითებები ახალგაზრდებისთვის და სწორედ ამ მითითებების შესაბამისად მოქცევით ბევრი აღწევს ცხოვრებაში წარმატებებს (ფსალმუნი 118:105). განვიხილოთ გარკვეული მაგალითები იმ ახალგაზრდების ცხოვრებიდან, რომლებსაც უყვართ ღმერთი და ცდილობენ, სულიერი სიძლიერე შეინარჩუნონ ამ სიამოვნების მოყვარულ და სიმდიდრის ძიებით გატაცებულ წუთისოფელში.

ისინი აფასებენ მშობლების ხელმძღვანელობას

ჰაკოფ ემანუელი იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალში მსახურების დაწყებამდე რამდენიმე წელი პიონერად მსახურობდა. ის მადლიერებით იხსენებს იმას, თუ როგორ შეიყვარა ღვთის მსახურება: „ძირითადად ამაზე ჩემმა მშობლებმა მოახდინეს გავლენა, თუმცა ზოგიერთ გამოცდილ სულიერ ძმასთან მეგობრობამაც შემიწყო ხელი. მშობლებმა და მეგობრებმა შემაყვარეს სამქადაგებლო საქმიანობა. ისინი რბილად მიბიძგებდნენ სწორი ბილიკისკენ და არასდროს მიგრძნია, რომ ძალას მატანდნენ“.

დეივიდი უკვე რამდენიმე წელია, რაც სრული დროით მსახურობს. ის იხსენებს, რა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე მშობლების მიერ სპეციალური პიონერული მსახურების დაწყებამ, თუმცა ის და მისი ძმა მაშინ ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. მამის გარდაცვალების შემდეგაც კი არ მიატოვა დედამ ეს მსახურება. ის ბავშვებსაც უვლიდა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობასაც ქადაგებდა. „ისინი არასდროს მავალდებულებდნენ, რომ პიონერული მსახურება დამეწყო, — ამბობს დეივიდი, — მაგრამ იმდენი სიხარული მოჰქონდა ჩვენი ოჯახისთვის სრული დროით მსახურებას, რომ მეგობრულმა ურთიერთობებმა და ოჯახში არსებულმა ატმოსფერომ მეც სრული დროით მსახურების დაწყებისკენ მიბიძგა“. მშობლების მხრიდან კარგი ხელმძღვანელობისა და ყურადღების მნიშვნელოვნების შესახებ დეივიდი ამბობს: «დედა ყოველ საღამოს გვიკითხავდა წიგნს „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“ *. ის გვიხსნიდა, როგორ გვეხებოდა ნასწავლი მასალა პირადად ჩვენ. ამან სულიერი საკვების მიღება შეგვაყვარა».

მადლიერება კრების შეხვედრებისთვის

ზოგიერთ ახალგაზრდას უჭირს, დააფასოს ქრისტიანული შეხვედრები. ისინი კრების შეხვედრებს მხოლოდ იმიტომ ესწრებიან, რომ მშობლებს მიჰყავთ იქ. მაგრამ თუ განაგრძობენ ამის კეთებას, დროთა განმავლობაში, შეიძლება შეიყვარონ კიდეც კრების შეხვედრებზე დასწრება. განვიხილოთ ალფრედოს შემთხვევა, რომელმაც სრული დროით მსახურება 11 წლის ასაკში დაიწყო. ის აღიარებს, რომ, როდესაც ხუთიოდე წლის იყო, ცდილობდა, კრების შეხვედრებზე არ წასულიყო, რადგან იქ ყოველთვის ეძინებოდა. მშობლები კი ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ალფრედო იხსენებს: „თანდათანობით, რაც უფრო ვიზრდებოდი, შეხვედრები უფრო და უფრო მაინტერესებდა. ისინი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო გახდა, როდესაც წერა-კითხვა ვისწავლე, რადგან მხოლოდ მაშინ დავიწყე ჩემი სიტყვებით პასუხების გაცემა“.

სინტია, 17 წლის პიონერი, გვიყვება, რა დიდი როლი შეასრულა მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერთობამ მისთვის ღვთის მსახურების შეყვარებაში. ის ყვება: „ძმებთან კარგი ურთიერთობა და კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება დამეხმარა, რომ სხვაგან არ მეძებნა მეგობრები და არ გავეტაცე ახალგაზრდებისთვის პოპულარულ ისეთ გართობებს, როგორიცაა, მაგალითად, დისკოთეკაზე სიარული. კრების შეხვედრებზე მოსმენილი კომენტარები და შემთხვევები იმის დიდ სურვილს მიჩენს, რომ ყველაფერი, რაც გამაჩნია, იეჰოვასთვის გავიღო და ვფიქრობ, რომ მათ შორის საუკეთესო ჩემი ახალგაზრდობაა. ასე რომ, გადავწყვიტე, ახალგაზრდობის წლები იეჰოვას მსახურებას მივუძღვნა“.

მაგრამ, ამასთანავე, სინტია აღიარებს: „მონათვლამდე იყო დრო, როდესაც საშინაო დავალებებს ან სკოლასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს ვიმიზეზებდი, რომ როგორმე კრებაზე არ წავსულიყავი. კრების რამდენიმე შეხვედრა გავაცდინე, რამაც ჩემს სულიერობაზე იმოქმედა: დავიწყე ისეთ ბიჭთან შეხვედრა, რომელიც ბიბლიას არ სწავლობდა. კიდევ კარგი, რომ იეჰოვას დახმარებით ყველაფერი დროულად გამოვასწორე“.

პირადი გადაწყვეტილება

კიდევ ერთი სრული დროით მსახური ახალგაზრდა, პაბლო, კითხვაზე, რას მიიჩნევს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებისადმი სიყვარულის განვითარების მთავარ ფაქტორად, პასუხობს: «ვფიქრობ, აქ ორი რამ შეიძლება აღინიშნოს: რეგულარული პირადი შესწავლა და გულმოდგინება სამქადაგებლო საქმეში. მადლობელი ვარ, რომ მშობლებმა იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტება გამაცნეს და, ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო იყო, რის მოცემაც მათ ჩემთვის შეეძლოთ. მაგრამ საჭირო იყო, პირადადაც გამეცნობიერებინა, რატომ მიყვარდა იეჰოვა. ამისათვის კი აუცილებელი იყო ბიბლიური ჭეშმარიტების ‘სიგანისა და სიმაღლის წვდომა’, ანუ გაგება. მხოლოდ ამის წყალობით შევიგრძნობთ წყურვილს იეჰოვას სიტყვისა, რომელიც ჩვენში ‘ცეცხლივით გიზგიზებს’, რათა სხვებს ველაპარაკოთ მის შესახებ. ეს ენთუზიაზმი კი ზრდის ჭეშმარიტებისადმი ჩვენს მადლიერებას» (ეფესელთა 3:18, სსგ; იერემია 20:9).

ჰაკოფ ემანუელი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, იხსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია პირადად მიიღო გადაწყვეტილება, ემსახურო იეჰოვას. ის ამბობს, რომ მშობლები არასდროს აძალებდნენ მონათლულიყო. „მჯერა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამან კარგი ნაყოფი გამოიღო. მაგალითად, რამდენიმე ახალგაზრდამ, რომლებთანაც ხშირად მქონდა ურთიერთობა, გადაწყვიტა, რომ ერთად მონათლულიყვნენ. თუმცა ეს შესანიშნავი ნაბიჯი იყო, ვხედავდი, რომ ზოგი ამას გრძნობებს აყოლილი აკეთებდა. მალე სამეფოს საქმისადმი მათი მონდომება განელდა. მე კი მშობლები არ მაძალებდნენ იეჰოვასთვის თავის მიძღვნას. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო“.

კრების როლი

ზოგიერთმა ახალგაზრდამ ღვთის სიტყვის შესახებ ჭეშმარიტება თვითონ, მშობლების დახმარების გარეშე, მიიღო. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის ასეთ ვითარებაში ისწავლო იმის კეთება, რაც სწორია და მდგრადობა შეინარჩუნო.

ნოე იხსენებს, რა დიდი სარგებლობა მოუტანა ჭეშმარიტებამ. ის პატარაობიდანვე ბრაზიანი და ჩხუბისთავი იყო. როდესაც 14 წლისამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ხასიათი შეიცვალა, რის გამოც მშობლები, რომლებიც იმ დროს ბიბლიით არ იყვნენ დაინტერესებული, ძალიან მადლიერები იყვნენ. სულიერ ზრდასთან ერთად, ნოეს იეჰოვასთვის უფრო მეტად მსახურების სურვილიც გაუჩნდა. დღეისათვის კი სრული დროით მსახურია“.

ალიხანდროც ძალიან პატარა იყო, როდესაც ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესდა მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს სულაც არ აინტერესებდათ. ეს ახალგაზრდა ძალიან აფასებს ჭეშმარიტებას და ამბობს: „ტრადიციულ კათოლიკურ ოჯახში გავიზარდე. მაგრამ ათეიზმის მომხრე უფრო ვიყავი, რადგან ეკლესიამ ვერ გამცა პასუხი ვერც ერთ კითხვაზე, რომლებიც პატარაობიდანვე მაწუხებდა. იეჰოვას ორგანიზაციამ კი ღვთის შესახებ ცოდნა მომცა. ამან პირდაპირი გაგებით მიხსნა სიკვდილისგან, რადგან ბიბლია რომ არ შემესწავლა, ალბათ, უზნეობას, ლოთობასა და ნარკოტიკების გამოყენებას დავიწყებდი. ან შეიძლება რომელიმე რევოლუციური სულის მქონე ჯგუფის წევრიც კი გავმხდარიყავი, რასაც კარგი არაფერი მოჰყვებოდა“.

როგორ განაგრძონ ახალგაზრდებმა ჭეშმარიტების ძიება და როგორ ჩაეჭიდონ მას მშობლების დახმარების გარეშე? ცხადია, ამაში უხუცესებსა და კრების სხვა წევრებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ნოე იხსენებს: „არასდროს მიგრძნია თავი მარტო, რადგან იეჰოვა ყოველთვის ძალიან ახლოს იყო ჩემთან. აგრეთვე, დიდი დახმარება გამიწიეს მოსიყვარულე ძმებმა და დებმა, რომლებიც ჩემი სულიერი მამები, დედები და ძმები გახდნენ“. ახლა ნოე ბეთელში მსახურობს და თავის დროს ღვთის მსახურებას ახმარს. ალიხანდროც იხსენებს: „ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისათვის, რომ კრებაში უხუცესები ჩემდამი, როგორც პიროვნებისადმი, ინტერესს იჩენდნენ. განსაკუთრებით მადლობელი ვარ ამ ყურადღებისთვის, რადგან 16 წლის ასაკში, როდესაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გარდატეხის პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეები მქონდა. კრების წევრი და-ძმების ოჯახებს არასდროს მივუტოვებივარ. ყოველთვის სიხარულით მიღებდნენ სტუმრად და არა მარტო სახლში დარჩენასა და საკვებს მთავაზობდნენ, არამედ გულითად მეგობრობასაც“. დაახლოებით 13 წელია, რაც ალიხანდრო სრული დროით მსახურობს.

ზოგის აზრით, რელიგია მხოლოდ ხანში შესულთათვის არის. მაგრამ მრავალმა ახალგაზრდამ შეიცნო ბიბლიური ჭეშმარიტება, შეიყვარა იეჰოვა და მისადმი ერთგული რჩება. სწორედ ამ ახალგაზრდებზე შეიძლება ითქვას ფსალმუნის 109:3-ში ჩაწერილი სიტყვები: «შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა [„შენთან იქნება ნამივით გამომაცოცხლებელი ახალგაზრდების ჯგუფი“, აქ]».

ადვილი არ არის ახალგაზრდებისთვის, რომ შეიცნონ ჭეშმარიტება და ჩაეჭიდონ მას. მაგრამ რა სასიხარულოა იმის დანახვა, რომ ბევრი ახალგაზრდა რჩება იეჰოვას ორგანიზაციაში, კრებებზე რეგულარულად დადის და ბიბლიას გულმოდგინედ იკვლევს. ასე მოქმედებით მათ ღვთის სიტყვისა და ღვთის მსახურებისადმი ნამდვილი სიყვარულის განვითარება შეძლეს! (ფსალმუნი 118:15, 16).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ 1958 წელს; ამჟამად აღარ გამოიცემა.