არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„წყნარ წყლებზე წამიძღვება მე“

„წყნარ წყლებზე წამიძღვება მე“

„წყნარ წყლებზე წამიძღვება მე“

ბიბლიურ ქვეყნებში, სადაც ცხელი კლიმატია, ცხვარმა ყოველდღე უნდა დალიოს წყალი. ამიტომ მწყემსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე ფარის დარწყულებაა. ზოგჯერ მწყემსები თავიანთი ფარების დასარწყულებლად გეჯებში ასხამენ ჭის წყალს (დაბადება 29:1—3). მაგრამ სხვა დროს, განსაკუთრებით კი გრილ დღეებში, ისინი ნაკადულებისა თუ მდინარეებისაკენ მიუძღვებიან ცხვარს (ფსალმუნი 22:2).

გამოცდილმა მწყემსმა იცის, სად იპოვოს წყლიანი და, ამავე დროს, კარგი საბალახო ადგილი. თუ მწყემსი კარგად იცნობს გარემოს, მის ფარას კარგი პატრონი ჰყოლია. ერთხელ დავითმა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მწყემსავდა ცხვარს მთა-გორიან იუდეაში, ღვთის სულიერი ხელმძღვანელობა მწყემსის მოქმედებას შეადარა, რომელსაც ცხვარი კარგ საძოვრებზე და წყლიან ადგილებზე მიჰყავს. „წყნარ წყლებზე წამიძღვება მე“, — თქვა მან (ფსალმუნი 22:1—3).

წლების შემდეგ წინასწარმეტყველ ეზეკიელის მეშვეობით, იეჰოვამ მსგავსი შედარება მოიყვანა. ის დაჰპირდა თავის ხალხს, რომ ისე შეკრებდა სხვადასხვა ქვეყნებიდან მათ, როგორც მწყემსი შეკრებს ხოლმე მიმოფანტულ ცხვარს. „მივიყვან მათ საკუთარ მიწაზე და დავმწყემსავ მათ ისრაელის მთებზე, ნაკადულთა ნაპირებზე“, — თქვა მან (ეზეკიელი 34:13).

იეჰოვა სულიერი წყლის მოწოდებაზეც დიდად ზრუნავს. წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილია „სიცოცხლის წყლის მდინარე“, რომელიც სათავეს ღვთის ტახტიდან იღებს (გამოცხადება 22:1). დღეს იეჰოვა ყველას იწვევს ამ წყლის დასალევად: „მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“ (გამოცხადება 22:17).

ეს სიმბოლური სიცოცხლის წყალი მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებულ ღვთის ღონისძიებას წარმოადგენს. ყველას შეუძლია დაეწაფოს ამ წყალს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და მის მიერ მოვლენილის — იესო ქრისტეს — შესახებ ცოდნის მიღებით (იოანე 17:3).