მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
უწოდებს თუ არა ბიბლია სატანას ლუციფერს?
წმინდა წერილებში სახელი ლუციფერი ერთხელ გვხვდება და ისიც მხოლოდ ბიბლიის რამდენიმე თარგმანში. მაგალითად, „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ ესაიას 14:12-ს ასე თარგმნის: „როგორ ჩამოემხე ციდან, ლუციფერ, ძეო განთიადისა!“
„ლუციფერად“ გადმოთარგმნილი ებრაული სიტყვა „მბრწყინავს“ ნიშნავს, სეპტუაგინტაში გამოყენებული ბერძნული სიტყვა კი — „განთიადის მაუწყებელს“. ზოგიერთი სხვა თარგმანი თავდაპირველ ებრაულ სიტყვას „მთიებად“ ანუ „ცისკრის ვარსკვლავად“ თარგმნის. მაგრამ იერონიმეს ლათინური „ვულგატა“ „ლუციფერს“ (სინათლის მატარებელს) იყენებს და სწორედ ამიტომაა, რომ ბიბლიის ზოგიერთ სხვა თარგმანშიც ვხვდებით ამ სიტყვას.
ვინ არის ლუციფერი? გამოთქმა „მბრწყინავი“ ანუ „ლუციფერი“ გვხვდება ისრაელისთვის ნათქვამ ესაიას წინასწარმეტყველურ სიტყვებში: „წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე“. ეს სიტყვები ბაბილონის სამეფო დინასტიას ეხება. ამგვარი აღწერა ეხება ადამიანს და არა სულიერ ქმნილებას, რადგან ამაზე შემდეგი სიტყვები მიუთითებს: «შავეთში [„შეოლში“, აქ] ჩადიხარ». შეოლი არის საერთო საკაცობრიო სამარე და არა ის ადგილი, სადაც სატანა ეშმაკი იმყოფება. გარდა ამისა, ისინი, ვინც ამ მდგომარეობაში ხედავენ ლუციფერს, ამბობენ: „ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა“. ნათელია, რომ „ლუციფერი“ ადამიანს ეხება და არა სულიერ ქმნილებას (ესაია 14:4, 15, 16).
რატომ არის აღწერილი ბაბილონის დინასტია ასე ამაღლებული სიტყვებით? უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაბილონის მეფეს მბრწყინავი დაცინვით უწოდეს დაცემის შემდეგ (ესაია 14:3). სიამაყემ ბაბილონის მეფეები გააყოყოჩა და ყველას ზემოდან დაჰყურებდნენ. ისეთი ქედმაღლები გახდნენ, რომ ასეც კი ტრაბახობდნენ: „ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე... უზენაესს გავუტოლდებიო!“ (ესაია 14:13, 14).
„ღვთის ვარსკვლავები“ დავითის სამეფო ხაზის წარმომადგენელი მეფეები არიან (რიცხვნი 24:17). დავითიდან მოყოლებული ეს „ვარსკვლავები“ სიონის მთიდან მეფობდნენ. მას შემდეგ, რაც სოლომონმა იერუსალიმში ტაძარი ააგო, სიონს მთელ ქალაქს ეძახდნენ. რჯულის შეთანხმების საფუძველზე თითოეული ისრაელი მამაკაცი ვალდებული იყო, სიონში წელიწადში სამჯერ მისულიყო. ამიტომ ის „საკრებულო მთა“ გახდა. ნაბუქოდონოსორს გადაწყვეტილი აქვს იუდას მეფეების დამორჩილება და შემდეგ ამ მთიდან მათი გაძევება. სწორედ ამის გამო აცხადებს ის, რომ ამ „ვარსკვლავზე“ მაღლა დგას. ნაცვლად იმისა, აღიაროს, რომ იეჰოვამ გაამარჯვებინა მას ამ მეფეებზე, ნაბუქოდონოსორი კადნიერად უტოლებს თავს იეჰოვას. სწორედ ამიტომ არის რომ, ბაბილონის დინასტიას დაცემის შემდეგ დაცინვით ეწოდება „მბრწყინავი“.
მართლაც, ბაბილონის ქედმაღალი მმართველები ირეკლავდნენ „ამ წუთისოფლის ღმერთის“ აზროვნებას (2 კორინთელთა 4:4). ისიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ეპოტინება და იეჰოვა ღმერთზე მაღლა დგომა სურს. მაგრამ საღვთო წერილი სატანას ლუციფერად არ მოიხსენიებს.
პირველი ნეშტთა 2:13—15 დავითს იესეს მეშვიდე ვაჟად, როდესაც პირველი მეფეთა 16:10, 11-ში ნათქვამია, რომ დავითი იესეს მერვე ვაჟი იყო?
რატომ მოიხსენიებსროდესაც ძველი ისრაელის მეფე საული ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას განუდგა, იეჰოვა ღმერთმა სამუელი გააგზავნა, რომ იესეს ერთ-ერთი ვაჟი ეცხო მეფედ. სამუელის მიერ ძვ. წ XI საუკუნეში შედგენილ ღვთივსულიერ ჩანაწერში, რომელიც ამ ისტორიულ მოვლენას ეხება, ნათქვამია, რომ დავითი იესეს მერვე ვაჟი იყო (პირველი მეფეთა 16:10—13). მაგრამ 600 წლის შემდეგ მცხოვრები მღვდელი ეზრა კი წერს: „იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე — აბინადაბი, მესამე — შიმყა, მეოთხე — ნეთანელი, მეხუთე — რადაი, მეექვსე — ოცემი, მეშვიდე — დავითი“ (პირველი ნეშტთა 2:13—15). რა დაემართა დავითის ერთ ძმას და რატომ გამოტოვა ეზრამ მისი სახელი?
საღვთო წერილში ნათქვამია, რომ იესეს „რვა ვაჟიშვილი ჰყავდა“ (პირველი მეფეთა 17:12). როგორც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი მანამდე გარდაიცვალა, სანამ დაქორწინდებოდა და შვილები ეყოლებოდა. რადგან შთამომავლები არ ჰყავდა, ვერც თავისი შტოს მემკვიდრეობაზე ექნებოდა პრეტენზია და არც იესეს საგვარეულო ნუსხაში იქნებოდა შეტანილი.
ახლა კი გავიხსენოთ ეზრას დღეები, თუ რა ვითარებაში წერდა ის წიგნებს „ნეშტთა“. 77 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნდნენ თავის მიწაზე. სპარსეთის მეფემ ეზრას დაავალა, რომ დაენიშნა მსაჯულები და ღვთის რჯულის მასწავლებლები და გაელამაზებინა იეჰოვას სახლი. საჭირო იყო ზუსტი გენეალოგიური ნუსხა, რომელიც ამა თუ იმ პირის ჩამომავლობაზე მიუთითებდა და იმის გარანტია იქნებოდა, რომ მხოლოდ ისინი იმსახურებდნენ მღვდლებად, ვისაც ამის უფლება ჰქონდა. ასე რომ, ეზრამ შეადგინა ერის სრული ისტორია, მათ შორის იუდასა და დავითის ზუსტი მემკვიდრეობის ნუსხა. იესეს იმ ვაჟის სახელის გამოყენება, რომელიც უშვილოდ მოკვდა, არსებითი არ იყო და, როგორც ჩანს, ეზრამ ამიტომ გამოტოვა.