არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიკეთე გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება

სიკეთე გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება

სიკეთე გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება

„სიკეთით... მოექეცით ერთმანეთს“ (ზაქარია 7:9).

1, 2. ა) რატომ უნდა გამოვავლინოთ სიკეთე სიყვარულით? ბ) რომელი კითხვები მოითხოვს პასუხს?

იეჰოვას სიტყვა მოგვიწოდებს, სიყვარულით გამოვავლინოთ სიკეთე (მიქა 6:8). ის გვიხსნის მიზეზებსაც, თუ რატომ უნდა გამოვავლინოთ ეს თვისება. უპირველესად იმიტომ, რომ „მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს“ (იგავნი 11:17). რა ჭეშმარიტი სიტყვებია! ამგვარი სიკეთის გამოვლენით, სხვებთან თბილ და ახლო ურთიერთობას ვავითარებთ. ამგვარად, ნამდვილ მეგობრებს ვიძენთ, რაც სინამდვილეში ფასდაუდებელი ჯილდოა! (იგავნი 18:24).

2 გარდა ამისა, წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ „სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს... ჰპოვებს“ (იგავნი 21:21). დიახ, თუ ამ თვისების გამოვლენას ვცდილობთ, ღმერთს თავს ვაყვარებთ და საშუალება გვეძლევა, მივიღოთ მომავალი კურთხევები, მათ შორის მარადიული სიცოცხლეც. მაგრამ როგორ გამოვავლინოთ ეს სიკეთე სიყვარულით? ან ვის მიმართ უნდა გამოვავლინოთ ის? არსებობს რაიმე განსხვავება ამგვარ სიკეთესა და კაცთმოყვარეობას ან, საერთოდ, სიკეთეს შორის?

კაცთმოყვარეობა და სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე

3. რით განსხვავდება კაცთმოყვარეობა სიყვარულით გამოვლენილი სიკეთისგან?

3 კაცთმოყვარეობასა და სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს შორის მრავალი განსხვავება არსებობს. მაგალითად, ის ვინც კაცთმოყვარეობას ავლენს, ხშირად ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ეს პიროვნება უყვარს ან ახლო ურთიერთობა აკავშირებს მასთან. მაგრამ, თუ ჩვენ ამ თვისებას ვავლენთ ვინმეს მიმართ, ეს ნიშნავს, რომ გვიყვარს ეს ადამიანი. ბიბლიაში ასეთ სიკეთეს ურთიერთშორის ის ადამიანები ავლენენ, რომლებიც უკვე იცნობენ ერთმანეთს (დაბადება 20:13; მეორე მეფეთა 3:8; 16:17). იგი მაშინაც შეიძლება გამოვლინდეს, თუ ერთ ადამიანს მეორესთვის წარსულში სიკეთე აქვს გაკეთებული (იესო ნავეს ძე 2:1, 12—14; პირველი მეფეთა 15:6; მეორე მეფეთა 10:1, 2). ეს სხვაობა უკეთესად რომ დავინახოთ, მოდი განვიხილოთ ორი შემთხვევა ბიბლიიდან, როდესაც ადამიანებმა კაცთმოყვარეობა და სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე გამოავლინეს.

4, 5. როგორ აჩვენებს ზემოთ მოხსენიებული ორი ბიბლიური შემთხვევა სხვაობას კაცთმოყვარეობასა და სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს შორის?

4 ერთ შემთხვევაში კაცთმოყვარეობა გემის დაღუპვის დროს გადარჩენილთა მიმართ გამოავლინეს, რომელთა შორის პავლე მოციქულიც იყო. ზღვამ ისინი კუნძულ მელიტაზე გამორიყა (საქმეები 27:37—28:1). თუმცა მელიტელები ნაპირზე გამორიყულ მოგზაურებს არც კი იცნობდნენ და არც დავალებულნი იყვნენ მათგან, კუნძულელებმა სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს უცნობებისადმი და „დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს“ (საქმეები 28:2, 7). მათი სტუმართმოყვარეობა შემთხვევითობამ განაპირობა და სრულიად უცნობებისადმი გამოვლენილი სიკეთე იყო. ამიტომ, ეს მათი მხრიდან კაცთმოყვარეობის გამოვლენა იყო.

5 განვიხილოთ სხვა შემთხვევაც, როდესაც მეფე დავითმა სტუმართმოყვარეობა მეფიბოშეთისადმი, თავისი მეგობრის, იონათანის, ვაჟისადმი გამოავლინა. „მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს“, — განუცხადა დავითმა მეფიბოშეთს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი დავითმა შემდეგი სიტყვებით განმარტა: წყალობას გიყოფ შენი მამის იონათანის, გულისათვის“ (მეორე მეფეთა 9:6, 7, 13). დავითის მიერ გამოვლენილ სტუმართმოყვარეობას სამართლიანად შეგვიძლია სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე ვუწოდოთ, რადგან ეს არ ყოფილა მხოლოდ კაცთმოყვარეობა. ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ დავითი ერთგული რჩებოდა იმ ურთიერთობისა, რომელიც მას და იონათანს ჰქონდათ (პირველი მეფეთა 18:3; 20:15, 42). ამის მსგავსად, ღვთის მსახურები დღესდღეობით კაცთმოყვარეობას მთელი კაცობრიობის მიმართ ავლენენ. მაგრამ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს მხოლოდ მათ მიმართ ავლენენ, ვისთანაც ღვთისმოსაწონი ურთიერთობა აკავშირებთ (მათე 5:45; გალატელთა 6:10).

6. ადამიანების მიერ სიყვარულით გამოვლენილი სიკეთის რომელი სამი თავისებურება იკვეთება ღვთის სიტყვაში?

6 უკეთესად რომ გავიგოთ, კიდევ რა ახასიათებს სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს, მოკლედ მიმოვიხილოთ სამი ბიბლიური შემთხვევა, სადაც ეს თვისებაა ნაჩვენები. ამ შემთხვევებიდან დავინახავთ, თუ როგორ ავლენენ ხოლმე ადამიანები ამ თვისებას 1) კონკრეტული საქმეებით, 2) ნებაყოფლობით და 3) მათდამი, ვინც დახმარებას საჭიროებს. გარდა ამისა, ეს შემთხვევები თვალსაჩინოდ დაგვანახვებს, თუ როგორ შეგვიძლია დღესდღეობით ამ განსაკუთრებული სიკეთის გამოვლენა.

მამა სიყვარულით ავლენს სიკეთეს

7. რას მოუყვა აბრაამის მსახური ბეთუელსა და ლაბანს და რომელი საკითხი წამოჭრა გადასაწყვეტად?

7 დაბადების 24:28—67-ში მოცემულია აბრაამის მსახურის ისტორიის გაგრძელება, რომელიც წინა სტატიაში იყო განხილული. რებეკასთან შეხვედრის შემდეგ, ის რებეკას მამის, ბეთუელის სახლში მიიწვიეს (მუხლები 28-32). იქ მსახური დაწვრილებით მოჰყვა, თუ როგორ ეძებდა ცოლს აბრაამის ვაჟისთვის (33—47-ე მუხლები). ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ წარმატებას ნიშნად მიიჩნევდა იეჰოვასგან, რომელზეც თქვა: „წამომიძღვა ჭეშმარიტი გზით, რომ ჩემი პატრონის ძმისწული მის შვილს მივგვარო ცოლად“ (48-ე მუხლი). უეჭველია, მსახური იმედოვნებდა, რომ მისი გულწრფელი მონათხრობი ბეთუელსა და მის ძეს, ლაბანს, დაარწმუნებდა, რომ ამ საქმეში იეჰოვას ხელი ერია. თავისი ისტორიის თხრობა მსახურმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი პატრონისთვის, მითხარით; თუ არა და, ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ“ (49-ე მუხლი).

8. როგორ გამოეხმაურა ბეთუელი რებეკასთან დაკავშირებულ წინადადებას?

8 აშკარა იყო, რომ იეჰოვამ უკვე გამოავლინა სიკეთე აბრაამის მიმართ სიყვარულით (დაბადება 24:12, 14, 27). მოისურვებდა თუ არა ბეთუელი იმავეს გაკეთებას და დართავდა თუ არა რებეკას აბრაამის მსახურთან ერთად წასვლის ნებას? გამოავლენდა ისიც ღვთის მსგავსად ასეთ სიკეთეს? ფუჭი ხომ არ აღმოჩნდებოდა მსახურის ხანგრძლივი მოგზაურობა? რამხელა შვებას მოჰგვრიდა აბრაამის მსახურს ლაბანისა და ბეთუელის სიტყვები: „უფლისგან არის ეს საქმე“ (50-ე მუხლი). ისინი მიხვდნენ, რომ ყოველივე ამაში იეჰოვას ხელი ერია და მაშინვე მიიღეს მისი წინადადება. შემდეგ კი ბეთუელმა სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „აჰა, აგერ არის რებეკა; წაიყვანე და წადი! გახდეს შენი პატრონის ძის ცოლი, როგორც უბრძანებია უფალს“ (51-ე მუხლი). რებეკა ნებაყოფლობით გაჰყვა აბრაამის მსახურს და მალე ისაკის საყვარელი ცოლიც გახდა (მუხლები 49, 52—58, 67).

ძე სიყვარულით ავლენს სიკეთეს

9, 10. ა) რისი გაკეთება სთხოვა იაკობმა იოსებს? ბ) როგორ გამოავლინა სიკეთე მამისადმი იოსებმა სიყვარულით?

9 ასეთი სიკეთე აბრაამის შვილიშვილის, იაკობის, მიმართაც გამოავლინეს. დაბადების 47-ე თავი მოგვითხრობს, რომ იაკობი იმ დროს ეგვიპტეში ცხოვრობდა, როდესაც „დაუდგა სიკვდილის ჟამი“ (27—29-ე მუხლები). ის წუხდა იმის გამო, რომ იმ ქვეყანაში არ მოუწევდა სიკვდილი, რომელიც ღმერთმა აბრაამს აღუთქვა (დაბადება 15:18; 35:10, 12; 49:29—32). რადგან არ უნდოდა ეგვიპტეში დამარხულიყო, ითხოვა, ჩემი ნეშტი ქანაანში გადაასვენეთო. ყველაზე უკეთ ვინ შეძლებდა იაკობის ამ სურვილის შესრულებას, თუ არა თავისი გავლენიანი ძე, იოსები?

10 ბიბლიაში ვკითხულობთ: „უხმო [იაკობმა] თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში... მიყავი ეს სიკეთე და მიერთგულე: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში. რომ ჩემს წინაპრებთან დავწვე, წამიღე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში“ (დაბადება 47:29, 30). იოსებმა მამას სურვილის შესრულება აღუთქვა. ამის შემდეგ იაკობი მალევე გარდაიცვალა. იოსებმა და იაკობის სხვა ვაჟებმა წაასვენეს მისი ნეშტი „ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე.., რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა“ (დაბადება 50:5—8, 12—14). ამგვარად, იოსებმა მამისადმი სიყვარულით გამოავლინა სიკეთე.

რძალი სიყვარულით ავლენს სიკეთეს

11, 12. ა) როგორ გამოავლინა რუთმა სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე ნაყომისადმი? ბ) რა მხრივ აღემატებოდა რუთის მიერ მეორე შემთხვევაში გამოვლენილი ამგვარი სიკეთე „წინანდელს“?

11 წიგნ „რუთში“ მოთხრობილია, თუ როგორ გამოავლინა ეს თვისება ნაყომისადმი, თავისი დაქვრივებული დედამთილისადმი, მოაბელმა რუთმა, რომელიც თავადაც ქვრივი იყო. როდესაც ნაყომიმ იუდას ბეთლემში დაბრუნება გადაწყვიტა, რუთმა თავისი სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე და სიმტკიცე შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია“ (რუთი 1:16). ამგვარი სიკეთე რუთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როდესაც თანხმობა განაცხადა ცოლად გაჰყოლოდა ნაყომის ნათესავ ბოყაზს, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი იყო * (მეორე რჯული 25:5, 6; რუთი 3:6—9, 10). „რაც ახლა მადლი ჰქენი, წინანდელზე უკეთესია. ყმაწვილთაგანს ვინმეს რომ არ წაჰყევი, არც ღარიბს, არც მდიდარს“, — უთხრა ბოყაზმა რუთს (რუთი 3:10).

12 „წინანდელი“ იმ დროს ეხებოდა, როდესაც რუთმა განსაკუთრებული სიკეთე გამოავლინა ნაყომისადმი, მიატოვა თავისი ხალხი და მასთან დარჩენა არჩია (რუთი 1:14; 2:11). თუმცა მოგვიანებით მის მიერ გამოვლენილი ამგვარი სიკეთე — ის, რომ თანახმა იყო, ცოლად გაჰყოლოდა ბოყაზს — აღემატებოდა პირველ შემთხვევას. რუთს ეს შესაძლებლობას მისცემდა მემკვიდრე ეშვა ნაყომისთვის, რომელიც ასაკოვანი იყო და შვილს ვერ იყოლიებდა. რუთი და ბოყაზი დაქორწინდნენ და მოგვიანებით, როდესაც მათი პირმშო იშვა, ბეთლემელმა ქალებმა აღტაცებით შესძახეს: „ვაჟი შეეძინა ნაყომის!“ (რუთი 4:14, 17). რუთი ნამდვილად „ღირსეული ქალი“ იყო, რის გამოც იეჰოვამ მას შესანიშნავი უპირატესობა უბოძა. ის იესო ქრისტეს წინაპარი გახდა (რუთი 2:12; 3:11; 4:18—22; მათე 1:1, 5, 6).

სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთის საქმეებით გამოვლენა

13. როგორ გამოავლინეს ბეთუელმა, იოსებმა და რუთმა სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე?

13 მიაქციეთ თუ არა ყურადღება, როგორ გამოავლინეს ამგვარი სიკეთე ბეთუელმა, იოსებმა და რუთმა? ისინი მხოლოდ ტკბილი სიტყვებით კი არა, თავიანთი საქმეებით ავლენდნენ მას. ბეთუელმა მხოლოდ ის კი არა თქვა: „აჰა, აგერ არის რებეკა“, არამედ „გაისტუმრა“ კიდეც იგი (დაბადება 24:51, 59). „შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი“, — თქვა იოსებმა და მხოლოდ ნათქვამს არ დასჯერდა, არამედ ძმებთან ერთად ‘ყველაფერი ისე აღუსრულა იაკობს, როგორც უანდერძა მათ’ (დაბადება 47:30; 50:12, 13). რუთს მხოლოდ ის არ უთქვამს ნაყომისთვის, ‘სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდეო’, არამედ დატოვა თავისი ხალხი და გაჰყვა ნაყომის „ვიდრე არ მიადგნენ ბეთლემს“ (რუთი 1:16, 19). იუდაშიც რუთი ‘ისე იქცეოდა, როგორც დედამთილი არიგებდა’ (რუთი 3:6). დიახ, რუთმა თუ სხვებმა სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე საქმეებით გამოავლინეს.

14. ა) როგორ ავლენენ ღვთის თანამედროვე მსახურები სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს თავიანთი საქმეებით? ბ) რომელი საქმეებით ავლენენ ამ თვისებას ქრისტიანები თქვენს ტერიტორიაზე?

14 გულს გვიხარებს იმის დანახვა, თუ როგორ განაგრძობენ ჩვენს დროში ღვთის მსახურები თავიანთი საქმეებით ამ თვისების გამოვლენას. მაგალითად, ისინი, ვინც გამუდმებით ემოციურად ამაგრებენ დასუსტებულ, გულდამძიმებულ და დარდით გულმოკლულ თანამორწმუნეებს (იგავნი 12:25). ან მრავალნი იეჰოვას მოწმეთაგან, რომლებსაც რეგულარულად მიჰყავთ სამეფო დარბაზში ხნიერი და-ძმები კრების ყოველკვირეულ შეხვედრებზე დასასწრებად. 82 წლის ანა, რომელიც ართრიტით იტანჯება, მრავალ სხვა მის მდგომარეობაში მყოფთა გრძნობებსაც გამოხატავს, როდესაც შემდეგი სიტყვებით გამოთქვამს მადლიერებას: „იეჰოვას კურთხევაა, რომ კრების ყველა შეხვედრაზე მანქანით მივყავართ. მთელი გულით ვუხდი იეჰოვას მადლობას, ასეთი მოსიყვარულე და-ძმებით რომ დამაჯილდოვა“. აკეთებთ თუ არა თქვენც იმავეს თქვენი კრების წევრებისთვის? (1 იოანე 3:17, 18). თუ დიახ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ მიერ გამოვლენილ ასეთ სიკეთეს ძალიან აფასებენ სხვები.

ნებაყოფლობით გამოვლენილი სიკეთე

15. სიყვარულით გამოვლენილი სიკეთის სხვა რომელ თავისებურებებს ესმება ხაზი ჩვენ მიერ განხილულ სამ ბიბლიურ ისტორიაში?

15 ჩვენ მიერ განხილული ბიბლიური ისტორიები ცხადყოფს, რომ ეს თვისება ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ვლინდება. ბეთუელი ხალისით გამოეხმაურა აბრაამის მსახურის წინადადებას, რებეკაც მსგავსად მოიქცა (დაბადება 24:51, 58). იოსებმა სხვების მითითების გარეშე სიყვარულით გამოავლინა სიკეთე (დაბადება 50:4, 5). რუთს „გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან [ნაყომისთან] ერთად წასვლა“ (რუთი 1:18). როდესაც ნაყომიმ რუთს ბოყაზთან მისვლა შესთავაზა, ამგვარმა სიკეთემ აღძრა ეს მოაბელი ქალი, ასეთი სიტყვები წარმოეთქვა: „ისე მოვიქცევი, როგორც მეუბნები“ (რუთი 3:1—5).

16, 17. რით არის ღირსშესანიშნავი ბეთუელის, იოსებისა და რუთის მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული სიკეთე და რა აღძრავდა მათ ამ თვისების გამოსავლენად?

16 ბეთუელის, იოსებისა და რუთის მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული სიკეთე ღირსშესანიშნავია იმიტომ, რომ აბრაამი, იაკობი და ნაყომი მათ ვერაფერს აიძულებდნენ. გარდა ამისა, ბეთუელი ვალდებული არ იყო, დაშორებოდა თავის ქალიშვილს. მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა აბრაამის მსახურისთვის, ჩემს გამრჯე ქალიშვილს ვერ შეველევიო (დაბადება 24:18—20). იოსებსაც შეეძლო არ შეესრულებინა მამის თხოვნა, რადგან იაკობი მკვდარი იყო და პირობის შესრულებას ვერ აიძულებდა. ნაყომიმაც თავად უთხრა რუთს, რომ სუფთა სინდისით შეეძლო მოაბში დარჩენა (რუთი 1:8). რუთს აგრეთვე თავისუფლად შეეძლო „ყმაწვილს“ გაჰყოლოდა ცოლად და არა თავისზე გაცილებით უფროს ბოყაზს.

17 ბეთუელმა, იოსებმა და რუთმა ეს განსაკუთრებული სიკეთე ნებაყოფლობით, გულიდან გამომდინარე, გამოავლინეს. ისინი მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ, ეს თვისება გამოევლინათ მათდამი, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდათ, ისევე როგორც მეფე დავითმა, რომელიც თავს ვალდებულად თვლიდა, ასეთი სიკეთე გამოევლინა მეფიბოშეთისადმი.

18. ა) როგორი განწყობით ‘მწყემსავენ’ ქრისტიანი უხუცესები ‘ღვთის სამწყსოს’? ბ) როგორ გამოხატა თავისი გრძნობები ერთმა უხუცესმა თანამორწმუნეების დახმარებასთან დაკავშირებით?

18 დღესაც, სიყვარულით სიკეთის გამოვლენა ღვთის ხალხის დამახასიათებელი თვისებაა, მათ შორის ღვთის სამწყსოს მწყემსებისაც (ფსალმუნი 109:3; 1 თესალონიკელთა 5:12). ეს უხუცესები ანუ ზედამხედველები, პასუხისმგებლობას გრძნობენ, გაამართლონ ის ნდობა, რომელიც ზედამხედველებად მათი დანიშვნით გამოავლინეს (საქმეები 20:28). მაგრამ, ისინი „არა იძულებით, არამედ ნებით“ ეწევიან სამწყსო მსახურებას და კრებისადმი ამ განსაკუთრებული სიკეთის მაჩვენებელ სხვა საქმეებს აკეთებენ (1 პეტრე 5:2). უხუცესები დამწყემსვის საქმიანობის პასუხისმგებლობასაც გრძნობენ და ამის კეთების სურვილიც ამოძრავებთ. ისინი ქრისტეს ცხვრებისადმი სიყვარულით ავლენენ სიკეთეს, რადგან ეს მათი ვალდებულებაცაა და სურვილიც (იოანე 21:15—17). „მიყვარს ძმებთან სტუმრად მისვლა ან, უბრალოდ, მათთან ტელეფონით შეხმიანება, რათა იგრძნონ, რომ ვფიქრობ მათზე, — ამბობს ერთი ქრისტიანი უხუცესი. — ძმების დახმარება დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას მგვრის!“. ყველა მზრუნველი უხუცესი მთელი გულით იზიარებს ამ ძმის აზრს.

სიყვარულით გამოავლინეთ სიკეთე მათ მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება

19. სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთესთან დაკავშირებით რაზე მახვილდება ყურადღება სტატიაში განხილულ ბიბლიურ ისტორიებში?

19 ჩვენ მიერ განხილული ბიბლიური ისტორიები თვალნათლივ აჩვენებს, რომ ეს თვისება უნდა გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვინც დახმარებას საჭიროებს. აბრაამს საგვარეულო ხაზის გასაგრძელებლად ბეთუელის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. იაკობი კი იოსების დახმარებას საჭიროებდა, რომ მისი ნეშტი ქანაანში გადაესვენებინათ. ნაყომი მემკვიდრის ყოლას მხოლოდ რუთის დახმარებით თუ შეძლებდა. აბრაამს, იაკობსა და ნაყომის სურვილის შესასრულებლად დახმარება სჭირდებოდათ. დღესდღეობითაც, სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე განსაკუთრებით მათდამი უნდა გამოვავლინოთ, ვისაც დახმარება სჭირდება (იგავნი 19:17). კარგს ვიზამთ, თუ პატრიარქ იობს მივბაძავთ, რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებდა ‘გაჭირვებულს, შველას რომ ითხოვდა, და ობოლს, შემწე რომ არ ჰყავდა’ და არც ‘დასაღუპად განწირული’ რჩებოდა მხედველობიდან. იობი ‘ქვრივის გულსაც ახარებდა’, ‘უსინათლოთათვის კი თვალები იყო და ფეხები — ხეიბრისთვის’ (იობი 29:12—15).

20, 21. ვის ესაჭიროება ჩვენი მხრიდან სიყვარულით სიკეთის გამოვლენა და რისი კეთება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?

20 სინამდვილეში, ყველა ქრისტიანულ კრებაშია ‘გაჭირვებული, შველას რომ ითხოვს’. მათი გაჭირვება შეიძლება მარტოობით, გულგატეხილობით, უღირსობის გრძნობით, იმედგაცრუებით, სერიოზული ავადმყოფობით ან საყვარელი ადამიანის სიკვდილით იყოს გამოწვეული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძვირფასი ადამიანები დახმარებას საჭიროებენ, რომელიც ამ განსაკუთრებული სიკეთის დამადასტურებელი საქმეებით ნებაყოფლობით უნდა აღმოვუჩინოთ (1 თესალონიკელთა 5:14).

21 მოდი, კვლავაც მივბაძოთ იეჰოვა ღმერთს, რომელიც „დიდმადლიანია“ ანუ უშურველად ავლენს სიკეთეს სიყვარულით (გამოსვლა 34:6; ეფესელთა 5:1). ამას კი იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ნებაყოფლობით ვიმოქმედებთ, განსაკუთრებით მათ დასახმარებლად, ვინც ამას საჭიროებს. ეჭვიც არ შეგვეპაროს, რომ ამგვარად პატივს მივაგებთ იეჰოვას და სიხარულიც არ მოგვაკლდება, თუ ‘მოწყალებით მოვექცევით ერთმანეთს’ (ზაქარია 7:9).

[სქოლიო]

^ აბზ. 11 ასეთი სახის ქორწინება უფრო დეტალურადაა გაშუქებული „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ (ინგლ.), ტომი I, გვ. 370, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

როგორ უპასუხებდით?

• რით განსხვავდება სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე კაცთმოყვარეობისგან?

• როგორ გამოავლინეს ეს თვისება ბეთუელმა, იოსებმა და რუთმა?

• როგორი განწყობით უნდა ვავლენდეთ ამგვარ სიკეთეს?

• ვინ საჭიროებს ჩვენი მხრიდან სიყვარულით სიკეთის გამოვლენას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 18 გვერდზე]

როგორ გამოავლინა ბეთუელმა სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე?

[სურათი 21 გვერდზე]

რუთის მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული სიკეთე კურთხევად იქცა ნაყომისთვის.

[სურათები 23 გვერდზე]

ადამიანები სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს ნებაყოფლობით, კონკრეტული საქმეებით და მათ მიმართ ავლენენ, ვინც დახმარებას საჭიროებს.