შეიძლება თქვენს ცხოვრებას ჰქონდეს მეტი აზრი?
შეიძლება თქვენს ცხოვრებას ჰქონდეს მეტი აზრი?
ზოგჯერ რაღაცა შეიძლება ჭეშმარიტად ღირებულის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყოს. შეერთებულ შტატებში გამოცემული უდიდესი ბანკნოტის ნომინალური ღირებულება 10 000 ამერიკული დოლარია, მაგრამ ქაღალდი, რომელზეც ის არის დაბეჭდილი, მხოლოდ რამდენიმე ცენტის ღირებულებისაა.
გიფიქრიათ ოდესმე, შეუძლია თუ არა ქაღალდის ამ ფარატინა ფურცლებს, რომელთა ნამდვილი ღირებულება არცთუ ისე დიდია, ჭეშმარიტი აზრი შესძინოს თქვენს ცხოვრებას? მრავალი ფიქრობს, რომ შეუძლია. მილიონები დღესა და ღამეს ასწორებენ, რათა, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ. ზოგჯერ ფულის შოვნას ეწირება მათი ჯანმრთელობა, მეგობრები და ოჯახიც კი. იბადება კითხვა — რისთვის? შეუძლია ფულს — ან იმას, რის ყიდვაც ფულით შეიძლება — ნამდვილი და ხანგრძლივი კმაყოფილების მოტანა?
მკვლევართა აზრით, რაც უფრო მეტად ვეძებთ მატერიალურ კეთილდღეობაზე დაფუძნებულ კმაყოფილებას, მით უფრო ნაკლებად არის მოსალოდნელი მისი პოვნა. ჟურნალისტი ალფი კონი შემდეგ დასკვნას აკეთებს: „კმაყოფილება არ იყიდება. . . ადამიანები, რომელთათვისაც სიმდიდრე ცხოვრებაში უმთავრესია, მეტისმეტად
ნერვიულობენ და დეპრესიაში ვარდებიან, უუარესდებათ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა“ (International Herald Tribune).თუმცა მკვლევარებს შეიძლება ესმოდეთ, რომ აზრიანად ცხოვრებისთვის მხოლოდ ფული არ კმარა, მრავალი მაინც სხვაგვარად ფიქრობს. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან დასავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლები დღეში დაახლოებით 3 000 რეკლამით „იბომბებიან“. იქნება ეს მანქანების თუ კანფეტების რეკლამა, მათში ჩადებული აზრი ასეთია: „იყიდეთ ეს და უფრო ბედნიერი გახდებით“.
რა არის მატერიალური ფასეულობების ასე მაღალ დონეზე დაყენების შედეგები? ის, რომ ხშირად სულიერი ფასეულობების იგნორირება ხდება! ჟურნალ „ნიუსუიკის“ თანახმად, კელნის (გერმანია) არქიეპისკოპოსმა არც ისე დიდი ხნის წინათ თქვა: „ჩვენს საზოგადოებაში ღმერთზე უკვე აღარ საუბრობენ“.
შეიძლება თქვენ მთელ ენერგიას საარსებოდ აუცილებელი ფულის გამომუშავებას ახმართ. შესაძლებელია ფიქრობთ, რომ სხვა რამისთვის ძალიან ცოტა დრო გრჩებათ. მაგრამ ზოგჯერ გრძნობთ, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ მექანიკური შრომა, რომელიც დაუსრულებლად გრძელდება მანამ, სანამ ამის საშუალებას ჯანმრთელობა და ასაკი გაძლევთ.
შეუძლია თუ არა სულიერი საკითხებისათვის მეტი ყურადღების მიპყრობას მეტი კმაყოფილების მოტანა? რა შესძენს თქვენს ცხოვრებას მეტ აზრს?