ერთგულება და შეუპოვრობა ნაცისტური ტირანიის დროს
ერთგულება და შეუპოვრობა ნაცისტური ტირანიის დროს
ნიდერლანდების დედოფალმა, ვილჰელმინამ, 1946 წლის 17 ივნისს ამსტერდამში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეების ერთ ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღტაცება გამოხატა ამ ოჯახის ვაჟის, იაკობ ვან ბენეკომის, გამო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს. რამდენიმე წლის წინათ კი ნიდერლანდების აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დუთიკემის საქალაქო საბჭომ გადაწყვიტა, ერთ-ერთი ქუჩისთვის ბერნარ პოლმენის სახელი ეწოდებინა, რომელიც აგრეთვე ომის დროს სიკვდილით დასჯილი ერთ–ერთი იეჰოვას მოწმე იყო.
რატომ ამხედრდნენ ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის დროს იაკობის, ბერნარისა და იეჰოვას სხვა მოწმეების წინააღმდეგ ნიდერლანდებში? რამ შეაძლებინა ამ მოწმეებს, წლების მანძილზე სასტიკი დევნის მიუხედავად, ერთგულები დარჩენილიყვნენ და ბოლოს თავიანთი თანამემამულეებისა და დედოფლის პატივისცემა და აღტაცება დაემსახურებინათ? ამის გასაგებად განვიხილოთ ზოგი მოვლენა, რომლებმაც გამოიწვიეს დავითისა და გოლიათის დაპირისპირება, ამჯერად იეჰოვას მოწმეების მცირე ჯგუფსა და გიგანტურ ნაცისტურ მანქანას შორის.
აკრძალვის მიუხედავად უფრო აქტიურები
1940 წლის 10 მაისს ნაცისტური არმია ნიდერლანდებს დაესხა თავს. რადგან იეჰოვას მოწმეების მიერ გავრცელებული ლიტერატურა ამხელდა გერმანელი ფაშისტების ბოროტმოქმედებას და მხარს უჭერდა ღვთის სამეფოს, ნაცისტებმა დრო არ დაკარგეს მოწმეების საქმიანობის შესაჩერებლად. ნიდერლანდებში ნაცისტების შესვლიდან სულ რაღაც სამ კვირაზე ნაკლებ დროში, მათ გამოსცეს საიდუმლო ბრძანებულება, რომელიც იეჰოვას მოწმეების საქმიანობას კრძალავდა. 1941 წლის 10 მარტს აკრძალვის შესახებ გამოქვეყნდა პრესაში, სადაც მოწმეებს ბრალს სდებდნენ, რომ ისინი „ყველა სახელმწიფო და საეკლესიო ინსტანციის
წინააღმდეგ“ ილაშქრებდნენ. ამის შედეგად იეჰოვას მოწმეების დევნა გაძლიერდა.საინტერესო იყო ის, რომ, თუმცა სამარცხვინო გესტაპო ანუ საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია ყველა ეკლესიას მფარველობდა, მხოლოდ ერთ ქრისტიანულ ორგანიზაციას დევნიდა სასტიკად. „სასიკვდილო დევნა, — აღნიშნავს ჰოლანდიელი ისტორიკოსი ლუი დე იონგი, — თავს დაატყდა მხოლოდ ერთ რელიგიურ ჯგუფს — იეჰოვას მოწმეებს“ („ნიდერლანდების სამეფო მეორე მსოფლიო ომის დროს“).
გესტაპო იეჰოვას მოწმეების მოსაძებნად და დასაპატიმრებლად ჰოლანდიურ მილიციასთან თანამშრომლობდა. გარდა ამისა, ყოფილი მიმომსვლელი ზედამხედველი, რომელიც მხდალი და განდგომილი გახდა, ნაცისტებს ყოფილი თანამორწმუნეების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. 1941 წლის აპრილის ბოლოსთვის იეჰოვას 113 მოწმე იყო დაპატიმრებული. შეაჩერა ამ ძლიერმა იერიშმა სამქადაგებლო საქმიანობა?
ამის პასუხი, საიდუმლო დოკუმენტშია („ცნობები ნიდერლანდებიდან“), რომელიც გერმანიის უშიშროების სამსახურმა 1941 წლის აპრილში შეადგინა. ცნობაში იეჰოვას მოწმეების შესახებ ნათქვამია: «ეს აკრძალული სექტა ენერგიულად მოქმედებს მთელ სახელმწიფოში, არალეგალურად ატარებს შეხვედრებს და აკრავს ლოზუნგებს „ღვთის მოწმეების დევნა ბოროტმოქმედებაა“ და „იეჰოვა მდევნელებს მარადიული განადგურებით დასჯის“ ». ორი კვირის შემდეგ იგივე წყარო იუწყებოდა, რომ „მიუხედავად უშიშროების სამსახურის მიერ ბიბლიის მკვლევართა საქმიანობის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გაძლიერებისა, მათი საქმიანობა იზრდება“. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრების საფრთხე ემუქრებოდათ, მოწმეები თავიანთ საქმიანობას განაგრძობდნენ, მარტო 1941 წელს მათ ლიტერატურის 350 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაავრცელეს.
რა აძლევდა ამ პატარა, მაგრამ მზარდ ჯგუფს — რამდენიმე ასეულ მოწმეს — საიმისო ძალას, რომ გაბედულად დახვედროდა თავის დაუძინებელ მტერს? ღვთის ძველად მცხოვრები ერთგული წინასწარმეტყველის, ესაიას, მსგავსად, მოწმეებს ღვთის ეშინოდათ და არა კაცის. რატომ? იმიტომ რომ მათ მტკიცედ სჯეროდათ იეჰოვას მიერ ესაიასთვის ნათქვამი გამამხნევებელი სიტყვები: „მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია. . . კაცისა“ (ესაია 51:12).
შეუპოვრობა პატივისცემას მოითხოვს
1941 წლის ბოლოსთვის დაპატიმრებულ მოწმეთა რიცხვი 241-მდე გაიზარდა. მაგრამ უმრავლესობის გულს შიში არ გაჰკარებია კაცის მიმართ. ვილი ლოგესი, სისასტიკით ცნობილი გერმანიის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, ამბობდა,
რომ „იეჰოვას მოწმეების 90%-ისგან თანამორწმუნეების შესახებ ინფორმაციას ვერ გაიგებ, მაშინ როდესაც სხვა რელიგიებიდან ძალიან ცოტას თუ ჰქონდა იმდენი გაბედულება, რომ საიდუმლო შეენახა“. ის, რაც ჰოლანდიელმა მღვდელმა, იოჰანეს ბოსკესმა ნახა, რომელიც იეჰოვას რამდენიმე მოწმესთან ერთად იყო პატიმრობისას, ლოგესის სიტყებს ადასტურებს. 1951 წელს ბოსკესი წერდა:«ღვთისადმი მათი რწმენისა და მათი რწმენის ძალის გამო მათდამი პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა. ვერასოდეს დავივიწყებ ახალგაზრდა ვაჟს, რომელიც ცხრამეტ წელზე მეტის არ იქნებოდა; მან გაავრცელა ბროშურები, სადაც ნაწინასწარმეტყველები იყო ჰიტლერისა და მესამე რაიხის დაცემა. . . მას ნახევარ წელიწადში გაათავისუფლებდნენ, თუ პირობას დადებდა, რომ აღარ გააგრძელებდა ასეთ საქმიანობას. ამაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა და განუსაზღვრელი დროით გერმანიის ერთ-ერთ კოლონიაში იძულებით სამუშაოებზე გააგზავნეს. კარგად ვიცოდით, რას ნიშნავდა ეს. მეორე დილას, როცა უნდა წაეყვანათ, გამომშვიდობებისას ვუთხარი, რომ არ დავივიწყებდით და ვილოცებდით მისთვის. „არ იდარდოთ ჩემზე. ღვთის სამეფო აუცილებლად მოვა“, — მხოლოდ ეს მითხრა. ასეთი რამ არ დაგავიწყდება, მაშინაც კი, თუ იეჰოვას მოწმეების მოძღვრებას ეწინააღმდეგები».
მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა, მოწმეების რიცხვი იზრდებოდა. მაშინ როდესაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნის წინათ აქ დაახლოებით 300 მოწმე იყო, 1943 წლისთვის ეს რიცხვი 1 379-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ამავე წლის დასასრულისთვის სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი 350 მოწმიდან 54 დაიღუპა. 1944 წელს ნიდერლანდებიდან სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში ჯერ კიდევ 141 იეჰოვას მოწმე იხდიდა სასჯელს.
ნაცისტური დევნის ბოლო წელი
1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ძალების მიერ ევროპაში განხორციელებული სადესანტო ოპერაციის შემდეგ იეჰოვას მოწმეების დევნის ბოლო წელი დაიწყო. ნაცისტები და მათი თანამშრომლები სადაც იყო დამარცხდებოდნენ ბრძოლაში. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ასეთ ვითარებაში ნაცისტებს თავი უნდა დაენებებინათ უდანაშაულო ქრისტიანების დევნისთვის. მაგრამ მთელი წლის განმავლობაში 48 მოწმე იქნა დაპატიმრებული და პატიმრობაში მყოფი 68-ზე მეტი მოწმე კი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი ზემოხსენებული იაკობ ვან ბენეკომი იყო.
თვრამეტი წლის იაკობი 1941 წელს მონათლულ 580 იეჰოვას მოწმეთაგან ერთ-ერთი იყო. მან მონათვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიატოვა სარფიანი სამუშაო, რადგან ქრისტიანულ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით
დათმობაზე წასვლას მოითხოვდა. ის კურიერად მუშაობა და ნათლობის შემდეგ სრული დროით მსახურება დაიწყო. ერთხელ ბიბლიური ლიტერატურის გადატანისას დააკავეს და ციხეში ჩასვეს. 1944 წლის აგვისტოში 21 წლის იაკობმა თავის ოჯახს ქალაქ როტერდამის ციხიდან შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა:„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გული სიხარულით მაქვს აღვსილი. . . დღემდე უკვე ოთხჯერ დამკითხეს. პირველი ორი საკმაოდ მკაცრი იყო და ძალიან მაგრად მცემეს, მაგრამ ჩვენი უფლის ძალისა და დაუმსახურებელი სიკეთის წყალობით დღემდე არ გამიმჟღავნებია საიდუმლო ინფორმაცია. . . შესაძლებლობა მქონდა, რომ უკვე ექვსჯერ წამეკითხა მოხსენება, რომელსაც საერთო ჯამში 102 პატიმარი დაესწრო. ზოგმა ინტერესი გამოავლინა და დამპირდნენ, რომ, როგორც კი ციხიდან გავიდოდნენ, შესწავლას გააგრძელებდნენ“.
1944 წლის 14 სექტემბერს იაკობი ნიდერლანდების ქალაქ ამერსფურტში არსებულ საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. მან იქაც კი განაგრძო ქადაგება. როგორ? ვისთანაც იჯდა ციხეში, ის იხსენებენ: «პატიმრები დარაჯების მიერ გადაყრილ სიგარეტის ნამწვებს იღებდნენ და სიგარეტის ქაღალდად ბიბლიის ფურცლებს იყენებდნენ. ზოგჯერ იაკობი ახერხებდა რამდენიმე სიტყვის წაკითხვას ბიბლიის ფურცლებიდან, რომლებშიც თუთუნის გახვევას აპირებდნენ. ამ სიტყვებს მაშინვე ჩვენთვის საქადაგებლად იყენებდა. მალე იაკობს მეტსახელად „ბიბლიის კაცი“ შევარქვით».
1944 წლის ოქტომბერში იაკობი პატიმრების იმ დიდი ჯგუფის ნაწილში იყო, რომელსაც ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გათხრა ებრძანათ. იაკობმა უარი განაცხადა ამ სამუშაოს შესრულებაზე, რადგან სინდისი ნებას არ რთავდა, საომარი საქმინობისთვის მხარი დაეჭირა. თუმცა გამუდმებით ემუქრებოდნენ ყარაულები, არ გამტყდარა. 13 ოქტომბერს ერთმა ოფიცერმა ის ცალკე კამერიდან სამუშაო ადგილზე მიიყვანა. იაკობი კვლავ თავის სიტყვაზე იდგა. ბოლოს მას თვითონვე გაათხრევინეს თავისი სამარე და დახვრიტეს.
მოწმეების დევნა გრძელდება
იაკობისა და სხვების სიმტკიცე აცოფებდა ნაცისტებს და ახალ ნადირობას იწყებდნენ მოწმეებზე. მათი ერთ-ერთი სხვა მსხვერპლი 18 წლის ეივერტ კეთელარეი იყო. თავიდან ეივერტი დამალვას ახერხებდა, მაგრამ ბოლოს დააპატიმრეს და საშინლად სცემეს, რათა მისგან სხვა მოწმეების
ვინაობა გაეგოთ. ის მტკიცე უარზე იდგა და გერმანიაში იძულებითი შრომის კოლონიაში გააგზავნეს.იმავე თვეში, 1944 წლის ოქტომბერს, პოლიციამ ეივერტის დის ქმარს, ბერნარ ლოიმესს, დაუწყო ძებნა. როდესაც იპოვეს, ის ორ თანაქრისტიანთან, ანტოუნი რეიმეიერსა და ალბერტ ბოსთან, ერთად იყო. ალბერტს 14 თვე ჰქონდა გატარებული საკონცენტრაციო ბანაკში. მაგრამ გათავისუფლების შემდეგ კვლავ გულმოდგინედ შეუდგა სამქადაგებლო საქმიანობას. ეს სამი მამაკაცი ნაცისტებმა ჯერ უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ კი დახვრიტეს. მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ იპოვეს მათი გვამები და ხელახლა დამარხეს. ომის დამთავრებისთანავე რამდენიმე ადგილობრივ გაზეთში დაიწერა ამ ეგზეკუციის შესახებ. ერთ-ერთ გაზეთში ნათქვამი იყო, რომ ეს სამი მოწმე მუდამ უარობდა ნაცისტების დავალების შესრულებას, რომელიც ღვთის კანონს ეწინააღმდეგებოდა, და ბოლოს აღნიშნული იყო, რომ „ამისთვის მათ საკუთარი სიცოცხლე გასწირეს“.
ამასობაში, 1944 წლის 10 ნოემბერს ზემოხსენებული ბერნარ პოლმენი დააპატიმრეს და სამხედრო პროექტზე სამუშაოდ გაგზავნეს. პატიმრებს შორის ის ერთადერთი მოწმე იყო და, ამავე დროს, ერთადერთი, ვინც უარს ამბობდა სამუშაოს შესრულებაზე. ყარაულებმა სხვადასხვაგვარ ხერხს მიმართეს მის დათმობაზე წასაყვანად. არ აძლევდნენ საჭმელს; უმოწყალოდ სცემდნენ ხელკეტებით, ბარებითა და კონდახებით. ბოლოს კი აიძულეს, მუხლებამდე ცივ წყალში ევლო, რის შემდეგაც ნესტიან სარდაფში ჩააგდეს, სადაც მთელი ღამე სველ ტანსაცმელში გაატარა. მიუხედავად ამისა, ბერნარი არ გატყდა.
ამ დროს ბერნარის ორ დას, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები, ნება დართეს ძმის მოსანახულებლად. ისინი მოუწოდებდნენ, შეეცვალა თავის აზრი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. როდესაც ჰკითხეს, რამის გაკეთება თუ შეეძლოთ მისთვის, მან უთხრა, წასულიყვნენ სახლში და ბიბლია შეესწავლათ. მაშინ მდევნელებმა მის ფეხმძიმე ცოლს იმ იმედით დართეს მისი მონახულების ნება, რომ იქნებ როგორმე გაეტეხა მისი წინააღმდეგობა. მაგრამ ცოლთან შეხვედრამ და მისმა გაბედულმა სიტყვებმა ბერნარის გადაწყვეტილება, დარჩენილიყო იეჰოვას ერთგული, მხოლოდ განამტკიცა. 1944 წლის 17 ნოემბერს ბერნარი ხუთმა ჯალათმა ყველა პატიმრის წინაშე დახვრიტა. მაშინაც კი, როდესაც ბერნარი უკვე მკვდარი იყო, ისინი მაინც ცხრილავდნენ ტყვიებით, ოფიცერი ისე გაცოფდა, რომ რევოლვერით ტყვია ორივე თვალში ესროლა ბერნარს.
თუმცა ამ საშინელებამ შეძრა ის მოწმეები, რომლებმაც გაიგეს ამის შესახებ, ისინი ერთგულები და შეუპოვრები დარჩნენ და ქრისტიანულ მსახურებას განაგრძობდნენ. იეჰოვას მოწმეთა ერთი პატარა კრება, რომელიც იმ ადგილთან ახლოს იყო, სადაც ბერნარი დახვრიტეს, მოკლედ იტყობინებოდა: «ამ თვეში, მიუხედავად საშინელი ამინდისა და იმ სიძნელეებისა, რომლებიც სატანამ დაგვატეხა თავს, უფრო მეტის გაკეთება შევძელით. სამქადაგებლო მსახურებაში გატარებული საათეების რაოდენობა 429-დან 765-მდე გაიზარდა. . . ქადაგებისას ერთი ძმა შეხვდა მამაკაცს, რომელსაც კარგად უქადაგა. მამაკაცი შეეკითხა, იყო თუ არა ეს ის რწმენა, რომლის გამოც ახლახან ერთი კაცი დახვრიტეს. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ეს სწორედ ის რწმენა იყო, მან თქვა: „აი, ეს არის კაცი და ეს არის რწმენა! აი, ამას ვეძახი მე გმირობას!“ ».
გახსენება იეჰოვას მიერ
1945 წლის მაისში ნაცისტები დამარცხდნენ და ნიდერლანდებიდან განდევნილ იქნენ. მიუხედავად საშინელი დევნისა, ომის დროს იეჰოვას მოწმეების რიცხვი რამდენიმე ასეულიდან 2 000-მდე გაიზარდა. ომისდროინდელ მოწმეებზე საუბრისას ისტორიკოსი, დოქტორი დე იონგი, ამბობს: „მიუხედავად მუქარისა და წამებისა, უმრავლესობამ უარი თქვა რწმენის უარყოფაზე“.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთ სახელმწიფო მოხელეს ახსოვს იეჰოვას მოწმეების გაბედულება ნაცისტური მმართველობის დროს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოწმეების ომისდროინდელ წუნდაუდებელ საქმეებს იეჰოვა და იესო გაიხსენებენ (ებრაელთა 6:10). იესო ქრისტეს მოახლოებული ათასწლიანი მეფობის დროს ეს ერთგული და უშიშარი მოწმეები, რომლებმაც ღვთის მსახურებას შესწირეს სიცოცხლე, სამარხებიდან აღდგებიან დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის იმედით (იოანე 5:28, 29).
[სურათი 24 გვერდზე]
იაკობ ვან ბენეკომი.
[სურათი 26 გვერდზე]
ამონაჭერი გაზეთიდან, რომელშიც გამოქვეყნებული იყო ბრძანებულება იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის შესახებ.
[სურათები 27 გვერდზე]
მარჯვნივ: ბერნარ ლოიმესი; ქვემოთ: ალბერტ ბოსი (მარცხნივ) და ანტოუნი რეიმეიერი; დაბლა: საზოგადოების ოფისი ჰიმსთიდში.