არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამაგალითო მამაკაცი, რომელმაც შენიშვნა მიიღო

სამაგალითო მამაკაცი, რომელმაც შენიშვნა მიიღო

სამაგალითო მამაკაცი, რომელმაც შენიშვნა მიიღო

„ზამბიაში ნიანგები თვეში 30 კაცს ჭამენ“, — იუწყებოდა რამდენიმე წლის წინათ ერთი აფრიკული გაზეთი. ერთი ზოოლოგის სიტყვების თანახმად, რომელიც ამ ქვეწარმავლებს შესწავლის მიზნით იჭერდა, „ერთი ნიანგის დაჭერას 12 მამაკაცი დასჭირდა“. ძლიერი კუდისა და მძლავრი ყბების გამო ნიანგი მართლაც რომ თავზარდამცემი ცხოველია!

როგორც ჩანს, შემოქმედმა „ლევიათანში“ ნიანგი იგულისხმა, როდესაც ეს „მხეცთა დიდებული მეფე“ (აქ) თავის მსახურ იობისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილის სასწავლებლად გამოიყენა (იობი 40:25; 41:26). ეს მოხდა დაახლოებით 3 500 წლის წინათ ყუცის ქვეყანაში, რომელიც სავარაუდოდ სადღაც არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა. ამ ქმნილების აღწერისას, ღმერთმა იობს უთხრა: „მის აღძვრას ვერავინ ბედავს. . . მე ვინღა დამიდგება წინ?“ (იობი 41:2). რა დიდებული ჭეშმარიტებაა, არა? თუ ნიანგის გვეშინია, მით უმეტეს რამდენად უნდა გვეშინოდეს მისი შემოქმედის წინააღმდეგ რაიმეს თქმის! იობმა თავისი შეცდომის აღიარებით ამ გაკვეთილისთვის მადლიერება გამოავლინა (იობი 42:1—6).

იობის ხსენებისას, შეიძლება განსაცდელის დროს მისი ერთგულების მაგალითი გვახსენდება (იაკობი 5:11). სინამდვილეში, იეჰოვას იობი მანამდეც მოსწონდა, სანამ მისი რწმენა მკაცრად გამოიცდებოდა. იმ დროს ღმერთი მასზე ასე ფიქრობდა: „ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული“ (იობი 1:8). ამან უნდა აღგვძრას, უფრო მეტი გავიგოთ იობის შესახებ, რაც დაგვანახვებს, როგორ შეგვიძლია ჩვენც ვასიამოვნოთ ღმერთს.

ღმერთთან ურთიერთობას პირველ ადგილზე აყენებდა

იობი მდიდარი კაცი იყო. გარდა იმისა, რომ დიდძალი ოქრო ჰქონდა, მას ჰყავდა 7 000 სული ცხვარი, 3 000 აქლემი, 500 დედალი ვირი, 1 000 სული მსხვილფეხა საქონელი და უამრავი მსახური (იობი 1:3). მაგრამ იობი იეჰოვაზე იყო მინდობილი და არა სიმდიდრეზე. ის ასე მსჯელობდა: „თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს! თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელმა! . . ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი“ (იობი 31:24—28). იობის მსგავსად, ჩვენც უნდა დავაფასოთ იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობა მატერიალურ ნივთებზე უფრო მეტად.

ადამიანებთან სამართლიანი მოპყრობა

როგორ ექცეოდა იობი თავის მსახურებს? ისინი რომ სამართლიან და ადვილად მისადგომ ადამიანად მიიჩნევდნენ მას, ეს თვითონ იობის სიტყვებიდან ჩანს: „თუკი ოდესმე აბუჩად ამეგდოს ჩემი მონისა და მხევლის სამართალი, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან, რა ვქნა მაშინ, როცა ადგება ღმერთი? როცა დამკითხავს, რა ვუპასუხო?“ (იობი 31:13, 14). იობი აფასებდა იეჰოვას გულმოწყალებას და ამიტომ თავის მონებს მოწყალებით ეპყრობოდა. ეს მაგალითი განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრია ქრისტიანულ კრებაში! ისინიც პატიოსნები, სამართლიანები და ადვილად მისადგომები უნდა იყვნენ.

იობი თავისი ოჯახის წევრების გარდა, სხვების მიმართაც ავლენდა ინტერესს. ის, რომ სხვებზე გული შესტკიოდა, ამ სიტყვებით გადმოსცა: „თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბ-ღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით დამექანცოს?.. თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა მხარდაჭერის მოიმედეს? ზურგს მოწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს მკლავი!“ (იობი 31:16—22). მოდი ჩვენც ყურადღებით ვიყოთ კრებაში მათ მიმართ, რომლებიც სიძნელეებს აწყდებიან.

რადგან იობი ადამიანების მიმართ უანგარო ინტერესს იჩენდა, უცნობების მიმართ სტუმართმოყვარეობას ავლენდა; ამიტომ შეეძლო ეთქვა: „მწირს გარეთ არ გაუთევია ღამე, კარი ღია მქონდა მგზავრისათვის“ (იობი 31:32). დღეს ეს რა კარგი მაგალითია ღვთის მსახურებისთვის! როდესაც ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესებული ახალი ადამიანები სამეფო დარბაზში მოდიან, ჩვენი გულთბილად დახვედრა ხელს შეუწყობს მათ სულიერ ზრდას. და, რაღა თქმა უნდა, მიმომსვლელი ზედამხედველები და სხვა ქრისტიანებიც საჭიროებენ ჩვენს სტუმართმოყვარეობას (1 პეტრე 4:9; 3 იოანე 5—8).

იობს თავისი მტრებისადმიც კი სწორი დამოკიდებულება ჰქონდა. ის არ ხარობდა თავისი მოძულის უბედურებით (იობი 31:29, 30). პირიქით, ის მონდომებული იყო, სიკეთე ეკეთებინა მათთვის, როგორც ეს თავისი სამი ცრუ ნუგეშისმცემლისთვის სალოცავად მზადყოფნაში ჩანს (იობი 16:2; 42:8, 9; შეადარეთ მათე 5:43—48).

უმწიკვლო

იობი თავისი ცხოვრების თანამგზავრის ერთგული იყო — არასდროს აძლევდა თავს იმის უფლებას, რომ ვინმე სხვა ქალს დაედო ბუდე მის გულში. „აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა. . . თუკი ოდესმე ჩემი გული მოცთუნებულიყოს დედაკაცით ან ჩემი მეზობლის კართან მეთვალთვალოს, მაშინ სხვას უფქვას ჩემმა დედაკაცმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე! რადგან ეს გარყვნილებაა და სამსჯავრო დანაშაული“, — თქვა იობმა (იობი 31:1, 9—11).

იობი უზნეო სურვილებს გულში შეღწევის საშუალებას არ აძლევდა. პირიქით, ის მტკიცედ მიჰყვებოდა პატიოსანი ცხოვრების გზას. უეჭველია, იეჰოვა ღმერთს მოეწონებოდა ეს ერთგული მამაკაცი, რომელიც ებრძოდა უზნეო ცდუნებებს (მათე 5:27—30).

ოჯახის სულიერობაზე ზრუნვა

ხანდახან იობის ვაჟები ლხინს მართავდნენ, რომელსაც ყველა მისი ვაჟი და ქალიშვილი ესწრებოდა. ამ წვეულებების შემდეგ იობი ძალიან წუხდა თავის შვილებზე, ფიქრობდა, რაიმე ცოდვა ხომ არ ჩაიდინესო იეჰოვას წინაშე. ასე რომ, როგორც საღვთო წერილიდან ჩანს, იობი შემდეგნაირად მოქმედებდა: „როცა ჩამოთავდებოდა ლხინის დღეები, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ; ადგებოდა დილაადრიანად, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაითუ რამე შესცოდესო ჩემმა ვაჟებმა და დაჰგმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი“ (იობი 1:4, 5). რა დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა იობის ოჯახის წევრებზე მისი ზრუნვა, რათა მოკრძალებული შიში ჰქონოდათ იეჰოვასადმი და მისი გზებით ევლოთ!

დღეს ქრისტიანული ოჯახის მეთაურებმა უნდა ასწავლონ თავიანთი ოჯახების წევრებს ღვთის სიტყვა, ბიბლია (1 ტიმოთე 5:8). და სავსებით მართებულია ოჯახის წევრებისთვის ლოცვა (რომაელთა 12:12).

ერთგულება გამოცდისას

ბიბლიის მკითხველთა უმეტესობისთვის ნაცნობია, თუ რა მკაცრი გამოცდების წინაშე აღმოჩნდა იობი. ეშმაკის მტკიცებით, გამოცდისას იობი ღმერთს დაგმობდა. იეჰოვამ ნება დართო, და სატანამ მყისვე დაატეხა იობს უბედურება. იობს გაუწყდა ყველა შინაური ცხოველი. უფრო უარესიც, სატანამ ყველა შვილის სიკვდილით გაამწარა. მალე ამის შემდეგ კი მან ქეცი შეჰყარა იობს ფეხის ტერფიდან თხემამდე (იობი 1, 2 თავები).

რა მოჰყვა ყოველივე ამას? როდესაც ცოლმა უთხრა, დაგმეო ღმერთი, იობმა უპასუხა: „ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა!“ შემდეგ ბიბლია განაგრძობს: „არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით“ (იობი 2:10). დიახ, იობმა ერთგულად დაითმინა და, ამგვარად, დაამტკიცა, რომ მატყუარა იყო ეშმაკი. მოდი ჩვენც ამნაირადვე გავუძლოთ გამოცდებს და დავამტკიცოთ, რომ მსახურებისკენ იეჰოვასადმი გულწრფელი სიყვარული გვიბიძგებს (მათე 22:36—38).

შენიშვნის თავმდაბლად მიღება

თუმცა იობი მრავალმხრივ სამაგალითო პიროვნება იყო, ის მაინც არასრულყოფილ ადამიანად ჩრება. მან თავადვე თქვა: „ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ“ (იობი 14:4; რომაელთა 5:12). ასე რომ, როდესაც ღმერთმა აღნიშნა, რომ იობი უმწიკვლო იყო, ეს სინამდვილეს შეესაბამებოდა; რადგან ის ამართლებდა ღვთის მოლოდინს იმ მხრივ, რაც კი არასრულყოფილ და ცოდვილ მსახურებს მოეთხოვებოდათ. გამხნევების რა დიდებული წყაროა!

იობმა გაუძლო თავის გამოცდებს, მაგრამ ამ გამოცდებმა ნაკლოვანებაც გამოავლინა. იმ უბედურებების გაგების შემდეგ, რაც იობს დაატყდა თავს, სამი ეგრეთ წოდებული ნუგეშისმცემელი მივიდა მასთან (იობი 2:11—13). ისინი იობს ბრალს სდებდნენ, რომ იეჰოვა მას სერიოზული ცოდვების გამო სჯიდა. ბუნებრივია, იობს ამ არასწორმა ბრალდებებმა გული ატკინა და მან თავგამოდებით დაიწყო თავდაცვა; თავის მართლებისას წონასწორობა დაკარგა და ისიც კი ივარაუდა, რომ ღმერთზე მართალი იყო! (იობი 35:2, 3).

რადგან ღმერთს უყვარდა იობი, მან ახალგაზრდა მამაკაცი გამოიყენა იობისთვის შეცდომაზე მისათითებლად: „განრისხდა ელიჰუ. . . იობზე განრისხდა იმის გამო, რომ მან ღმერთზე მართლად ჩათვალა თავი“. ელიჰუმ აღნიშნა: „თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი“ (იობი 32:2; 34:5). მიუხედავად ამისა, ელიჰუმ არ გაიზიარა სამი „ნუგეშისმცემლის“ მცდარი დასკვნა, რომ ღმერთი ცოდვებისთვის სჯიდა იობს. ნაცვლად ამისა, ელიჰუმ იობის ერთგულებისადმი ნდობა გამოხატა და ურჩია: „სამართალი მის [იეჰოვას] წინაშეა, დაელოდე“. მართლაცდა, იობი უნდა დალოდებოდა იეჰოვას, ნაცვლად იმისა, რომ თავის დაცვის მიზნით დაუფიქრებლად ელაპარაკა. ელიჰუმ დაარწმუნა იობი, რომ „[ღმერთი] მრავალმოწყალეა, არავის ჩაგრავს“ (იობი 35:14; 37:23).

იობის აზროვნებას გამოსწორება ესაჭიროებოდა. ამის გამო, იეჰოვამ მას დაანახვა, რამდენად პატარაა ადამიანი ღმერთთან შედარებით. იეჰოვამ დედამიწაზე, ზღვაზე, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე, ცხოველებსა და სხვა მრავალ საოცარ ქმნილებაზე მიუთითა. ბოლოს ღმერთმა ლევიათანი — ნიანგი — მოიხსენია. იობმა თავმდაბლად მიიღო შენიშვნა და ამით კარგი მაგალითი დაგვიტოვა.

თუმცა, შეიძლება იეჰოვასადმი მსახურებას კარგად ვასრულებთ, შეცდომებისგან არ ვართ დაზღვეული. თუ შეცდომები სერიოზულია, იეჰოვა რამენაირად მოგვცემს შენიშვნას (იგავნი 3:11, 12). შეიძლება რომელიმე მუხლი გაგვახსენდეს, რომელიც ჩვენს სინდისს გააღვიძებს; შეიძლება „საგუშაგო კოშკში“ ან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სხვა პუბლიკაციებში წავიკითხოთ რაღაც, რაც ჩვენს შეცდომებს დაგვანახვებს. ან კიდევ, დასაშვებია, თანაქრისტიანმა მოგვითითოს რბილად, რომ არ მოვიქეცით ბიბლიური პრინციპის შესაბამისად. როგორ მივიღებთ ასეთ მითითებებს? იობმა მომნანიებელი სული გამოავლინა, როცა თქვა: „ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერში და ნაცარში“ (იობი 42:6).

ჯილდო იეჰოვასგან

იეჰოვამ დააჯილდოვა იობი იმით, რომ თავის მსახურს კიდევ 140 წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე. ამ ხნის განმავლობაში მან უფრო მეტი მიიღო, ვიდრე დაკარგა. და თუმცა ბოლოს იობი მოკვდა, ის ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აუცილებლად აღდგება (იობი 42:12—17; ეზეკიელი 14:14; იოანე 5:28, 29; 2 პეტრე 3:13).

ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მივიღებთ ღვთის კეთილგანწყობილებასა და კურთხევას, თუ ერთგულად ვემსახურებით მას და ვიღებთ ბიბლიაზე დაფუძნებულ მითითებებს. ამის შედეგად ღვთის ახალ სისტემაში ცხოვრების ნამდვილი იმედი გვექნება. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პატივს მივაგებთ ღმერთს. ჩვენი ერთგულება დაჯილდოვდება და დაამტკიცებს იმას, რომ ხალხი ეგოისტური მიზნებით კი არ ემსახურება ღმერთს, არამედ გულწრფელი სიყვარულით. რა დიდი უპირატესობაა, გული გავუხაროთ იეჰოვას, როგორც ეს გააკეთა იობმა, რომელმაც თავმდაბლად მიიღო მითითება! (იგავნი 27:11).

[სურათები 26 გვერდზე]

იობი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას ავლენდა ობლების, ქვრივებისა და სხვების მიმართ.

[სურათები 28 გვერდზე]

იობი უხვად დაჯილდოვდა მითითების თავმდაბლად მიღებისთვის.