რა არის წარმატების გასაღები?
რა არის წარმატების გასაღები?
ორი პერსპექტიული ახალგაზრდა გადამწყვეტი გამოცდისთვის რაღაც უჩვეულო ფორმის მანქანას აწყობდა. მოულოდნელად ძლიერმა ქარმა დაუბერა, აიტაცა ეს სუსტი კონსტრუქციის მექანიზმი, ჰაერში ატრიალა და მიწაზე დაანარცხა. გაქვავებული მამაკაცები ენაჩავარდნილები იდგნენ. მათი სკრუპულოზური, მძიმე შრომის ნაყოფი ხისა და ლითონის ნამსხვრევების გროვად ქცეულიყო.
ორვილ და უილბერ რაიტებისთვის 1900 წლის ოქტომბერში ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატის შექმნის მცდელობისას მომხდარი ეს შემთხვევა პირველი კრახი როდი იყო. ისინი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდნენ ექსპერიმენტებს და ამ საქმეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა დაახარჯეს.
მაგრამ ბოლოს მათმა შეუპოვრობამ ნაყოფი გამოიღო. 1903 წლის 17 ოქტომბერს კიტი-ჰოკში (ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ) ძმების, რაიტების, მიერ კონსტრუირებულმა ძრავის მქონე თვითმფრინავმა 12 წამი იფრინა; დღევანდელი გადასახედიდან ეს ხანმოკლე ფრენაა, მაგრამ მან სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო.
საქმეში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანწილად მოთმინებასა და შეუპოვრობაზეა დამოკიდებული. ახალი ენის სწავლაში, პროფესიის დაუფლებასა და თუნდაც მეგობრობაში ყველაზე სასურველი შედეგი მხოლოდ განუწყვეტელი ძალისხმევით მიიღწევა. „ათიდან ცხრა შემთხვევაში, — აღნიშნავს ავტორი ჩარლზ ტემპლეტონი, — წარმატებას უშუალოდ ერთი რამ განაპირობებს: ეს არის მძიმე შრომა“. გაზეთის მუდმივი მიმომხილველი ლეონარდ პიტსი (უმცროსი) ამბობს: „ჩვენ ვსაუბრობთ ნიჭზე, ქედს ვიხრით ბედისწერის წინაშე, მაგრამ ძალიან ხშირად უგულებელვყოფთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს — მძიმე შრომასა და მრავალ წარუმატებელ მცდელობას; მუშაობის ადრე დაწყებასა და გვიან დამთავრებას“.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დიდი ხნის წინათ ბიბლიაში ნათქვამ სიტყვებს: „გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს“ (იგავნი 12:24). იყო გამრჯე, ნიშნავს მცდელობაში შეუპოვრობა გამოავლინო. ეს აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად. რას ნიშნავს შეუპოვრობა? როგორ შეგვიძლია შეუპოვრად ვეცადოთ ჩვენი მიზნების მიღწევას და რაში უნდა გამოვავლინოთ შეუპოვრობა? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
U.S. National Archives photo