დანიელის წიგნი ახსნილია!
დანიელის წიგნი ახსნილია!
კონგრესის დელეგატები მოუთმენლად მოელოდნენ ახალი 320-გვერდიანი წიგნის „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ საკუთარი ეგზემპლარის მიღებას. რა აზრი გამოთქვეს მათ ამ წიგნის თაობაზე? გაგიზიარებთ ზოგიერთი მათგანის შეხედულებას:
„მოზარდების უმეტესობის მსგავსად, ჩემთვისაც არ იყო სასიამოვნო ძველი ისტორიის შესწავლა. ამიტომ, ამ ახალი წიგნის „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ საკუთარი ეგზემპლარის გაცნობას დიდი ენთუზიაზმით არ შევდგომივარ, თუმცა ყოველნაირად ვცდილობდი მის წაკითხვას, შემდეგ მივხვდი, თურმე რა არასწორი თვალსაზრისი მქონია! წიგნის კითხვამ მართლაც გამიტაცა. ერთი წუთითაც არ მიგრძვნია, რომ ათასობით წლის წინათ მომხდარ მოვლენებს ვკითხულობდი. საკუთარი თავი დანიელის ადგილზე პირველად წარმოვიდგინე. თვალწინ წარმომიდგა, როგორი იქნებოდა, საკუთარ ოჯახს მოვეწყვიტეთ, უცხო ქვეყანაში წავეყვანეთ და გამუდმებით უმწიკვლოების დაცვის გამოცდის წინაშე ვყოფილიყავით. დიდი მადლობა ამ წიგნისათვის“ (ენია).
„ყველაზე მეტად მეხმარება ნათელი ცნობა იმის შესახებ, რომ იეჰოვა აბსოლუტურად აკონტროლებს ნებისმიერ მდგომარეობას, რომელიც მის ხალხს ეხება. დანიელის ხილვებისა და მის მიერ ახსნილი, როგორც თავისი, ისე სხვათა სიზმრების მეშვეობით ცხადი ხდება, რომ ღმერთი არასოდეს დაუშვებს, მოვლენები მისი განზრახვის საპირისპიროდ წარიმართოს და ოდნავ მაინც სხვაგვარად განვითარდეს. ეს გვინმტკიცებს იმედს ღვთის ახალი ქვეყნიერების შესახებ წინასწარმეტყველებების მიმართ“ (ჩესტერი).
„ძალიან მსიამოვნებს იმის კითხვა, როგორ ცოცხლდება ამ წიგნის ფურცლებზე დანიელი. წიგნში ისეთნაირად გადმოიცემა მისი საზრუნავი და საქმეები, რომ მკითხველს მის უკეთ გაცნობაში ეხმარება. უკეთესად გავიგე, თუ რატომ იყო ეს ადამიანი იეჰოვასთვის ასე სასურველი. განსაცდელებისა და რთულ მდგომარეობაში ყოფნის დროს, დანიელი არ ზრუნავდა საკუთარ თავზე. მთელი მისი ყურადღება იეჰოვასა და მისი შესანიშნავი სახელისთვის ზრუნვაზე იყო გადატანილი. დიდი მადლობა ამ საკითხების ასე ნათლად გაშუქებისთვის“ (ჯოი).
„ეს იყო ის, რასაც ველოდით! ადრე არსად შევხვედრივარ იმის ახსნას, თუ რამდენად გვეხება თითოეულ ჩვენგანს დანიელის წიგნის უმეტესი ნაწილი. წიგნის მიღების საღამოსვე დავიწყე მისი კითხვა და თითქმის ბოლომდე ჩავედი. მხოლოდ იმისთვის შევჩერდი, რომ იეჰოვასთვის ლოცვაში მადლობა გადამეხადა“ (მარკი).
«წიგნმა ჩვენს შვილებზე ჩვენთვის მოულოდნელი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთი მათგანი ხუთი წლის არის, ხოლო მეორე — სამის . . . თუმცა წიგნიდან „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ დანიელის, ხანანიას, მისაელისა და ყაზარიას თავგადასავალი ყოველთვის გამორჩეულად უყვარდათ, წიგნ „დანიელის წინასწარმეტყველების“ წაკითხვამ მათზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რასაც ნამდვილად არ მოველოდით. მიუხედავად იმისა, რომ პატარები იყვნენ, მთელი სულით უერთდებოდნენ ამ მართალ ახალგაზრდებს. რა შესანიშნავი მისაბაძი მაგალითები იყვნენ ეს ყმაწვილები ჩვენი შვილებისთვის! რა არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო გვაჩუქეთ! დიდი მადლობა!» (ბეთელი).
«ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მეც იქ, იმ ახალგაზრდა ებრაელებთან ერთად ვიყავი და რწმენის გამოცდას გავდიოდი, რამაც ჩემი საკუთარი რწმენის შემოწმებისკენ აღმძრა. გასამეორებლად მოცემულ ჩარჩოში: „როგორ უპასუხებდით?“ დასმული კითხვები თითოეული თავის შინაარსს მკითხველის გულში ბეჭდავს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას კიდევ ერთი შედევრისთვის» (ლიდია).