არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შემოქმედი — როგორია ის

შემოქმედი — როგორია ის

შემოქმედი — როგორია ის

«ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს შენს წინაშე» (გამოსვლა 33:19).

1. რატომ იმსახურებს შემოქმედი განდიდებას?

მოციქულმა იოანემ, რომელმაც ბიბლიის ბოლო წიგნი დაწერა, შემოქმედის შესახებ ბრძნული სიტყვები თქვა: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“ (გამოცხადება 4:11). როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენები უფრო მეტ საფუძველს იძლევა, რომ ყოველივეს შემოქმედი ვირწმუნოთ.

2, 3. ა) რა უნდა გაიგოს ხალხმა შემოქმედის შესახებ? ბ) რატომ არის არაგონივრული შემოქმედთან პირადად შეხვედრა?

2 როგორც შემოქმედის არსებობის აღიარებაა მნიშვნელოვანი, ისევე მნიშვნელოვანია იმის გაგება, როგორია ის — რომ ის არის რეალური პიროვნება ისეთი თვისებებითა და გზებით, რომლებიც ხალხს იზიდავს. რამდენიც უნდა იცოდეთ მის შესახებ, განა სასარგებლო არ იქნებოდა, უკეთ შეგეცნოთ ის? ამისთვის საჭირო არ არის მასთან პირადად შეხვედრა, როგორც ადამიანებს ვხვდებით.

3 იეჰოვამ მისცა დასაბამი თვით ვარსკვლავებსაც კი, მათ შორის მზეს, რომელიც საშუალო სიდიდის ვარსკვლავია. მოგივიდოდათ ოდესმე აზრად, გეცადათ მზესთან მიახლოება? საეჭვოა! უმეტესობა იმასაც კი ერიდება, რომ წამიერად შეხედონ მას; აგრეთვე ცდილობენ, დიდი ხნით არ მიეფიცხონ მის ძლიერ სხივებს. მზის წიაღში ტემპერატურა 15 000 000 გრადუსს აღწევს. ეს თერმობირთვული ღუმელი ყოველ წამს დაახლოებით ოთხ მილიონ ტონა მასას ენერგიად გარდაქმნის. დედამიწამდე სითბოსა და სინათლის სახით მხოლოდ მისი მცირე ნაწილი აღწევს, მაგრამ ეს რაოდენობა საკმარისია სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ყოველივე ამან მოკრძალებით უნდა განგვაწყოს შემოქმედის ძლიერების მიმართ. ესაიამ მართებულად მოიხსენია შემოქმედი როგორც „ძალამოსილი და ყოვლადძლიერი“ (ესაია 40:26).

4. რა ითხოვა მოსემ და როგორ უპასუხა იეჰოვამ?

4 მაგრამ იცოდით, რომ ძვ. წ. 1513 წელს ისრაელების მიერ ეგვიპტის დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოსემ შემოქმედს სთხოვა: „მახილვინე შენი დიდება“? (გამოსვლა 33:18). იმის მხედველობაში მიღებით, რომ თვით მზესაც კი ღმერთმა მისცა დასაბამი, გასაგებია, რატომ უთხრა მან მოსეს: „ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“. შემოქმედმა ნება დართო მოსეს, სადმე მოფარებულ ადგილზე დამდგარიყო სინაის მთაზე, სანამ თვითონ არ ‘ჩაივლიდა’. შემდეგ მოსემ დაინახა ღვთის „ზურგი“, ასე ვთქვათ, გარკვეული სინათლის კვალი, რომლითაც შემოქმედის დიდება ანუ თანდასწრება გამოვლინდა (გამოსვლა 33:20–23; იოანე 1:18).

5. როგორ დააკმაყოფილა შემოქმედმა მოსეს თხოვნა და რა დაადასტურა ამით?

5 მოსეს სურვილი — უკეთ შეეცნო შემოქმედი — არ დარჩენილა დაუკმაყოფილებელი. როგორც ჩანს, ღმერთმა ჩაუარა მოსეს და ანგელოზის მეშვეობით განუცხადა: „უფალი უფალია, ღმერთი გულმოწყალე და შემბრალე, მრავლის მომთმენი, დიდად მწყალობელი და ჭეშმარიტი; წყალობის შემნახველი ათასებისთვის, ბრალის, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, მაგრამ შერჩენით არ შეარჩენს“ (შემოთ 34:6, 7, თორა, 1995 [გამოსვლა 34:6, 7]). აქედან გამომდინარე, შემოქმედის უკეთ შეცნობა ნიშნავს არა მისი გარეგნობის დანახვას, არამედ იმის სრულად შეგრძნებას, როგორია ის, რა პიროვნებაა და რა თვისებები აქვს.

6. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი იმუნური სისტემა სასწაულებრივია?

6 ამის გაკეთების ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ ღვთის თვისებები მის ქმნილებებში დავინახოთ. დაფიქრდით, მაგალითად, თქვენს იმუნურ სისტემაზე. ერთი ჟურნალის ნომერში იმუნიტეტის შესახებ, ნათქვამი იყო: „მუცლადყოფნის პერიოდიდან სიკვდილამდე იმუნური სისტემა უწყვეტად აქტიურია. მოლეკულებისა და უჯრედების მრავალფეროვნება . . . პარაზიტებისა და პათოგენური მიკროორგანიზმებისგან გვიცავს. ამგვარი დაცვის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებდა“ (Scientific American). საიდან მომდინარეობს ეს სისტემა? იმავე ნომერში ნათქვამი იყო: „მარჯვედ ურთიერთმოქმედი უამრავი უჯრედი, რომლებიც სხეულს მიკრობებისა და ვირუსებისგან იცავს, წარმოიქმნება რამდენიმე წინამორბედი უჯრედისგან, რომლებიც პირველად ნაყოფის ჩასახვიდან ცხრა კვირაში ჩნდება“. ფეხმძიმე ქალი განვითარებად ჩანასახს გარკვეულ იმუნიტეტს გადასცემს. მოგვიანებით დედის რძე ჩვილს აგრეთვე იმუნურ უჯრედებს უვითარებს და სასარგებლო ქიმიურ ნივთიერებებს აძლევს.

7. რის თქმა შეიძლება ჩვენს იმუნურ სისტემაზე და რა დასკვნამდე მივყავართ ამას?

7 საკმაო საფუძველი გაქვთ დაასკვნათ, რომ თქვენი იმუნური სისტემა აღემატება ყველაფერს, რის შემოთავაზებაც თანამედროვე მედიცინას შეუძლია. ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რაზე მეტყველებს ეს იმუნური სისტემის გამომგონებელთან დაკავშირებით? ეს სისტემა, რომელიც ‘პირველად ნაყოფის ჩასახვიდან ცხრა კვირაში ჩნდება’ და რომელიც მზად არის დაიცვას ახალშობილი, უდავოდ, სიბრძნესა და წინდახედულობას ირეკლავს. მაგრამ შეგვიძლია ამ სისტემიდან უფრო მეტის გაგება შემოქმედის შესახებ? რა დასკვნა გამოგვაქვს უმეტესობას ალბერტ შვაიცერსა და სხვებთან დაკავშირებით, რომლებმაც სიცოცხლე ღარიბებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას მიუძღვნეს? ასეთ ჰუმანისტებზე, ჩვეულებრივ, ვამბობთ, რომ კარგი თვისებები აქვთ. ამის შესაბამისად, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ჩვენს შემოქმედთან დაკავშირებით, რომელიც მდიდრებსაც და ღარიბებსაც იმუნურ სისტემას აძლევს? ნათელია, რომ ის მოსიყვარულე, მიუკერძოებელი, თანამგრძნობი და სამართლიანია. ნუთუ არ შეესაბამება ეს შემოქმედის დახასიათებას, რომელიც მოსემ მოისმინა?

თვითონ გვიმჟღავნებს, როგორია

8. რა განსაკუთრებული საშუალებით გვიმჟღავნებს იეჰოვა საკუთარ თავს?

8 მაგრამ შემოქმედის უკეთ შესაცნობად სხვა საშუალებაც არსებობს — ეს არის ბიბლია. მისი მეშვეობით შემეცნების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზოგ რამეს შემოქმედთან დაკავშირებით მეცნიერება და სამყარო საერთოდ ვერ გვიცხადებს, ზოგი კი ბიბლიიდან უფრო გასაგები ხდება. პირველი მაგალითი შემოქმედის პირადი სახელია. მხოლოდ ბიბლია გვიმხელს შემოქმედის სახელსა და მის მნიშვნელოვნებას. ბიბლიის ებრაულ ხელნაწერებში მისი სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ ჩნდება ოთხი თანხმოვნის სახით, რომელთა ტრანსლიტერაციაც იქნება ჲჰვჰ; ჩვეულებრივ, ის ქართულად გამოითქმება როგორც იეჰოვა (გამოსვლა 3:15, აქ; 6:3, აქ).

9. რას ნიშნავს შემოქმედის პირადი სახელი და რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია აქედან?

9 შემოქმედის უკეთ შესაცნობად უნდა გვესმოდეს, რომ ის, უბრალოდ, აბსტრაქტული „პირველმიზეზი“ ან „რომელიც ვარ“ არ არის. ამას მისი პირადი სახელი გვიჩვენებს. ის იმ ებრაული ზმნის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის მნიშვნელობაც არის „გახდომა“ ან „გადაქცევა“ * (შეადარეთ დაბადება 27:29; გამოსვლა 4:9). ღვთის სახელის მნიშვნელობაა „აქცევინებს“, რაც ხაზს უსვამს, რომ, რასაც ის განიზრახავს, ასრულებს კიდეც. მისი სახელის ცოდნა და გამოყენება უკეთ დაგვანახვებს, რომ ის დანაპირებს ასრულებს და თავისი განზრახვის განხორციელებას არ აყოვნებს.

10. მნიშვნელოვანს რას ვგებულობთ „დაბადების“ ცნობიდან?

10 ბიბლია ღვთის განზრახვებისა და მისი პიროვნების შესახებ შემეცნების წყაროა. „დაბადების“ ცნობა გვიმჟღავნებს, რომ ერთ დროს კაცობრიობა ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობით ტკბებოდა და ხანგრძლივი, აზრიანი სიცოცხლის პერსპექტივა ჰქონდა (დაბადება 1:28; 2:7–9). იეჰოვას სახელის არსის მხედველობაში მიღებით შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის ბოლოს მოუღებს ტანჯვა-წამებასა და იმედგაცრუებას, რასაც დიდი ხანია ადამიანი განიცდის. მისი განზრახვის შესრულების შესახებ ვკითხულობთ: „ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის [შემოქმედის] მიერ სასოებით. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება . . . ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:20, 21).

11. რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ბიბლიურ ცნობებს და რომელია ერთ-ერთი მათგანი?

11 ბიბლია იმითაც გვეხმარება შემოქმედის უკეთ შეცნობაში, რომ მოგვითხრობს მისი მოქმედებებისა და რეაქციების შესახებ ძველ ისრაელთან ურთიერთობისას. ყურადღება მიაქციეთ ელისესა და ნაყამანის, მტრულად განწყობილ არამელთა სარდლის, მაგალითს. როგორც მეოთხე მეფეთა მე-5 თავში ვკითხულობთ, ებრაელი ტყვე გოგონა ირწმუნებოდა, რომ ისრაელში მცხოვრები ელისე შეძლებდა კეთრისგან ნაყამანის განკურნებას. ნაყამანი გაემგზავრა იქ იმ მოლოდინით, რომ ელისე ხელებით მისტიკური განკურნების ცერემონიალს შეასრულებდა. ნაცვლად ამისა, ელისემ ამ არამელს უთხრა, რომ მდინარე იორდანეში ებანავა. თუმცა, ნაყამანი ასე რომ მოქცეულიყო, მსახურებს მისი დაყოლიება მოუწიათ, ბანაობის შემდეგ ის განიკურნა. მან ძვირფასი საჩუქრები შესთავაზა ელისეს, მაგრამ მას არ გამოურთმევია. მოგვიანებით ელისეს მსახური გაიპარა ნაყამანთან და ზოგი ძვირფასეულობა გამოსტყუა. უპატიოსნობის გამო მას კეთრი შეეყარა. ეს ადამიანის ბუნების მაჩვენებელი საინტერესო ცნობაა, რომლიდანაც ბევრის სწავლა შეგვიძლია.

12. შემოქმედთან დაკავშირებით რა დასკვნების გაკეთება შეგვიძლია ცნობიდან ელისესა და ნაყამანზე?

12 ეს ცნობა შესანიშნავად გვიჩვენებს, რომ სამყაროს დიდებული შემოქმედი არ არის ქედმაღალი, რადგან კეთილგანწყობით მოეკიდა პატარა გოგონას, რაც დიდად განსხვავდება დღეს მრავალ კულტურაში მიღებული ნორმებისგან. ის აგრეთვე ამტკიცებს, რომ შემოქმედი კეთილგანწყობილებას მხოლოდ ერთი რასის ან ერის მიმართ არ ავლენს (საქმეები 10:34, 35). საინტერესოა, რომ ღმერთს ადამიანისგან ფოკუსების გაკეთება კი არ მოუთხოვია — რაც წარსულისა თუ დღევანდელობის ზოგ „განმკურნებელს“ ახასიათებს — არამედ საოცარი სიბრძნე გამოავლინა. მან იცოდა კეთრის წამალი. იმით, რომ არ დაუშვა, თაღლითს მიზნისთვის მიეღწია, მისი გამჭრიახობა და სამართლიანობაც გამოვლინდა. ნუთუ არ შეესაბამება ეს იმას, რაც მოსემ მოისმინა იეჰოვას პიროვნების შესახებ? რამდენის გაგება შეგვიძლია ამ მოკლე ცნობიდანაც კი ჩვენს შემოქმედზე! (ფსალმუნი 32:5; 36:28).

13. თვალსაჩინოდ აჩვენეთ, როგორ შეგვიძლია ბიბლიური ცნობებიდან კარგი გაკვეთილის მიღება.

13 სხვა ცნობები ისრაელის უმადურებასა და ღვთის საპასუხო მოქმედების შესახებ ამტკიცებს, რომ იეჰოვა გულწრფელ ინტერესს ავლენს ადამიანის მიმართ. ბიბლია გვამცნობს, რომ ებრაელები კიდევ და კიდევ სცდიდნენ მას, რითაც არისხებდნენ და შეურაცხყოფდნენ (ფსალმუნი 77:40, 41). მაშასადამე, შემოქმედს გრძნობები აქვს და დაინტერესებულია ადამიანის მოქმედებით. ცნობილი ადამიანების შესახებ ცნობებიდანაც ბევრის სწავლა შეიძლება. ისრაელის მეფედ დავითის არჩევისას ღმერთმა სამუელს უთხრა: „კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (პირველი მეფეთა 16:7). დიახ, შემოქმედი, უბრალოდ, გარეგნობის მიხედვით კი არ გვაფასებს, არამედ ჩვენს პიროვნებას უყურებს. რა სასიამოვნოა ამის ცოდნა!

14. რის გაკეთება იქნებოდა სასარგებლო ებრაული წერილების კითხვისას?

14 ბიბლიის 39 წიგნი იესოს დედამიწაზე დაბადებამდე დაიწერა და მართებული იქნებოდა, წაგვეკითხა ისინი, მაგრამ არა იმიტომ, რომ, უბრალოდ, ბიბლიური ცნობები ან ისტორია გავიგოთ. თუ ნამდვილად გვაინტერესებს, როგორია ჩვენი შემოქმედი, უნდა დავფიქრდეთ ამ ცნობებზე, მაგალითად, ვიფიქროთ: „რას ვგებულობთ ამ ეპიზოდიდან მის შესახებ? მისი რომელი თვისებები ჩანს აქ?“ *. ეს შეიძლება სკეპტიკოსებსაც კი დაეხმაროს იმის დანახვაში, რომ ბიბლია ღვთისგან უნდა მომდინარეობდეს, რაც მათ მიერ მოსიყვარულე შემოქმედის უკეთ შეცნობას ჩაუყრის საფუძველს.

დიდებული მასწავლებელი გვეხმარება შემოქმედის შეცნობაში

15. რით არის სასარგებლო იესოს საქმიანობისა და მოძღვრების ცოდნა?

15 ფაქტია, მათ, ვისაც ეჭვი ეპარება შემოქმედის არსებობაში ან ვისაც ვერ გაუგებ, რას ფიქრობენ ღმერთზე, ცოტა რამ თუ იციან ბიბლიის შესახებ. ალბათ, შეხვედრიხართ ადამიანებს, ვინც ვერ გეტყვით, მოსე მათემდე ცხოვრობდა თუ მის შემდეგ, და ვინც, ფაქტობრივად, არაფერი იცის იესოს საქმიანობასა და მოძღვრებაზე. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან შემოქმედის შესახებ ბევრის სწავლა შეიძლება დიდებული მასწავლებლისგან, იესოსგან. მას შეეძლო ეჩვენებინა, როგორია ჩვენი შემოქმედი, რადგან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან (იოანე 1:18; 2 კორინთელთა 4:6; ებრაელთა 1:3). და გააკეთა კიდეც ეს. ერთხელ მან თქვა: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოანე 14:9).

16. რას ცხადყოფს სამარიელი ქალისადმი იესოს დამოკიდებულება?

16 განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. ერთხელ მგზავრობით დაღლილი იესო სიქარის მახლობლად სამარიელ ქალს ესაუბრა და დიდებული ჭეშმარიტება გაუზიარა. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ‘მამას თაყვანი უნდა ვცეთ სულითა და ჭეშმარიტებით’. იმ დროს იუდეველები ერიდებოდნენ სამარიელებს. ამის საპირისპიროდ, იესომ აირეკლა იეჰოვას მზადყოფნა — მიეღო ყველა ერის წარმომადგენელი გულწრფელი კაცებიცა და ქალებიც; იეჰოვას სწორედ ასეთი მზადყოფნა დავინახეთ ელისესა და ნაყამანის შემთხვევიდან. ამან კიდევ უფრო უნდა დაგვარწმუნოს, რომ მისთვის უცხოა ბრმა რელიგიური მტრული განწყობა, რაც ასე გავრცელებულია დღევანდელ წუთისოფელში. ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რომ იესო მზად იყო ესწავლებინა ქალისთვის, თანაც ამ შემთხვევაში ისეთ კაცთან მცხოვრები ქალისთვის, რომელიც ქმრად არ ეკუთვნოდა. გაკიცხვის ნაცვლად, იესო ღირსეულად მოეპყრო მას, რომ ნამდვილად დახმარებოდა. შემდგომში სხვა სამარიელებმა მოუსმინეს იესოს და დაასკვნეს: „ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის წუთისოფლის მხსნელი“ (იოანე 4:2–30, 39–42; მესამე მეფეთა 8:41–43; მათე 9:10–13).

17. რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ცნობიდან ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შესახებ?

17 აგრეთვე განვიხილოთ, რას გვამცნობს შემოქმედის შესახებ იესოს საქმიანობა და მოძღვრება. დაფიქრდით იესოს მეგობარ ლაზარეს სიკვდილზე. იესომ ადრე დაამტკიცა, რომ მკვდრების აღდგენის ძალა შესწევდა (ლუკა 7:11–17; 8:40–56). მაგრამ როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა ლაზარეს მტირალი და, მარიამი, დაინახა? იესო „შეიძრა სულით და აშფოთდა“. ის არ ყოფილა გულგრილი, ამიტომ „აცრემლდა“ (იოანე 11:33–35). ეს, უბრალოდ, გრძნობის გამოხატვა არ ყოფილა; იესო გარკვეული მოქმედებისკენ აღიძრა — მან მკვდრეთით აღადგინა ლაზარე. წარმოიდგინეთ, როგორ დაეხმარებოდა ეს მოციქულებს შემოქმედის გრძნობებისა და მოქმედების დაფასებაში. ეს ყველას უნდა დაგვეხმაროს შემოქმედის პიროვნებისა და გზების შეცნობაში.

18. რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს ხალხს ბიბლიის შესწავლაზე?

18 სასირცხვილო არაფერია იმაში, რომ ვისწავლოთ ბიბლია და მეტი გავიგოთ ჩვენს შემოქმედზე. ბიბლია მოძველებული წიგნი როდია. ერთ-ერთი, ვინც მას სწავლობდა და იესოსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, იოანე იყო. მოგვიანებით ის წერდა: „ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში: ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე“ (1 იოანე 5:20). შენიშნეთ, რომ „ჭეშმარიტის“ ანუ შემოქმედის შესაცნობად „გონების“ გამოყენება „საუკუნე სიცოცხლემდე“ მიმყვანია.

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს მის შეცნობაში?

19. რა გაკეთდა სკეპტიკოსების დასახმარებლად?

19 ზოგს ბევრი სჭირდება იმის დასაჯერებლად, რომ არსებობს ჩვენზე მზრუნველი თანამგრძნობი შემოქმედი, და იმის გასაგებად, როგორია ის. ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანს ეპარება ეჭვი ღვთის არსებობაში ან ბიბლიისგან განსხვავებული შეხედულება აქვს მასზე. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ? იეჰოვას მოწმეთა 1998—1999 წლების საოლქო და საერთაშორისო კონგრესებზე გამოცხადდა, რომ ბევრ ენაზე გამოიცა ახალი ეფექტური საშუალება — წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“

20, 21. ა) როგორ შეიძლება წიგნ „შემოქმედის“ წარმატებით გამოყენება? ბ) მოყევით შემთხვევები, რომლებიც წიგნ „შემოქმედის“ ეფექტურობას ცხადყოფს.

20 ეს წიგნი თქვენც დაგეხმარებათ, განიმტკიცოთ რწმენა ჩვენი შემოქმედის მიმართ და უფრო მეტი გაიგოთ მისი პიროვნებისა და გზების შესახებ. რატომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ამაში? იმიტომ რომ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ სწორედ ამ მიზნით მომზადდა. მთელ წიგნს გასდევს თემა „რას შეუძლია აზრი შემატოს თქვენს სიცოცხლეს?“. შინაარსი ისეა წარმოდგენილი, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებსაც კი გააკვირვებს. ის ისეთ რამეს ეხება, რაც ყველა ჩვენგანისთვის სანატრელია. მასში საინტერესო და დამაჯერებელი მასალაა მოცემული ისეთი მკითხველისთვის, რომელსაც ეჭვი ეპარება შემოქმედის არსებობაში. წიგნი არ არის გათვალისწინებული მხოლოდ მათთვის, ვისაც შემოქმედი სწამს. სკეპტიკოსებს მოხიბლავს საკითხისადმი ახალ მეცნიერულ აღმოჩენებსა და კონცეფციებზე დაყრდნობით მიდგომა. ასეთი ფაქტები მათაც კი განუმტკიცებს რწმენას, ვისაც ღმერთი სწამს.

21 ამ ახალი წიგნის შესწავლისას დაინახავთ, რომ ის ბიბლიურ ისტორიას ისე მიმოიხილავს, რომ ხაზი გაუსვას ღვთის თვისებებს და დაეხმაროს მკითხველს მის უკეთ შეცნობაში. ბევრმა, ვინც უკვე წაიკითხა წიგნი „შემოქმედი“, აღნიშნა, რომ მათს შემთხვევაში ეს, მართლაც, ასე მოხდა (იხილეთ შემდეგი სტატია, გვერდები 25, 26). თქვენც შეძლებთ იმავეს თქმას, როცა გაეცნობით ამ წიგნს და გამოიყენებთ მას სხვების დასახმარებლად — უკეთ შეიცნონ შემოქმედი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 იეზუიტმა სწავლულმა მ. გრენთანერმა „კათოლიკური ბიბლიური კვარტალური ჟურნალის“ (The Catholic Biblical Quarterly) მთავარი რედაქტორობის პერიოდში ამ ზმნას დაუკავშირა მისი მონათესავე ზმნის შესახებ ნათქვამი — რომ მას „არასოდეს აქვს აბსტრაქტულად არსებობის გაგება; ის ყოველთვის გამოხატავს შეგრძნებად არსებობასა თუ გახდომას (გადაქცევას), ე. ი. რაღაც კონკრეტულის მაჩვენებელია“.

^ აბზ. 14 შვილებისთვის ბიბლიური ცნობების მოყოლისას მშობლებს შეუძლიათ მათ ასეთი კითხვები დაუსვან. ეს დაეხმარება ბავშვებს, შეიცნონ ღმერთი, აგრეთვე ისწავლონ მის სიტყვაზე დაფიქრება.

მიაქციეთ ყურადღება?

□ უკეთ როგორ შეიცნო მოსემ იეჰოვა სინაის მთაზე?

□ რატომ შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიის შესწავლა გვეხმარება იმის გაგებაში, როგორია ღმერთი?

□ ბიბლიის კითხვისას რა უნდა ვაკეთოთ, რომ ჩვენს შემოქმედს დავუახლოვდეთ?

□ როგორ აპირებთ წიგნ „შემოქმედის“ გამოყენებას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 20 გვერდზე]

რაზე მეტყველებს ჩვენი იმუნური სისტემა ჩვენს შემოქმედთან დაკავშირებით?

[სურათი 21 გვერდზე]

მკვდარი ზღვის ხელნაწერების ნაწილი ტეტრაგრამატონით (ღვთის სახელი ებრაულ ენაზე).

[საავტორო უფლება]

Courtesy of the Shrine of the Book, Israel Museum, Jerusalem

[სურათი 23 გვერდზე]

რის სწავლა შეგვიძლია მარიამის მწუხარებაზე იესოს რეაქციიდან?