არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როგორ შევაქოთ შვილები

როგორ შევაქოთ შვილები

პრობლემა

ზოგის აზრით, შვილის შექება არასოდეს არის ზედმეტი. ზოგი კი ფიქრობს, რომ გაუთავებელი შექება აფუჭებს ბავშვს და აფიქრებინებს, რომ სამყარო ვალშია მის წინაშე.

მარტო იმაზე კი არ უნდა იფიქროთ, რამდენად ხშირად შეაქოთ შვილი, არამედ იმაზეც, თუ როგორ შეაქოთ. დაფიქრდით, როგორი შექება წაახალისებს მას ან პირიქით, ხალისს დაუკარგავს. რა უნდა გააკეთოთ, რომ შექებამ მიზანს მიაღწიოს?

რა უნდა იცოდეთ

ყველანაირი შექება ერთნაირად არ მოქმედებს. მაგალითად:

ზედმეტი შექება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. ღირსების გრძნობა რომ აუმაღლონ, ზოგჯერ მშობლები შვილებს დაუმსახურებლად აქებენ. პროფესორი დეივიდ უოლში გვაფრთხილებს: ბავშვები „საკმაოდ ჭკვიანები არიან და ხვდებიან, რომ აზვიადებთ და სულაც არ ფიქრობთ იმას, რასაც ეუბნებით. მათ იციან, რომ იმ მომენტში [ქება] არ დაუმსახურებიათ და შეიძლება დაასკვნან, რომ თქვენი ნდობა არ შეიძლება“. *

ნიჭიერების გამო შექება ურიგო არ არის. დავუშვათ, თქვენს ქალიშვილს ხატვის ნიჭი აქვს. ბუნებრივია, გინდათ, ამის გამო შეაქოთ, რაც მას სტიმულს მისცემს, ამ მხრივ უფრო დაიხვეწოს. თუმცა ამას ნაკლიც შეიძლება ჰქონდეს. თუკი შვილს მხოლოდ ნიჭის გამო შეაქებთ, მან შეიძლება იფიქროს, რომ მხოლოდ ის უნდა აკეთოს, რაც ადვილად გამოსდის. შემდგომში ის შეიძლება არც კი ეცადოს, სხვა რამეში მოსინჯოს ძალები იმის შიშით, რომ მარცხს განიცდის. მან შეიძლება ასე იმსჯელოს: „თუ ამის გაკეთება დიდ შრომას მოითხოვს, რა ძალა მადგას, რომ თავი მოვიკლა?!“.

სიბეჯითის გამო შექება უკეთესია. ბავშვები, რომლებსაც სიბეჯითისა და შეუპოვრობისთვის აქებენ და არა უბრალოდ ნიჭის გამო, ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ხვდებიან: რაიმე საქმეში რომ დახელოვნდე, მოთმინება და შრომაა საჭირო. როცა ბავშვებმა ეს იციან, „სასურველი მიზნის მისაღწევად მთელ გულს დებენ საქმეში. წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი თავს დამარცხებულად არ თვლიან და ფიქრობენ, რომ ესეც რაღაცის სასწავლებელია“, — აღნიშნულია ერთ წიგნში (Letting Go With Love and Confidence).

გამოსავალი

ძალისხმევისთვის შეაქეთ და არა მარტო ნიჭისთვის. ბავშვისთვის იმის თქმა: „ვხედავ, ბევრი გიფიქრია, რომ ასეთი კარგი ნახატი დაგეხატა“, უფრო კარგ შედეგს გამოიღებს, ვიდრე შემდეგი სიტყვები: „ხატვის გამორჩეული ნიჭით ხარ დაჯილდოებული“. ორივე საქებარი სიტყვებია, მაგრამ მეორე ვარიანტმა ბავშვს შეიძლება თავისდაუნებურად აფიქრებინოს, რომ მხოლოდ იმ საქმის კეთება გამოუვა კარგად, რისი ნიჭიც დაბადებიდან დაჰყვა.

როცა ბავშვს ძალისხმევისთვის აქებთ, ამით იმას ასწავლით, რომ შრომის შედეგად უნარის განვითარება შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ახალ საქმეს უფრო თავდაჯერებული მოჰკიდებს ხელს (ბიბლიური პრინციპი: იგავები 14:23).

დაეხმარეთ შვილს, წარუმატებლობა ტრაგედიად არ აღიქვას. შეცდომებს კარგი ადამიანებიც უშვებენ და არცთუ ისე იშვიათად (იგავები 24:16). მაგრამ ჩავარდნების დროს ისინი ფარ-ხმალს არ ყრიან და ცდილობენ, შეცდომებზე ისწავლონ. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილს, რომ საქმეს ასეთი განწყობით მიუდგეს?

ისევ და ისევ, აქცენტი ძალისხმევაზე გააკეთეთ. დაფიქრდით ასეთ მაგალითზე: დავუშვათ, ქალიშვილს ხშირად ეუბნებით: „მათემატიკური ნიჭი დაბადებიდან დაგყვა“. მაგრამ ერთხელაც ის მათემატიკის გამოცდაზე იჭრება. ამ დროს მან შეიძლება იფიქროს, რომ დაკარგა თანდაყოლილი ნიჭი და აზრი აღარ აქვს ამ მხრივ გაუმჯობესებას.

როდესაც ბავშვს ძალისხმევისთვის აქებთ, ის უფრო მომთმენი და ამტანი ხდება. ამგვარად თქვენს ქალიშვილს ეხმარებით, წარუმატებლობა ტრაგედიად არ აღიქვას. შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ ხელები ჩამოუშვას, შეიძლება საქმეს სხვაგვარად მიუდგეს ან უფრო მეტი შემართებით შეეჭიდოს (ბიბლიური პრინციპი: იაკობი 3:2).

იყავით ზომიერად კრიტიკული. ჯანსაღი კრიტიკა ბავშვს მეტ შემართებას მისცემს. ამასთანავე, თუ მას ხშირად და ჯეროვნად შეაქებთ, შენიშვნის მიღებაც გაუადვილდება და გაუმჯობესებაც. შედეგად, მიღწეული წარმატებებით თავადაც კმაყოფილი დარჩება და თქვენც (ბიბლიური პრინციპი: იგავები 13:4).

^ აბზ. 8 ამონარიდი წიგნიდან «რატომ უნდა ვუთხრათ ბავშვს „არა“ და როგორ შეუძლიათ მშობლებს ამის გაკეთება».