ბიბლიის თვალსაზრისი
სამუშაო
მართალია, ბიბლია ანტიკური წიგნია, მაგრამ მასში ჩაწერილ რჩევებს ჟამთა სვლა ვერაფერს აკლებს. რაც შეეხება სამუშაოსთან დაკავშირებულ რჩევებს, ისინი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ძველად.
როგორია ჯანსაღი შეხედულება სამუშაოზე?
რას ამბობს ხალხი:
მაღალი კონკურენციის გამო სამსახური რომ არ დაკარგო, ის ყველაზე და ყველაფერზე წინ უნდა დააყენო. ასეთმა შეხედულებამ ბევრი იმდენად მიაჯაჭვა სამუშაოს, რომ აღარც ოჯახს აქცევენ სათანადო ყურადღებას და აღარც საკუთარ ჯანმრთელობას.
რას ამბობს ბიბლია:
ბიბლია მოგვიწოდებს, რომ სამუშაოსთან დაკავშირებით გაწონასწორებული შეხედულება გვქონდეს. ის იწონებს შრომისმოყვარეობას და განსჯის სიზარმაცეს (იგავები 6:6—11; 13:4). თუმცა ღვთის სიტყვა იმას არ გვეუბნება, რომ მუშაობის მანიით ვიყოთ შეპყრობილი. პირიქით, ის გვირჩევს, რომ საკმარისი დრო დასვენებასაც გამოვუყოთ. ეკლესიასტეს 4:6-ში ნათქვამია: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“. მაშასადამე, ოჯახსა თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე რომ ვიზრუნოთ, სამუშაომ არ უნდა გადაგვიყოლოს. სიცოცხლის ფასად სამსახურის შენარჩუნება ნამდვილად არ ღირს!
„კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით“ (ეკლესიასტე 2:24).
აქვს მნიშვნელობა, რა სახის სამუშაოს ასრულებთ?
რას ამბობს ხალხი:
თუ კარგად გიხდიან, ესე იგი, კარგი სამუშაოა. ასეთმა აზროვნებამ და სწრაფად გამდიდრების სურვილმა, ბევრი იქამდე მიიყვანა, რომ უპატიოსნო ბიზნეს-გარიგებაში ჩაება და უკანონო საქმეზეც დათანხმდა.
ზოგის შეხედულება ასეთია: „აიხდინე ოცნება“, „აკეთე ის, რაც გიყვარს“. ისინი მხოლოდ სასიამოვნო სამუშაოზე თანხმდებიან და მოსაწყენად მიიჩნევენ საქმეს, რომელიც მათი „მოწოდება“ არ არის ან, რომლისგანაც სრულად ვერ იღებენ სიამოვნებასა და კმაყოფილებას. შედეგად, მათ უარყოფითი დამოკიდებულება უვითარდებათ სამუშაოსადმი და საქმეს გულს ვერ უდებენ. მათ შეიძლება კარგი სამუშაოც კი შესთავაზონ, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვან, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათი საკადრისი არ არის.
რას ამბობს ბიბლია:
ბიბლია არ იწონებს სამუშაოს, სადაც ფულს უპატიოსნო გზით შოულობენ ან, სადაც ვინმეს ამა თუ იმ სახით ზიანს აყენებენ (ლევიანები 19:11, 13; რომაელები 13:10). სინამდვილეში, კარგ სამუშაოს სხვებისთვისაც მოაქვს სიკეთე და მის შემსრულებელსაც „სუფთა სინდისს“ უნარჩუნებს (1 პეტრე 3:16).
ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ სამუშაო ღირსეულ მიზანს ემსახურება. ის მხოლოდ საკუთარი თავის რეალიზებაში კი არ გვეხმარება, არამედ ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფაშიც. ცხადია, ცუდი არაფერია იმაში, თუ სამუშაო სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ მას ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი არ უნდა ეკავოს.
ისიც აღსანიშნავია, რომ ინფლაციისა და ფასების ზრდის გამო შეიძლება იმაზე დავიწყოთ წუხილი, გვეყოფა თუ არა შემოსავალი ხარჯების დასაფარავად. ბიბლია ზომიერებისკენ მოგვიწოდებს: „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:8). ეს სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე უარი ვთქვათ. უბრალოდ, რეალურად უნდა შევაფასოთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები და გონიერება გამოვიჩინოთ, როცა საქმე ნივთების შეძენას ეხება (ლუკა 12:15).
რას ნიშნავს ეს თქვენთვის:
იყავით მუყაითი. საქმეს გულისყურით მოეკიდეთ. მაშინაც კი, თუ მას მონურ სამუშაოდ მიიჩნევთ ან ფიქრობთ, რომ ამისთვის არ ხართ დაბადებული, ეცადეთ, თქვენი საქმის პროფესიონალი გახდეთ. შრომისმოყვარეობა კმაყოფილებას მოგგვრით, საქმეში დახელოვნება კი, თქვენს სამუშაოს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
ამავდროულად, იყავით გაწონასწორებული. დრო გამოყავით დასვენებისა და გართობისთვის. დასვენება განსაკუთრებით სასიამოვნო გულმოდგინე შრომის შემდეგ არის. გარდა ამისა, როცა ოჯახს საკუთარი შრომით ვარჩენთ, ღირსების გრძნობაც გვიმაღლდება და სხვების პატივისცემასაც ვიმსახურებთ, მათ შორის ოჯახის წევრების (2 თესალონიკელები 3:12).
„ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ . . . თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს“ (მათე 6:31, 32).